
პატარა გარეული კატები
მომცრო გარეული კატები დიდმა ბიძაშვილებმა დაჩრდილეს, თუმცა ისინი ყურადღებას იმსახურებენ
„ის ძალიან ახლოსაა“, – ჩურჩულებს ჟერმან გარო. პორტატულმა მიმღებმა „ელენას“ სიგნალი დაიჭირა. სამხრეთ ესპანეთის გადატვირთულ ავტომაგისტრალთან ახლოს, სადღაც ამ ზეთისხილის კორომიდან, შესაძლოა, იბერიული ფოცხვერი და მისი ორი ბოკვერი გვაკვირდებიან. რომ არა რადიოსაყელური, ვერასდროს გავიგებდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი კატები ამ ხეთა მწკრივში ჩაცუცქულან. ხუთი წლის ელენამ ადამიანთა გარემოსთან შეუმჩნევლად არსებობა ისწავლა.
„ათი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ფოცხვერი ამგვარ ჰაბიტატში შეძლებდა გამრავლებას“, – ამბობს გარო, პროექტ Life+Iberlince-ის (მთავრობის ინიციატივით შექმნილი 20-ზე მეტი ორგანიზაციის გაერთიანება) ბიოლოგი. მისი მიზანი ამ ხალებიანი მტაცებლის პირენეს ნახევარკუნძულზე კვლავ მომრავლებაა. „ფოცხვერს იმაზე მეტი ეკოლოგიური პლასტიკურობა შეძლებია, ვიდრე გვეგონა“, – ამბობს ის.
მართლაც, ათწლეულების განმავლობაში კლების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს პოპულაციამ მა-ტება დაიწყო. 2002 წელს „Iberlince“-მა ხელი მოჰკიდა ფოცხვერის გადარჩენის საქმეს. იმ დროისთვის ასიოდე ინდივიდი იყო მიმოფანტული ხმელთაშუაზღვისპირა ტყიან რაიონში. მათი რიცხვი მცირდებოდა ნადირობისა და ვირუსის გამო, რომელმაც თითქმის გაწყვიტა რეგიონის ევროპული ბოცვრები, ფოცხვერის ძირითადი საკვები. ფოცხვერის რიცხოვნობა იმდენად შემცირდა, რომ მისი გენეტიკური მრავალფეროვნება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.
მეცნიერთა საბედნიეროდ, ფოცხვერი კარგად გამრავლდა ტყვეობაში და 2010 წლიდან მოყოლებული. 176 ინდივიდი ხელახლა გაუშვეს საგულდაგულოდ შერჩეულ ჰაბიტატში. გაშვებული ფოცხვერების 60% გადარჩა, რამდენიმემ კი ნამდვილად გააოცა მეცნიერები.

ორმა ფოცხვერმა მოახერხა „შთამბეჭდავი მოგზაურობა პირენეს მთელი ნახევარკუნძულის ირგვლივ და თითოეულმა 2400 კილომეტრზე მეტი გაიარა ახალი ტერიტორიისკენ“, ამბობს სარეინტროდუქციო პროგრამის დირექტორი და ბიოლოგი მიგელ სიმონი. გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს მიწის მესაკუთრეებთან, რათა დაარწმუნოს ისინი, საკუთარ მიწებზე შეუშვან ფოცხვერი. 2012 წელს პოპულაციამ 313 ინდივიდს მიაღწია, ნახევარი გასამრავლებლად საკმარისად მომწიფებული იყო და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირმა იბერიული ფოცხვერის სტატუსი გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფიდან, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფამდე გააუმჯობესა.
სწრაფად ვიმალები ავტომაგისტრალის ქვეშ გამავალ სადრენაჟო მილში. მანქანები ფოცხვერის ნომერ პირველი მკვლელები არიან, ასე რომ, სიმონი და მისი გუნდი მთავრობას სთხოვენ, ეს მილები გარეული ცხოველებისთვის გამოსადეგ გვირაბებად გააფართოონ.
კვლავ მზის შუქზე გამოვედით, დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ ესპანელები თავიანთ მკვიდრ კატაზე. სიმონმა გაკვირვებულმა შემომხედა, იბერიული ფოცხვერი ყველას უყვარს, ის ეროვნული სიამაყეაო.
