პლასტმასა
ჩვენ შევქმენით ის. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ მასზე. ჩვენ ვიხრჩობით მასში
პლასტმასა
ჩვენ შევქმენით ის. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ მასზე. ჩვენ ვიხრჩობით მასში
პლასტმასა მაშინ რომ გამოეგონათ, როდესაც პილიგრიმებმა პლიმუთიდან, ინგლისიდან, ჩრდილოეთ ამერიკისკენ გაცურეს და გემი „მეიფლაუერი“ წყლის ბოთლებითა და პლასტმასაში გახვეული სასუსნავებით ყოფილიყო სავსე, მათი ნაგავი, დიდი ალბათობით, დღემდე, ოთხი საუკუნის შემდეგაც, იარსებებდა.
რადგან პლასტმასა გვიან XIX საუკუნეში გამოიგონეს და მისი წარმოება მხოლოდ 1950 წლის შემდეგ გახშირდა, დღეს სულ რაღაც 9,2 მილიარდი ტონა პლასტმასა გვაქვს. აქედან 6,9 მილიარდ ტონაზე მეტი დღეს უკვე ნაგავს წარმოადგენს. ამ ნაგვის შთამბეჭდავი რაოდენობა – 6,3 მილიარდი ტონა – სანაგვე კონტეინერშიც კი არ მოხვედრილა; 2017 წელს ამ რიცხვმა ის მეცნიერებიც განაცვიფრა, რომლებიც მონაცემებს აგროვებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

არავინ იცის, რა ოდენობის გადაუმუშავებელი პლასტმასა ხვდება ოკეანეში – დედამიწის მთავარ სანაგვეში. 2015 წელს ჯენა ჯამბეკმა, ჯორჯიის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორმა, სავარაუდო რიცხვი გამოთვალა, რითიც ყველას ყურადღება მიიპყრო: მხოლოდ სანაპიროებიდან ოკეანეში წლიურად 4,8-დან 12,7 მილიონ ტონამდე პლასტმასა ხვდება. ჯამბეკისა და მისი კოლეგების თქმით, აქედან დიდ ნაწილს გემებიდან კი არ ისვრიან, არამედ მიწაზე და მდინარეებში ყრიან, ძირითადად, აზიაში. პლასტმასა ქარს ან წყალს ზღვებისკენ მიაქვს. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს ყველა სანაპიროზე ყოველ მეტრში პლასტმასის ნაგვით გატენილი 15 ცელოფანის პარკი დევს, ამბობს ჯამბეკი. ეს, დაახლოებით, 8 მილიონ ტონას შეადგენს და სწორედ ესაა, მისი ვარაუდით, პლასტმასის ის რაოდენობა, რომელსაც ყოველ წელს ოკეანეს ვუსახსოვრებთ. არ ვიცით, რა დრო დასჭირდება პლასტმასას შემადგენელ მოლეკულებამდე სრულად ბიოგახრწნისთვის. სავარაუდო ვადა 450 წლიდან უსასრულობამდე მერყეობს.

ამასობაში, ოკეანეში მოხვედრილი პლასტმასა, სავარაუდოდ, ყოველ წელს მილიონობით ზღვის ცხოველს კლავს. როგორც დაადგინეს, მას 700 სახეობაზე, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზეც აქვს გავლენა. ზოგიერთ მათგანს მიღებული ზიანი გარეგნულადაც ეტყობა – ისინი მიტოვებული სათევზაო ბადეებით ან ლუდის ქილების შესაკრავი რგოლებით იხრჩობიან. ალბათ, სხვებს მიყენებული ზიანი გარეგნულად არ ეტყობათ. ყველა ზომის სახეობა, დაწყებული ზოოპლანქტონით, დამთავრებული ვეშაპით, მიკროპლასტმასით იკვებება – ეს ნაკუწი სიგრძეში ხუთ მილიმეტრსაც არ აღემატება.
ამოცანა საკმაოდ რთულია. საუკეთესო ბიოდეგრადირებადი პროდუქტიც კი არ გაქრება ჯადოსნურად. რძის შემნახველი მყარი პლასტმასის ჭურჭელი ქაღალდივით ვერ დაიშლება. Polymateria-ს ერთ-ერთი საცდელი პროდუქტი – ყვავილის ქოთანი თხრილში რომ ჩააგდოთ, გასახრწნელად შეიძლება ორ წლამდე დრო დასჭირდეს. ზოგი კრიტიკოსის აზრით, ბიოდეგრადირებადი მასალა არ პასუხობს ფუნდამენტურ პრობლემას: ჩვენს „ერთჯერად“ კულტურას.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
ჟურნალის თანამშრომელმა ავტორმა ლორა პარკერმა და ფოტოგრაფმა რენდი ოლსონმა ბოლოს ერთად იმუშავეს სტატიაზე გაუჩინარების პირას მყოფ ოგალალას წყალშემცველი შრის შესახებ. სტატია 2016 წლის აგვისტოს გამოცემაში დაიბეჭდა.