
პანიკის მეცნიერული ახსნა
ჩვენი მშფოთვარე გონება პრეისტორიული დროიდან დღემდე „მოკლე ჩართვას“ ახდენს, როდესაც რამე უცნობსა და საშიშს აწყდება
მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მსოფლიოში გავრცელება დაიწყო, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ რამოდენა ენერგიის დახარჯვა შეუძლია ადამიანს სულ ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდის, ერთი ტუბი ხელის სადეზინფექციო ხსნარის ან პირბადის შესაძენად. რაც უფრო იზრდება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ქვეყნები ადამიანთა თავშეყრის ადგილებს კეტავენ, რათა სოციალურ დისტანცირებას შეუწყონ ხელი. ასეთი ბუნდოვანი სიტუაციები კი იწვევს „პანიკურ შესყიდვებს“, როდესაც მაღაზიების თაროები ისეთი სისწრაფით ცარიელდება, რომ მათ შევსებას ვერ ასწრებენ.
ადამიანები მარაგების პანიკური შესყიდვით ყოველთვის ებრძოდნენ ეპიდემიებით გამოწვეულ ბუნდოვანებას. იგივე ხდებოდა 1918 წელს „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს და 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის დროს.
„ადამიანები ექსტრემალურად რეაგირებენ მაშინ, როდესაც ფიქრობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ დროს მათთვის მნიშვნელოვანია იმოქმედონ, რათა იგრძნონ, რომ მდგომარეობას აკონტროლებენ“, – განმარტავს კარესტან კოენენი, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ფსიქიატრიული ეპიდემიოლოგიის პროფესორი.
მაინც რა იწვევს პანიკას და როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ საღი გონება ისეთი სტრესული სიტუაციების დროს, როგორიცაა პანდემია? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეთანხმებულად ურთიერთობენ ერთმანეთთან ჩვენი თავის ტვინის სხვადასხვა უბნები.
ადამიანთა თვითგადარჩენა ყოველთვის ორ ფაქტორს ემყარებოდა: შიშსა და მღელვარებას, რაც ჩვენგან საფრთხის გამოჩენისთანავე მოითხოვს მყისიერ რეაგირებას, მაგალითად, წარმოიდგინეთ: შორიახლოს ლომია! და, ასევე, ამ საფრთხის საფუძვლიან გააზრებას: ამ შუაღამისას სად შეიძლება იყვნენ ლომები?
„პანიკა იწყება მაშინ, როდესაც თავის ტვინის უბნები ვეღარ რიგდებიან ერთმანეთთან. ტვინის ემოციური ცენტრი – ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული, ითხოვს სასწრაფოდ გავერიდოთ საფრთხეს, – განმარტავს კონენი, – თუმცა, ნაკლებად აინტერესებს, როგორ ავუქცევთ გვერდს ლომს“.
შუბლისწინა ქერქი კი პასუხისმგებელია ქცევით ნაწილზე და ჩვენგან ითხოვს, ჯერ კარგად გავაანალიზოთ ლომთან დაკავშირებული ყველა საფრთხე: „კიდევ როდის შეიძლება გადავაწყდეთ მას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ?“ ფიქრის პროცესს ხშირად ხელს უშლის მღელვარება, იმის ნაცვლად, რომ შუბლისწინა ქერქმა პირდაპირი კავშირი დაამყაროს ტვინის იმ უბნებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე; მას აბნევს რეპლიკების სწრაფი გაცვლა იმ უბნებს შორის, რომლებიც ყველა შესაძლო სცენარს ავითარებენ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ ლომის ვახშამი.
ადამიანი პანიკაში ვარდება მაშინ, როდესაც ყველაფერ ამის გამო მოკლე ჩართვა ხდება. შუბლისწინა ქერქი ცდილობს გაიაზროს, სად შეიძლება იყოს ლომი ხვალ საღამოს, ჩვენი ამიგდალა კი ამ დროს მთელი დატვირთვით მუშაობს.
„პანიკა მაშინ იწყება, როდესაც ჩვენი ტვინის მეტად რაციონალურ ნაწილს (შუბლისწინა ქერქს) ემოცია დაჯაბნის“, – ამბობს კოენენი. ასეთ დროს შენი შიში იმდენად ძლიერია, რომ ამიგდალა ხელში იღებს სადავეებს და ადრენალინიც იწყებს მოქმედებას. ზოგიერთ შემთხვევაში პანიკამ შეიძლება გადაგვარჩინოს კიდეც. როდესაც რეალური საფრთხის წინაშე დგახარ და შეიძლება უეცრად ლომმა დაგგლიჯოს ან მანქანამ გადაგიაროს, ყველაზე რაციონალური რეაქცია შესაძლოა გაშეშება, გაქცევა ან ბრძოლა იყოს. ასეთ დროს არც არის საჭირო, რომ ტვინმა დიდი დრო დახარჯოს ფიქრზე.