მაგრამ ასე არაა ფოცხვერის ნათესავთა უმეტესობის შემთხვევაში. მსოფლიოში არსებული ველური კატების 38 სახეობიდან, 31 ითვლება მომცრო კატად. მათი წონა ერთნახევარი კილოგრამის ჟღალი კატიდან 20-კილოგრამიან ევრაზიულ ფოცხვერამდე მერყეობს. ეს მომცრო კატები ბინადრობენ დედამიწის ყველა კონტინენტზე (ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა) და საუცხოოდ არიან შეგუებულნი ბუნებრივ – და სულ უფრო მეტად და მეტად არაბუნებრივ – გარემო პირობებს, უდაბნოებისა და ჭარბტენიანი ტყეებიდან დაწყებული, ქალაქის პარკებით დამთავრებული. სამწუხაროდ, კატისებრთა ოჯახის ეს მომცრო წევრები, თავიანთი მოზრდილი ნათესავების, დიდი კატების – ლომების, ვეფხვების, ლეოპარდებისა თუ იაგუარების ჩრდილქვეშ ცხოვრობენ. ბევრად მეტ ყურადღებასა თუ ბუნებისდაცვით დაფინანსებას სწორედ ეს სახელგანთქმული დიდი ზომის სახეობები მოიპოვებენ. თუმცა საყურადღებოა, რომ მსოფლიოში საფრთხის წინაშე ყველაზე მეტად მყოფი 18 გარეული კატისებრიდან, 12 მომცრო კატაა.

ტეხასში დაფუძნებული ველური ბუნების გლობალური დაცვის ორგანიზაციის მომცრო კატების ექსპერტისა და პროგრამის მენეჯერის ჯიმ სანდერსონის შეფასებით, 2009 წლის შემდეგ გარეულ კატისებრთა სახეობებზე დახარჯული ფონდების 99 პროცენტზე მეტი მოხმარდა იაგუარების, ვეფხვებისა და სხვა დიდი კატების დახმარებას. შედეგად, ბევრი მომცრო კატა ძალზე არასაკმარისადაა შესწავლილი ან საერთოდ შეუსწავლელია.
მაგალითად, იშვიათად უნახავთ კალიმანტანური კატა. ის ბინადრობს მხოლოდ ბორნეოს ტყე-ებში და მეცნიერებისთვის დღემდე ისეთივე ამოუცნობია, როგორც 1858 წელს, მისი აღმოჩენისას. ყველაფერი, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მარმარილოსებრი კატის შესახებაა ცნობილი, ტაილანდში შესწავლილი ერთადერთი მდედრისგან მომდინარეობს. „წარმოდგენა არ გვაქვს, რითი იკვებება“, – ამბობს სანდერსონი.
მომცრო კატებს არახელსაყრელ პირობებშიც უწევთ არსებობა: ადამიანები მათ თავიანთი სახლის კატების უბრალოდ გარეულ სახესხვაობად აღიქვამენ (შინაური კატა, რომელიც ველური კატის ქვესახეობად ითვლება, ველური კატისგან 10 000 წლის წინ წარმოიშვა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე). კელნის ზოოპარკის კურატორის, ალექსანდერ სლივას თქმით, საზოგადოებას მომცრო კატებზე მეტად ხიბლავს ეგზოტიკური მხეცები.
მომცრო კატებში შედარებით მწირად გამოვლინდა ევოლუციის ოსტატობა, მაგრამ ისინი მაღალეფექტური მტაცებლები არიან, რომელთაც განვითარების მაღალ დონეს მილიონობით წლის წინ მიაღწიეს და შემდეგ პრაქტიკულად არც შეცვლილან. ის რაც სხეულის წონით დააკლდათ, ხასიათის სიმტკიცით შეივსეს. მაგალითად, ავიღოთ შავფეხება კატა, აფრიკის ბინადარი, რომელიც 2 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. მაგრამ მისი მეტსახელია „ჭიანჭველების ბუდის ვეფხვი“, რადგან ცხოვრობს ტერმიტების მიტოვებულ ბორცვებზე და საფრთხის შემთხვევაში ისე გააფთრებით იბრძვის, რომ შეუძლია პირდაპირ სახეში ეტაკოს გაცილებით დიდ ტურასაც კი. სამხრეთაზიური მოხერხებული თევზიჭერია კატა ჭაობებისა და ჭანჭრობების მკვიდრია, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ გარემოს მოერგოს, სადაც თევზი მოიპოვება. ერთხელ შრი-ლანკაზე, კოლომბოს ცენტრში ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იპარავდა თევზიჭერია კატა დეკორატიულ კოის თევზსაშენიდან. „ამ ამბავმა ყველა გააოცა“, – ამბობს თევზიჭერია კატების კონსერვაციის პროექტის მთავარი მკვლევარი, ანია რატნაიაკა. „აქ ახლოს არსად არ არის ჭაობი“.

