პინგვინების საიდუმლოებანი
ევოლუციის ეს სასწაულები ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე პირობებსაც უძლებენ. თუ როგორ, ამის დადგენას ახლა მკვლევრები ცდილობენ და ხვდებიან, რომ ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში პინგვინს ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს გამძლეობის შესახებ
პინგვინების საიდუმლოებანი
ევოლუციის ეს სასწაულები ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე პირობებსაც უძლებენ. თუ როგორ, ამის დადგენას ახლა მკვლევრები ცდილობენ და ხვდებიან, რომ ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში პინგვინს ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს გამძლეობის შესახებ
1. როგორ მიისწრაფვიან პინგვინები ახლის ძიებისაკენ
ტექსტი: ჰანა ნორდჰაუსი
60 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პინგვინები ცდილობდნენ საკუთარ საზღვრებს გასცდენოდნენ. დღეს ისინი კვლავ ჩნდებიან ძნელად წარმოსადგენ ადგილებში
2008 წელს, როდესაც National Geographic-ის მკვლევარი პაბლო „პოპი“ ბორბოროგლუ პატაგონიის აღმოსავლეთ სანაპიროს პირველად ეწვია, იქ პინგვინების არსებობამ გააოცა. არგენტინელი ბიოლოგი ბორბოროგლუ გამოეხმაურა ერთ რანჩოს მეპატრონეს, რომელმაც შეატყობინა, რომ თავის მამულში რამდენიმე არამფრენი ფრინველი შენიშნა. როდესაც ბორბოროგლუ იქ ჩავიდა, მიმოფანტული ნაგავი, მინის ნამსხვრევები, მიტოვებული ავტომობილები და ჩამქრალი კოცონის ნაშთები დახვდა. „ეს ადგილი საშინლად გამოიყურებოდა. ყველაფერი ნაგვით იყო სავსე“, – იხსენებს იგი.
ამ სიბინძურეში მან საკვირველი რამ აღმოაჩინა: 12 მაგელანის პინგვინი პირდაპირ ნაგავში ცხოვრობდა. თითოეული ინდივიდი დაახლოებით 45 სმ სიმაღლის იყო. ყოველ მათგანს დამახასიათებელი თეთრი სარტყელი ჰქონდა თვალებისა და კისრის გარშემო. ცნობილია, რომ მაგელანის პინგვინები სამხრეთ ამერიკის კლდოვან და ქვიშიან სანაპიროებზე მრავლდებიან, სანამ ყოველ ზამთარს ოკეანეში, ჩრდილოეთისკენ, ბრაზილიასა და პერუმდე მიგრაციას დაიწყებენ, თუმცა აღნიშნული სახეობის უახლოესი კოლონია აქედან სამხრეთით 140 კილომეტრში იყო. ეს მამაცი მოგზაურები კი ამ ხიფათით სავსე სანაპიროზე ჩამოვიდნენ და დაწყვილდნენ.
ბორბოროგლუმ სწრაფად იმოქმედა, კოლონიის მდგომარეობა შეაფასა და პლასტმასის მასაში გახლართული ერთ-ერთი პინგვინი გაათავისუფლა, შემდეგ ტერიტორიის საგულდაგულო გაწმენდის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. ეს კოლონია არათუ გადარჩა, არამედ შთამომავლობაც გამოზარდა და მომდევნო გაზაფხულზე ისევ აქ დაბრუნდა. მეცნიერები სხვადასხვა თეორიით ცდილობენ ახსნას, თუ რატომ ტოვებს ახალი კოლონიის ე.წ. „დამფუძნებელი“ ჯგუფი ბუდობის მშობლიურ ადგილებს და სხვაგან ინაცვლებს. თუმცა ბორბოროგლუ, რომელმაც მოგვიანებით კონსერვაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „პინგვინების მსოფლიო საზოგადოება“ დააარსა, მიიჩნევს, რომ ახალი კოლონია პინგვინების 18-ვე სახეობის ადაპტაციისა და გამძლეობის მაგალითია. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ გარემო პირობებს შეგუებული პინგვინები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშეც განაგრძობენ ადაპტაციას. „საოცრად მამაცნი და მტკიცენი არიან“, – ასე ახასიათებს იგი პინგვინებს.
პინგვინები მართლაც საოცარი ქმნილებები არიან. კომიკური ბაჯბაჯი, სმოკინგით შემოსილის იერი და გულისამაჩუყებელი მშობლის ინსტინქტები მათ კონსერვაციის გამორჩეულ სიმბოლოებად აქცევს. თუმცა, ამავდროულად, ეს მახასიათებლები მიგვანიშნებს, თუ როგორ გამოიმუშავეს მათ ევოლუციის პროცესში ექსტრემალურ პირობებთან შეუდარებელი ადაპტაციის უნარი და გამძლეობა. პირველი პინგვინები დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ახალი ზელანდიაა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბუნებრივი მტაცებლების არარსებობის გამო, ამ ფრინველებს ევოლუციურად, ფრენის ნაცვლად, ოკეანეში სხარტი მანევრირების უნარი გამოუმუშავდათ. დროთა განმავლობაში მათ ცხიმის დიდი მარაგი და ბუმბულის ხშირი, წყალშეუღწევადი ფენა განუვითარდათ, რაც სიცივესთან გამკლავებაში ეხმარებათ. დამოკლებულ ფრთებს ფარფლებივით იყენებენ და წყალქვეშ საოცარი სისწრაფით გადაადგილდებიან. შავ-თეთრი ბუმბული კი დამაბნეველია მტაცებლებისთვის.


