
პერუს სხვა სამყარო
ბუნების საოცრებაა მანუს ეროვნული პარკი, დაცული მის ტროპიკულ ტყეებში მობინადრე აბორიგენი მონადირეებისა და იზოლირების წყალობით
ელიას მაჩიპანგო შუვერირენი პალმის ხისგან გამოთლილ გრძელ მშვილდსა და ბამბუკის წვეტიან ისრებს იღებს. მანუს ეროვნული პარკი პერუში, დაცული ტროპიკული ტყის ვრცელი ტერიტორია, ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთი უმდიდრესი ადგილია მსოფლიოში. სწორედ იქ მივდივართ მაიმუნებზე სანადიროდ.
ნადირობა ნებადართულია. ელიასი აბორიგენი მაციგენკას ტომის წარმომადგენელია. ათასამდე მაციგენკა პარკში, ძირითადად, მდინარე მანუსა და მისი შენაკადების გასწვრივ ცხოვრობს. პარკის ყველა მკვიდრს (მაციგენკას მსგავს ე. წ. არაკონტაქტურ ტომებს) ნადირობისა და მცენარეების შეგროვების უფლება აქვს საკუთარი მოხმარებისთვის, თუმცა სპეციალური ნებართვის გარეშე პარკის რესურსების გაყიდვა აკრძალულია და არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვთ. ელიასსა და მის მეუღლეს იუკა, ბამბა და სხვა კულტურები მდინარე იომიბატოსთან, პატარა მდელოზე მოჰყავთ. შვილები ხილსა და სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ. ელიასი თევზაობს, ხეებს ჭრის და კოატებსა და ხშირბეწვიან მაიმუნებზე ნადირობს. ეს ცხოველები მაციგენკების საყვარელი საკვებია. დღეს, ორივე სახეობა გადაშენების საფრთხის პირასაა.
მაციგენკას ტომი იზრდება. ეს ამბავი აშფოთებთ პარკის გულშემატკივარ ბიოლოგებს: რა მოხდება, თუ მოსახლეობა გაორმაგდება? თუკი თოფის გამოყენებას დაიწყებენ? გადარჩება მაიმუნების პოპულაციები? ისინი ხომ ხილს გეახლებიან, მის თესლებს კი ჯუნგლებში ავრცელებენ. როგორ შეიცვლება ტყე მათ გარეშე?
პარკის ტერიტორიის გარეთ მდებარე ტყე სულ უფრო ფრაგმენტირდება ბუნებრივი აირის მოპოვების, სამთო თუ ტყის მჭრელთა სამუშაოების გამო, ამიტომ პარკის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ისიც საკითხავია, იქ მობინადრე ხალხი კარგია პარკისთვის თუ ცუდი? თავად პარკი თუ არის ამ ადამიანებისთვის კარგი?
ელიასი 53 წლისაა, ხუჭუჭი შავი თმა და გამჭოლი მზერა აქვს. მწვანე მაისურში, შორტებსა და ძველი საბურავისგან დამზადებულ სანდლებშია გამოწყობილი. მისი სახლი მდელოა, რამდენიმე ღია, პალმის ტოტებითა და ფოთლებით გადახურული ნაგებობით. შარშან, ნოემბრის ერთ მცხუნვარე დღეს, მისი მინდვრების გავლით, ჯუნგლებში შევედით. მე ანთროპოლოგ გლენ შეპარდთან ერთად ვიყავი. გლენმა 30 წელი გაატარა მაციგენკას ტომში და ერთ-ერთია იმ რამდენიმე უცხოელს შორის, რომლებიც კარგად ფლობენ მათ ენას; შემოგვიერთდნენ ელიასის სიძე მარტინი, ქალიშვილი თალია და შვილიშვილი თინეიჯერი გოგონა. თალიას დაწნული გოდორი აქვს მოკიდებული, მცენარეების შესაგროვებლად.
ხუთ წუთში ხტუნია მაიმუნების გადაძახილი ისმის. ამ ხმებს მონადირეები აინუნში არ აგდებენ. ხტუნია მაიმუნები ხომ თინეიჯერების სავარჯიშო სამიზნეა. ხუთი წუთიც და კაპუცინების გუნდის ხმა გვესმის. ელიასი ჩერდება, მშვილდისარს მართავს. თუმცა არ ესვრის. რაღაც უფრო „პოშინის“ – გემრიელს ელოდება. გადის ერთი საათი და თალიას სახე უნათდება: „ოშეტო“ – ჩურჩულებს, – „კოატები“.
უკვე ჩვენც ვხედავთ: 20-30 მეტრის სიმაღლეზე, კენწეროებზე სწრაფად დახტის უამრავი მაიმუნი. ნადირობაც იწყება… სიარული მიჭირს: ხან ხის ფესვებს წამოვკრავ ფეხს, ხანაც ხვიარა მცენარეებში, ეკალბარდებსა თუ ობობას ქსელებში ვიხლართები; ტალახზე ფეხი მისრიალებს. იმისიც მეშინია, შემთხვევით გველს არ დავაბიჯო. ელიასი და მისი ოჯახის წევრები უფრო მოხერხებულად დადიან, თუმცა ჯუნგლი მათაც უქმნის პრობლემებს: აქ ტყის ქვედა იარუსზე მცხოვრები, ჩასუქებული პეკარის მონადირებაც საკმაოდ ძნელია, ექვსი სართულის სიმაღლიდან კოატას „ჩამოხსნაზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ. მონადირემ ჯერ უნდა იპოვოს, მიეპაროს და მერე ქვემოდან ესროლოს ამ ცელქი ბავშვივით მუდმივად მოძრავ სამიზნეს.
