პლასტმასის მდინარე
განგი ინდოეთის წმინდა მდინარეა, თუმცა ის სამრეწველო ნარჩენის მთავარი წყაროცაა, რომელიც ოკეანეს აბინძურებს.


პლასტმასის მდინარე
განგი ინდოეთის წმინდა მდინარეა, თუმცა ის სამრეწველო ნარჩენის მთავარი წყაროცაა, რომელიც ოკეანეს აბინძურებს.
გასულ ათწლეულში მსოფლიო გამოფხიზლდა და ყურადღება მიაპყრო ოკეანეებს, სადაც სულ უფრო მეტი პლასტმასის ნარჩენი გროვდება. ამ მზარდი კრიზისის მოსაგვარებლად შევიმუშავეთ უთვალავი სტრატეგია, შემოქმედებითი მიდგომებიც ვცადეთ, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ივარაუდება, რომ 2040 წლისთვის ზღვაში ყოველწლიურად მცურავი პლასტმასის რაოდენობა თითქმის გასამმაგდება და 29 მილიონ ტონას მიაღწევს. აღნიშნული დროისთვის საშუალოდ 50 კილოგრამი პლასტმასის ნაგავი შეგვხვდება მსოფლიოს სანაპიროთა ყოველ მეტრზე.
მეცნიერთა გზავნილი ასე ჟღერს: ამ პრობლემის მოგვარება არ არის ძალიან დაგვიანებული, მაგრამ პატარა ნაბიჯების დრო წავიდა.
დღემდე კვლევათა უმეტესობა ფოკუსირდებოდა ოკეანეებში უკვე მოხვედრილ პლასტმასის ნარჩენებსა და მათ დამღუპველ საფრთხეზე, რომელსაც ველური ბუნების ფართო სპექტრს უქადიან: პლანქტონიდან თევზებამდე თუ კუებსა და ვეშაპებამდე. ჩვენთვის ნაკლებია ცნობილი იმ გზებზე, საიდანაც ეს ნარჩენი ხვდება ოკეანეებში, თუმცა ნათელია, რომ პლასტმასის გამტარ ძირითად არტერიებს წარმოადგენენ მდინარეები, განსაკუთრებით, აზიაში.
2019 წელს National Geographic Society-მ დააფინანსა ერთი ასეთი მდინარის, განგის საკვლევი ექსპედიცია. ის მიედინება ჩრდილოეთ ინდოეთსა და ბანგლადეშში – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ და მჭიდროდ დასახლებულ მდინარის აუზში. ექსპედიციაში მონაწილეობდა 40 მეცნიერი, ინჟინერი და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ ინდოეთს, ბანგლადეშს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ამ გუნდმა მდინარე განგის სრულ სიგრძეზე, სათავიდან ინდოეთის ოკეანემდე, ორჯერ იმოგზაურა – ერთხელ მუსონური წვიმების დაწყებამდე, მეორედ კი – წვიმების შემდგომ პერიოდში, როდესაც მდინარე საგრძნობლად დიდდება. განგის წყლისა და მიმდებარე მიწისა თუ ჰაერის ნიმუშების აღებით, ამასთან, 1400-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრების გამოკითხვით, მეცნიერთა გუნდი ცდილობდა გაერკვია, თუ საიდან, რატომ და რა ტიპის პლასტმასა ხვდება განგში – იქიდან კი ინდოეთის ოკეანეში.

„პრობლემას ვერ გადაჭრი, თუ არ იცი მისი არსი“, – ამბობს ჯენა ჯამბეკი, ჯორჯიის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი, რომელიც ზემოხსენებული ექსპედიციის თანახელმძღვანელია. სწორედ ჯამბეკს ეკუთვნოდა 2015 წელს გამოქვეყნებული ნოვატორული კვლევა და გაანგარიშება, რომ ოკეანეებში ყოველწლიურად საშუალოდ 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება. შედეგად, ზღვებში მცურავი პლასტმასა უმაღლესი კატეგორიის გარემოსდაცვით პრობლემად გადაიქცა. ექსპერტების უმეტესობის მსგავსად, ჯამბეკს მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა მდგომარეობს არა ოკეანის გაწმენდაში, არამედ პლასტმასის ნარჩენთა შემცირებასა და შეზღუდვაში ხმელეთზე, სადაც მისი დიდი ნაწილი წარმოიშობა.
