

პანდები ველურ გარემოში
პარკების ძალა - ერთწლიანი კვლევა
ჩაკუზული მივიპარები ბალახში, რათა უფრო ახლოდან დავინახო ცხოველი, რომელიც ტორტმანით მობაჯბაჯებს ჩემკენ. დაახლოებით ოთხი თვის იქნება, ფეხბურთის ბურთისოდენა, ოდნავ გადმოკარკლული თვალებით. ლეკვის სუნი ასდის და მასავით ფუმფულაა, საშინლად მინდა ავიტაცო და მაგრად ჩავიხუტო.
სწორედ ასეთი მომხიბვლელობით გაითქვა სახელი დიდმა პანდამ. გარდა ამისა, ის არის კულტურული სიმბოლო, ეკონომიკური შემოსავლის წყარო და ჩინეთის ეროვნული სიამაყე. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს აზიური დათვები ჯერ კიდევ შემორჩნენ. დღეს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს ამ ქვეყნის შეუპოვარ ძალისხმევას: შეინარჩუნოს პანდები მათთვის ბუნებრივ ველურ გარემოში, რაშიც, გარკვეულწილად, უპრეცედენტო წარმატებასაც აღწევს.
ადამიანის მიერ ველური გარემოს გამოყენების კვალდაკვალ (გადაშენების პირას მყოფი მრავალი სხვა სახეობის მსგავსად), შემცირდა დიდი პანდების რიცხვიც. ბოლო ოცდახუთი წელია, ჩინელები სრულყოფენ პანდების ხელოვნური გამრავლების მეთოდებს, შედეგად, 100 ინდივიდიც შეემატა ზოოპარკებს.
თუმცა, ერთია ცხოველების ტყვეობაში გამოზრდა და აღტაცებული ბრბოს წინაშე წარდგენა, მეორეა სახეობის გადარჩენის უზრუნველყოფა ველურ ბუნებაში. სწორედ ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი პანდის კონსერვაციის მიზნით, რამაც შესაძლოა, განსაზღვროს კიდეც მისი ბედი – დიდი პანდა მხოლოდ გისოსებში მყოფ რელიკვიად დარჩება თუ ბუნებაში თავისუფლად მოხეტიალე ცხოველად იქცევა.
დიდი პანდები შეგუების ოსტატები არიან. „ჩვენ, ადამიანები, მიჩვეულნი ვართ, გარემო მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს. განსხვავება ისაა, რომ პანდები თავად შეიცვალნენ, რათა მორგებოდნენ გარემოს“, – ამბობს ჟან ჰემინი, ჩინეთის დიდი პანდების კონსერვაციისა და კვლევის ცენტრის დირექტორი, რომელიც მეთვალყურეობს პანდების სამ ბაზას: ბიფენსიას, დუცზიანიანსა და ვოლონს.
დრომ და საჭიროებამ პანდები ზუსტად მოარგო ძალზე თავისებურ ჰაბიტატს. დღემდე მათი ხორცისმჭამელი ნათესავის მსგავსი აგებულება აქვთ და დნმ-ს მიხედვით, ნამდვილი დათვები არიან – ხორცის საგლეჯი ეშვებითა და მისი მომნელებელი ფერმენტებით. ნამარხი ნიმუშების სიმწირის გამო, მეცნიერებისთვის გაურკვეველია, ზუსტად როდის გამოეყვნენ ისინი სხვა დათვებს. ჩინეთის გამოქვაბულში ნაპოვნი ძვლები, მეცნიერების აზრით, მიუთითებს, რომ ჩვენთვის ნაცნობი, თანამედროვე დიდი პანდები ორი მილიონი წლის მაინც იქნებიან.
სადავოა, როდის და რა მიზეზით გახდნენ პანდები ბალახისმჭამელები, თუმცა ადაპტაციის ამ დიდმა პერიოდმა მათ დაუტოვა ზოგიერთი განსაკუთრებული მახასიათებელი, მათ შორის, ბრტყელი ძირითადი კბილები სამტვრევად და ცერის მაგვარი წანაზარდი – მაჯის ძვლის გაგრძელება, რომელიც ბამბუკთან გასამკლავებლადაა მოსახერხებელი. უცნაურია, რომ მათ არ გააჩნიათ ბამბუკის გადასამუშავებლად საჭირო რაიმე განსაკუთრებული ნაწლავის მიკრობები, არადა, ბამბუკი მათი რაციონის 99%-ია. საკმარისი ოდენობის საკვები ნივთიერებების მისაღებად, პანდები 9-18 კილოგრამამდე მცენარეულობას მიირთმევენ დღეში.როდესაც ბელები არ არიან მშობელი ან სუროგატი დედის მზრუნველობაში, მათ ადამიანები უვლიან საშენში 24/7 რეჟიმში.