სჯერათ, რომ თუკი ავი სულებისგან გათავისუფლდებიან და მაიმუნების ქცევის წარმმართველ სულებთან დაამყარებენ კონტაქტს, ნადირობა წარმატებული იქნება. ამისთვის საკუთარი რეცეპტიც აქვთ – რამდენიმე ბუნებრივი მედიკამენტი; ნადირობამდე ერთი-ორი დღით ადრე, მონადირე აიაუასკას ძლიერმოქმედ, ფსიქოტროპულ მიქსტურას სვამს, რომელიც ღებინებას იწვევს. მახვილი თვალისთვის კი რომელიღაც მცენარის წვენს იწვეთებენ. უშუალოდ ნადირობისას ღეჭავენ ისლს („პირი-პირის“), რომელზეც ფსიქოტროპული, კონცენტრაციის გამაუმჯობესებელი სოკო ბინადრობს. შეპარდმა ყველაფერი ეს თავის თავზე გამოსცადა. ის მათ ჯუნგლების რიტალინს ეძახის.
იღბლიანი ნადირობის გარანტია მაინც არ არსებობს. მუქი გრძელკიდურებიანი ლანდები ზემოთ დაქრიან, ჩვენ თალიას სიგნალებს მივყვებით. ელიასი წინ იხრება, მიზანში იღებს ერთ მდედრს და ისარს ესვრის. ააცდინა. მაიმუნები იფანტებიან. თოფი რომ ჰქონოდა, აუცილებლად მოკლავდა.
არა თოფები, არა გზები, არანაირი ვაჭრობა: მანუში მცხოვრებნი სრულიად მოწყვეტილნი არიან ცივილიზაციას. პარკში ყველაზე ნაცნობი მარშრუტითაც რომ ჩახვიდეთ ანდებიდან ქვევით, ათი საათი ისეთ გზაზე უნდა იაროთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ. შემდეგ ხუთი საათი უნდა იმგზავროთ მოტორიანი ნავით, რომ მდინარე ალტო-მადრე-დე-დიოსიდან მდინარე მანუს შესართავამდე მიაღწიოთ. აქედან უკვე ახლოა პარკის მთავარი შესასვლელი, მაგრამ თუკი ელიასისა და სხვა სოფლების მონახულება გინდათ (რასაც პერუს მთავრობის ნებართვა სჭირდება), კიდევ რამდენიმე დღით მოგიწევთ მგზავრობა მანუსა და მის აღმა შესართავებზე. პარკი მიუწვდომელი და დაცულია ტყის მჭრელების, სამთომომპოვებლების და ტურისტებისგანაც კი. წელიწადში მას მაქსიმუმ რამდენიმე ათასი სტუმარი ჰყავს.
17 163 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული პარკი მდინარე მანუს მთელ აუზს მოიცავს – ანდების აღმოსავლეთ კალებზე, თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზე არსებული მდელოებიდან დაწყებული, ამაზონის აუზის უკიდურესი დასავლეთით მდებარე დაბლობის ხავსიანი ჯუნგლებით დამთავრებული. ამ საოცრად ექსტრავაგანტურ და თავბრუდამხვევ გარემოში ტაპირები დაეხეტებიან, უამრავი წითელი არა დაფრინავს, გველები დასრიალებენ, ღამეულ ცას ღამურების 92 სახეობა იპყრობს, ტოტებზე კი 14 სახეობის პრიმატი ქანაობს. ამ უკანასკნელთ სამხრეთამერიკული ჰარპიები უთვალთვალებენ, რომელთა ფრთების შლილი ორი მეტრია. ყველგან არიან გიგანტური თუ პაწაწინა გამჭვირვალე პეპლები; მილიონობით ჭიანჭველა დაცოცავს.
აქ ყველანაირი ზომის ხე იზრდება. ბევრი მათგანი ერთმანეთთან სქელი ლიანებითაა გადაწნული. ეკოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან სახეობებს შორისაა ლეღვის ხე. ის მთელი წლის განმავლობაში ისხამს ნაყოფს და მშრალ სეზონზე ბევრი ცხოველის გადარჩენა შეუძლია.
„ერთ ხეზე ასი მაიმუნი მინახავს, – ამბობს დიუკის უნივერსიტეტის ეკოლოგი, ჯონ ტერბორი, – მთვარიან ღამეებში, შიმშილით შეწუხებულები დილის ორ საათზე იღვიძებენ და ოთხ საათამდე იქ არიან“. პარკის დაარსებიდან (1973 წელს) მცირე ხანში, კოჩა-კაშუს ბიოლოგიურ სადგურს ტერბორი და მისი კოლეგები ჩაუდგნენ სათავეში.