ჯამბეკს ინდოეთის უძველეს ქალაქ პატნაში შევხვდი, რომელიც განგის სამხრეთ სანაპიროზეა გაშლილი. იგი ნელი ნაბიჯით, თავდახრილი მიუყვებოდა მაღაზიებისა თუ კაფეების რიგს. ჯამბეკი ითვლიდა ნაგვის თითოეულ გროვას და ეს ინფორმაცია შეჰყავდა მობილურის აპლიკაციაში, რომელიც იწერდა მათ ადგილმდებარეობას. პატნას – სწრაფად მზარდ ქალაქს 2 მილიონზე მეტი მოსახლით – მხოლოდ 2018 წლიდან ემსახურება მუნიციპალური ნაგვის მანქანები, რომლებიც თითოეულ სახლს შემოივლის. ამ ქალაქში დიდი ხნის პრობლემაა, ასევე, ნაგვის პირდაპირ ქუჩაში დაყრა.
98-დღიანი ექსპედიციისას ჯამბეკმა და მისმა გუნდმა განგის ნაპირზე მდებარე 18 ქალაქსა და სოფელში გამოყვეს ქუჩაში დაყრილი ნაგვის 146 ზოლი – თითოეული, დაახლოებით, კვარტლის სიგრძის. იქ მათ აღნუსხეს ნაგვის 89 691 გროვა და, ამასთან, კატალოგიზება გაუკეთეს იმ პროდუქტებს, რომლებიც იყიდებოდა ახლომახლო მაღაზიებში – ჯამბეკის თქმით, საჭიროა ვიცოდეთ, „რა ჟონავს სისტემიდან“ და რა – არა.
„ქუჩაში ნაგვის დაყრას აკრძალავ? გადასახადს შემოიღებ? რაიმე კიდევ სხვას ხომ არა? – კითხულობს იგი, – ან, ვთქვათ, თუ პოლიეთილენის პარკები აკრძალეთ, თქვენი აკრძალვა ქმედითია?“ – ჯამბეკი აღნიშნული პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზაზე მსჯელობს.
ინდოეთის ქუჩებში ჯამბეკმა პლასტმასის სამი უმთავრესი წყარო გამოავლინა – საკვების შესაფუთი მასალა, სიგარეტის ნამწვი, თამბაქოს პაკეტები. მათი 40% ატარებდა საერთაშორისო ბრენდების სახელებს, მათ შორის იმ კომპანიების სავაჭრო მარკებს, რომელთა სათავო ოფისიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია. კვლევის ფარგლებში ჯამბეკის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა, ასევე, მსგავს კომპანიათა ყურადღების მიპყრობა.

National Geographic-ის ექსპედიცია იკვლევს პლასტმასით განგის დაბინძურების მასშტაბს – და მის წყაროებს ხმელეთზე.
„ჩვენ გვჭირდება აქედან 8000 კილომეტრით დაშორებულ ამ ხალხთან ერთ სადისკუსიო მაგიდაზე დაჯდომა და მზაობა ცვლილებისთვის“, – მითხრა მან. კლიმატის ცვლილების მსგავსად, პლასტმასის ნარჩენი არის ნახშირწყალბადზე ჩვენი დამოკიდებულების გვერდითი ეფექტი – პლასტმასის უმეტესობა მზადდება ნავთობით ან ბუნებრივი აირით – და მისი ზეგავლენა თუ მოგვარების გზები ლოკალურიცაა და გლობალურიც.
განგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა, რომელსაც ინდუიზმის მილიარდამდე მიმდევარი ეთაყვანება, როგორც „მშობელ განგას“ – ცოცხალ ქალღმერთს სულის განწმენდის ძალებით. განგის სათავეები მდებარეობს განგოტრის მყინვარზე (დასავლეთ ჰიმალაებში, ტიბეტიდან სულ რამდენიმე კილომეტრში), საიდანაც მდინარე მთის ციცაბო კანიონებში ეშვება და ინდოეთის ნაყოფიერ ჩრდილოეთ ვაკეებისკენ მიიწევს. იქიდან ის აღმოსავლეთისკენ მიიკლაკნება სუბკონტინენტზე და გადადის ბანგლადეშში, გზად სულ უფრო მეტად ფართოვდება 10 მსხვილი შენაკადის „შთანთქმით“. მდინარე ბრაჰმაპუტრას რომ შეუერთდება, მალევე ჩაედინება ბენგალის ყურეში. ოკეანეში ჩამდინარე მტკნარი წყლის მოცულობით, განგი მსოფლიოს მესამე უდიდესი მდინარეა ამაზონისა და კონგოს შემდეგ. ის წყლით უზრუნველყოფს ინდოეთის 1,4-მილიარდიანი მოსახლეობის მეოთხედს, მთლიან ნეპალსა და ბანგლადეშის გარკვეულ ნაწილს.
განგი იმდენად საკრალურია, რომ მის წყალს დოქებით ეზიდებოდნენ დამპყრობელი არმიები თუ ტურისტები. XVII საუკუნის ვაჭრებს სჯეროდათ, რომ მისი წყალი ყველაზე უკეთ ძლებდა ხანგრძლივ საზღვაო მოგზაურობებში. ის აღმატებულად მიაჩნდა ევერესტის პირველ დამლაშქრავ ედმუნდ ჰილარისაც.