ადრეული პინგვინები ოკეანეთა დინებებს მიჰყვებოდნენ, ხმელეთზე ამოდიოდნენ და ახალ ტერიტორიებთან ადაპტირდებოდნენ. მაგალითად, საიმპერატორო და ადელის პინგვინები ანტარქტიდის მკაცრი კლიმატის პირობებში დასახლდნენ. მათ ცხიმის უფრო სქელი ფენა, ქერცლის მსგავსი ბუმბული და კლანჭებივით ფეხები აქვთ, რაც ყინულზე მოჭიდებაში ეხმარებათ. გალაპაგოსის პინგვინებმა ეკვადორის სანაპიროსთან მდებარე კუნძულებზე დაიდეს ბინა და პინგვინების ერთადერთ სახეობად იქცნენ ეკვატორზე. ისინი უფრო სუსტი აგებულების არიან და ბუმბული თხელ ფენებად აქვთ განლაგებული, რაც გამოსადეგია შედარებით თბილი კლიმატის პირობებში. მაგელანის პინგვინები ისტორიულად სამხრეთ ამერიკის სანაპიროს კუნძულებზე ბინადრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეცხვარეებმა კონტინენტურ ნაწილში მტაცებლები გაანადგურეს, როგორიცაა პუმა და მელა, პინგვინებმა იქაც დააარსეს კოლონიები.
მაგრამ, რამდენიც უნდა იმოგზაურონ, პინგვინების უმრავლესობა ახლა ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას. მსოფლიოს პინგვინების დაახლოებით ნახევარს გადაშენება ემუქრება და გასულ წელს აფრიკული პინგვინი გახდა პირველი სახეობა, რომელსაც გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი მიენიჭა. დღეს საფრთხეები ზღვიდანაც მომდინარეობს და ხმელეთიდანაც. ოკეანეში პინგვინებს ისეთი დაბრკოლებების გადალახვა უხდებათ, როგორიცაა წყალში ჩაღვრილი ნავთობი, წყლის ყვავილობა, თევზსაჭერი ბადეები და პლასტმასით დაბინძურებული წყალი, ხოლო წყლის დათბობა და ჭარბი თევზჭერა მათი მსხვერპლის რიცხოვნობას ამცირებს. სანაპიროზე, სადაც წყვილდებიან და შთამომავლობას ზრდიან, პინგვინებს უამრავი საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის, ანტარქტიკული ზღვის ყინულის შემცირება, სანაპიროზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ხელოვნურად შემოყვანილი თუ ბუნებრივად კვლავ გამრავლებული მტაცებლები. გასულ საუკუნეში, როდესაც პინგვინების რიცხოვნობა შემცირდა, გლობალურმა კონსერვაციულმა საზოგადოებამ და ცალკეულმა ქვეყნებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს მათ დასაცავად, აკრძალეს კვერცხის შეგროვება და დააარსეს დაცული ტერიტორიები. მომდევნო წლებში კონსერვაციონისტები, მათ შორის ბორბოროგლუ და დი ბოერსმა, რომელიც პინგვინების ცნობილი ექსპერტი და National Geographic-ის მკვლევარია, ლობირებდნენ უფრო მეტი დაცული ტერიტორიის შექმნას პინგვინების ბუდობისთვის და საზღვაო გადაზიდვების მარშრუტების დარეგულირებას ნავთობის გაჟონვის პოტენციური საფრთხის შესამცირებლად.
მეცნიერთა ერთ-ერთი შემაცბუნებელი აღმოჩენა იყო ის, რომ პინგვინები სწრაფ ევოლუციას აღარ განიცდიან, რაც ცვალებად გარემოსთან მათი ადაპტაციის უნარს ზღუდავს. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პინგვინების ევოლუცია ამჟამად, ნებისმიერ სხვა ფრინველთან შედარებით, უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა, ზოგიერთი პინგვინი, როგორც ჩანს, კვლავ წარმატებით იყენებს თავის საუკეთესო თვისებებსა და ქცევის სტრატეგიებს ახალი ტერიტორიების ასათვისებლად. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საიმპერატორო პინგვინების კოლონიები იცვლიან ადგილს, როდესაც ამა თუ იმ რაიონში ზღვის ყინული სანდო აღარაა. ანტარქტიდაში თანამგზავრული გამოსახულებებით აქამდე უცნობი კოლონიებიც გამოვლინდა. სამეფო პინგვინების რიცხოვნობა იკლებს ანტარქტიდაში, მაგრამ იმატებს სუბანტარქტიკულ რეგიონში მათზე ცხიმისთვის ნადირობის ათწლეულების შემდეგ. სუბანტარქტიკული, იგივე პაპუის პინგვინი კი იქით მიიწევს, საითაც საკვებია ხელმისაწვდომი, რადგან სამხრეთის ოკეანე თბება და ზღვის ყინული დნება. „ახალი კოლონიები სულ უფრო სამხრეთით ჩნდება“, – ამბობს ჯემა კლუკასი, კორნელის უნივერსიტეტის ორნითოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარი.