„მანუს მსგავსი ადგილი, სადაც ბიომრავალფეროვნების შესწავლა მთელი თავისი სიდიადითაა შესაძლებელი, ძალიან მცირეა ტროპიკებში“, – ამბობს კენტ რედფორდი, „არქიპელაგო-კონსალტინგის“ ეკოლოგი პორტლენდში (მენის შტატი).
მდიდარი ბიომრავალფეროვნების მიუხედავად, მანუ არ გახლავთ ხელუხლებელი ედემის ბაღი. მას დიდი ისტორია აქვს. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე უამრავი ტომი ცხოვრობდა მდინარე მანუს ნაპირებთან, იმდენად მჭიდროდ, რომ ერთ-ერთი ტომი მას „სახლების მდინარეს“ ეძახდა. ვერც ინკები და შემდგომ ვერც ესპანელი კონკისტადორები, ვერ ახერხებდნენ მკვიდრი ტომების დამორჩილებას. თუმცა ინკებთან ვაჭრობამ და მოგვიანებით, ესპანურმა დაავადებებმა (რომლებმაც აურაცხელი ადამიანი შეიწირა), დასაბამი მისცა ამ რეგიონის ვრცელ სამყაროსთან დაკავშირებას.
1890-იან წლებში აქაურობა ისევ თავდაყირა დადგა. საბურავებისთვის საჭირო კაუჩუკი სწრაფად გასამდიდრებელ წყაროდ იქცა. კაუჩუკის ბარონები ამაზონელ აბორიგენებს ქირაობდნენ ხეების დასასერად, სხვა ტომებზე თავდასასხმელად და ახალი მუშახელის დასამონებლად. ერთმა ამბიციურმა ბარონმა, კარლოს ფერმინ ფიცკარალდმა ნავით გადალახა ვიწრო ყელი, რომელიც მდინარეს ზედა მიშაუასგან ყოფდა. მისმა ჩამოსვლამ მანუს აუზის კარი გაუხსნა კაუჩუკის მომპოვებლებს.
ფიცკარალდი, პიროს რაზმების მეშვეობით, მანუს ნაპირებთან მოსახლე ტომების დამონებას ცდილობდა. წინააღმდეგობას ათასობით ადამიანი შეეწირა. ტოიერის ტომი თითქმის გაქრა; ზოგი მაშკო-პირო დაიღუპა, დანარჩენები, სავარაუდოდ, ტყეში გაიხიზნენ. მოგვიანებით, სწორედ მათი შთამომავლები იქცნენ ახალი ამბების გმირებად. მაშინ ისინი ტყიდან გამოვიდნენ და თანამედროვე ცივილიზაციასთან კონტაქტს შეეცადნენ.
მოკლედ, მანუს პოლიტიკური გეოგრაფია არც ხელშეუხებელია და არც იზოლირებული. საუკუნეზე მეტია, მასზე გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკა, რომლის ტექნოლოგიური ინოვაციები მსოფლიოს ერთ ნაწილში აყალიბებს (ხშირად ვნებს) იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ღირებული ბუნებრივი რესურსების სიახლოვეს ცხოვრობენ.
კაუჩუკის ციებ-ცხელება დასრულდა და პიროს ტომელების უმეტესობა (რომელთაც, მათი ენის მიხედვით, ხშირად „ინეს“ უწოდებენ) მდინარე მანუსთან დასახლდა. საბოლოოდ, მდინარე ალტო-მადრე-დე-დიოსთან დააარსეს სოფლები ბოკა-მანუ და დიამანტე. მათ მიტოვებულ ტერიტორიებზე კი მაციგენკას ტომი გამოჩნდა. 60-იან წლებში მისიონერული სკოლების დაარსების შემდეგ მოდიოდნენ დასავლეთიდან და სამხრეთიდან; ჯერ, მდინარის შორეულ სათავეებთან სახლდებოდნენ, ბოლოს კი – მანუს თავისუფალ სანაპირო ზონაში.
ახლა ტაიაკომესა და იომიბატოს თემებში, მაცინგენკებს აქვთ სკოლები, კლინიკები და საერთო მოხმარების სატელიტური ტელეფონები. ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო საზოგადოებამ „Rainforest Flow“ საკანალიზაციო და წყლის გამწმენდი სისტემები დაამონტაჟა. სუფთა წყალი თითქმის ყველა კომლს მიეწოდება. ამ გაფანტულ დასახლებებში ადამიანები ნადირობენ, შემგროვებლობას ეწევიან და თავისი სამყოფი სარჩო მოჰყავთ. ისინი პერუულ პოპ-მუსიკასაც უსმენენ და ტრადიციულ სამოსთან ერთად, იაფფასიანი სანდლები და „პალმ-ბიჩის“ მსგავსი, წარწერებიანი მაისურებიც აცვიათ. მდინარის სათავეებთან დასახლებულები ჯერ კიდევ ხელით დართული ძაფით ნაქსოვი სამოსით დადიან და ფულისა და ლითონის იარაღების გარეშე არსებობენ. თუმცა, თანდათან, ისინიც სანაპირო ზონის სოფლებისკენ მიიწევენ ცულებისა თუ სამედიცინო დახმარებისთვის.