მათ უნდა ჭამონ გარკვეული ტიპის მცენარეები, რომლებიც იზრდებიან დიდი, მრავალწლოვანი ხეების ქვეშ. ასეთი ადგილები კარგი სამალავია ბელებისთვისაც, ამიტომ პანდები ვერ იცხოვრებენ ნებისმიერ ადგილას. თუმცა, ასეთი სპეციფიკური ცხოვრების წესი, დღეს მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს; სახეობა გავრცელებული იყო სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთში, ასევე მიანმარისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილებში. ახლა ისინი გვხვდებიან მხოლოდ ჩინეთის ფრაგმენტირებულ მთიან ჰაბიტატში – თავიანთი ისტორიული არეალის ალბათ, 1%-ზე.
1970-იანი წლებიდან ხდება პანდების აღრიცხვა. მაშინ ფიქრობდნენ, რომ მათი რიცხვი 2500 ინდივიდს აღწევდა. ეს ნიშნული მკვეთრად შემცირდა 1980-იან წლებში. ნაწილობრივ, ამის მიზეზი პერიოდულად ბამბუკის ბუნებრივი ხმობა იყო.
2014 წელს, ჩინეთის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ველურ ბუნებაში 1864 ინდივიდი ცხოვრობდა. თუმცა კონსერვაციის ორგანიზაცია „პანდის მთის“ დამფუძნებელი მარკ ბროუდის აზრით, ძნელია ვენდოთ რაიმე კონკრეტულ რიცხვს. „შეიძლება, ჩვენ უბრალოდ უკეთ დავიწყეთ პანდების თვლა“, ამბობს იგი. ათწლეულების მონაცემთა შედარებაც ძნელია, რადგან იცვლება არეალები და კვლევის მეთოდები; მაგალითად, კვლევის თანამედროვე საშუალებები პანდების განავლის დნმ-ის ანალიზსაც მოიცავს.
ამასობაში ჩინელები თავდაუზოგავად ცდილობენ ქვეყნის სიმბოლოდ ქცეული დათვის გამრავლებას ტყვეობაში. პირველ ხანებში (1990-იანი წლების მეორე ნახევრამდე) გამრავლებისა თუ ბელების შენარჩუნების მრავალი მცდელობა მარცხით დამთავრდა.
ჩინელმა მკვლევრებმა არსებითად შეცვალეს მოვლენების მსვლელობა უცხოეთიდან წამოსული დახმარებით. შედეგად, დღეს „პანდები გენეტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ცხოველები არიან, რომლებიც ტყვეობაში ცხოვრობენ“, – აცხადებს გენეტიკოსი ჯონათან ბელოუ – ავტორი ალგორითმისა, რომელსაც ჩინელები გამრავლებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად იყენებენ.
ეს სამუშაოები, ძირითადად, ბიფენსიის პანდების ბაზაში, ანუ „BFX”-ში ხდება, სადაც მეც მომეცა ბელებთან ახლო ურთიერთობის საშუალება. აქ დამთვალიერებლებს ზრდასრული დათვების ეზოებში ნახვა შეუძლიათ.
ზემოთ, გორაკზე საგანგებოდ გამოყოფილ შენობაში კი, სადაც გამრავლების პროგრამაში მონაწილე დათვები სახლობენ, მხოლოდ თანამშრომლები დაიშვებიან. ვოლიერები ბეტონისაა და ცხოველები რკინის გისოსიანი კარით გადიან შემოღობილ ეზოში. როგორც წესი, თითოეულ ასეთ ვოლიერშია მძინარე ან ჭამაში გართული მდედრი პანდა, რომელსაც ზოგჯერ თათებში ბელი ჰყავს მოქცეული.
„ამდენი წლის შემდეგაც კი, აღტაცებულნი ვართ, როცა ჩვენი პანდა მაკედაა ან ნაშიერს შობს, – მითხრა ვეტერანმა მომვლელმა ჟან სინმა, თავადაც დათვს რომ ჩამოჰგავს, – ყოველდღიურად ვაკვირდებით ზრდასრულებს, ბელებს; რამდენს ჭამენ, როგორ ინელებენ, როგორ ხასიათზე არიან. მოკლედ, გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ“.
