პატაგონიის პუმები
პატაგონიის დიდი კატების დაცვა ადგილობრივ მეცხვარე რანჩეროებს ძვირად უჯდებათ.
არის თუ არა ტურიზმი გამოსავალი?


პატაგონიის პუმები
პატაგონიის დიდი კატების დაცვა ადგილობრივ მეცხვარე რანჩეროებს ძვირად უჯდებათ. არის თუ არა ტურიზმი გამოსავალი?
პირველად პუმა ცენტრალურ იუტაში ვნახე – ფიჭვზე ორი მეტრის სიმაღლეზე აცოცებული მძლავრი, დაკუნთული არსება შიშისგან იღრინებოდა. მდევარი ძაღლების მიერ ხეზე მომწყვდეული მტაცებელი ფედერალურმა მუშაკმა თოფით მოკლა ერთ-ერთი რანჩეროს ცხვრის ფარის დაცვის მიზნით. ასეთი მძაფრსიუჟეტიანი პირველი შეხვედრის ფონზე ამ მოუხელთებელი კატების მეორედ ხილვა ჩილეში, მართლაც ზღაპრული სცენა იყო.
სახეობა Puma concolor სამხრეთ ალასკიდან სამხრეთ ჩილემდეა გავრცელებული და დასავლეთ ნახევარსფეროში ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის უდიდესი არეალის ბინადარია. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ყველაზე მაღალი კონცენტრაციები სწორედ ტორეს-დელ-პაინეს გარშემო გვხვდება ძირითადად იმიტომ, რომ მისი საკბილო (გუანაკო, კურდღელი) აქ მრავლადაა; პუმა პარკში დაცულია და არც მგელი ან სხვა მსგავსი მტაცებელი ძუძუმწოვარი უწევს კონკურენციას.
ის, ვისაც ამ მტაცებლის ველურ ბუნებაში ხილვა სურს, ტორეს-დელ-პაინეს 200 000 ჰექტარზე გადაჭიმულ გრანიტის მწვერვალებს, მინდვრებს, სუბარქტიკულ ტყეებსა და ქარისგან აშხუვლებულ ტბებს უნდა ესტუმროს. პეიზაჟი ფართოდაა გაშლილი და ტურიზმის აფეთქებასთან ერთად ბევრი პუმა ადამიანების გარემოცვას მიეჩვია.
არტურო კრუგერ ვიდალმა – მეორე თაობის რანჩერომ, რომელიც ტორეს-დელ-პაინეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ რანჩოს განაგებს – გამონაკლისის სახით დასვენების დღე აიღო, რათა თავისი გულისტკივილი გამოეხატა. „ამ თვის დასაწყისში 400 ცხვარი გავყიდე“, მშვიდად ამბობს იგი. „გარიგებიდან ხუთი დღის თავზე გასაყიდად სულ 370 მყავდა დარჩენილი. პუმამ ერთ ღამეში 30 სული მომტაცა“. დანარჩენი რანჩეროებიც თანაგრძნობით უქნევენ თავს.

კრუგერის მსგავსი მამაკაცები – ცხენზე ამხედრებული, თოფით აღჭურვილი, მდევარი ძაღლების თანხლებით – პუმების პოპულაციას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ, მაგრამ 1970-იან წლებში, ჩილეს მთავრობის მიერ ტორეს- დელ-პაინეს დაარსებიდან, პუმასა და გუანაკოზე ნადირობა აიკრძალა. მათმა რიცხვმა მკვეთრად იმატა და შედეგად მტაცებელმაც და მისმა მსხვერპლმაც საზრდოს საძიებლად პარკის ტერიტორიიდან კერძო რანჩოების კუთვნილ მიწებზე დაიწყო გადასვლა.
„პარკის დაარსება რანჩეროებისთვის ძალიან საზარალო გამოდგა“, ამბობს კრუგერი, რადგან პარკიდან გამოსული ზოგი პუმა ცხვარზე თავდასხმას შეეჩვია. რანჩეროების შეფასებით, პარკის გახსნის დღიდან პუმებმა, დაახლოებით, 30 000 ცხვარი შეიწირეს, რაც მატყლისა და ხორცის გაყიდვების თვალსაზრისით დიდი დანაკარგია.
გიდებისა და პარკის ზოგი სტაჟიანი დარაჯის შეფასებით პარკში ორმოცდაათიდან ასამდე პუმა ბინადრობს. პარკის გარეთ, სადაც მათი პოპულაცია ჯერაც ზუსტად არავის აღურიცხავს, რანჩეროების თქმით, წლიურად, ჯამში, ასიოდე ინდივიდს კლავენ. „ჩვენი სარჩო-საბადებელი ეს რანჩოებია“, შეკრებაზე განმარტავს ვიქტორ მანუელ შარპი. „აბა, რა ვქნათ?“
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.
ელიზაბეთ როიტმა ივნისის გამოშვებაში დაწერა, თუ რამოდენა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის მიკროპლასტმასის ზღვაში არსებულ ნარჩენებს. მრავალი ჯილდოს მფლობელი ველური ბუნების ფოტოგრაფი ინგო არნდტისთვის ეს ნამუშევარი ჩვენს ჟურნალში პირველია.