პატარა, მარტოხელა და უმწეო
სერბეთში ჩარჩენილი, უფროსების გარეშე დარჩენილი ათასობით ლტოლვილი ბავშვი ევროკავშირში თავშესაფარზე ოცნებობს. მათი მიღება იქ არ სურთ


პატარა, მარტოხელა და უმწეო
სერბეთში ჩარჩენილი, უფროსების გარეშე დარჩენილი ათასობით ლტოლვილი ბავშვი ევროკავშირში თავშესაფარზე ოცნებობს. მათი მიღება იქ არ სურთ
დელაღა გამხდარი, რვა წლის ბავშვია დაღლილი თვალებით, რომელიც უფრო დიდი გეგონებათ – მცირე ასაკში იმდენი რამ გადახდა, ბევრ ზრდასრულს რომ ვერც წარმოუდგენია. პირველად სერბეთისა და ხორვატიის საზღვარზე მდებარე ადაშევცის ლტოლვილთა ცენტრში ვნახე; დროის გასაყვანად უმიზნოდ დადიოდა.
წელიწადზე მეტია, რაც დელაღამ ავღანეთის ომით განადგურებულ ნანგარჰარის პროვინციაში დატოვა სახლი, მშობლები და ოთხი უმცროსი და-ძმა. 10 წლის ნათესავ ბიჭთან და 15 წლის ბიძასთან ერთად, კონტრაბანდისტების დახმარებით, 6400 კილომეტრი გაიარა და ISIS-ის მიერ დაკავებული მშობლიურ ქალაქ ჯალალაბადიდან პაკისტანის, ირანის, თურქეთისა და ბულგარეთის გავლით, სერბეთში ჩავიდა. მისი საოცნებო საბოლოო დანიშნულების ადგილია ევროპის კავშირი, კონკრეტულად კი – საფრანგეთი.

დელაღა იმ 300 ათას ბავშვს შორისაა, რომელთაც 2015-2016 წლებში დაიწყეს მსგავსი საბედისწერო მოგზაურობა უფროსების გარეშე – რაც გასულ წლებთან შედარებით ხუთჯერ მეტია. ისინი შეუერთდნენ ტირანიასა და გაჭირვებას გაქცეული ადამიანების საერთაშორისო ნაკადს. სულ ცოტა, 170 000-მა მცირეწლოვანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპაში. სერბეთში UNICEF-ის წარმომადგენელი, მიშელ სენ-ლოტი ამბობს, რომ მაისში ქვეყანაში მყოფი 7000 ლტოლვილიდან 46% ბავშვი იყო. უმეტესობა – ავღანეთიდან; ყოველი მესამე კი უფროსის გარეშეა.
დელაღა ახლა სერბეთშია ჩარჩენილი 2016 წლის მარტიდან საზღვარზე მიმოსვლის გამკაცრებისა და ევროკავშირის ე.წ. „ბალკანური მარშრუტის“ შეზღუდვის გამო. ადაშევცი გადაკეთებული მოტელია, სერბეთში არსებული 18 დაწესებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ლტოლვილებს საკვებითა და ბინით უზრუნველყოფს. ოჯახები მჭიდროდ არიან შესახლებულნი ოთახებში. უცოლო კაცები და ბიჭები – იქვე გაშლილ ბრეზენტის კარვებში.
„აქ არაფერია“, – მითხრა საკუთარი კარვისკენ მიმავალმა დელაღამ. რუხი მაისური და ყელზე შემოხვეული შავი შარფი გაზაფხულის დილის სუსხისგან ვერ იფარავდა და მუნით დაავადებულ კანზე ეკალმა დააყარა.
სენ-ლოტის თქმით, დელაღას მსგავსი მოგზაური ბავშვები ქურდების, სექსუალური მოძალადეებისა და კონტრაბანდისტების მსხვერპლნი ხდებიან. „ვეუბნები, სადაც იყავით, იმას ხომ ჯობია აქაურობა-მეთქი?“ – აღშფოთებული იყო, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შეპარვის მცდელობისას მცირეწლოვნებს აპატიმრებენ, სცემენ ან ძალდატანებით აბრუნებენ, რატიფიცირებული კონვენციების დარღვევით. „უმეტესობას აქ დარჩენა არ უნდა, ასე ჰგონიათ, რომ აქ გაიჭედნენ“.

სერბეთში დელაღას მხოლოდ მოგონებები გამოჰყვა – ნაღმების, ომის, თალიბანის ბანდიტების, მაგრამ მეგობრებთან ერთად კრიკეტის თამაშისაც და ოჯახთან ერთად სადილობისაც. „ბედნიერი დღეები მახსოვს, – მითხრა მან, – აქ მოწყენილი ვარ“.
მშობლებისთვის არ უთქვამს, რომ ირანში ის და მისი ნათესავი ბიჭები „თალიბანის მსგავსმა შეიარაღებულმა ხალხმა“ სცემა და გაძარცვა. არც ის, რომ ბიძამისმა ფული მის საცვლებში დამალა იმ იმედით, რომ ქურდები პატარა ბიჭს არ გაჩხრეკდნენ. თუმცა, მოგზაურობის კოშმარები იმაზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა, ვიდრე გაპარტახებულ, ბელგრადის ცენტრალურ რკინიგზაზე, ყინვაში გათბობა, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის გარეშე გამოზამთრება იყო. პატარა ბიჭი აღიარებს, ხანდახან შინ დაბრუნებაზეც ვოცნებობდიო. „დიდად არ მიხარია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვიზამ“. ლტოლვილ ბავშვთა დასახმარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ მუჰამედ მუჰეისენის გვერდს: everydayrefugees.org.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.