ჯერჯერობით, მაშკო-პიროს ტომი ყველაზე მეტად იზოლირებულია. კაუჩუკის ხანის შემდეგ, ისინი საკუთარი თავის ანაბარა დარჩნენ; ნადირობენ და შემგროვებლობას ეწევიან ტყის სიღრმეებში. თუმცა, დიდი ალბათობით, მათ იცოდნენ გარე სამყაროს არსებობის შესახებ. ბოლო ხუთი წელია, ერთ-ერთი ჯგუფის წევრები ალტო-მადრე-დე-დიოსის ნაპირებზე, პარკთან შორიახლოს გამოჩდნენ. ისინი ნავებს ესალმებიან და ჟესტებით ითხოვენ საკვებს.
ტურისტები და ადგილობრივები მათ საკვებს, ტანსაცმელს და სამუშაო იარაღებს აძლევენ, რაც ზოგჯერ ტრაგედიით მთავრდება. 2011 წელს, რამდენიმე მაშკო-პირომ ნიკოლას „შაკო“ ფლორესი მოკლა, სწორედ ის მაციგენკა, წლების განმავლობაში მათ რომ ეხმარებოდა. 2015 წელს ერთი ახალგაზრდა კაციც მოკლეს სოფელ შიპეტიარიში.
რომელ პონსიანო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ინეს შორის, დიამანტეს მსგავსი სოფლებიდან, იზოლირებულ ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად პერუს კულტურის სამინისტროსთან რომ თანამშრომლობენ. პონსიანო ალტო-მადრე-დე-დიოსის სადგურზე მუშაობს, მდინარის პირას, რომელსაც ხშირად სტუმრობენ მაშკო-პიროს ტომელები.
სანაპირო ზოლის სადგურს ნომოლე ჰქვია, ინეს ენაზე – „ძმები“. და მაინც, რომელის იზოლირებულ ჯგუფთან პირველი კონტაქტები დაძაბული იყო. თხოვდნენ ისრის სროლას, გაშიშვლებას; აკვირდებოდნენ პონსიანოს თვალებს, პირს, ყნოსავდნენ მის იღლიებს, უსინჯავდნენ სათესლე ჯირკვლებს და ამ ყველაფრით ცდილობდნენ გაერკვიათ, მართლა იყო თუ არა ის მათი ძმა. თანდათან რომელ პონსიანო დაუახლოვდა მაშკო-პიროს ჯგუფის წევრებს – მეტსახელიც გამოუგონეს – „იოტლუ“, ანუ „მდინარის პატარა წავი“, თუმცა მათ ზურგს მაინც არასოდეს აქცევს. „შესაძლოა, ხუთ ან ათ წელიწადში მათ ჩვენსავით იარონ, – ამბობს პონსიანო, – მაშინაც ექნებათ ისრები, მაგრამ მხოლოდ სანადიროდ. ახლა კლავენ, რადგან ეშინიათ“.
სოფელ იომიბატოში მცხოვრები მაციგენკებისთვის თანამოსახელე მდინარე საკვებისა და ტრანსპორტის სასიცოცხლო წყაროა. სოფლის სკოლის მოსწავლეებს აქვე უტარდებათ ცურვის ყოველდღიური გაკვეთილები და დიდ შესვენებაზეც აქ ერთობიან.
ალაინ ნონჩოპოპო ჩოგოტარო მშვილდ-ისრებს ამზადებს. დღეისათვის, მაციგენკა მონადირეები პატივს სცემენ პარკში ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვას.
ელენა ჩოგოტარო ოიეიოიეიო (წინა პლანზე, ჩვილთან) მაციგენკაა იზოლირებული ზონიდან. სოფელ იომიბატოში საქონლის შესაძენად და მედიკამენტებისთვის მოდის. სილვერიო მამბირო შინტი (ფეხზე) სათევზაოდ და ცულის წასაღებად ჩამოვიდა.
მაციგენკა სკოლის მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით დაჭერილ თევზს მიირთმევენ: ბარბასკოს დანაყილ ფესვებს მდინარეში ატრიალებენ, გამოყოფილი შხამი (როტენონი) კი თევზს აბრუებს.
ალტო-მადრე-დე-დიოსი მანუს პარკის სამხრეთ საზღვართან მიედინება. პარკში შესასვლელად, სტუმრები, ჩვეულებრივ, 5 საათი (წყლის დაბალი დონისას მეტხანს) მიცურავენ მოტორიანი ნავით, შემდეგ კი მდინარე მანუს აღმა მიუყვებიან.
ზედ მანუს ეროვნულ პარკთან, თიხის კლდეები ბუნებრივ სამარილეს ქმნის და ფრინველებს იზიდავს, მათ შორის თუთიყუშ არას. პარკის ტერიტორიასა და მის გარშემო მსოფლიოს ფრინველთა სახეობების 10% ბინადრობს.
მიჩვეული ტამარინი მჭიდროდ ეკვრის იოინა მამერია ნონცოტეგას. ეს მაციგენკა გოგონა მანუს პარკის სიღრმეში, მდინარე იომიბატოში ბანაობს.