სამწუხაროდ, განგი ასევე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული მდინარეა – შებილწული იმ ასობით ქარხნის ტოქსიკური ჩამდინარე წყლებით, რომელთაგან ზოგიერთი ბრიტანეთის კოლონიური პერიოდიდანაც კი იღებს სათავეს. ყოველდღიურად ასობით მილიონი ლიტრი საკანალიზაციო წყლის გარდა, მდინარეში ქარხნებიდან ხვდება: დარიშხანი, ქრომი, ვერცხლისწყალი თუ სხვა მეტალები. პლასტმასის ნარჩენი მხოლოდ ბოლოდროინდელი დაბინძურების წყაროა.
და მაინც, მიუხედავად ამ ტოქსიკური ჩამდინარე წყლებისა თუ ფეკალური ბაქტერიებისა, ინდუიზმის მიმდევრებს მაინც ურყევად სწამთ განგის მითიური სიწმინდის – ხოლო ამგვარი დამოკიდებულება ართულებს მდინარის გასუფთავების ღონისძიებებს. სუდიპტა სენი გაიზარდა კოლკატაში და სამხრეთ აზიის ისტორიას ასწავლის კალიფორნიის უნივერსიტეტში. იგი 14 წლის განმავლობაში წერდა წიგნს სათაურით „განგი: ინდოეთის მდინარის ბევრი წარსული“. მუშაობისას სუდიპტა შეეჩეხა თანამედროვე განგის პარადოქსს – ასეთი თაყვანცემული და, ამავდროულად, ასე ძლიერ მოუვლელი.
„ამ მდინარეს ორი სახე აქვს“, – ამბობს სუდიპტა. „არსებობს ასეთი რწმენა, რომ განგს თვითგანწმენდის უნარი შესწევს და ჯადოსნურ თვისებებს ფლობს. თუ მდინარეს შეუძლია თავად გასუფთავდეს, მაშინ რატომ უნდა ვიღელვოთ მასზე?“

მსგავს შეხედულებებს განგი ამყარებს ზაფხულის მუსონური წვიმებისას, როდესაც ის, ადგილობრივთა თქმით, „ღელავს“. პატნაში, სადაც განგს რამდენიმე მსხვილი შენაკადი უერთდება და მნიშვნელოვნად ფართოვდება, მუსონური წვიმები მას გაშმაგებულ ნიაღვრად გადააქცევს, რომელიც რეგულარულად ტბორავს სასოფლო-სამეურნეო შტატ ბიჰარსა და მის დედაქალაქ პატნას.
ერთ დილით, National Geographic-ის ექსპედიციის წევრებთან ერთად, პატნადან განგის ჩრდილოეთ სანაპიროზე გადავედი და პატარა სოფლისკენ გავემართე, სადაც ფერმერები და მეთევზეები სახლობენ. ლურჯი ნეილონის გაცვეთილი სათევზაო ბადეები გროვებად ეწყო. გადაყრილი სათევზაო ბადეები პლასტმასით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა მდინარე განგზე – ის საფრთხეს უქმნის მდინარის დელფინს, კუებსა თუ წავებს.
ბოლოდროინდელი მუსონური წვიმების შემდეგ ადგილობრივთა გარკვეული ნაწილი სულ ახლახან მიბრუნებოდა სოფელს, რადგან დატბორვისას ევაკუირება მოუხდათ. ჩიფსის პარკები და სხვა ტიპის ნაგავი ყველგან მიმოფანტულიყო. სანაგვე ურნა არსად ჩანდა.
მე ჩამოვჯექი გჰატზე – მდინარისკენ ჩამავალ კიბეებზე – და ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც დილის რუტინულ საქმეებს ასრულებდნენ. ხუთი ქალი გჰატის ქვემო საფეხურთან იდგა და მღვრიე წყალში ტანისამოსს რეცხავდა წელში მოხრილი. რამდენიმე კაცი საბანაოდ მოვიდა. თითოეულმა ჯერ შამპუნი გამოცალა პლასტმასის პაკეტიდან, შემდეგ კი ის მდინარეში მოისროლა. როდესაც ბანაობა დაასრულეს, პეშვით წყალი აიღეს, ხელები მაღლა აღაპყრეს და კვლავ მდინარეში ჩაღვარეს პატივისცემის ნიშნად.
ახალი პლასტმასის წარმოებაზე რაოდენობრივი ზედა ზღვრის დაწესება კლიმატის კრიზისთან ბრძოლაშიც დაგვეხმარება.