მაგელანის პინგვინების მცირე ჯგუფმა, რომელიც ოდესღაც პატაგონიის ნაგვით სავსე სანაპიროზე აღმოჩნდა, როგორც ჩანს, სხვებიც შთააგონა, მათ კოლონიას შეერთებოდნენ. როდესაც ბორბოროგლუ მიწათმფლობელებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან 14 000 ჰექტარი ფართობის ველური ბუნების ნაკრძალის შესაქმნელად მუშაობდა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი პინგვინი ჩამოდიოდა. ამჟამად აქ 8000-ზე მეტი პინგვინი ბინადრობს. „ეს იმის მაჩვენებელია, რომ ველურ ბუნებას შეუძლია აყვავდეს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა“, – ამბობს იგი.
2. როგორ სწავლობენ პინგვინები ექსტრემალურ გარემოში ცხოვრებას
ტექსტი: რენე ებერსოლი
გალაპაგოსის კუნძულებზე გადასარჩენად მსოფლიოს უიშვიათესი პინგვინები გონივრულად იყენებენ უნიკალურ ადაპტაციებსა და გასაოცარ ქცევებს.
კონტინენტური ეკვადორის სანაპიროდან დაახლოებით 1000 კილომეტრში კონსერვაციონისტმა ბიოლოგმა დი ბოერსმამ გასაბერი ნავით ბარტოლომეს კუნძულის მიმდებარე წყლებში შეცურა. ეს კუნძული გალაპაგოსის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. მას რამდენიმე სხვა მეცნიერიც ახლდა თან. ისინი გულდასმით ათვალიერებდნენ სანაპირო ზოლს და შავ-თეთრი ზღვის ფრინველის დაფიქსირებას ცდილობდნენ. გალაპაგოსის პინგვინი უიშვიათესი და ყველაზე მცირე ზომის პინგვინია მსოფლიოში. ამასთან, ის ერთადერთი პინგვინია, რომელიც ეკვატორზე გვხვდება და ამ ვულკანური წარმოშობის კუნძულებზე ბინადრობს მცხუნვარე მზეში.
„როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს კომიკური, ცნობისმოყვარე და მომხიბვლელი ფრინველი“, – ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ეკოსისტემის გუშაგთა ცენტრის“ 78 წლის დირექტორი და National Geographic-ის მკვლევარი.
უეცრად ბოერსმამ მღვიმესთან ახლოს ხუთი პინგვინი შენიშნა. შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. სულ შვიდნი იყვნენ. როგორც კი ნაპირს მიუახლოვდნენ, ნავიდან ორი ეკვადორელი, ვეტერინარი მ. გავილანეს ესკობარი და პარკის მცველი მარლონ რამონი გადმოხტნენ. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ესკობარი უკან დაბრუნდა – ერთი ხელი პინგვინის ნიკაპის ქვეშ ამოედო, მეორით კი მისი ფეხები ეჭირა. ნისკარტისა და ფეხების შტანგენფარგლით გასაზომად ფრინველი ბოერსმას გადასცა. შემდეგ ფრინველის ფრთების შლილის სიგრძე რომ დაედგინა, ყვითელი საზომი ლენტი ამოიღო. „კოსტიუმი უნდა შევუკეროთ და იმიტომ ვზომავთ“, – იხუმრა მან.
ეს პირველი ნაბიჯები იყო ინფორმაციის ჩაწერის პროცესში, რომელიც მკვლევრებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ კოლონიის ჯანმრთელობა მოცემულ ტერიტორიაზე. გარეულ ცხოველთა ეკოლოგმა, კეროლინ კაპელომ, რომელიც ბოერსმასთან ერთად ათ წელიწადზე მეტია შეისწავლის გალაპაგოსის პინგვინებს, ასეთი ინფორმაცია ჩაწერა: ორ კილოგრამზე ოდნავ მეტი და სავარაუდოდ მამრი. ფეხები მტკივნეული ნაკბენებისგან რომ დაეცვა, ბოერსმამ პინგვინს კარგად ნაცადი ოსტატობით თავი მარცხენა წინამხრითა და მუხლით გაუკავა. „ყველაფერი კარგადაა. დამშვიდდი. ერთ წუთში გაგიშვებთ,“ – უთხრა აფართხალებულ პინგვინს.

ბოერსმამ პინგვინს ფარფლებზე ხელი გადაუსვა და აღნიშნა, რომ ისინი საუკეთესო მდგომარეობაში ჰქონდა. პინგვინის ფარფლების ფორმა, ზემოთ ფართო და ქვემოთ კონუსური, ვიწრო დაბოლოებით, იდეალურია წყალში სწრაფი გადაადგილებისთვის. შემდეგ ბოერსმამ მარცხენა ფეხის აპკზე ლითონის ნიშანი მიამაგრა და ფრთხილად დასვა ნავის კიდეზე. პინგვინმა წყალი დაათვალიერა, წინ გადაიხარა და მსუბუქი ტყაპუნით გადაეშვა წყნარ ოკეანეში, რათა კვლავ მწვანე ზღვის კუებსა და ზღვის იგუანებს შორის ეცურა. „ასეთ ფრინველთან შეხება ამაღელვებელია“, – თქვა ბოერსმამ, როდესაც პინგვინი წყალში გაუჩინარდა.
ამის შესაძლებლობა სულ უფრო იშვიათად აქვთ მკვლევრებს. დღეს გალაპაგოსის პინგვინი უერთდება პინგვინის სახეობათა ნახევარზე მეტს, რომელთაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფის ან მოწყვლადი სახეობის სტატუსი აქვთ. ისინი აღმოჩნდნენ იმგვარი საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტემპერატურის მატება, ჭარბი თევზჭერა, ჰაბიტატის განადგურება და დაბინძურება. ბოერსმა, რომელსაც პინგვინების ჯეინ გუდოლს უწოდებენ, ამ ფრინველებს ზღვის გუშაგებად თვლის და აღნიშნავს, რომ ერთი სახეობის პოპულაციის სწრაფი კლება მის გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ან ანთროპოგენური ცვლილებების მანიშნებელია.