გიგანტური წავი სიგრძით 1,8 მეტრამდე იზრდება და დღეში 3,5 კგ-მდე თევზს მიირთმევს. სამხრეთ ამერიკის უმეტეს ზონაში გადაშენების პირასაა. თუმცა მანუში მისი პოპულაცია გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1973 წელს კომერციული ნადირობა აიკრძალა.
ტყისმჭრელები რბილმერქნიან ხეებს ჭრიან მანუს პარკის სამხრეთით. მაჰაგონის ძვირფას, მტკიცე მერქანს ისედაც დიდი ხანია მოიპოვებენ. თუმცა, პარკი მეტწილად დაცულია მცველებისა და მიუწვდომლობის წყალობით.
იზოლირებული მაშკო-პიროს ტომის ორი ქალი მდინარე ალტო-მადრე-დე-დიოსზე მიმავალ ფოტოგრაფის ნავს აკვირდება. მათი წინაპრები ტყეში გაიხიზნენ კაუჩუკის ბარონებისგან თავდასაღწევად. საუკუნის შემდეგ, მდინარის ნაპირზე მცირე ჯგუფები გამოჩნდნენ.
ფოტოხაფანგმა ეს ოცელოტი ღამე ძრომიალისას დააფიქსირა. ოცელოტები 15 კილოგრამამდე იწონიან; იკვებებიან მღრღნელებით, ხვლიკებითა და ზარმაცებითო, ამბობს მონადირე და მეურნე ელიას მაჩიპანგო შუვერირენი.
სოფელ იომიბატოში მცხოვრები მაციგენკებისთვის თანამოსახელე მდინარე საკვებისა და ტრანსპორტის სასიცოცხლო წყაროა. სოფლის სკოლის მოსწავლეებს აქვე უტარდებათ ცურვის ყოველდღიური გაკვეთილები და დიდ შესვენებაზეც აქ ერთობიან.
ალაინ ნონჩოპოპო ჩოგოტარო მშვილდ-ისრებს ამზადებს. დღეისათვის, მაციგენკა მონადირეები პატივს სცემენ პარკში ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვას.
ელენა ჩოგოტარო ოიეიოიეიო (წინა პლანზე, ჩვილთან) მაციგენკაა იზოლირებული ზონიდან. სოფელ იომიბატოში საქონლის შესაძენად და მედიკამენტებისთვის მოდის. სილვერიო მამბირო შინტი (ფეხზე) სათევზაოდ და ცულის წასაღებად ჩამოვიდა.
მაციგენკა სკოლის მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით დაჭერილ თევზს მიირთმევენ: ბარბასკოს დანაყილ ფესვებს მდინარეში ატრიალებენ, გამოყოფილი შხამი (როტენონი) კი თევზს აბრუებს.
ალტო-მადრე-დე-დიოსი მანუს პარკის სამხრეთ საზღვართან მიედინება. პარკში შესასვლელად, სტუმრები, ჩვეულებრივ, 5 საათი (წყლის დაბალი დონისას მეტხანს) მიცურავენ მოტორიანი ნავით, შემდეგ კი მდინარე მანუს აღმა მიუყვებიან.
ზედ მანუს ეროვნულ პარკთან, თიხის კლდეები ბუნებრივ სამარილეს ქმნის და ფრინველებს იზიდავს, მათ შორის თუთიყუშ არას. პარკის ტერიტორიასა და მის გარშემო მსოფლიოს ფრინველთა სახეობების 10% ბინადრობს.
მიჩვეული ტამარინი მჭიდროდ ეკვრის იოინა მამერია ნონცოტეგას. ეს მაციგენკა გოგონა მანუს პარკის სიღრმეში, მდინარე იომიბატოში ბანაობს.
გიგანტური წავი სიგრძით 1,8 მეტრამდე იზრდება და დღეში 3,5 კგ-მდე თევზს მიირთმევს. სამხრეთ ამერიკის უმეტეს ზონაში გადაშენების პირასაა. თუმცა მანუში მისი პოპულაცია გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1973 წელს კომერციული ნადირობა აიკრძალა.
ტყისმჭრელები რბილმერქნიან ხეებს ჭრიან მანუს პარკის სამხრეთით. მაჰაგონის ძვირფას, მტკიცე მერქანს ისედაც დიდი ხანია მოიპოვებენ. თუმცა, პარკი მეტწილად დაცულია მცველებისა და მიუწვდომლობის წყალობით.
იზოლირებული მაშკო-პიროს ტომის ორი ქალი მდინარე ალტო-მადრე-დე-დიოსზე მიმავალ ფოტოგრაფის ნავს აკვირდება. მათი წინაპრები ტყეში გაიხიზნენ კაუჩუკის ბარონებისგან თავდასაღწევად. საუკუნის შემდეგ, მდინარის ნაპირზე მცირე ჯგუფები გამოჩნდნენ.