კოლკატაში შევხვდი ყვავილების გამყიდველ გუტამ მუჰერჯის, რომელმაც მითხრა, ცოცხალი ყვავილების გაყიდვას წლების წინ შევეშვიო. ჩვენ ვიდექით აზიაში ყვავილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საბითუმო ბაზრის ცენტრში. მუჰერჯიმ უცებ ჩამომითვალა ის მიზეზები, თუ რატომ ურჩევნია ჩინეთიდან იმპორტირებული პლასტმასის ყვავილები ცოცხალ მცენარეებს: უფრო იაფია, ნამდვილს ჰგავს – და არ ჭკნება.
ინდოეთში პლასტმასის რევოლუცია იმდენად ახალი დაწყებულია, რომ მის აღსანიშნავად სიტყვაც კი არ არსებობს ჰინდიზე. 1990-იან წლებში პლასტმასის ინდუსტრიის სწრაფი გლობალური ზრდა ინდოეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციას დაემთხვა. პლასტმასის ხელმისაწვდომობამ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა არა მხოლოდ საშუალო ფენის ადამიანთათვის, არამედ ინდოეთის უღარიბესი კონტინგენტისთვისაც. პლასტმასის კონტეინერები, ჩანთები და შესაფუთები საკვებს უფრო დიდი ხნით ინახავდა. ფეხშიშველ ბავშვებს იაფფასიანი ფეხსაცმელები გაუჩნდათ, ხოლო ასევე იაფი სინთეტიკური ქსოვილი მათ ტანსაცმლითაც უზრუნველყოფდა.
თუმცა, მიუხედავად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა, პლასტმასის „რომანი“ მალევე დასრულდა. 1990-იანი წლები ჯერ მიღწეულიც არ იყო, რომ ინდოეთი პლასტმასის ნარჩენების ზღვაში ჩაიძირა. აღნიშნული მასალა ისეთი სისწრაფით გროვდებოდა, რომ ვერავითარი შემზღუდავი ღონისძიება ვერ უმკლავდებოდა.
აქედან მოყოლებული, პლასტმასის პრობლემა გასცდა ქალაქებს და ჩააღწია სასოფლო რაიონებსა თუ ბუნებრივ ნაკრძალებშიც, სადაც უამრავი სახეობა, ლეოპარდიდან მელიებსა თუ ფრინველებამდე, პლასტმასას ჭამდა. რაჯაჯის ეროვნული პარკის კიდეებზე სპილოებიც პლასტმასას მიირთმევენ ნაგავსაყრელებთან.
„ტყის მახლობლად არაერთი ადგილია, სადაც სოფლის მცხოვრებნი ნაგავს ყრიან, ველური ცხოველები კი მიდიან და ჭამენ“, – მითხრა ნაკრძალის რეინჯერმა მოჰამად იუსუფმა.
თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს ებრძვის, მთავარი პრობლემა შესაფუთი მასალაა, რომლის დიდი ნაწილიც გამოყენებისთანავე იყრება. გლობალურად, მას მიეწერება, ყოველწლიურად წარმოებული დაახლოებით 438 მილიონი ტონა პლასტმასის 36%. ინდოეთის პრობლემა უფრო მეტად შეეხება ნარჩენების არასათანადო შეგროვებას, ვიდრე პლასტმასის ინტენსიურ მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე. აშშ-ში ერთი ადამიანი საშუალოდ 130 კილოგრამ პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის წელიწადში – მსოფლიოს უმაღლესი მაჩვენებელი და ინდოეთის მონაცემზე – 20 კილოგრამი ერთ ადამიანზე – 6-ჯერ დიდი რაოდენობა. მაგრამ აშშ-ში ნაგვის შეგროვებისა და მართვის მეტ-ნაკლებად ფუნქციური სისტემაა.


(მარცხნივ) სიტა რამ საჰნი (მჯდომარე) და მისი ძმისშვილი პოზირებენ განგის სანაპიროზე. აქ საჰნის ოჯახი 50 წელზე მეტია თევზაობს. წინათ ბადეები ბამბისგან მზადდებოდა, ახლა კი ლურჯ ნეილონს – პლასტიკურ მასალას იყენებენ.
(მარჯვნივ) ნეილონის ბადეებს ჩვეულად იყენებენ განგზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სამდინარო თევზსარეწია. მდინარეში დაკარგულ და გადაგდებულ ბადეებში კი შეიძლება გაიხლართონ კუები, წავები თუ მდინარის დელფინები. დროთა განმავლობაში ეს ბადეები მიკროპლასტმასად იშლება.
ინდოეთში ნაგვის შეგროვების სისტემები ხშირად არაეფექტურად მუშაობს და ზოგიერთ ქალაქში საერთოდაც არ გვხვდება. აღნიშნული სიტუაცია კიდევ უფრო დამთრგუნველია სასოფლო რაიონებში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს. ბიჰარის შტატში, რომლის მოსახლეობაც 129 მილიონს აღწევს, პლასტმასის ნარჩენებს წვავენ ან უსისტემოდ ყრიან შემთხვევით ადგილებში, სადაც მას დაუდევრად მიირთმევენ საკვების მაძიებელი ძროხები თუ სხვა ცხოველები. ზოგჯერ პლასტმასის ნარჩენები გადააქვთ ნარიყი ქვიშის კუნძულებზეც, რომ განგს გაატანონ ადიდების სეზონზე.