თუმცა, მხოლოდ ამიგდალას თუ მივენდობით, შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგები მივიღოთ. სოციოლოგმა ენრიკო კუარანტელიმ თავის 1954 წლის კვლევაში „პანიკის თავისებურებები და წინაპირობები“, ახლებური ხედვა შემოგვთავაზა კატასტროფების დროს ადამიანის ქცევის შესახებ. იგი მოგვითხრობს ერთი ქალის ისტორიას, რომელმაც აფეთქების ხმა გაიგო და სასწრაფოდ გავარდა გარეთ, რადგან ეგონა, რომ მის სახლს ბომბი ეცემოდა. როდესაც გააცნობიერა, რომ ბომბი მეზობელ ქუჩაზე აფეთქდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ სახლში ახალშობილი ბავშვი დატოვა.
„პანიკა არა ანტისოციალური, არამედ ასოციალური ქცევაა, – წერს კუარანტელი, – სოციალური ნორმების მსხვრევა… ყველაზე ძლიერ და უახლოეს კავშირებსაც კი შლის“. პანიკა ხანგძლივი საშიშროების დროსაც არაფერში გვეხმარება. ასეთ დროს ძალიან მნივშნელოვანია, შუბლისწინა ქერქმა შეინარჩუნოს კონტროლი, შესაძლო საფრთხის შესახებ გაგაფრთხილოს და, ამავე დროს, რისკებიც შეაფასოს, რათა მოქმედების გეგმა დასახოს. რატომ ხდება, რომ მაშინ, როდესაც პანდემიის დროს ინფორმაციისა და გზავნილების უზარმაზარი ნაკადი მოდის, ზოგი ტუალეტის ქაღალდსა და ხელის სადეზინფექციო სითხეს იმარაგებს, ზოგს კი ეს ყველაფერი სულაც არ ადარდებს და გადაჭედილ ბარში ზის?
ცნობილია, რომ ადამიანებს გაურკვევლობის დროს რისკების შეფასება ცუდად გამოსდით – იმდენად, რომ ხშირად ჩვენს რისკებს ან არასათანადოდ, ან გადამეტებული სერიოზულობით ვაფასებთ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი სონია ბიშოპი იკვლევს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს შფოთვა ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც აქტუალურია კორონავირუსის პანდემიის დროს. მთავრობის, მედიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან არათანმიმდევრული გზავნილები ამწვავებს შფოთვას.
„ჩვენ ხშირად არ გვიწევს ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ალბათობების მკვეთრი ცვლილება ხდება“, – ამბობს ბიშოპი. ასეთი გაურკვეველი სიტუაციების დროს, რისკების შესაფასებლად საუკეთესო მეთოდი იქნებოდა მაგალითის გარეშე შეცნობის მეთოდი, რომელიც უმთავრესად მცდელობისა და შეცდომის მონაცვლეობას ეფუძნება. ჩვენ, ძირითადად, ვეყრდნობით ჩვენს გამოცდილებას, დროდადრო კი ვაახლებთ ჩვენს პროგნოზებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, რამდენად ცუდი იქნება, თუ ეს მოხდება და რა ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს თავიდან ავირიდოთ. როდესაც არ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ საფრთხეს, – განმარტავს ბიშოპი, – ადამიანები იწყებენ ჰიპოთეტურ მაგალითზე დაყრდნობით შეცნობას; ასეთ დროს ჩვენ ვიხსენებთ წარსულ გამოცდილებას, ან ვცდილობთ მომავლის მოდელირებას. სწორედ აქ იჩენს თავს ე.წ. „ხელმისაწვდომობის ევრისტიკა“. როდესაც ხშირად კითხულობ ან გესმის ერთი და იგივე ინფორმაცია, მაგალითად, თუ ახალ ამბებში გამუდმებით აშუქებენ ავიაკატასტროფას, იმდენად ადვილი ხდება საკუთარი თავის წარმოდგენა ავარიულ თვითმფრინავში, რომ შეიძლება ფრენის შიში გაგიჩნდეს. „ასეთი სცენარების მოდელირების სიმარტივე თრგუნავს საღი პროგნოზირების უნარს“, – ამბობს ბიშოპი.
ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია პესიმიზმისკენ, ზოგი კი ოპტიმისტია. თუ პესიმისტები გამალებულნი წარმოიდგენენ განკითხვის დღის სცენარებს, ოპტიმისტებს სჯერათ, რომ ცუდი არაფერი მოხდება.
შესაძლებელია, რომ პანიკა სასარგებლო იყოს? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ან ზედმეტად აფასებს რისკებს ან არასათანადოდ, ადამიანების უმრავლესობა ამ ორი უკიდურესობისგან სრულიად განსხვავებულ რამეს – ძლიერ შფოთვას განიცდის. საფრთხის წინაშე დგომისას ზომიერი რაოდენობით შფოთვა სასარგებლოც არის. შიშმა შეიძლება გააჩინოს მოტივაცია, მზადყოფნაში გვამყოფოს და ენერგიის ნაკადიც მოგვიმატოს. ის გვახსენებს, რომ ხელები უნდა დავიბანოთ, მივაქციოთ ყურადღება ახალ ამბებს და, დიახ, რომ მაღაზიაში უნდა წავიდეთ და მოვიმარაგოთ საჭირო პროდუქტები.
მეორე მხრივ, ძალიან რთულია, თუ შფოთვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ წყდება. რაც უფრო იმატებს შფოთვა, მით უფრო რთული ხდება ტვინისთვის, რომ არ მიეცეს პანიკას. არაერთ კვლევაში არის აღნიშნული, რომ ქრონიკული სტრესი კუმშავს თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც განსჯის უნარზეა პასუხისმგებელი და ეს პანიკის წინაპირობა ხდება.
ბიშოპი აღნიშნავს, რომ ჩვენი სხეული არ არის ისე მოწყობილი, რომ კვირების ან თვეების განმავლობაში იცხოვროს ძლიერი სტრესის ქვეშ. შეიძლება სტრესმა დროებით ენერგიის მომატებაც გამოიწვიოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც გამოფიტულები და დათრგუნულები ვართ. ამან შეიძლება ვითარება გაართულოს საზოგადოების რეაგირების კუთხითაც და თუ ადამიანები ასე მძიმედ განიცდიან სოციალურ დისტანცირებას, მათ შეიძლება გარეთ გასვლა უკვე მაშინ დაიწყონ, როდესაც პანდემიას ჯერ პიკამდეც არ მიუღწევია.
სოციალური დისტანცირება ცხოველთა სამყაროში
იმ ქვეყნებში, რომლებსაც განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა კორონავირუსის პანდემიამ, ადამიანებს ძალიან უმძიმთ სოციალიზაციის შეზღუდვა და სახლში დარჩენა. ბუნებაში, სადაც ხშირია ინფექციური დაავადებები, სოციალური დისტანცირება ჩვეულებრივი მოვლენაა. ცხოველთა სოციალური სახეობები თავიანთი თემიდან აძევებენ იმ წევრებს, რომლებიც პათოგენით არიან ინფიცირებულნი. მათ დაავადების აღმოჩენისა და თავიანთი ქცევის შესაბამისად შეცვლის განსაკუთრებული უნარი აქვთ, რათა არ დაავადდნენ. მეთაფლია ფუტკრის კოლონიებში ინფიცირებულ ფუტკრის ლარვებს სკიდან აგდებენ; ისინი განსაკუთრებულ ქიმიკატებს გამოყოფენ, რომელთა სუნსაც მხოლოდ ზრდასრული ფუტკრები გრძნობენ. 1966 წელს, ტანზანიაში, გომბეს ეროვნულ პარკში, ჯეინ გუდოლი აკვირდებოდა შიმპანზეს, რომელსაც მწვავე ინფექციური ვირუსის შედეგად პოლიომიელიტი დაემართა. პოპულაციის სხვა წევრები მას თავს დაესხნენ და ჯგუფიდან გარიყეს. შიმპანზეები, ისევე როგორც ადამიანები, პირველ რიგში, ვიზუალური კონტაქტით აღიქვამენ მოვლენებს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, პოლიომიელიტით დაავადებული შიმპანზის ასეთი გარიყვა წარმოიშვა შიშისგან, რომელიც მისმა დეფორმირებულმა გარეგნობამ გამოიწვია – ჯანმრთელი შიმპანზეების მიზანი ის იყო, რომ თავიდან აერიდებინათ ისეთ დაავადება, რომელიც ასეთ დეფორმაციას გამოიწვევდა. – სიდნი კომბსი.