ფოტოხაფანგმა ეს ოცელოტი ღამე ძრომიალისას დააფიქსირა. ოცელოტები 15 კილოგრამამდე იწონიან; იკვებებიან მღრღნელებით, ხვლიკებითა და ზარმაცებითო, ამბობს მონადირე და მეურნე ელიას მაჩიპანგო შუვერირენი.
ექიმებმა გამოიკვლიეს მაშკო-პიროს ტომის ადამიანები. გაირკვა, რომ იზოლაციის გამო, ისინი უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ადგილობრივი აბორიგენები, რომლებსაც უცხოელებისგან ედებათ რესპირატორული ინფექციები და დენტალური ბაქტერიები, ახველებენ და კბილებს კარგავენ. თუმცა მაშკო-პიროს იზოლაცია იმასაც ნიშნავს, რომ მათ ნაკლები ან არანაირი იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ამიტომ იოლად შესაძლებელია, რომ ვირუსულ ინფექციებს (წითელა, ყვითელი ციება) ემსხვერპლონ.
ნომოლესკენ მივცურავდით ნავით, როცა შორეულ ნაპირზე მოძრავი ფიგურები შევნიშნეთ. კოცონის თეთრი კვამლიც მოჩანდა. ჩვენივე უსაფრთხოებისა და დაავადებებისგან მათ დასაცავად, კონტაქტში შესვლას მოვერიდეთ.
უკიდეგანო ლურჯი ცის ქვეშ, უსასრულო ჯუნგლების ალყაში, ადვილად იჯერებ, რომ ცივილიზაციით შეურყვნელ, პირველყოფილ ნეტარებაში მცხოვრებ ადამიანებს ხედავ. თუმცა, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ისინი უფრო გენოციდს გამოქცეულ ლტოლვილებს ჰგვანან. კაუჩუკის ციებ-ცხელებისგან მეხუთე და მეექვსე თაობამდე ტრავმირებულები მონადირეობასა და შემგროვებლობას მისდევენ იქ, სადაც მათი წინაპრები მეურნეობას ეწეოდნენ, ისინი სულაც არ არიან „უკარება“ ადამიანები; 1890-იან წლებში ხომ შედგა მათთან „კონტაქტი“?!
კაუჩუკის გამანადგურებელ ციებ-ცხელებას სხვა ციებ-ცხელებაც მოჰყვა: ხე-ტყე, ოქრო, ბუნებრივი აირი – ადგილობრივებს, რომლებიც ამ რესურსებს ტყეში მოიპოვებენ, ცუდად უხდიან. ფასს მაშინ უმატებენ, როდესაც შუამავლების მეშვეობით ანდების სავაჭრო ცენტრებში გზას გაიკვლევენ. პარკის რამდენიმე ადგილას მცირე მასშტაბის უკანონო ხე-ტყის დამზადებას თუ არ ჩავთვლით, მანუ ჯერ კიდევ მწვანე კუნძულია სამომპოვებლო საქმიანობით დატვირთულ ამ რეგიონში.
პარკის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან ახლოს, მილსადენებში მდიდარი კამისეას საბადოს პროდუქტი მიედინება. დღეში 34 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გამოიმუშავებს და უზარმაზარი წვლილი შეაქვს პერუს ეკონომიკაში. სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ბოლოდროინდელმა კვლევებმა შეიძლება აცდუნოს პერუს მთავრობა და კამისეას მილსადენებთან დასაკავშირებელი მილი პარკზე გაიყვანოს.
თუმცა, დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მანუს საუკეთესო მცველი მისი სრული იზოლაციაა: „ის თავისი მიუწვდომლობით არის დაცული, – ამბობს კოჩა-კაშუს დირექტორი სამეცნიერო დარგში, რონ სვეისგუდი, – მაგრამ ოქროსა და ნავთობის მოპოვება უკვე ბუფერულ ზონებში იჭრება და ჰაბიტატებს ანადგურებს. შესაძლოა, დეგრადაციამ პარკშიც შეაღწიოს“.
ალტო-მადრე-დე-დიოსიდან ბოკა-მანუმდე გზის გაყვანა აუცილებლად დააჩქარებს შეღწევის პროცესს. მშენებლობის მომხრეა რეგიონის გუბერნატორი ლუის ოცუკა. სოფელი დიამანტე დაგეგმილი გზის პირას მდებარეობს. ადგილობრივებს მოსწონთ და გულმოდგინედ იღვწიან ამ პროექტის განსახორციელებლად.
პარკიდან ვბრუნდებით, ქალაქი მიტოვებულს ჰგავს. მდინარის გასწვრივ ნათელ ფერებში შეღებილი სახლებია ჩამწკრივებული.
ღია მაღაზიას ვპოულობთ და ლუდს ვსვამთ, რამდენიმე კვირაა ცივი სასმელი არ გაგვისინჯავს. საღამოს მამაკაცები ბრუნდებიან, მაჩეტეებითა და გაოფლიანებული ზურგებით. მათ შორისაა სოფლის თავკაცი ედგარ მორალესი; ამბობს, რომ კაცები ბილიკს უჭრიდნენ სამთავრობო მარკ-შეიდერებს, რათა მათ გზის გაყვანის ნებართვისთვის აუცილებელი მონაცემები შეეგროვებინათ.