ჰეზერ კოლდუეი, ზღვებისა და მტკნარი წყლის შემსწავლელი მეცნიერი ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებაში და ზემოხსენებული ექსპედიციის თანახელმძღვანელი ამბობს, რომ განგზე მოგზაურობისას მან უკეთ გაიაზრა ამ მდინარის ძალა – გადარეცხოს ნაგავი. ერთი მუნიციპალური სანაგვე, რომელიც მეცნიერთა გუნდმა მოინახულა, იმდენად ახლოს მდებარეობდა მდინარის ნაპირთან, რომ მისი ნაგვის გარკვეულ ნაწილს განგი პირდაპირ შთანთქავდა ყოველი მუსონური სეზონისას.
„საქალაქო დასახლებებსა თუ უფრო მცირე ტერიტორიულ ერთეულებში ნარჩენების მართვა საერთოდ არ არსებობდა…“, – მეუბნებოდა კოლდუეი. „ფაქტი არის ის, რომ ნარჩენების მართვის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა თავად ეს მდინარეა. ხალხი ნაგავს აწყობს განგის მშრალ არხებში და იცის, ამ ყველაფერს მდინარე წაიღებს.
„ეს არ გახლავთ მარტივი მოსაგვარებელი. თუ თქვენ მდინარის ნაცვლად გამოიყენებთ ნარჩენების მართვის სისტემას, ხარჯები მკვეთრად გაგეზრდებათ“.
ამის ნაცვლად, ხომ არ ჯობია თავად მდინარიდან ამოვიღოთ ნარჩენები?
მეცნიერთა კომპლექსურმა კვლევამ უჩვენა, რომ საჭიროა ათასზე მეტი მდინარის გაწმენდა ზღვაში მოხვედრილი ნარჩენების 80%-ით შესამცირებლად.
მიუხედავად ამისა, აზიაში, აფრიკასა და ამერიკის ორივე კონტინენტზე მდინარის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გარკვეულ შედეგებსაც აღწევს. Mr. Trash Wheel (მისტერ ნაგვის ბორბალი) ნაგვის ამომღები ბარჟაა, რომელიც ბალტიმორის ინერ-ჰარბორში მუშაობს 2014 წლიდან, მაგრამ მდინარის ყველაზე ამბიციური გამწმენდი 27 წლის ბოიან სლატი გახლავთ, ნიდერლანდური არაკომერციული ორგანიზაცია Ocean Cleanup-ის დამფუძნებელი.
ბავშვობისას ბოიანმა განაცხადა თავისი დიადი გეგმის შესახებ: მას უნდა გაეწმინდა „დიდი წყნაროკეანური ნაგვის ლაქა“ – ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში წრიულად მოძრავი ნაგვის მასა. ბოიანმა მოიზიდა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია და წყალში ჩაუშვა თავისი მახვილგონივრული მოწყობილობა: 600 მეტრი სიგრძის U-ფორმის აპარატი, რომელიც ნარჩენებს „ქაფივით ხდის“ ზედაპირული წყლებიდან.
იაფი პლასტმასით ცხოვრება გამარტივდა, მაგრამ მისი ნარჩენის გროვებს ვერაფრით უმკლავდებოდა ინდოეთი.
შემდეგ, დროთა განმავლობაში, სლატი გადაერთო მდინარეებზე. მისმა ორგანიზაციამ დააფინანსა ერთი ახალი კვლევა, რომელიც უჩვენებდა, თუ რამდენი მდინარე წარმოადგენდა პლასტმასით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს. 2019 წელს მან გაუშვა მზის ენერგიაზე მომუშავე ბარჟა და განაცხადა, რომ გეგმავდა ყველაზე დაბინძურებული ათასი მდინარის გაწმენდას 5-წლიან პერიოდში. პანდემიამ სამუშაო შეაფერხა; ამ დრომდე ბოიანის „დამჭერები“ ოპერირებენ ინდონეზიაში, მალაიზიაში, ვიეტნამსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში. აღნიშნულმა ბარჟამ და წყნარ ოკეანეში მომუშავე აპარატმა ერთობლივად შეაგროვეს 1 მილიონ კილოგრამზე მეტი ნაგავი.
სლატი ფიქრობს, რომ პლასტმასის „ქაფივით მოხდა“ ვერ იმუშავებს კონტინენტური მსხვილი მდინარეების შემთხვევაში, მათ შორის, განგთან მიმართებით.