ხშირად თავიანთი კვებითი ჯაჭვის სათავეში მყოფნი, ხელს უწყობენ ეკოსისტემების ბალანსის შენარჩუნებასა და ნადავლის – მათ შორის, მრავალი მღრღნელის – პოპულაციის კონტროლს.
იმ ხუთი კონტინენტიდან, რომელზეც ველური კატები ბინადრობენ, აზიას ყველაზე მეტი აქვს დასაკარგი. ეს არა მარტო მომცრო კატების 14 სახეობის საბინადროა, არამედ ასევე ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად ესმით ამ ცხოველების და სადაც ისინი ყველაზე მეტი დგანან საფრთხის წინაშე.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყის მასივების დიდი ნაწილი პალმის ზეთის პლანტაციებად გადააქციეს. 2000 წლიდან მოყოლებული, ამ საკვები ინგრედიენტის წარმოება გაორმაგდა. სავარაუდოდ, ეს დამღუპველი იქნება სუმატრული კატისა და თევზიჭერია კატისთვის, რადგან ისინი დაბლობის ჭაობების თევზზე არიან დამოკიდებული.

პალმის ზეთის პლანტაციების გაფართოება უკვე შემაშფოთებელია. პარიზთან მდებარე ზოოლოგიურმა პარკმა (Le Parc des Félins), ამ მძიმე სიტუაციის სადემონსტრაციოდ, ორი ურიკა დადგა – ერთი პალმის ზეთით დამზადებული პროდუქტებით სავსე, მეორე – პროდუქტებით, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს მას. ორივე ურიკაში მოთავსებული ნაყინი, ნამცხვრები, ბურბუშელა, ძირითადად, ერთნაირად გამოიყურება.
„ჩვენ ხალხს ფულის შემოწირვას კი არ ვთხოვთ, არამედ – ნაკლები პალმის ზეთის მიღებას“, – ამბობს 71 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის ინსტრუქტორი, აურელ რუდე.
რუდეს თქმით, კიდევ ერთი საფრთხე მომცრო კატებს რომ ემუქრებათ, ცხოველებით არალეგალური ვაჭრობაა, განსაკუთრებით ბრაკონიერობა ტყავის, ბეწვისა და ცხოველთა სხვა ნაწილებისთვის. 1980-იან წლებში ჩინეთიდან ასობით ათასი ბენგალური კატის ტყავი გაიტანეს. ეს სახეობა მთელ აზიაშია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ტყავზე მოთხოვნა საგრძნობლად დაეცა, ჩინეთში მაინც ხოცავენ ბენგალურ კატებს შინაურ ცხოველებზე თავდასხმის გამო.
მალევე აღმოვაჩინე, რომ ბენგალური კატები საკმაოდ შთამბეჭდავი არსებები არიან. ივნისია, ცრის და ფრანგული პარკის მობინადრეები ვოლიერებში მოკუნტულან, მაგრამ ორი ბენგალური კატა გარეთაა. ერთი არხეინად გაწოლილა ხის ძელზე, ოსტატურად ინარჩუნებს წონასწორობას და თათს ილოკავს, მეორე კი – ბალახს ღეჭავს და ძალიან მაგონებს ჩემს კატას.
შემდეგ მახსენდება, რა მითხრა ალექსანდერ სლივამ, კელნის ზოოპარკის კურატორმა: მომცრო კატები ძალზე განსხვავდებიან შინაური კატებისგან, განსაკუთრებით იმით, რომ მუდმივად მოძრაობენო. მაგალითად, შავფეხება კატას შეუძლია ყოველ ღამე, თითქმის, 30 კილომეტრი გაიაროს და თავისი წონის ერთი მეხუთედის ტოლი საკვები მიირთვას. ტახტზე ნებიერად წამოგორებული ჩემი ფუმფულასგან განსხვავებით, „იგი თავს ვერ მისცემს კოტრიალის უფლებას“.