და მაინც, მას სჯერა სულ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში პინგვინთა გადარჩენის პოტენციალის, რადგან მეცნიერები თანდათან უკეთ ხვდებიან, როგორ ეხმარება ამ არსებებს საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავებული ადაპტაციები. „54 წლის წინ, როდესაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე, მეგონა, რომ ამ დროისთვის გალაპაგოსის პინგვინები უკვე გადაშენებულნი იქნებოდნენ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ აქ არიან“, – თქვა მან.
„54 წლის წინ ეს საქმე რომ დავიწყე, მეგონა, გალაპაგოსის პინგვინები ამ დროისთვის უკვე გადაშენებულნი იქნებოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ აქ არიან“.
— ბიოლოგი დი ბოერსმა
გალაპაგოსის პინგვინების ევოლუციური გზა გვიჩვენებს, თუ როგორ გარდაქმნის გარემო სტრესფაქტორები სახეობებს მილიონობით წლის განმავლობაში. გენეტიკური კვლევების თანახმად, ისინი ჰუმბოლდტის პინგვინებიდან წარმოიშვნენ, დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, პლეისტოცენის ეპოქაში, პერიოდში, რომელიც კლიმატის მკვეთრი ცვლილებებით გამოირჩეოდა. გალაპაგოსის პინგვინების პირველი წინაპრები ამ კუნძულებზე სავარაუდოდ ჩრდილოეთ მიმართულების ჰუმბოლდტის დინებას გამოჰყვნენ, რომელსაც სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე ცივი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი წყალი მოაქვს. ალბათ, არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ისაბელასა და ფერნანდინაზე დასახლდნენ, სადაც პინგვინებმა უამრავი საკვები და თავშესაფარი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმბოლდტის და კრომველის დინებები კვლავ აქ შემოდის, ახლა მათ საკვები არარეგულარულად და სხვადასხვა ინტენსივობით მოაქვთ.
გალაპაგოსის პინგვინების თბილ კლიმატთან ადაპტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბუდეების მოწყობა კუნძულთა გრილ და დაჩრდილულ ნაპრალებში. აქ სანაპირო ზოლების ფორმირება ვულკანურმა ამოფრქვევებმა და ეროზიამ განაპირობა. შედეგად, წარმოქმნილ ბზარებსა და ლავის გვირაბებში პინგვინებს შეუძლიათ თავი დააღწიონ გადახურებას. მცირე ზომა მათ საშუალებას აძლევს, ნაშიერებთან ერთად ამ ბნელ ადგილებში შეიყუჟონ და დაემალონ ისეთ მტაცებლებს, როგორებიც არიან გალაპაგოსის გველები და კიბორჩხალას ერთ-ერთი სახეობა Grapsus grapsus.
პინგვინების უმრავლესობასთან შედარებით ცხიმის უფრო თხელი ფენითა და ნაკლები ბუმბულით, ეს სახეობა ევოლუციურად სუბტროპიკებში ბინადრობას შეეგუა. გალაპაგოსის პინგვინები ჰუმბოლდტის, მაგელანის და აფრიკული პინგვინის სახეობებთან ერთად, სათვალიანი პინგვინების, იგივე ზოლიანი პინგვინების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს სახელწოდება მათი მკერდისა და თავის ირგვლივ გაყოლებული გამორჩეული შავ-თეთრი მოხატულობიდან მომდინარეობს. ისინი ყველანი უფრო თბილ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ და სხეულის ტემპერატურას აჩქარებული სუნთქვით არეგულირებენ, როგორც ძაღლი ცხელ დღეს, ხოლო სითბო რომ გასცენ, ფრთაგაშლილები დგანან. გალაპაგოსის პინგვინს სახეზე თეთრი ბუმბული და უბუმბულო კოჭები და ტერფები, დამატებით ხელს უწყობს სითბოს შემდგომ გაცემას მათი პატარა და ჩასკვნილი სხეულებიდან. ცხელ პერიოდში ამ პინგვინებს სახიდან შეიძლება ბუმბულიც დასცვივდეს.
მაგრამ ადაპტაცია, რომელიც გალაპაგოსის პინგვინებს მისი ოჯახის სხვა სახეობებისგან განასხვავებს, ბუმბულის ცვლისა და გამრავლების მოქნილი პერიოდებია. ეს პერიოდები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საკმარის საკვებს აწვდის მათ ოკეანის ცივი დინებები და აპველინგი (ღრმა წყლების ზედაპირისკენ აღმასვლა), რომ ბუმბულის გამოცვლისთვის საჭირო ენერგია შეიძინონ. სხვა პინგვინების ციკლებისგან განსხვავებით, ისინი ბუმბულს იცვლიან გამრავლებამდე და ეს შეიძლება წელიწადში ორჯერაც მოხდეს. მათ შეუძლიათ გადაავადონ ბუმბულის მოცვლა და გამრავლება მანამ, სანამ საკმარისი საკვები არ ექნებათ, რაც უკეთეს შანსს მისცემს წარმატებული შეწყვილებისთვის.