„ნარჩენთა მართვის ინფრა-სტრუქტურა თავად ეს მდინარეა… რაც რთული გამოსასწო-რებელია“.
ჰეზერ კოლდუეი, National Geographic-ის ექსპედიციის თანახელმძღვანელი
„განგი ძალიან ფართოა, ხოლო ნაგავი – გაფანტული“, – ამბობს იგი. უკეთეს სტრატეგიად მას განგის მომცრო შენაკადებზე კონცენტრირება მიაჩნია.
ინდოეთიდან რომ დავბრუნდი, ჯონ კელეტი, Mr. Trash Wheel-ის გამომგონებელი მოვინახულე. იმ დროს იგი თავის მეოთხე „ნაგვის ბორბალზე“ ასრულებდა მუშაობას. ამ ოთხი მოწყობილობით შეგროვდა 1,6 მილიონი კილოგრამი ნაგავი და მკვეთრად გარდაიქმნა ნავსადგურის იერსახე, მაგრამ კელეტი სკეპტიკურად უყურებდა გლობალურ ძალისხმევებს.
„მე არ ვფიქრობ, რომ თითო ჯერზე თითო მდინარის გასუფთავებით ოდესმე ოკეანეს გავწმენდთ. ამ ყველაფერს თან უნდა ერთვოდეს პოლიტიკისა და ქცევის ცვლილება“, – აღნიშნავს იგი.
ინდოეთში ნარჩენების შეგროვება კიდევ უფრო დისფუნქციურ სახეს შეიძენდა, ამ პროცესებში „არაოფიციალური სექტორი“ რომ არ მონაწილეობდეს: დამოუკიდებელი ოპერატორების მთელი არმია, რომლებიც პლასტმასის ნარჩენებს კარდაკარ აგროვებენ და გადასამუშავებლად ყიდიან; იქვე არიან ნარჩენების ამკრეფები, ქუჩებსა და ნაგავსაყრელებში რომ იქექებიან.
ეს მუშაკები, დაახლოებით, 1,5 მილიონი ადამიანი, ერთი მიზეზია, რატომაც ვერ ნახავთ ბევრ პლასტმასის ბოთლს ინდოეთის ქუჩებში – ბოთლები ყველაზე ძვირფასი გადასამუშავებელი რესურსია. პლასტმასა შეადგენს ნარჩენის ამკრეფთა შემოსავლის დაახლოებით ნახევარს, ხოლო პოლიეთილენტერეფთალატის (PET) ბოთლებს მიეწერება შეგროვებული პლასტმასის ნახევარი, მეუბნება ბჰატარი ჩატურვერდი, ნარჩენების ამკრეფთა მხარდამჭერი არაკომერციული ორგანიზაცია „ჩინტანის“ დირექტორი.
ეს „არაოფიციალური სექტორი“ ასევე დიდწილადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინდოეთში გადამუშავების მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 60%-ს შეადგენს, მაგრამ ფულს ვერ იშოვით არაგადამუშავებადი ნივთებით და, ამგვარად, ცელოფნის პარკები, საკვების შესაფუთები თუ თამბაქოს პაკეტები ინდოეთის ქუჩებს ანაგვიანებს და განგში ჩაირეცხება.
შარშან ოქტომბერში პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, დაიწყო თავისი კამპანიის, „სუფთა ინდოეთის“ მეორე ფაზა. პირველი ფაზის ფარგლებში მოეწყო 90 მილიონამდე საპირფარეშო ღია დეფეკაციის დასასრულებლად. მეორე ფაზის ერთ-ერთი მიზანი ქალაქების ნაგვისგან გაწმენდაა. მოდის მთავრობა აშენებს ნარჩენების დაწვით მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს. ინდოეთში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება ასევე აკრძალვა ერთჯერადი პლასტმასის წარმოებასა და გამოყენებაზე. აღნიშნული აკრძალვა უნდა ამოქმედდეს მიმდინარე წლის ივლისიდან.


(მარცხნივ) ეს ქალაქ ჰარდვარის ჩანდის გჰატებია. განგის აუზში მსგავს კიბეებს იყენებენ მდინარისკენ ჩასასვლელად და განსაბანად. ინდუსების რწმენა, რომ განგს შესწევს განწმენდის უნარი, აქ მილიონობით პილიგრიმს იზიდავს ყოველწლიურად – მათ შორის, პანდემიისას.
(მარჯვნივ) ჰარდვარში სვამი სარასვატი ბანაობს განგში. იგი უძღვება ამბიციურ კამპანიას, რათა ეს მდინარე სამთო მრეწველობის, კაშხლებისა თუ დაბინძურებისგან დაიცვას. აქ პლასტმასის ნარჩენი მხოლოდ ერთ-ერთი დამაბინძურებელია.
