
პლასტმასის აპოკალიფსი
მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მსუბუქი, გამძლე და იაფი მასალა უდიდეს ეკოლოგიურ პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო
პლასტმასამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება გარდაქმნა. ის დაახლოებით 150 წლის წინ გამოიგონეს, მასობრივად კი 1950-იანი წლებიდან იწარმოება. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მსუბუქი, გამძლე და იაფი მასალა უდიდეს ეკოლოგიურ პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო.
იცით, რომ არსებული პლასტმასის ნახევარი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში შეიქმნა; მსოფლიოში ტრილიონ პარკს მოიხმარენ ყოველწლიურად 15-წუთიანი საჭიროებისთვის და პოლიეთილენის სრულად გახრწნის ვადა 450 წლიდან უსასრულობამდე მერყეობს?
National Geographic-ი ამ თვეში წარმოგიდგენთ ჩვენი ავტორის, ლორა პარკერისა და ფოტოგრაფ რენდი ოლსონის სტატიას „პლასტმასა“. პარკერის თქმით, პლასტმასამ მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომი მოაგებინა: „გაამარტივა კოსმოსში მოგზაურობა, რევოლუცია მოახდინა მედიცინაში… ის გამოიყენება უსაფრთხოების ბალიშებში, ინკუბატორებში, ჩაფხუტებში… პლასტმასა სიცოცხლეს გვინარჩუნებს“. თუმცა, ოსლონის ფოტოები პლასტმასის იმ მოსალოდნელ აპოკალიფსს ასახავს, რომლის შემოქმედნიც თავადვე ვართ ადამიანები.
კლიმატის ცვლილებას ბევრი უარყოფს, თუმცა ოკეანის პლასტმასით დანაგვიანებას ყველა აღიარებს – დროა, ვიმოქმედოთ.
National Geographic-ს მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილის შეტანა სურს; ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მრავალწლიან კამპანიას – “პლანეტა თუ პლასტმასა?“ – რათა კარგად გავიაზროთ თუ რამხელა ზიანი ადგება დედამიწას პლასტმასის უპასუხისმგებლო გამოყენებით. ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ კამპანიაში, მიმდინარე თვიდან პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმა და ქაღალდის შეფუთვაზე გადასვლაა – ამგვარად თვეში მილიონობით პლასტმასას დავზოგავთ.
მხოლოდ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმა პლანეტას ვერ გადაარჩენს, თუმცა, თუკი ბევრი მოგვბაძავს, რეალური ცვლილებების მოხდენას შევძლებთ.