ამ ხელოვნურ გარემოში, პანდების გამრავლების პროცესიც ნაკლებად ბუნებრივია. განწყობის შესაქმნელად, ჩინელმა სპეციალისტებმა „პანდების პორნოგრაფიაც“ მოსინჯეს – პანდების შეწყვილების ვიდეოები გამამხნევებელი ხმებით; ჯოხებზე წამოაცვეს ვაშლები – მამრების დამდგარი პოზიციის მისაღებად; ჩინური ბალახები; ვიაგრა და სექს-სათამაშოებიც კი.
ამჟამად გამრავლების პროცედურა მოიცავს ხელოვნურ განაყოფიერებას, ზოგჯერ ორი მამრის სპერმითაც კი. პრობლემა ისიც არის, რომ მდედრი პანდების მძუვნობის პერიოდი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 24-დან 72 საათამდე გრძელდება. ენდოკრინოლოგები ყურადღებით აკვირდებიან შარდში ჰორმონების შემცველობას. მათი მეშვეობით შესაძლებელია ოვულაციის პერიოდის პროგნოზირება და მდედრის დათესვლა ერთ ან ორ დღეში რამდენჯერმე, რათა გაზარდონ იმპლანტაციის ალბათობა.
შემდეგ მომვლელები მოუთმენლად, თვეობითაც კი, ელოდებიან შედეგს: „იმის გაგებაც კი რთულია, დამაკდა თუ არა პანდა“, – ამბობს BFX-ის დირექტორი, ჟან გუიქუანი. ზოგჯერ პანდები გვიან განაყოფიერდებიან, აქვთ მაკეობის მეტისმეტად განსხვავებული პერიოდები ან ჰორმონული ცვლილებები, შეუმჩნეველია მუცლის მოშლაც.
მილიონობით წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში დათვები თავიანთ საქმეს ადამიანის ჩარევის გარეშე აკეთებდნენ, ბუნებრივი ციკლების, სუნით მონიშვნის, მეწყვილის მოხმობის სიგნალებითა და რთული სოციალური ურთიერთობების გზით. როგორც წესი, ტყვეობაში ასე არ ხდება.
დენვერის უნივერსიტეტის მკვლევარს, სარა ბექსელს ძალიან აშფოთებს პანდების ცხოვრების ხელოვნური ასპექტები. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პანდების გასამრავლებელ სხვა ცენტრში. „ზოგადად, დათვები თავდაჭერილები არიან, განსაკუთრებით, პანდები; ისინი სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას, შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდნენ, მაგრამ, მათგან ინტერვიუს აღება რომ შეგვეძლოს, სულ სხვა რამეს მოვისმენდით”. სმითსონელი ეკოლოგი, უილიამ მაკში დასძენს: „იმას, რის გაკეთებასაც მათგან ვითხოვთ – ასე ვთქვათ, სატელეფონო ჯიხურში, ხალხის თვალწინ სექსს, ნაკლები საერთო აქვს პანდების ბუნებრივი რეპროდუქციის ციკლთან“.
ჩინელი მეცნიერები მაინც აღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს. 2015 წელს ამ ქვეყანაში 38 ბელი დაიბადა. BFX-ის „საბავშვო ბაღში“ იდეალურად სუფთა საინკუბაციო ოთახია, სადაც ბელებს 24 საათის განმავლობაში უვლიან. ამ დროს ისინი მშობელ ან სუროგატ დედასთან ერთად არ არიან. მართალია, დედისა და ახალშობილის განცალკევება სადავო საკითხია, მაგრამ ამით იზრდება ბელის გადარჩენის შანსები, რადგან პერსონალს შეუძლია შედარებით სუსტი ან უარყოფილი ახალშობილის მზრუნველ სუროგატთან მოთავსება.
ჟან ჰემინი პოზირებს 2015 წელს დაბადებულ ბელებთან ერთად ბიფენსიის პანდების ბაზაში. „ზოგი ადგილობრივი თვლის, რომ დიდ პანდებს ჯადოსნური ძალა აქვთ“, – ამბობს ჟანი, რომელიც კურირებს ჩინეთში პანდების დაცვის მრავალ წამოწყებას.