თუმცა, ინდოეთში ზოგჯერ დიდი „უფსკრულია“ ერთი მხრივ ამბიციურ ეროვნულ კანონმდებლობასა და მეორე მხრივ მის რეალურ განხორციელებაში. არსებული რეგულაციები „განსაცვიფრებელია, ის ყველაფერს მოიცავს, რაც კი ოდესმე შეიძლება ისურვოთ, – ამბობს რობინ ჯეფრი, „ქვეყნის ნარჩენის“ კვლევის თანაავტორი, – ოღონდ, ამ ქვეყანაში ახლოსაც კი ვერავინ მიდის აღნიშნული რეგულაციების დაცვასთან“. ინდოეთი უკვე 35 წელიწადზე მეტია, ცდილობს ბინძური ჩამდინარე წყლები შეზღუდოს განგში – თუმცა, დღემდე, სულ მცირე წარმატებით.
პანდემიამ შეაფერხა სამთავრობო ნაბიჯები. მან გამოიწვია, ასევე, პლასტმასის ნარჩენის მკვეთრი ზრდა როგორც აქ, ისე გლობალურად, რადგან „ლოკდაუნის“ პირობებში ხალხი უფრო ხშირად იძახებდა საკვებს – თავისი პლასტმასის კონტეინერებით.
„პოსტპანდემიური სამოქალაქო საზოგადოება უკეთ გაიაზრებს პლასტმასის როლს კაცობრიობის გადარჩენის საქმეში“, – ამბობს დიპაკ ბალანი, „ინდოეთის პლასტმასის მწარმოებელთა“ ასოციაციის გენერალური დირექტორი. „ამავე დროს, ადამიანთა ცნობიერებაც საკმაოდ ამაღლდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზემოქმედებს დანაგვიანება გარემოზე“. ბალანის გუნდი ამჯობინებს გადამუშავებას და ეწინააღმდეგება აკრძალვებს – ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომით ხალხი კარგავს სამსახურს; და მთავარი პრობლემა გახლავთ არა თავად ერთჯერადი პლასტმასის ნივთები, არამედ ადამიანთა ქცევა, რომლის შედეგადაც ისინი ქუჩაში ხვდება.
2016 წლიდან ინდოეთის მთავრობა მუშაობდა ახალ რეგულაციებზე, რომლებიც პლასტმასის შეფუთვების მწარმოებლებისგან თავიანთ ერთჯერად პროდუქტთა გადამუშავების ხარჯების საკუთარ თავზე აღებას მოითხოვდა. მსგავსი რეგულაციები, რომელიც ცნობილია „მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობის“ (EPR) სახელით, ევროკავშირს დაეხმარა, შეემცირებინა პლასტმასის ნარჩენები 1990-იან წლებში.
ამასობაში, ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე პლასტმასის ნარჩენის რაოდენობა კვლავ იზრდება. პროგნოზი, რომ მისი მოცულობა გასამმაგდება 2040 წლისთვის, ეყრდნობა Pew Charitable Trusts-ისა და ლონდონში დაფუძნებული გარემოსდაცვითი და საინვესტიციო კომპანია Systemiq-ის ანგარიშს. ყველა ეს რეგულაცია, რომელთა შესახებაც ვისმენთ ხოლმე, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც მხოლოდ მცირედით შეკვეცავს პლასტმასის ბიზნესს, ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში; პლასტმასის ნარჩენთა პრობლემის მოგვარებას დასჭირდება ყველა ზემოხსენებული რეგულაცია, მაგრამ ასევე აუცილებელია, მთავრობებმა ფუნდამენტურად შეცვალონ აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი ეკონომიკური სტიმულები. ამასთან, თუ ჩვენ არ გვსურს, რომ პლასტმასის ნარჩენები გაორმაგდეს ან გასამმაგდეს ოკეანეში, პირველ რიგში პლასტმასის წარმოება არ უნდა გავაორმაგოთ ხმელეთზე – რასაც გეგმავს კიდეც ეს ინდუსტრია ჩვეულ რიტმში მუშაობის შემთხვევაში.


(მარცხნივ) ქალაქი პატნა განგის აუზის პრობლემას წარმოაჩენს: ნაგვის შეგროვების არასათანადო სისტემის შედეგად პლასტმასას ყრიან ისეთ ადგილებში, რომელთაც მუსონური წვიმები გადარეცხავენ მდინარისკენ.
(მარჯვნივ) ქალაქ რიშიკეშში ქალი ახარისხებს პლასტმასის ნარჩენს – განსაკუთრებით ეძებს ბოთლებს, რომელთა გადამუშავებაც მარტივად შეიძლება ტანსაცმლის დასამზადებლად. ნარჩენების ამკრეფთა წყალობით, ინდოეთში პლასტმასის გადამუშავების პროცენტულობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, მაგრამ პლასტმასის ნაგვის უმეტესობას ღირებულება არ გააჩნია.