დიამანტეში ბევრი ბანანი მოჰყავთ და ნავით გადააქვთ ახლომდებარე ბოკა-მანუში გასაყიდად. იციან, კუსკოში უფრო სარფიანად გაყიდიან, ამიტომ თავს მოტყუებულად გრძნობენო, გვეუბნება მორალესი: „ჩვენი ბავშვები ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობენ და გროშებს იღებენ. კარგი ველები გვაქვს, ნოყიერი ნიადაგებით, შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალძარღვა, პაპაია, ანანასი და იუკა კუსკოში გასაყიდად. მალე ხალხს საკუთარი ავტომობილებიც ეყოლება. გაგვაფრთხილეს, ცუდი ადამიანები მოვლენ და მიწას წაგართმევენო, მაგრამ ჩვენ რვაასნი ვართ და შეგვიძლია თავის დაცვა“.
პარკის დირექტორი ჯონ ფლორესი ამბობს, რომ პერუს გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც პარკს განაგებს, რეგიონში მცხოვრებ აბორიგენთა უმეტესობასთან ერთად, ეწინააღმდეგება გზის გაყვანას: „ხალხი, ვინც ამას მოითხოვს, კოლონისტები არიან. ადგილობრივი თემებისგან კი, მხოლოდ დიამანტე ითხოვს გზის გაყვანას“.
მაურო მეტაკი, ტაიაკომეს სკოლის მასწავლებელი, კათოლიკურ სკოლაში აღზრდილი კეთილი ადამიანია, გზის გაყვანას ეწინააღმდეგება და იმედგაცრულებულია, რომ მისი თემიდან რამდენიმე კაცი ამ მშენებლობის მომხრეა: „გუბერნატორი იტყუება, ამ სულელებს კი სჯერათ მისი. მან ხალხი დაარწმუნა, რომ გზა სარგებელს მოუტანს. არადა, ამ გზით მხოლოდ გუბერნატორი და მისი თეთრკანიანი მეგობრები იხეირებენ; მოვლენ და წაიღებენ ხე-ტყეს, ცხოველებს, ოქროს“.
მეტაკი თავისი სახლის ღია პირველ სართულზე ზის, ველურ პალმებს, კულტივირებულ ბანანს, მანგოსა და შაქრის ლერწამს გაჰყურებს, მდინარის გადაღმა ღრიალა მაიმუნების ემოციურ ყიჟინას უსმენს და მანუს მისეულ ხედვაზე მესაუბრება: „არის პარკი, მაგრამ, ამ პარკში მცხოვრები ადამიანებიც აქ არიან – მის შუაგულში. ჩვენ ვნადირობთ და ვთევზაობთ, მაგრამ ცოტას ვიღებთ, მხოლოდ იმას, რაც ოჯახების გამოსაკვებადაა აუცილებელი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვუაროთ ტყეს“.
ჯონ ტერბორს დიდხანს ჰქონდა იმედი, რომ მაციგენკები ნებაყოფლობით დატოვებდნენ პარკს ველური ბუნების სასიკეთოდ და საკუთარი ეკონომიკური პერსპექტივებისთვის. „გაინტერესებთ, რას ვფიქრობ ეროვნული პარკების ტერიტორიაზე მუდმივი დასახლებების შესახებ? ამ თვალსაზრისით, ამერიკული მოდელი კარგია. მოგეწონებოდათ, იელოუსტოუნსა და გრეიტ-სმოუკი-მაუნტინში ფერმები და სოფლები რომ იყოს?“
მართლაც, ზოგი ახალგაზრდა მაციგენკა ტოვებს ამ ადგილებს, ქალაქში სიარულსაც მოუხშირეს. პარკის ტერიტორიაზე საშუალო განათლება შეზღუდულია. იომიბატოს ყოფილი თავკაცის, სემუელ შუმარაპაგუ მამერიას თქმით, აქედან წასული ახალგაზრდები უკან შეცვლილები ბრუნდებიან. „აქ ყოფნისას ისინი თვალში მცენარეების წვენს იწვეთებენ და „პირი-პირის“ მიირთმევენ; როდესაც ქალაქში ჩადიან, ბრინჯსა და ხახვს გეახლებიან და მონადირულ უნარებს კარგავენ. თავები კი წიგნებით აქვთ გამოტენილი. ხოლო ქალაქიდან მობრუნებულ გოგონებს მეტის-მეტად ეზარებათ ბამბის დართვა. მათი სულები მხოლოდ წერა-კითხვაზე ფიქრითაა დაკავებული. მათი სულები და სხეულები – ქაღალდებით სავსე“.
ზოგი საერთოდ აღარ ბრუნდება და მუშაობას იწყებს. „არიან სამუშაოდ წასული ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებმაც ცოლ-შვილი მიატოვეს და ახალი ოჯახები შექმნეს“, – ამბობს ბიოლოგი რობ უილიამსი. ჩემთან საუბრისას, მაციგენკების უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ პარკის ტერიტორიაზე სკოლები იქნება, მათი ბავშვები იქვე დარჩებიან.
მაციგენკებისთვის მანუ და ზოგადად, ბუნება მათი განუყოფელი ნაწილია. მაშინ, როცა ტერბორი და სხვა დასავლელი ბიოლოგები იმ კულტურიდან მოდიან, რომელიც ადამიანებს ბუნებისგან აცალკევებს (ფილოსოფიური თუ კონსერვაციული სტრატეგიით), მაციგენკები საკუთარ თავს ბუნების ციკლის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებენ. ისინი მაიმუნებზე ისე ნადირობენ, როგორც იაგუარები. მცენარეებსა და ცხოველებს ადამიანივით აქვთ სული და ზემოქმედების ძალა. მათ შორის არ არის მკვეთრი ზღვარი. იომიბატოში აუღელვებლად მიამბეს ერთ მშვიდ მოხუცზე, რომელიც იაგუარად გადაიქცა და ქათმებისა და ღორების დახოცვა დაიწყო. ბოლოს, „იაგუარი“ გულში ისრით განგმირეს და დაწვეს, რათა მისი სული უკან აღარ დაბრუნებულიყო.
მაციგენკები და პარკის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა აბორიგენები მხოლოდ მონადირეები არ არიან; ფაქტობრივად, ისინი შეიარაღებული მცველებიც არიან. შეპარდის მტკიცებით, თუ მანუს ნაკრძალში მცხოვრები ყველა ადამიანი ქალაქში წავა, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, რომლებიც ალბათ ნაკლებად დაემორჩილებიან ცეცხლსასროლი იარაღისა და რესურსების კომერციული მოპოვების კანონმდებლობას.
დღეს მაციგენკები განგაშის სისტემასავით მოქმედებენ: როგორც კი, პარკის მთავარ მდინარეებთან ჩამწკრივებული სახლებიდან ტყის მჭრელებს, სამთო-მომპოვებლებს ან კოკას ფერმერებს შენიშნავენ, მყისიერად იცავენ ტერიტორიას, მაშკო-პიროს ტომთან ერთად, მომაკვდინებელი ისრებით.
„მაციგენკები თოფებს არ ხმარობენ, ამიტომ ნადირობას არც ისე დიდი ზიანი მოაქვს“, – ამბობს შეპარდი.
გაირკვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 50 წელიწადში მაციგენკების რაოდენობა სწრაფად გაიზრდება, კოატებისგან პარკის ტერიტორიის 10%-ზე მეტი არ დაიცლება. თუ თოფებით დაიწყებენ ნადირობას, ძალიან მალე, მათი სოფლებიდან ორიოდე დღის სავალი ტყიდან მაიმუნები გაქრებიან.
ნადირობის დაწყებიდან ხუთი საათი გავიდა. მონადირეები კვლავ ხის კენწეროებს ათვალიერებენ, მაიმუნებს ეძებენ. მუქ სითხეში ამოთხვრილ, ბუზებით დაფარულ მწვანე ფოთლების გროვას გადავაწყდით. მარტინი მიხსნის, რომ იაგუარები ფოთლებს ჭამენ და შემდეგ აღებინებენ, „ჩვენსავით იქცევიან, უკეთ რომ ინადირონ“. ელიასი იაგუარის შარდის ლაქაზე მიმითითებს, სულ ახალიაო, მეუბნება.
უეცრად, ჯუნგლებს გამყინავი ხმები ავსებს. ეს ჩვენგან სულ რამდენიმე მეტრში, ხშირბეწვიანი მაიმუნის უხილავი გუნდის განგაშია – იაგუარი სულ ახლოსაა! ვქვავდები, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ. ელიასი კი მშვიდად ჯდება კუნძზე, ნაქსოვი ჩანთიდან „პირი-პირის“ ფესვებს იღებს და ღეჭავს.
ელიასი ისევ სქელ ტევრში შედის. ხშირბეწვიანი მაიმუნის და, თუ მოახერხებს, იაგუარის მონდირებასაც აპირებს. იაგუარები მხოლოდ მაიმუნებზე არ უწევენ კონკურენციას; ისინი ბავშვებსაც ხოცავენ. მოულოდნელად საშინელი თავსხმა იწყება. მილიონობით ფოთოლზე დაცემული წვეთების კაკაფონია ჩვენს ფეხის ხმას ახშობს. ხეების ქვეშ ვიყუჟებით. რამდენიმე წუთში ელიასიც მოდის, მოღიმარი და წვიმის გამო ხელმოცარული.
დღეს ის ცოლს მაიმუნის ხორცს ვერ მიუტანს. თუმცა, კოცონთან პატარა კოატა თბება. მაციგენკას ხალხს უყვარს ტყის ცხოველების მოთვინიერება. ხშირად, კოატას მოკვლა უადვილდებათ, რადგან მდედრს ნაშიერები ჰყავს და ჩვეულ სისხარტეს ვეღარ ავლენს. მაციგენკებს კი ობლები შინ მიჰყავთ, ზრდიან და ტყეში აბრუნებენ. ეს პატარაც ჩვენსავით გალუმპულია. მის გვერდით ვსხდებით კოცონთან. კვამლი პაპაიებს შორდება და იომიბატოს გასწვრივ, ტყის თავზე მიცურავს…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.