ნეტავ, ბელები ტყუვდებიან პანდის კოსტიუმით? ვოლონში მდებარე ჰეტაოპინის ცენტრში ტყვეობაში გაზრდილი პანდების წვრთნა მიმდინარეობს, შეძლებისდაგვარად, ადამიანებთან უშუალო შეხების გარეშე.
ბიფენსიაში დათვები წყვილდებიან ბაზის მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ. პანდების ბაზის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რომ პანდებმა მოახერხონ ბუნებრივი რეპროდუქციული ქცევების გამოვლენა.
ბრმა, თითქმის უბეწვო და დედასთან შედარებით 1/900 ზომის ახალშობილი ბელი უმწეოა. მაგრამ პანდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ძუძუმწოვარია და პირველივე თვეში 0,1 კგ წონის ახალშობილი 1,8 კგ-მდე იზრდება.
სამი თვის ბელები თვლემენ ბიფენსიის ბაზაზე. დედა პანდა, რომელსაც ტყუპი უჩნდება, როგორც წესი, ვერ ახერხებს ორივე ბელზე თანაბრად ზრუნავს. ამიტომ მომვლელებს რიგრიგობით შეჰყავთ და გამოჰყავთ მასთან ბელები.
მომვლელი ლი ფენი ხელში არწევს ძვირფას საზრუნავს ბიფენსიის ბაზის ფანჯარასთან. 400 000 ადამიანზე მეტი მოდის აქ ყოველ წელს, რათა ფოტო გადაუღოს ჩინეთის სიმბოლოდ აღიარებულ ცხოველს.
ერთი დედა ზრუნავს სამ ბელზე, რომელთაგან მხოლოდ ერთია მისი ნაშიერი. სუსტი ან უარყო-ფილი ახალშობილის სუროგატ დედასთან გადაყვანა ხელს უწყობს ბელების გადარჩენას.
ვოლონის ნაკრძალის მეთვალყურეებს „ჰუა ჩიაო“ გადაჰყავთ შესამოწმებლად, ვიდრე ის დაასრულებდეს „წვრთნას“. მათ ჰაბიტატში დაცულია სხვა სახეობებიც, ისინიც სარგებლობენ პანდების საკონსერვაციო პირობებით.
გაო სიაოვენი პოზირებს ლეოპარდის ფიტულთან, რომელსაც ვოლონის მომვლელები იყენებენ ბელებისთვის მათი უდიდესი მტრისადმი შიშის გასავითარებლად. რეაქციით განისაზღვრება, მზადაა თუ არა ბელი ველური ბუნებისთვის.
ვოლონის ნაკრძალის დიდ, ტყიან და შემოღობილ ტერიტორიაზე პანდის მომვლელები მა ლი და ლიუ სიაოციანი უსმენენ სათვალთვალო საყელურიანი პანდისგან მიღებულ რადიოსიგნალს. ამ პანდას ველურ ბუნებაში გასაშვებად წვრთნიან.
2013 წელი. „ჟან სიანი“ პირველ ნაბიჯებს დგამს ლიციპინის ბუნებრივ ნაკრძალში. ის იყო პირველი მდედრი, რომელიც „დაბრუნების პროგრამით“ გაუშვეს. მისი რადიოსაყელურის სიგნალების მიხედვით, ის თავს კარგად გრძნობს.
ჟან ჰემინი პოზირებს 2015 წელს დაბადებულ ბელებთან ერთად ბიფენსიის პანდების ბაზაში. „ზოგი ადგილობრივი თვლის, რომ დიდ პანდებს ჯადოსნური ძალა აქვთ“, – ამბობს ჟანი, რომელიც კურირებს ჩინეთში პანდების დაცვის მრავალ წამოწყებას.
ნეტავ, ბელები ტყუვდებიან პანდის კოსტიუმით? ვოლონში მდებარე ჰეტაოპინის ცენტრში ტყვეობაში გაზრდილი პანდების წვრთნა მიმდინარეობს, შეძლებისდაგვარად, ადამიანებთან უშუალო შეხების გარეშე.
ბიფენსიაში დათვები წყვილდებიან ბაზის მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ. პანდების ბაზის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რომ პანდებმა მოახერხონ ბუნებრივი რეპროდუქციული ქცევების გამოვლენა.
