
პოპულარობის კონკურსი სახეობებს შორის
ველური ბუნების დაცვისაკენ მიმართული დაფინანსება ფოკუსირებულია ქარიზმატული სახეობების კონსერვაციაზე. მგონი, დროა, გადავხედოთ ამ მიდგომას.
დააკვირდით ამერიკულ მესაფლავე ხოჭოს. მწერების სამყაროს სვავი, ეს ხოჭო ფართოდ იყო გავრცელებული 35 შტატში და ასუფთავებდა გარემოს ლეშისგან. დღეს ის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ გადაშენების პირას მყოფ სახეობადაა მიჩნეული. ჰაბიტატის დაკარგვის, პესტიციდებისა და სინათლით დაბინძურების გამო ნარჩენების ეს ბუნებრივი გადამამუშავებელი მხოლოდ ოთხ იზოლირებულ პოპულაციად არის შემორჩენილი.
ვეფხვის მსგავსად, მას ნარინჯისფერი და შავი ზოლები აქვს; ვეფხვის მსგავსად, მისი პოპულაციაც მცირდება. ვეფხვი სახეობათა დაცვის სიმბოლოა, ხოლო ლეშიჭამია ხოჭოს შესახებ ადამიანების უმრავლესობას არაფერი სმენია.
აღნიშნული შეუსაბამობა „ფლაგმანი” სახეობების “ბატონობის” მაგალითია, ქარიზმატული სახეობებისა, რომლებსაც კონსერვაციისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გასაღვივებლად იყენებენ. ფლაგმანთა უმრავლესობა ძუძუმწოვართა მხოლოდ სამ ჯგუფს – პრიმატებს, მტაცებლებს, ან ჩლიქოსნებს ეკუთვნის. ადამიანები მეტ კავშირსა და მსგავსებას პოულობენ ტანად დიდ, წინ მომზირალ ცხოველებთან. როგორც ჰიუ პოსინგჰემმა, ავსტრალიის ქვინსლენდის შტატის წამყვანმა მეცნიერმა, თქვა, „რთულია თვალებში ჩახედო მცენარეს”.
მე, როგორც ველური ბუნების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, ყოველთვის მეტ ყურადღებას ვუთმობდი ჩრდილში მოქცეულ სახეობებს, თუმცა ბევრი არ იზიარებს ჩემს მოსაზრებას. არაკომერციული ორგანიზაციების სახსრები ძირითადად ე. წ. “პოპულარული” სახეობების დაცვას ხმარდება – ადამიანის მსგავსი მაიმუნების, სპილოების, დიდი კატების, მარტორქებისა და დიდი პანდების. ვეფხვები ხშირად ლიდერობენ პოპულარობით საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. მხოლოდ ინდოეთში მათი დაცვისთვის 2019 წელს 49 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ამავე დროს, თევზების, ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და ფრინველების მრავალი ნაკლებად ცნობილი სახეობა ყველასგან მივიწყებული ქრება. მაგალითისთვის, ფილიპინური ნიანგის პოპულაცია კატასტროფულ რიცხვამდე – 100 ინდივიდამდეა შემცირებული, ზღვის ანგელოზი კი, რომელიც ოდესღაც ევროპულ წყლებში ფართოდ იყო გავრცელებული, ჩრდილოეთის ზღვიდან გაქრა. მცენარეები და უხერხემლოები კიდევ უფრო დაბლა მოთავსდნენ პოპულარობის სკალაზე; ჩრდილოეთ ამერიკაში მტკნარი წყლის ორსაგდულიანი მოლუსკი შეიძლება უკვე გადაშენების გზაზეა. მსოფლიო მასშტაბით 35 500-ზე მეტი მცენარე და ცხოველი გაქრობის პირასაა.
ეს დილემის წინაშე გვაყენებს. აშშ-ის ფედერალური კონსერვაციული სამსახურები საჭირო სახსრების მეოთხედზე ნაკლებს იღებენ. იგივე ითქმის ფილანთროპიაზე: 2019 წელს აშშ-ში ქველმოქმედების მხოლოდ 3% დაეთმო ცხოველებისა და გარემოს დაცვას. შეზღუდული სახსრებით როგორ გადავწყვიტოთ, რომელმა სახეობამ უნდა იცოცხლოს და რომელი გაქრეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რბილად რომ ვთქვათ, რთულია. ეს შეიძლება ცხოველის გადარჩენის შანსებზე იყოს დამოკიდებული; იმაზე, თუ რამდენად სჭირდება ის ეკონომიკას, როგორც ატლანტიკური ორაგულის შემთხვევაშია, გადაწყვეტილების მიმღებთა პირად განწყობასა და, ხშირად, პოლიტიკაზე.