2021 წლის დეკემბერში მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ აშშ-ის მთავრობას შესთავაზა ეროვნული სტრატეგიის შემუშავება პლასტმასის ნარჩენის შესამცირებლად – ისეთი მიდგომა, რომელიც რაოდენობრივ ზედა ზღვარს დააწესებდა ახალი პლასტმასის წარმოებაზე. ამგვარი ზედა ზღვარი დაეხმარებოდა კლიმატურ კრიზისსაც; პლასტმასის ინდუსტრიას მიეწერება ნავთობის გლობალური მოხმარების დაახლოებით 6%. ეს ორი კრიზისი ურთიერთგადაჯაჭვულია.
ინდოეთშიც ასევე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნები, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი და კომპლექსური ქმედებები. ბრაჯეშ კუმარ დუბეი, გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მეუბნება, რომ National Geographic-ის ექსპედიციასთან ერთად განგის აუზში მოგზაურობისას იგი გააოცა „ადამიანთა პატარა კუნძულების“ ასეთი სიმრავლით ხილვამ, რომლებიც მუშაობდნენ გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
„თუ ვინმე მოახერხებს, რომ ადამიანთა ყველა ამ კუნძულს თავი მოუყაროს, ჩვენ უფრო ბევრს მივაღწევთ და ბევრად უკეთესადაც მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ქცევა შეიცვლება“, – ამბობს დუბეი.
განსხვავებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა, მდინარის აუზის პლასტმასისგან გაწმენდა პირდაპირ და ხილულ სარგებელს მოიტანს, მაგრამ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მსგავსად, ეს ჭიდილი, ზოგჯერ, სიზიფეს შრომას ემსგავსება – და, ამავე დროს, არსებით მნიშვნელობასაც იძენს, თუ არ გვსურს, რომ დედამიწაზე შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს.

აზიაში, აფრიკასა და ამერიკის კონტინენტებზე მდინარეებს წმენდენ, მაგრამ განგი ძალიან ფართოა და ნაგავიც – გაფანტული.
ინდოეთში მოგზაურობის დასასრულს კუნძულ საგარზე გავემგზავრე – განგის დელტის დაბოლოებისკენ, ბენგალის ყურეში. ინდოელები მდინარის შესართავს განსაკუთრებულ სპირიტუალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყოველ იანვარში საგარზე ათასობით პილიგრიმი ჩადის, რათა განიბანოს იმ წყლებში, სადაც „მშობელი განგა“ ზღვას ეგებება.
ამ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ წვერზე სანაპირო ნაგვისგან თავისუფალი დამხვდა. განგს სათანადოდ შეესრულებინა თავისი „მუსონური წმენდა“. გავუყევი სანაპიროს, ჩავუარე რამდენიმე პილიგრიმს, ძროხების მომცრო ნახირსა და დაკრძალვას, სადაც ფერფლს მიმოფანტავდნენ წყალში; ამ სურათმა დამაფიქრა ყველა სხვა საჩუქარზეც, რასაც განგი უძღვნის საგარს.
კოლდუეის გუნდის გაანგარიშებით, გარდა ნაგვის ხილული „გატანისა“, მუსონური წვიმები დღეში 3 მილიარდ მიკრობოჭკოს გადარეცხავენ მდინარის მთავარი არხიდან ბენგალის ყურისკენ. იქ, ოკეანეში, ისინი უერთდებიან პლასტმასის უთვალავ პაწაწინა ფრაგმენტს, რომელთა საზიანო გავლენის შესწავლას მხოლოდ ახლა ვიწყებთ.
ჩვენი ექსპედიციისას ჩავატარეთ ცდა სახელწოდებით „წერილი ბოთლში“: 25 ბოთლისგან შემდგარი „ფლოტი“ აღვჭურვეთ ელექტრონული საძიებო გადამცემებით; ვცდილობდით გაგვეგო, როგორ მოძრაობს პლასტმასა მდინარეებსა და მათ შესართავებში. აქედან სამი ბოთლი ჩავუშვით განგის დელტასთან – ბანგლადეშში. ზღვის წყლებში პლასტმასა მოძრაობს მარტივად და ასობით კილომეტრს ფარავს სულ რამდენიმე კვირაში. მცირე ხანში სამივე ბოთლი გასცდა კუნძულ საგარს. ახლა ისინი აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპირო დინებას მიჰყვებიან – დანიშნულების ადგილი უცნობია.
ლორა პარკერის 2018 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ ოკეანის პლასტმასაზე, სკრიპს ჰოვარდის ჯილდო მიიღო. ფოტოგრაფი სარა ჰილტონი ცხოვრობს მუმბაიში, სადაც აშუქებს გენდერის, მკვიდრი ხალხებისა და გარემოსდაცვით საკითხებს.