ბრმა, თითქმის უბეწვო და დედასთან შედარებით 1/900 ზომის ახალშობილი ბელი უმწეოა. მაგრამ პანდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ძუძუმწოვარია და პირველივე თვეში 0,1 კგ წონის ახალშობილი 1,8 კგ-მდე იზრდება.
სამი თვის ბელები თვლემენ ბიფენსიის ბაზაზე. დედა პანდა, რომელსაც ტყუპი უჩნდება, როგორც წესი, ვერ ახერხებს ორივე ბელზე თანაბრად ზრუნავს. ამიტომ მომვლელებს რიგრიგობით შეჰყავთ და გამოჰყავთ მასთან ბელები.
მომვლელი ლი ფენი ხელში არწევს ძვირფას საზრუნავს ბიფენსიის ბაზის ფანჯარასთან. 400 000 ადამიანზე მეტი მოდის აქ ყოველ წელს, რათა ფოტო გადაუღოს ჩინეთის სიმბოლოდ აღიარებულ ცხოველს.
ერთი დედა ზრუნავს სამ ბელზე, რომელთაგან მხოლოდ ერთია მისი ნაშიერი. სუსტი ან უარყო-ფილი ახალშობილის სუროგატ დედასთან გადაყვანა ხელს უწყობს ბელების გადარჩენას.
ვოლონის ნაკრძალის მეთვალყურეებს „ჰუა ჩიაო“ გადაჰყავთ შესამოწმებლად, ვიდრე ის დაასრულებდეს „წვრთნას“. მათ ჰაბიტატში დაცულია სხვა სახეობებიც, ისინიც სარგებლობენ პანდების საკონსერვაციო პირობებით.
გაო სიაოვენი პოზირებს ლეოპარდის ფიტულთან, რომელსაც ვოლონის მომვლელები იყენებენ ბელებისთვის მათი უდიდესი მტრისადმი შიშის გასავითარებლად. რეაქციით განისაზღვრება, მზადაა თუ არა ბელი ველური ბუნებისთვის.
ვოლონის ნაკრძალის დიდ, ტყიან და შემოღობილ ტერიტორიაზე პანდის მომვლელები მა ლი და ლიუ სიაოციანი უსმენენ სათვალთვალო საყელურიანი პანდისგან მიღებულ რადიოსიგნალს. ამ პანდას ველურ ბუნებაში გასაშვებად წვრთნიან.
2013 წელი. „ჟან სიანი“ პირველ ნაბიჯებს დგამს ლიციპინის ბუნებრივ ნაკრძალში. ის იყო პირველი მდედრი, რომელიც „დაბრუნების პროგრამით“ გაუშვეს. მისი რადიოსაყელურის სიგნალების მიხედვით, ის თავს კარგად გრძნობს.
კამერებმომარჯვებულ დამთვალიერებლებს ცხვირები მიუჭყლეტიათ საინკუბაციო ოთახის ფანჯარაზე, აღტაცებას ვერ მალავენ, როცა კალათებში ჩაწოლილ ხუთ ფუმფულა ბურთს შეჰყურებენ.
მოხდენილი ლიუ ჩუანი 24-საათიან ცვლაშია, ამ კვირაში უკვე მეორედ. ახალშობილი პანდების ინკუბატორში ყოლა, ბოთლით კვება, რწევა, ამობოყინებაში დახმარება, პასუხის გაცემა, როცა ბღავილით შენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, ნაწლავის სტიმულირებისთვის მუცლის დაზელა, აწონვა, გაზომვა… მუდმივად თვალი უნდა ადევნო ახალფეხადგმულ ბელს, რომ არ წაიქცეს. „საქმე არ ილევა, წარმოუდგენლად ბევრი საქმეა“, – გვეუბნება ჩუანი. მისი თქმით, ბელების სიცოცხლის შენარჩუნება მძიმე შრომაა: „მაგრამ ისინი ხომ ასე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის“.
BFX-ის პანდების უმრავლესობას ცხოვრების გატარება ტყვეობაში მოუწევს, ჩინეთში თუ სხვა ქვეყნების ზოოპარკებში. მაგრამ სიჩუანის პროვინციის მეორე მხარეს მკვლევრებმა ბელებს ბევრად უფრო „ველური“ მომავალი განუსაზღვრეს.