ერთი შესაძლო გამოსავალი საკონსერვაციო ტრიაჟის იდეაა: ექსპერტებმა სწრაფად უნდა გადაწყვიტონ, რომელი სახეობის გადარჩენა შეიძლება და რომლის – არა. 1980-იან წლებში, როდესაც კალიფორნიული სვავის რაოდენობა 22 ინდივიდამდე დაეცა, ცხარე კამათი გაჩაღდა, ღირდა თუ არა მისი მოშენებისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა. გადარჩენის აზრმა გაიმარჯვა და დღეს 500-ზე მეტი ფრინველი – ლეშისმჭამელი სანიტარი – ზრუნავს თავიანთი ჰაბიტატის სისუფთავეზე. ითვლება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
სხვა შემთხვევებში, გადაწყვეტილებების გაუცნობიერებელ მიღებას რესურსების უყაირათო ხარჯვასთან მივყავართ, აცხადებს ლეა გერბერი, არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერი.
აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სამსახური ამაოდ ხარჯავს წელიწადში 4 მილიონ დოლარზე მეტს ჩრდილოეთის ლაქებიანი ბუს გადასარჩენად, რადგან მისი პოპულაცია არ იზრდება, ამბობს გერბერი. მეორე მხრივ, Coryphantha ramillosa-ს, ტეხასის შტატის კაქტუსის საფრთხეში მყოფი სახეობის აღსადგენად, მხოლოდ 140 000 დოლარი იხარჯება წელიწადში და კიდევ რამდენიმე ათეული ათასის ინვესტირებით შესაძლებელი იქნებოდა მისი გადარჩენა.
ამიტომ, გერბერმა და სხვა კონსერვაციონისტებმა ანალიტიკური მეთოდი შეიმუშავეს საკითხისადმი პრაგმატული მიდგომის წასახალისებლად. აშშ-ში ახლა იყენებენ „ზურგჩანთის მეთოდს” – შთაგონებულს მოლაშქრის მიერ ღირებული ნივთების მცირე სივრცეში მოთავსების აუცილებლობით – განსაზღვრული თანხით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, აცხადებს გერბერი. ამ მეთოდის ალგორითმი საზღვრავს კონსერვაციის ყველაზე ეფექტურ სტრატეგიებს სახეობის გადასარჩენად საჭირო თანხებისა და გადაშენების ალბათობის გათვალისწინებით.
პოსინგჰემმაც მსგავსი მეთოდი შეიმუშავა. მას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობები იყენებენ. ის ამცირებს ზეწოლას ყურადღების გადატანით ხარჯების ეფექტურობაზე, მეცნიერი ამბობს: „ასეთ მიდგომას ბრინჯის, კარტოფილის თუ ხორცის ყიდვისას ვიყენებთ. ეს უბრალოდ საღი აზრია”.
სხვა მიდგომა სახეობებს მათი უნიკალურობის მიხედვით ახარისხებს. EDGE (ევოლუციურად გამორჩეულ და გლობალურ საფრთხეში მყოფ) სახეობებს ცოტა ახლო ნათესავი ჰყავთ და ზოგჯერ ერთპიროვნულად წარმოადგენენ ევოლუციური განვითარების განსაკუთრებულ შტოს. EDGE სახეობათა დაკარგვას, როგორებიცაა მადაგასკარული ხელფეხა (აი-აი), ავსტრალიური ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია, აფრიკული ვეშაპთავა ყანჩა, ან ჩინური გიგანტური სალამანდრა, შეუძლია გაანადგუროს „სიცოცხლის ხისათვის სასარგებლო საწყობი, რომელიც ჯერ არც კი გამოგვიკვლევია”, – ამბობს ნიშა ოუენი გაერთიანებული სამეფოს არაკომერციული ორგანიზაციიდან On the EDGE Conservation. მაგალითისთვის, კრიტიკულ საფრთხეში მყოფ აქსოლოტლს, მექსიკის ბინადარ სალამანდრას, რეგენერაციული თვისებები აქვს, რომლებსაც მედიცინის წინ წაწევა შეუძლიათ.