გალაპაგოსის პინგვინები ნადირობენ თევზის გუნდის ქვეშ ჩაყვინთვით, რათა თავიანთი მსხვერპლი წყლის ზედაპირისკენ გამორეკონ, სადაც ისინი ხშირად რუხი ვარხვის ხახაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
BLICKWINKEL/GOETHEL, ALAMY STOCK PHOTO
ამ ყველაფერს მივყავართ ცხოვრების წესამდე, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც „აღმავლობისა და ვარდნის“ პერიოდების მონაცვლეობა. ათწლეულების განმავლობაში გალაპაგოსის პინგვინების წონისა და რიცხოვნობის კონტროლის შედეგად, ბოერსმამ წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთა: მათი გამრავლება მჭიდროდაა სინქრონიზებული ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას რიტმებთან. ეს ფრინველები საუკეთესოდ გრძნობენ თავს ლა-ნინიას პირობებში, როდესაც ცივი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი წყლის ძლიერი ნაკადები ჩრდილოეთით მოძრაობს და პინგვინებს უამრავი თევზით, კალმარითა და კიბოსნაირით ამარაგებს. როდესაც ელ-ნინიოს თბილი წყალი წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ცივ დინებებს ანაცვლებს, ეს მკვეთრად ამცირებს აპველინგს და მათ საკვებ წყაროს. იმ წლებში, როდესაც საკვები მწირია, ზოგიერთი პინგვინი შიმშილობს და გამრავლება წყდება. პოპულაციის აღდგენას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს. 1980-იანი წლების დასაწყისში ძლიერი ელ-ნინიოს დროს პოპულაციის რიცხოვნობა განახევრდა.
ამჟამად, ტემპერატურის გლობალურ მატებასთან ერთად, ელ-ნინიო სულ უფრო ხშირი და ექსტრემალური ხდება, რაც საკვებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ზღვის დონის აწევა კი წყლით ფარავს ბუდობის ადგილებს. თუმცა, ბოერსმა მაინც დარწმუნებულია, რომ ელ-ნინიოსა და ექსტრემალური ამინდების სიხშირის ზრდის შემთხვევაშიც, ზოგიერთი გალაპაგოსის პინგვინი მაინც გადარჩება, რადგან მათი ეკოსისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობს ასევე პერიოდული აპველინგი, რაც საკვების მოზღვავებას და კვებითი ჯაჭვის შენარჩუნებას განაპირობებს.
ბოერსმას შეფასებით, ამჟამად დაახლოებით 2000 გალაპაგოსის პინგვინია დარჩენილი, იმის ნახევარი, რაც 50 წლის წინ იყო, როდესაც მან ეს ნოვატორული კვლევა დაიწყო. მაგრამ მას სჯერა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ ქმედებას შეუძლია დაიცვას მათი მომავალი.
გალაპაგოსის პინგვინებს გადასარჩენად სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მათ ორი ძირითადი საფრთხის დაძლევაში დაეხმარებიან. ერთია შემოყვანილი მტაცებლები, ძირითადად ვირთაგვები და კატები, და მეორე ის ფაქტი, რომ ბუნებრივ საბუდართა ზონებში პირობები სულ უფრო უარესდება.
პირველი პრობლემის გადაჭრის გზა აშკარაა. კატები და ვირთაგვები გალაპაგოსში თითქმის 200 წლის წინ ჩავიდნენ მეზღვაურებთან და ვეშაპეზე მონადირეებთან ერთად. ისინი ადვილად ძლევენ რთულ რელიეფს, პინგვინებისა და სხვა ზღვის ფრინველების ბუდეებში შეძრომას ახერხებენ და კვერცხებსა თუ ბარტყებს მიირთმევენ. ახლახან გალაპაგოსის ეროვნულმა პარკმა, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ჯოკოტოკოსთან“ თანამშრომლობით, წამოიწყო ინვაზიურ სახეობათა აღმოფხვრის პროგრამა კუნძულ ფლორეანაზე, არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. 2023 წლის ოქტომბერში პარკის ხელმძღვანელებმა ფლორეანაზე ვირთაგვების და კატების განადგურება დაიწყეს ხაფანგების და უპილოტო ზემსუბუქი ვერტმფრენების გამოყენებით, საიდანაც როდენტიციდის ბურთულებსა და მოწამლულ ძეხვეულს ფანტავდნენ კუნძულზე. როგორც ჩანს, პროგრამას შედეგი მოაქვს.
მეორე საფრთხის შესარბილებლად, ბოერსმა და მისი კოლეგები იმედოვნებენ დაფინანსების მოპოვებას ხელოვნური ბუდეების ასაშენებლად, რითაც ფრინველებს დაეხმარებიან ფლორეანაზე კოლონიების აღდგენაში. ბოერსმამ ბუდის აშენებაზე პირველად რამდენიმე წლის წინ დაიწყო ფიქრი, როდესაც იგი საგონებელში ჩააგდო პინგვინების წყვილმა: ისინი არქიპელაგის დასავლეთ კიდეზე, ფერნანდინას კუნძულზე, ვულკანური ქანების თავზე ბუდობდნენ, სადაც არ იყო ჩრდილი. ადრიანი საღამოდან დილამდე პინგვინები მორიგეობით სხდებოდნენ კვერცხებზე, შემდეგ კი, დღის ცხელ საათებში, კვერცხებს დაუცველად ტოვებდნენ. საბოლოოდ, კვერცხები იღუპებოდა. ბოერსმა მიხვდა, რომ კუნძულზე არ იყო საკმარისი დაჩრდილული ადგილები ბუდეებისთვის, რაც შესაძლოა ზღუდავდა ყოველწლიურად გამოჩეკილი ბარტყების რაოდენობას.