ჰეტაოპინი – პანდების ყველაზე ძველი ბაზა, რომელიც ვოლონის ბუნებრივი ნაკრძალის ნაწილია, ციონლაიშანის მთათა ხეობებში მდებარე ქვისა და ბეტონის ნაგებობების კომპლექსს წარმოადგენს. 1970-იანი წლების ბოლოს, ამ ტერიტორიის ტყიან ფერდობებზე საველე სადგური მოაწყვეს, ხოლო 1980 წლიდან დაიწყეს მუშაობა მსოფლიოს ველური ბუნების ფონდთან (WWF), პირველ დასავლურ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა. WWF-მა გამოაგზავნა ცნობილი ბიოლოგი, ჯორჯ შელერი. სწორედ მას უნდა ჩაეტარებინა პანდების კვლევა, რომლის დასკვნებიც პანდებზე ჩვენი ამჟამინდელი ცოდნის საფუძვლად იქცა.
ჟან ჰემინს ძალიან უყვარს პანდები, მას პაპა პანდასაც კი ეძახიან და ამბობენ, რომ ცენტრებში მშობიარე დათვები თითქოს ჟანის მოსვლამდე იკავებენ მშობიარობასო. ის ველზე შელერთან ერთად მუშაობდა. „სწორედ მაშინ შემიყვარდა პანდები ასე ძალიან“, – ამბობს და გულზე ხელს იდებს.2006 წლიდან ჩინელმა მეცნიერებმა ველურ ბუნებაში გაუშვეს ხუთი პანდა, რომელთაგან ორი პანდა მკვდარი იპოვეს. სამი მათგანი კი ისევ ცოცხალია.
დღესდღეობით ჰეტაოპინში სპეციალურად შერჩეული ბელების ჯგუფს წვრთნიან ველურ ბუნებაში გასაშვებად. მომვლელებს პანდის კოსტიუმი აცვიათ, რომელსაც პანდის შარდის სუნი უდის, რათა დათუნიები ადამიანებს არ მიეჩვივნენ. თავიდან ბელს დედასთან ტოვებენ და ორი წლის შემდეგ იწყებენ მის შეგუებას ველურ გარემოსთან. დაახლოებით ერთ წელიწადში დედა-შვილი მთაში გადაჰყავთ, სადაც დედას შეუძლია გააგრძელოს ნაშიერის სწავლება მანამ, სანამ ჩათვლიან, რომ ბელი მზად არის გასათავისუფლებლად. ამისთვის ის დამოუკიდებელი უნდა იყოს; სხვა ცხოველებს და ადამიანებს უფრთხოდეს და საკვებისა და თავშესაფრის პოვნაც შეეძლოს. ყველას ეს არ შეუძლიაო, მიხსნის ჟანი.
დათვების გასაშვებად შესაბამისი ჰაბიტატის საკითხიც პრობლემურია. 1970 წლის შემდეგ ჩინეთში პანდის ნაკრძალების რაოდენობა 12-დან 67-მდე გაიზარდა. მაგრამ ამ ნაკრძალთა უმეტესობა ძალიან პატარაა, დასახლებულია და გაყოფილია გზებით, ფერმებითა და ნაგებობებით. ამასთან, სმითსონელი მაკშის თქმით, ველურ ბუნებაში მყოფი პანდების მესამედზე მეტი უკვე აღმოჩნდა ამ ნაკრძალების გარეთ, რადგან ზონები არ არის შემოსაზღვრული. იქ კი, შესაძლოა, არც ისე სასურველ ჰაბიტატში აღმოჩნდნენ.
მაკშის თქმით, კარგი ისაა, რომ „პანდებს არავინ ერჩის. ისინი ხელშეუხებლად ითვლებიან ბრაკონიერთათვის“.