ოუენის შეხედულებით, ტრიაჟის მოდელი სვამს შეკითხვას, ვის შეიძლება შეველიოთ, EDGE-ის მოდელი კი უფრო ოპტიმისტურად კითხულობს, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მოდელი სახეობებს ანიჭებს ქულებს ევოლუციური განსაკუთრებულობისა და გლობალური საფრთხის მიხედვით. დღეს 100-დან 90 ყველაზე პრიორიტეტულ სახეობას მეტი ყურადღება სჭირდება, აცხადებს ოუენი.
ზოგის აზრით, კონსერვაცია მთელ ეკოსისტემებს უნდა შეეხოს და არა კონკრეტულ სახეობებს. სხვები „ქოლგის მეთოდს” ემხრობიან – „გამოჩენილი” სახეობების ჰაბიტატის დაცვა სხვა, უფრო მცირე სახეობებსაც დაიფარავს.
თუმცა, ეს მიდგომა ყველა შემთხვევაში არ ამართლებს. ავიღოთ ყველასთვის საყვარელი დიდი პანდა. ეროვნული სიმბოლოს დასაცავად ამოდენა რესურსის გაღებით ჩინეთმა, ნაწილობრივ, პანდის ჰაბიტატის სხვა მაცხოვრებლებიც დაიცვა, როგორებიცაა ლედი ამჰერსტის ხოხობი და როქსოლანას რინოპითეკი, აცხადებს კონსერვაციონისტი სტიუარტ პიმი.
მეორე მხრივ, საფრთხეში მყოფ მეწამულ ბაყაყს, რომლის არეალი ბენგალური ვეფხვისას ემთხვევა, დიდი მეზობლის გადასარჩენად მიმართული ძალისხმევა თითქმის არაფრით დაეხმარა, რადგან მისთვის აუცილებელი პირობები – გზებისგან თავისუფალი და სწრაფი ნაკადულებით გაჯერებული ტერიტორია, ვეფხვის საჭიროებებისგან განსხვავდება.
პიმი ასევე გვაფრთხილებს: კარგად დაგეგმილი, ერთი შეხედვით რაციონალური ზომებიც კი შეიძლება უნაკლო არ იყოს და იძლეოდეს „საბაბს კონსერვაციის შესახებ რთული არჩევანის გაკეთებისგან თავის არიდებისა”. მხოლოდ მშრალ მონაცემებზე დაყრდნობამ სამთავრობო სამსახურებს შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს გარკვეული სახეობების გასაწირად და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც კი.
ვფიქრობ, უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ქარიზმის შეფასება სუბიექტურია. ამ შემთხვევაში, განა არ უნდა გავაფართოვოთ იმ ცხოველთა სია, რომლებიც მიმზიდველნი, ან, თუნდაც, მშვენიერები არიან? კენტის უნივერსიტეტის კონსერვაციონისტი ბობ სმითი ამბობს, რომ უნდა გავაფართოვოთ, „კონკია” სახეობების დამატებით. ეს სახეობები ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში ინტერნეტძიების მონაცემების მიხედვით, თუმცა მათ ფლაგმანის სტატუსი ხშირად არ აქვთ. ასეთებია: ფილიპინური კამეჩი, აფრიკული გარეული ვირი, კოზუმელის ენოტი და ბევრი სხვა. სმითი დარწმუნებულია, რომ “ნაკლებად ცნობილ და ნაკლებად მიმზიდველ სახეობებსაც შეუძლიათ იყონ კარგი ფლაგმანები”.
ახალ კვლევაში სმითმა საპოსტერე ცხოველების შესახებ კიდევ ერთი მითი გააქარწყლა: ისინი ვერ ახერხებენ სახეობებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და საფრთხეში მყოფი ადგილების რეკლამირებას. მისი პრიორიტეტიზაციის მოდელი გვიჩვენებს, რომ კონსერვაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხელი წერტილები 500-მდე “ფლაგმანი” და “კონკია” ძუძუმწოვრის, ფრინველის და რეპტილიის სახლია. ამ ცხოველებისადმი მეტი ყურადღების მიპყრობა დაფინანსებას გაზრდის და საზოგადოებრივ კამპანიებს გაააქტიურებს. თუმცა, მოდით, შევთანხმდეთ: ვეფხვისა და დიდი პანდის გულშემატკივრობაც კარგია. „ამ საქმეს იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ ეს სახეობები მომწონდა, – აცხადებს სმითი, – ეს ბუნებრივია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს სხვა სახეობების სიყვარულიც შთავაგონოთ”.