არც კონსერვაციონისტებს აქვთ მოდუნების უფლება; აუცილებელია ზოგიერთი სახეობის პოპულარიზაცია, მათივე გადარჩენის მიზნით. 2016 წელს წამოიწყეს სართაშორისო პროექტი ცენტრალურაზიური მანულის შესასწავლად. ეს სახეობა, რომელიც, უმეტესწილად, სახელგანთქმული ირბისის ჩრდილქვეშ იმალება, თანდათან მცირდება.
„ჩვენი დიდი ძალისხმევით მანული პოპულარული ხდება“, – ამბობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ევროპული სახეობების პროგრამის კოორდინატორი დევიდ ბერკლი. ეს მრგვალი, ფუმფულა კატისებრი ინტერნეტ-ჰიტად იქცა ბრაზიანი გამომეტყველებითა და საკუთარ მთიან საბინადროში სირბილის უცნაური მანერით. ბერკლის თქმით, „ხალხი გულიანად იცინის ამ ვიდეოების ცქერისას, მაგრამ, თავისდაუნებურად, ინფორმაციასაც იღებს მასზე“.
ხოლო ესპანეთის ეროვნულ პარკში (Sierra de Andújar), ელენასა და მისი მეგობარი ფოცხვერების საბინადროსთან, ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ფოცხვერის მნახველთა ეკოტურიზმი.

„ჩვენ ბიზნესპარტნიორები ვართ“, – ამბობს ფოცხვერზე Los Pinos-ის კურორტის მფლობელი ლუის რამონ ბარიოს კასერესი და იცინის: „ისინი გადასახადებს იხდიან“. ფოცხვერის სანახავად ჩამოსულები ხშირად ჩერდებიან მის სასტუმროში.
მახლობელ სან-ფერნანდოს რანჩოზე პედრო ლოპეს ფერნანდესი თავის 280 ჰექტარ მიწაზე უშვებს ბოცვრებზე მონადირეებსაც (როცა ბოცვერი ჭარბადაა) და ფოცხვერსაც.
ფოცხვერი „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა, რადგან ის მხოლოდ აქ ბინადრობს“, – მეუბნება ლოპესი. თუმცა ყველა მიწათმფლობელი არ იქცევა ასე. ზოგს ეშინია მთავრობის ჩარევის და არ სურს ფოცხვერი საკუთარ მიწაზე. მაგრამ ლოპესი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ უნდა იზრუნოს ფოცხვერზე, რადგან ის ესპანეთის საგანძურის ნაწილია.
სწორედ ამ მიზნით მუშაობენ დღედაღამ მეცნიერები სანტა-ელენას პროვინციაში მდებარე ლა-ოლივილას გამრავლების ცენტრში. მონიტორების წინ მსხდარი მეთვალყურეები 24 საათის განმავლობაში აღნუსხავენ 41 იბერიული ფოცხვერის ქცევებს.
ცენტრის ვეტერინარი, მარია ხოსე პერესი მიხსნის, რამხელა შრომაა მოზარდი ფოცხვერების ველურ გარემოში გასაშვებად მომზადება: ცხოველები ვერ ხედავენ ადამიანებს, მათი ვოლიერები გარშემორტყმულია შავი ზღუდეებით, მცენარეულობით დაფარული მილებიდან კვებავენ ბოცვრებით და აშინებენ საყვირის ხმით, რათა ავტომობილის მიმართ სიფრთხილე ისწავლონ. „ჩემთვის დიდი პატივია ფოცხვერის გადარჩენის საქმეში მონაწილეობა“, – ამბობს პერესი.
მომვლელი ანტონიო ესტებანი ფოცხვერთა ვოლიერში დამონტაჟებულ ერთ-ერთ კამერას მირთავს; დედა და მისი ოთხი ბოკვერი მიწაზე გაწოლილან, ბოკვრებს თათები პაწაწინა დრუნჩებთან მიუტანიათ. ერთ დღესაც ეს ცხოველები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ სახეობის გადარჩენაში. მანამდე კი იმით არიან დაკავებულნი, რაც კატისებრებს საუცხოოდ გამოსდით: თვლემენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.