„მივხვდი, რომ ყოველ მათგანს ერთმანეთისაგან განსხვავებული ლაქები ჰქონდა. ყოველი ლაქა უნიკალურია, თითის ანაბეჭდის მსგავსად“.
— ნატურალისტი აურა ბანდა კრუსი
15 წლის წინ მან დაიწყო გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ექსპერიმენტული ბუდეების შექმნა. ერთ-ერთი ვარიანტი იყო ძნელად შესამჩნევი პატარა თავშესაფარი, რომელიც დამზადდა ლავის ერთმანეთზე დაწყობილი ქვებისგან. კიდევ ერთი ალტერნატივა, რომელიც საბოლოოდ პინგვინებმა ამჯობინეს, შეიქმნა პირდაპირ გამყარებული ლავის სუბსტრატში მღვიმისებური ხვრელების გათხრით. როგორც ყველა უძრავი ქონების შემთხვევაში, აქაც მთავარი ადგილმდებარეობაა. ბუდე უნდა ყოფილიყო წყალთან ახლოს, მაგრამ არც ისე ახლოს, რომ პინგვინების სამთვიანი ბუდობის პერიოდში დატბორილიყო. „ბუდეების აშენების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ პირობები კარგია, ყველამ, ვისაც გამრავლება სურს, შეძლოს ამის გაკეთება“, – თქვა ბოერსმამ.
ექსპედიციის მესამე დღეს ბოერსმა და მისი გუნდი ფერნანდინას კუნძულზე, პუნტა-ესპინოსაში ჩავიდნენ. ეს პირველი ადგილია, სადაც ბოერსმა ხელოვნური ბუდეების აგებას შეეცადა. ისინი ნავიდან გადავიდნენ. გუნდის ორმა წევრმა – ახლა უკვე კორნელის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა, 35 წლის კაპელომ და გალაპაგოსელმა ნატურალისტმა, 42 წლის აურა ბანდა კრუსმა – იპოვეს და შეამოწმეს ადგილები, სადაც თავის დროზე ხელოვნური ბუდეები მოაწყვეს.
კაპელომ ქვების გროვაში არსებულ პატარა სივრცეში შეიხედა და შესძახა, რომ ხელოვნური ბუდე იპოვა, რომელსაც, როგორც ჩანს, ახლახან იყენებდნენ. ირგვლივ გატეხილი კვერცხის ნაჭუჭი და ბუმბული იყო მიმოფანტული. „შესაძლოა ბარტყი გამოიჩეკა ან მტაცებლის მსხვერპლი გახდა“, – თქვა კაპელომ და ნამსხვრევები კონვერტში მოათავსა, რომ მოგვიანებით უფრო გულდასმით შეემოწმებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბუდობის ნიშანი კარგი ამბავი იყო.
საკრუიზო გემებზე ნატურალისტად მუშაობისას ბანდა კრუსი გალაპაგოსის პინგვინებს თითქმის ათი წლის განმავლობაში უღებდა ფოტოებს, რამაც ცალკეული ინდივიდების იდენტიფიცირების არაინვაზიური მეთოდის შემუშავებისკენ უბიძგა, ფრინველების გულმკერდზე არსებულ გამორჩეულ ლაქებზე დაყრდნობით. „მივხვდი, რომ ყოველ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული ლაქები ჰქონდა“, – თქვა მან. „ყოველი ლაქა უნიკალურია, თითის ანაბეჭდის მსგავსად“. ანალოგიურად, მკვლევრებმა ისწავლეს იაგუარების, ზებრების, დელფინებისა და კოალების იდენტიფიცირებაც კი მათი გამორჩეული მოხატულობის მიხედვით.
ბანდა კრუსი იმედოვნებს, რომ მომავალში ითანამშრომლებს სხვა ნატურალისტებთანაც, რომლებიც მეტ ფოტოს გაუგზავნიან, რაც ვიზუალური არქივის შექმნაში დაეხმარება. ეს არქივი შეიძლება გამოვიყენოთ პინგვინების იდენტიფიცირებისთვის, ასევე, ფრინველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ ზრდასრულებისა და ბარტყების თანაფარდობაზე ინფორმაციის მისაღებად.
გარდა ამისა, ფოტოები გვეხმარება იმ პერიოდების დაფიქსირებაში, როდესაც პინგვინები გაცილებით მეტს შრომობენ საკვების მოსაპოვებლად, რაც ხშირად ელ-ნინიოსთან ასოცირდება. „ისინი მეტ დროს ატარებენ წყალში. არ აქვთ დრო, რომ მთლიანად გაშრნენ და მათ სხეულზე წყალმცენარეები იწყებენ ზრდას. ასე რომ, თუ მწვანე პინგვინს დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ მათი საქმე ცუდად მიდის“, – თქვა ბანდა კრუსმა.
ბოიერსმა დიდხანს ნაღვლობდა, რომ ვერავის ხედავდა, ვინც გალაპაგოსის პინგვინთა კვლევას გააგრძელებდა მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ. „როდესაც ლავაზე დახტიხარ და დაცოცავ, ხვდები, რომ ამას სამუდამოდ ვერ გააკეთებ“, – თქვა მან, როდესაც მისი კოლეგები პინგვინების ბუდობის კვალს ეძებდნენ. „ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ კეროლინი და აურა ვიპოვე. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ დინამიკური გუნდის შექმნა და ამ საქმის კიდევ 10, 20, 30 წლის განმავლობაში გაგრძელება, თუ მოინდომებენ“.