კრისტინ დელამორე National Geographic-ის ვეტერანი რედაქტორი და ავტორია. იგი ველური ბუნების საკითხებს აშუქებს და ნაკლებად „საყვარელი“ და დაფასებული ცხოველების თვითგამოცხადებული ქომაგია.
რომელი სახეობის გადარჩენა შეგვიძლია?
შესაძლოა, არ გვხიბლავენ ბუთქუნა თათებით და ლეკვის თვალებით, თუმცა, ბევრი ნაკლებად ფოტოგენური ცხოველიც იმსახურებს ცოტაოდენ სიყვარულს. მსოფლიომ უნდა გაიაზროს მათი ღირებულება და მხოლოდ „მაგარ სახეობებზე არ ხარჯოს ფული“, – ამბობს კონსერვაციონისტი ბობ სმითი. – კ.დ.

მადაგასკარზე აი-აის, თვალდაჭყეტილ, ბრჭყალებიან ლემურს, ზოგი უბედურების მომასწავებელს ეძახის, თუმცა ეს მეღამური პრიმატი მავნებლებისგან ათავისუფლებს ხეებს და ტყის სიჯანსაღეს აუმჯობესებს.
ფოტო გადაღებულია ჩრდ. კაროლინაში

კრიტიკულ საფრთხეში მყოფი ჯუჯა კამეჩი, ტამარაუ ფილიპინების კუნძულ მინდოროს მხოლოდ ერთ მთიან რეგიონში შემორჩა. მეცნიერების აზრით, მას „ფლაგმანი“ სახეობის პოტენციალი აქვს თავისი უნიკალური გარეგნობისა და იშვიათობის წყალობით.
ფოტო გადაღებულია ფილიპინებში

ტასმანიური მგლის ნათესავი, ციყვის მსგავსი ჭიანჭველაჭამია ერთ-ერთია 70-ზე მეტ ჩანთოსან მტაცებელს შორის. ის თავისი ჩვეული არეალის 99%-ზე გამქრალია.
ფოტო გადაღებულია ავსტრალიაში

ჩრდილოეთ ამერიკის ხმელეთის უდიდესი ფრინველი სამმეტრიანი ფრთების შლილით, კალიფორნიული სვავი კვლავაც კრიტიკულ საფრთხეშია. სახეობის გადასარჩენად მეცნიერებმა ტყვეობაში გამრავლებული სვავები კალიფორნიის, იუტის და არიზონის შტატებში გაუშვეს.
ფოტო გადაღებულია არიზონაში

National Geographic-ის მკვლევარი და ფოტოგრაფი ჯოელ სარტორე მრავალწლიანი პროექტის, National Geographic Photo Ark-ის დამაარსებელია, რომელიც ფოტოგრაფიის ძალას იყენებს კონსერვაციის საკითხების პოპულარიზაციისათვის. The National Geographic Society 2012 წლიდან უწყობს ხელს Photo Ark-ს.

კოლიბრები და ჰაბიტატი
ბრიტანეთის კოლუმბიაში კონსერვაციული ძალისხმევის შესაფასებლად ველური ბუნების ეკოლოგმა ადამ ფორდმა შექმნა მოდელი, რომელმაც აჩვენა, ათასი კანადური სახეობიდან რომელია პროვინციის ყველაზე მეტ ჰაბიტატში გავრცელებული. შედეგი საოცარია – ეს წითური კოლიბრია, რვასანტიმეტრიანი მფრინავი დინამო. „წითური კოლიბრის ჰაბიტატს თუ შევინარჩუნებთ, ბრიტანეთის კოლუმბიის სახეობებზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მოვახდენთ, – აცხადებს ფორდი, – შეიძლება კოლიბრისთვის კონსერვაციის პროგრამის შექმნა? არ ვიცი, მაგრამ ცხადია, ქარიზმატული მეგაფაუნის წინ წამოწევის გარდა, სხვა სახეობების სარგებლიანობის გაცნობიერებაც ღირს“. – კ.დ.