მაგრამ სხვა სირთულეები მაინც რჩება. მაგალითად, პანდების ჰაბიტატში მსხვილფეხა საქონლის ძოვება. „ცხენებსა და პანდებს თანაბრად უყვართ მცირედ დაქანებული ფერდობები და ბამბუკის ტყეები; ცხენებიც მიირთმევენ ბამბუკს. ასე რომ, დიდია ცხენების გავლენა პანდების კონსერვაციის საქმეში“, – ამბობს ჩინეთის დასავლეთ პედაგოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჟან ჩინდონი, რომელიც ვოლონში ატარებს კვლევას. 2012 წელს ადგილობრივმა მთავრობამ ცხენების ტყეებიდან მოშორება ბრძანა და ხალხი აიძულა „მათ ნაცვლად იაკები და სხვა ცხოველები ჰყოლოდათ“, – ამბობს იგი. მაგრამ, ჩინდონი თვლის, რომ ამ ცხოველების იქ არსებობაც აიძულებს პანდებს, გადაადგილდნენ, – „სადღა წავიდნენ?!“
2008 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნანგრევებად აქცია მთის დასახლებები. დაინგრა ჰეტაოპინის ნაწილიც. მთავრობამაც მიზეზი იპოვა და დათვების ჰაბიტატში მცხოვრებლები დაარწმუნა, დაეტოვებინათ აღნიშნული ზონა; დაბლობზე გაუშენეს სოფლები ადგილმონაცვლე პირებს და ამაყად გამოაცხადეს, რომ ამით პანდების დაცვის საკითხიც მოაგვარეს.
ლი შუფანს, 75 წლის მოხუც ქალს, რომელიც ახლა ნათესავებთან ერთად ცხოვრობს, ერთ უბრალო სახლში შევხვდი. დღეში რამდენიმე საათს უნდება მთაზე ასვლა-ჩამოსვლას, რათა ღორებსა და ბაღს მოუაროს თავის ძველ სამოსახლოში. ვკითხე, რას ფიქრობდა პანდებისთვის ადგილის დათმობაზე, მოკლედ მომიჭრა ადგილობრივ დიალექტზე: „ადგნენ და პანდები წაიყვანონ!“
დანარჩენები, ვისაც შევხვდი, ბარის სოფლების „უფრო იოლი” ცხოვრებით შედარებით კმაყოფილნი ჩანდნენ. თუმცა, უშუალოდ „პანდამანიიდან“ ცოტა თუ იღებს სარგებელს.
დაბრუნებული ტერიტორია პანდების ჰაბიტატად რომ გარდაიქმნას, მთავრობა ადგილობრივებს ქირაობს, რომლებიც ნერგებს იმ ადგილებში ყრიან, სადაც ტყეები ჭრამ ან მიწისძვრამ გააქრო. ზოგადად, ჩინელები სწრაფად მზარდი ხეების ჯიშებს ამჯობინებენ, რომელთა ფესვებიც ეროზიას აფერხებს. თუმცა ასეთი ჯიშები ვერ ქმნის პანდებისთვის ხელსაყრელ გარემოს: მათთვის ყველაზე ყუათიანი ბამბუკი კი, ბებერი ტყის ქვედა იარუსზე იზრდება. ამგვარი ტყის ფორმირებას კი ათობით წელი სჭირდება. მთიან მიდამოში რთულია ფართო მასშტაბზე დარგვა – შესაბამისად, ლანდშაფტიც ფრაგმენტირებული რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდებიც აქა-იქ სახლობენ.
Global Wildlife Conservation-ის სახეობების კონსერვაციის დირექტორი, ბარნი ლონგი ამბობს, რომ პანდების დაახლოებით 33 პოპულაციური ჯგუფიდან მხოლოდ 9 „არის რეალურად სიცოცხლისუნარიანი“. ხანგრძლივ პერიოდში გასაძლებად პოპულაციის რიცხოვნობა გარკვეულ ზღვარს არ უნდა ჩამოსცდეს. კლიმატის ცვლილების გამო, მდგომარეობის გაუარესებაცაა მოსალოდნელი: სამეცნიერო მოდელები გვაფრთხილებს, რომ მომავალ 70 წელიწადში გლობალურმა დათბობამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი პანდების ჰაბიტატის 60%-ით შემცირება. დღეს კი, ჰაბიტატის აღდგენა, ფრაგმენტირების შემცირება და დაცვა, შესაძლოა, საუკეთესო გზა იყოს პანდების შესანარჩუნებლად. მარკ ბროუდის თქმით, დაბადებული ბელების რაოდენობის თვლაზე მნიშვნელოვანი „ამ პატარებისთვის სახლის მიცემაა“.
ჯერჯერობით, პანდების „სახლში“ გაშვებას განსხვავებული შედეგები მოჰყვა. 2006 წლიდან გათავისუფლებული ხუთი ინდივიდიდან, რომელთაგან ყველას ეკეთა სათვალთვალო საყელური, სამი ცოცხალია, ორი – მკვდარი იპოვეს, აქედან ერთი, სავარაუდოდ, ველურ მამრ პანდას ემსხვერპლა. მაშინ, როცა ეს სტატია გამოქვეყნდება (ივლისში), კიდევ სამი პანდის გაშვებას გეგმავენ ველურ ბუნებაში.
ისევე, როგორც პანდების გამრავლების საქმეს, ველურ ბუნებაში მათ გაშვებასაც სჭირდება „უამრავი მცდელობა, რასაც თან ახლავს მარცხი, დრო და თანხები, – ამბობს მაკში, – მაგრამ ჩინელი მკვლევრები წარმატებას მიაღწევენ“.
„პაპა პანდაც“ იმედიანადაა განწყობილი: „საბოლოო მიზანი გაშვება, გაშვება და კიდევ ერთხელ – გაშვებაა. ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი საქმის კეთება მომიხდა: პირველი – პანდების გამრავლება, რაც დღეს უკვე აღარაა რთული. მეორე – ხელსაყრელი გარემოს შექმნა და პანდების იქ მოთავსება“.
ვოლონის საწვრთნელ ბაზაში „იე იე“ გამოჩნდა ღობესთან, მზამზარეული საკვების მომლოდინე. მისი ბელი „ჰუა იანი“ („ლამაზი გოგონა“) არსად ჩანს, რაც კარგის ნიშანია. დამოუკიდებლობა არსებითია გადარჩენისთვის – სამი წლის ბელს, რომლის წვრთნაც თითქმის დასრულდა, მალე გაუშვებენ ველურ ბუნებაში.
მისი წინამორბედი იყო „ჰუა ჩიაო“ („ფაქიზი სილამაზე“), რომელიც 2015 წლის ნოემბერში გაუშვეს. მას ოთხი დღე ამზადებდნენ საბოლოოდ გასათავისუფლებლად: მომვლელებმა ის დაიჭირეს, რათა ჯანმრთელობის საბოლოოდ შემოწმება და სათვალთვალო საყელურის მორგება მოეხერხებინათ. შემდეგ, გალიაში ჩასვეს და 300 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიციპინის ბუნებრივ ნაკრძალში გადაიყვანეს.
პანდების გადასარჩენად საჭიროა თითოეულ ინდივიდზე მუშაობა. ერთი ბელის, „ჰუა ჩიაოს“ ბუნებაში გაშვება მცირე, თუმცა აუცილებელი ნაბიჯია ამ გრძელ გზაზე. რამდენიმე წელიწადი კიდევ ხუთი ბელის გაშვება იგეგმება ვოლონში. ასე რომ, პანდების კონსერვაცია უთუოდ გაშუქდება ახალ ამბებში.
ნოემბრის ერთ დილას, ოთხი კაცი სწევს „ჰუა ჩიაოს“ გალიას და პირით ტყისკენ დგამს. ბამბუკით დაფარული ზღუდეები მაყურებლებს მალავენ. ყოველგვარი საზეიმო ხმაურის გარეშე, მომვლელი კარს ხსნის. თავიდან ბელი ადგილიდან არ იძვრის, ზის გალიის სიღრმეში და ბამბუკს ღეჭავს – ბოლო სადილს მიირთმევს ტყვეობაში. დღეიდან თავად მოუწევს საკუთარ თავზე ზრუნვა. ალბათ, რამდენიმე წელიწადში იპოვის მეწყვილეს და ცხოვრების განმავლობაში ხუთ ან მეტ ბელს შესძენს პანდების პოპულაციას. ეს სურათს ძირეულად არ შეცვლის, თუმცა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისთვის, რომელიც 2000-ზე ნაკლებ ინდივიდს ითვლის ველურ ბუნებაში, თითოეული პანდა მნიშვნელოვანია.როდესაც ტყვეობაში გაზრდილ პანდას ველურ გარემოში ვუშვებთ, „ჩვენ ვეღარ ჩავერევით“, ამბობს ვოლონგის ბუნებრივი ნაკრძალის მომვლელი.
ბოლოს და ბოლოს, მომვლელების პატარა მცდელობას შედეგი მოაქვს და „ჰუა ჩიაო“ სამალავიდან გამოდის. სინათლეზე თვალებს ჭუტავს და თათებით რბილ მიწაში ეფლობა. შემდეგ კი, საკუთარ ზედამხედველებსა და უწინდელ ცხოვრებას ზურგს აქცევს და უკანმოუხედავად მიბაჯბაჯებს თავისუფლებასთან შესახვედრად.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.