შემდეგ ის გაჩუმდა და მამრ პინგვინს შეხედა, რომელიც მარტო იდგა სანაპიროზე, გვიანი შუადღის ოქროსფერ სხივებს ეფიცხებოდა და მეწყვილეს უხმობდა.
თუ ბოლო კვირების ხელსაყრელი პირობები შენარჩუნდა – ცივი წყალი და ბევრი თევზი – ბოერსმა დარწმუნებულია: „ეს პინგვინი მალე შეწყვილდება“.
3. როგორ შეიძინეს პინგვინებმა სუპერძალები
ილუსტრატორი: ოუენ დეივი
პინგვინებს არა მხოლოდ გადარჩენა შეუძლიათ, არამედ უმეტესობა საუკეთესოდ ეგუება მკაცრ პირობებს ბუმბულის წყალგაუმტარი ფენის, ყინვაგამძლე ვენებისა და უნიკალური ხმოვანი სიგნალების წყალობით. აქ წარმოდგენილია მათი ანატომიური უპირატესობები.
4. როგორ აფართოებენ პინგვინები საკუთარ შესაძლებლობათა საზღვრებს
ტექსტი: რენე ებერსოლი
ახალი დაკვირვებები აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ საიმპერატორო პინგვინები გასაოცარ სტრატეგიებს – მაგალითად, ხტებიან ანტარქტიკული ყინულის კლიფებიდან.

გასულ წელს ასობით ნორჩი საიმპერატორო პინგვინი 15-მეტრიანი შელფური მყინვარიდან გადახტა ზღვაში. დაცემისას შესაძლოა დარტყმის ძალა შეემცირებინა მათ პატარა ზომას, ურიცხვ ბუმბულს მუცელზე და გულმკერდის მძლავრ კუნთებს.
ბერტი გრეგორი
“ღმერთო ჩემო, ეს ვერ გადარჩება“, – გაიფიქრა ველური ბუნების კინორეჟისორმა ბერტი გრეგორიმ, როდესაც დაინახა 15-მეტრიანი ქარაფიდან გადამხტარი ნორჩი საიმპერატორო პინგვინი.
ფრინველი ძირს გადაეშვა და სამხრეთის ოკეანის ყინულოვან წყლებში დგაფუნით ჩავარდა, რამდენიმე წამში კი ზედაპირზე ამოყვინთა და ჰორიზონტისკენ გაცურა. National Geographic-ის მკვლევარი თვალებს არ უჯერებდა.
რაც ამას მოჰყვა, კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო: უზარმაზარი შელფური მყინვარის კიდეზე შეკრებილი რამდენიმე ასეული პინგვინი ერთმანეთის მიყოლებით ხტებოდა ზღვაში. „რაღაც მომენტში პინგვინების წვიმა მოდიოდა“, – ამბობს გრეგორი, რომელმაც გასულ წელს ანტარქტიდის ატკის ყურეში ეს იშვიათი კადრები აღბეჭდა დრონის კამერით, როდესაც იღებდა National Geographic-ის დოკუმენტურ სერიალს „პინგვინების საიდუმლოებანი“. „ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სანახაობა იყო, რომელიც კი ოდესმე მინახავს“. სასწაულია, რომ თითქმის ყველა გადარჩა.
ნორჩი პინგვინები ბუდობის ადგილის დატოვებისას, როგორც წესი, მეტრზე ნაკლები სიმაღლის მცურავი ზღვის ყინულიდან ხტებიან წყალში, ამბობს მიშელ ლარუ, კონსერვაციის ბიოლოგი კენტერბერის უნივერსიტეტიდან (კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია). ის ბარტყები კი, რომლებსაც გრეგორი აკვირდებოდა, სავარაუდოდ, უძრავ, მრავალწლოვან შელფურ მყინვარზე გაიზარდნენ და დეზორიენტირებულებს რთული ადგილიდან მოუწიათ წყალში შესვლა. იმავდროულად, მათ შიმშილი და თევზით სავსე ოკეანეც აძლევდა წყალში გადახტომის მოტივაციას.
მარცხნივ: იდენტიფიკაცია ძახილით – საიმპერატორო პინგვინები ერთმანეთისგან ხმოვანი სიგნალებით განირჩევიან. თითოეულ ფრინველს უნიკალური ძახილი აქვს, რითაც მეწყვილეები და ბარტყები კოლონიის ხმაურში ერთმანეთს ამოიცნობენ. მშობლები და ბარტყები სტვენის მსგავსი გადაძახილით პოულობენ ერთმანეთს – ბერტი გრეგორი. მარჯვნივ: ცივი ბუდობა – ხშირი, ურთიერთგადამფარავი ბუმბული და ცხიმის სქელი ფენა საიმპერატორო პინგვინებს ანტარქტიკის მკაცრი სიცივისგან იცავს. კვერცხების გამოჩეკისას ექსტრემალური პირობებისგან დასაცავად ასობით მამრი მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს – ფრანს ლანტინგი, NATIONAL GEOGRAPHIC IMAGE COLLECTION
ეს სცენა პინგვინების სიმტკიცის ჭეშმარიტი დემონსტრირება იყო. ეს მომაჯადოებელი ფრინველები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდნენ, რათა დედამიწის ყველაზე ცივ, ქარიან და მშრალ კონტინენტზე გადარჩენილიყვნენ. მათი განსაკუთრებული ადაპტაციები და სპეციალიზებული ქცევები იდეალურად შეეფერება ამ უკაცრიელ გარემოში ცხოვრებას.
მათი ყველაზე საოცარი ნიშან-თვისებებიდან არაერთი ვლინდება ბუდობის სეზონზე. ეს წლის ყველაზე რთული დროა. ანტარქტიკული ზამთრის დასაწყისში, როდესაც ტემპერატურა შეიძლება -450C-მდე დაეცეს და ქარი გრიგალისებური ძალით ქროდეს, მდედრი საიმპერატორო პინგვინი მსხლის ფორმის ერთ კვერცხს დებს. შემდეგ, ენერგეტიკული მარაგის შესავსებად, მდედრები კვერცხებს სწრაფად გადასცემენ მეწყვილეებს და თვითონ ოკეანისკენ მიემართებიან გამოსაკვებად.
მამრი საიმპერატორო პინგვინები მომდევნო ორ თვეს კვერცხების გამოჩეკას ანდომებენ. კვერცხი მოთავსებულია მათ აპკიან ფეხებზე, სადაც მას სიცივისგან იცავს პინგვინის მუცლის კანის ნაკეცი, რომელიც ქმნის ჯიბეს, იგივე „გამოსაჩეკ კამერას“. მომავალი მამები თითქმის ოთხი თვის განმავლობაში არ ჭამენ და გამრავლების პერიოდში სხეულის წონის დაახლოებით ნახევარს კარგავენ. კვერცხები, ჩვეულებრივ, აგვისტოში იჩეკება, როდესაც მდედრები ბარტყების გამოსაკვებად ბრუნდებიან. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ბარტყებს მშობლები კვებავენ და ათბობენ.
დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, ანტარქტიკული ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, პინგვინის ბარტყებს ფაფუკი ღინღლი ცვივა და წყალგაუმტარი ბუმბულით ეცვლება. მალე ისინი კოლონიას ტოვებენ და დამოუკიდებლად იწყებენ საკვების ძიებას. ნორჩი პინგვინები, გრეგორიმ რომ აღბეჭდა, ალალბედზე ხტებიან ზღვაში. ეს გადამწყვეტი მომენტი ოკეანეში მათი ცხოვრების დასაწყისია. ისინი დაახლოებით ხუთ წელიწადს გაატარებენ ოკეანეში, სანამ გამრავლებისთვის ყინულზე დაბრუნდებიან.
მეცნიერები არ ფიქრობენ, რომ კლიფიდან გადახტომა პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან, მაგრამ მინიმუმ ერთი ექსპერტის, ბრიტანეთის ანტარქტიკული სამსახურის თანამშრომლის, პიტერ ფრეტუელის აზრით, ტემპერატურის მატებამ შესაძლოა სულ უფრო მეტი საიმპერატორო პინგვინი აიძულოს, რომ ზღვის ყინულის ნაცვლად, მრავალწლოვან შელფურ მყინვარზე გამრავლდეს, რაც გაზრდის ნორჩების დიდი სიმაღლიდან გადახტომის ალბათობას. ეს შემთხვევა ხაზს უსვამს შემაშფოთებელ რეალობას: კლიმატის ცვლილების ზოგიერთი სცენარის მიხედვით, ანტარქტიდის საიმპერატორო პინგვინების კოლონიათა 80% საუკუნის ბოლოსთვის შეიძლება გაქრეს.
მარცხნივ: სმოკინგიანი ტორპედოები ოკეანეში საიმპერატორო პინგვინს თავისი ოჯახის ნებისმიერ სხვა სახეობაზე ღრმად, 500 მეტრზე მეტ სიღრმემდე ჩაყვინთვა შეუძლია. გარდა ამისა, ის 20 წუთზე მეტხანს ძლებს წყალქვეშ. პოლ ნიკლენი, NATIONAL GEOGRAPHIC IMAGE COLLECTION. მარჯვნივ: სრიალ-სრიალი – ხმელეთზე, სადაც ბაჯბაჯით სიარული მათ გადაადგილებას ანელებს, საიმპერატორო პინგვინები ხშირად „ციგაობენ“ – მუცელზე მისრიალებენ ფარფლებისა და ფეხების მოსმით. გადაადგილების ეს ეფექტური მეთოდი მათ ყინულოვან სივრცეებში დიდი მანძილის დაფარვის საშუალებას აძლევს ზღვისკენ ან ზღვიდან მოგზაურობისას. – ბერტი გრეგორი
თუმცა, ლარუ ოპტიმისტურადაა განწყობილი საიმპერატორო პინგვინების ადაპტაციურ შესაძლებლობათა მიმართ და თვლის, რომ დიდი სიმაღლიდან ბოლოდროინდელი ნახტომები პინგვინების გამძლეობის დასტურია. „ისინი წარმოუდგენლად სიცოცხლისუნარიანები არიან“, – ამბობს იგი. „ისინი მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდნენ და თავიანთ ჰაბიტატებში მომხდარი მრავალი სხვადასხვა ცვლილების მომსწრენი არიან. საკითხავია, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ ადაპტაცია იმ ცვლილებებთან, რომლებიც დღეს ხდება და რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ“.
სრული სტატია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში