პრობლემური საგანძური
ნადავლის დაბრუნებით მუზეუმები კი არ დაიხურება, არამედ გარდაიქმნება.


პრობლემური საგანძური
ნადავლის დაბრუნებით მუზეუმები კი არ დაიხურება, არამედ გარდაიქმნება.
თებერვალში კამერუნის ქალაქ ფუმბანში, სადაც 100 000 მოსახლეა, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს – ალმურში გახვეული მზე, მშრალი სიცხე, ავტომანქანებითა და მოტოციკლებით გადატვირთული გზატკეცილი…
აფრიკის ეს რეგიონი თავის კოლონიად აქცია გერმანიამ, რომლის მოკლე, მაგრამ სასტიკმა მმართველობამ 1884 წლიდან 1916 წლამდე გასტანა. სხვა კოლონიური ძალების მსგავსად, გერმანიამაც დააარსა ეთნოლოგიური კოლექციები ახალ კოლონიათა არტეფაქტების შესანახად, საკვლევად და გამოსაფენად. კოლექციონერობისკენ სწრაფვა უძველესი დროიდან გვხვდება კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მუზეუმი, რა ფორმითაც მას დღეს ვიცნობთ, XIX საუკუნიდან ჩნდება; მუზეუმები შეიქმნა იმ იდეით, რომ ევროპული კვლევა-ძიებისა და დაპყრობების ნაყოფი ფართო მასებისთვის გაეზიარებინათ.
კოლონიალიზმმა ერთგვარ მანიაკალურ გატაცებად აქცია კოლექციონერობა. კოლონიური ძალები მსოფლიოს ახალი წერტილების რუკაზე დასატანად მკვლევარ-მაძიებლებს მხოლოდ ცოდნის წყურვილით არ აგზავნიდნენ; და არც მუზეუმებში დაცული არტეფაქტები ჩამოცვენილა ციდან. ანთროპოლოგები, მისიონერები, ვაჭრები თუ სამხედრო ოფიცრები თანამშრომლობდნენ მუზეუმებთან, რომელთა დაკვეთით გასაოცარი ნივთები და სიმდიდრე ჩამოჰქონდათ ევროპაში. მუზეუმის კურატორები სურვილების სიასაც კი უდგენდნენ შეიარაღებულ კოლონიურ ექსპედიციებს.

1907 წელს გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გზავნილი გადასცეს იბრაჰიმ ნჯოიას, კამერუნის ეთნიკური ჯგუფის, ბამუმის მეფეს. სავარაუდოდ, ნჯოიას ურჩევდნენ, პატივისცემის ნიშნად ძღვენი მიერთმია კაიზერ ვილჰელმ II-ისთვის, რომლის 50-ე დაბადების დღე ახლოვდებოდა – კონკრეტულად, მძივებით ნაქარგი დიდებული სამეფო ტახტის ზუსტი ასლი. ეს ტახტი ნჯოიას მემკვიდრეობით ერგო მამისგან და ის ცნობილია მანდუ იენუს სახელით.
მანდუ იენუს ასლის დასამზადებლად ნჯოიამ მოიხმო ხეზე კვეთისა და მძივებით ქარგვის ოსტატები, მაგრამ მცირე ხანში ცხადი გახდა, რომ სამუშაო ვერ მოესწრებოდა ვილჰელმის დაბადების დღისთვის და ნჯოიაც დაარწმუნეს, მის ნაცვლად ორიგინალი გადაეცა. ხელოვნების ეს ნიმუში დღემდე ბერლინის ეთნოლოგიურ მუზეუმში ინახება.
ნჯოიას შვილიშვილის შვილი ნაბილ ნჯოია ბამუმის მმართველი გახდა 2021 წელს – მამის გარდაცვალების შემდეგ. როდესაც 28 წლის ნაბილს შევხვდი ფუმბანის სამეფო სასახლეში, მან მობილური ტელეფონი ამოიღო და ნიუ-იორკის კოლეჯში სწავლისას გადაღებული „სელფები“ მიჩვენა.
თანამედროვე კამერუნში მეფის ტიტული მხოლოდ ტრადიციული წოდებაა და ნაბილის უფლებამოსილებაც შეზღუდულია, მაგრამ მას პატივისცემისა და სიმბოლური ძალაუფლების დატვირთვა აქვს. ამასთან, ბამუმის წეს-ჩვეულებით, სამეფო ძალაუფლება გადაიცემა იმ ტახტზე ასვლით, რომელსაც ყოველი წინამორბედი მეფე უმზადებს თავის მემკვიდრეს, მაგრამ რადგანაც მანდუ იენუ კვლავ ბერლინშია, „ჯაჭვი გაწყდა“.
ნაბილის თქმით, იგი არ ადანაშაულებს გერმანელებს იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ნაბილს მხოლოდ თავისი დიდი პაპის კუთვნილი სამეფო ტახტის დაბრუნება სურს. „ვინც დღეს აქ ვართ, იმ ძველ ამბებში არც ერთს არ მიგვიღია მონაწილეობა – არც ერთ ჩვენგანს, – ამბობს ნაბილი, – მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ“.
ნაბილი იმედოვნებს, რომ მანდუ იენუს დაბრუნება მისი მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. „გონებაში ერთი სურათი მიტრიალებს, – ამბობს იგი, – ვხედავ საკუთარ თავს და იმ სამეფო ტახტს, ირგვლივ უამრავი ბამუმელი მყავს გარშემორტყმული, გვერდით კი მიდგას ბერლინის მუზეუმის დირექტორი, რომელიც ხელს მართმევს და ერთხმად ვამბობთ: ჩვენ ეს გავაკეთეთ! ჩვენ ეს შევძელით – არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილებისთვის“.
მანდუ იენუს სამეფო ტახტი
ბამუმის სამეფოში მანდუ იენუ ძალაუფლების სიმბოლო იყო, სანამ გერმანელები თანამედროვე კამერუნის ნაწილს თავის კოლონიად აქცევდნენ 1884 წელს. ბამუმის იმჟამინდელი მეფე იბრაჰიმ ნჯოია გერმანელებმა აიძულეს, სამეფო ტახტი იმპერატორისთვის ეჩუქებინა 1908 წელს, აცხადებენ მისი შთამომავლები, რომელთაც ტახტის დაბრუნება სურთ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ. „ეს ტახტი არ არის მხოლოდ ნივთი, – ამბობს ნაბილი, იბრაჰიმის შვილიშვილის შვილი, – ეს არის ნივთი, რომლითაც მეფე თავის წინაპრებს უკავშირდება“.

გერმანიაში არც ისე ბევრ ადამიანს სმენია მანდუ იენუს სამეფო ტახტის შესახებ და კიდევ უფრო ცოტა ვინმე თუ იპოვის ფუმბანს რუკაზე, მაგრამ ეს მძივებით შემკული ხის სამეფო ტახტი განასახიერებს უპრეცედენტო გლობალური მომენტის არეულ, დამაბნეველ, ბუნდოვან და, საბოლოოდ, იმედისმომცემ მომავალს.
გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუზეუმთა კურატორებისა და დირექტორების ახალი თაობა სულ უფრო ღრმად ჩხრეკდა წარსულს – თუ როგორ მოხვდა არტეფაქტები მათ მუზეუმებში. ეს ადამიანები წინ და წინ მიიწევენ: საცავებში დაცულ თუ ვიტრინებში გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს, რიტუალურ ნივთებსა და ადამიანის ნაშთებს იმ თემებს უბრუნებენ, სადაც ისინი წარმოიშვა. აღნიშნული პროცესი ცნობილია რეპატრიაციის ან რესტიტუციის სახელით.
მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში გერმანიამ ასობით ნივთი გადასცა ნიგერიის ეროვნულ მუზეუმს, საფრანგეთმა 26 არტეფაქტი დაუბრუნა ბენინს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმი კი დათანხმდა, რომ ათობით ქანდაკება გადასცეს საბერძნეთს.
„1900 წლისთვის ევროპული ქვეყნები მეტოქეობდნენ, თუ ვის ექნებოდა ყველაზე დიდი ეთნოლოგიური კოლექცია“, – ამბობს ბენედიქტე სავუა, ხელოვნების ისტორიის პროფესორი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. „ახლა კი ვფიქრობ, ვეჯიბრებით, თუ ვინ დააბრუნებს ნივთებს პირველი“.
არაერთი კურატორის რწმენით, ამგვარი ცვლილება მოასწავებს ახალ ეპოქას, როდესაც მუზეუმები თანამშრომლობენ მათი კოლექციების შემქმნელ თემებსა და ქვეყნებთან. ამასობაში კრიტიკოსები ღელავენ. მათი აზრით, რეპატრიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და განძარცვოს „უნივერსალური“ მუზეუმები, რომელთა საერთაშორისო კოლექციები გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩავწვდეთ მსოფლიოს ურთიერთკავშირებს.
2017 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაემგზავრა უაგადუგუში, რომელიც დასავლეთ აფრიკაში საფრანგეთის ყოფილი კოლონიის, ბურკინა-ფასოს დედაქალაქია. სტუდენტებით სავსე აუდიტორიის წინაშე მან აღიარა საფრანგეთის კოლონიური პერიოდის „დანაშაულები“. შემდეგ კი მაკრონი მოულოდნელ თემაზე გადაერთო.
„მე ვერ დავუშვებ, რამდენიმე აფრიკული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი საფრანგეთში ინახებოდეს“, – განუცხადა აუდიტორიას მაკრონმა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თქვა მან, „მსურს შეიქმნას ისეთი პირობები, რომ აფრიკას თავისი მემკვიდრეობა დაუბრუნდეს დროებით ან სამუდამოდ“.
მაკრონის სიტყვებმა ადგილზე გააშეშა მარი-სესილ ზინსუ, რომელიც თანამედროვე აფრიკული ხელოვნების ფონდს უძღვება. პრეზიდენტის გამოსვლას იგი ბენინიდან – საფრანგეთის კიდევ ერთი ყოფილი კოლონიიდან – უსმენდა. „მისი სიტყვები მეხივით გავარდა“. სულ ერთი წლის წინ, ცალსახად უარი განაცხადეს ბენინის პრეზიდენტის მოთხოვნაზე, 1890-იან წლებში ფრანგი ჯარისკაცების მიერ წაღებული ნივთების დაბრუნების შესახებ. „საფრანგეთი ყოველთვის უარს ამბობდა“, – ამატებს ზინსუ.
პართენონის ქანდაკებები
ათენის უმნიშვნელოვანეს ტაძარს, პართენონს, ამშვენებდა მარმარილოს სკულპტურები და ფრიზი, რომელიც გამოსახავდა ქალღმერთ ათენას პატივსაცემად გამართულ ზეიმს. 1800-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთს აკონტროლებდა ოსმალეთი; ამ დროს ბრიტანეთის ელჩსა და ელგინის გრაფს, თომას ბრიუსს, ნება დართეს პართენონის ქანდაკებების თითქმის ნახევარი და ფრიზის დიდი ნაწილი ლონდონში გაეგზავნა. საბერძნეთი დიდი ხანია მათ დაბრუნებას ითხოვს – აცხადებენ, რომ ბრიუსი უკანონოდ შეუთანხმდა ოკუპანტებს.


„ელგინის მარმარილოები“, როგორც მათ უწოდებენ, ბრიტანეთის პარლამენტმა შეიძინა და შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმს გადასცა. ეს არის „ჩიხი“ რეპატრიაციის გზაზე, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ბრიტანეთის მუზეუმმა გამოთქვა სურვილი, ამ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დაეწყო საბერძნეთის მთავრობასთან.
„ელგინის დროებითი ოთახი 1819 წელს“ – არჩიბალდ არჩერის ნახატი, ბრიტანეთის მუზეუმის სამეურვეო საბჭო
მცირე ხანში მაკრონმა სთხოვა ბენედიქტე სავუასა და სენეგალელ მკვლევარ ფელვინ სარს, რომ ანგარიში მოემზადებინათ საფრანგეთის კოლონიურ კოლექციებზე. მათ შეადგინეს 89-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოუწოდეს საფრანგეთს, დაებრუნებინა კოლონიურ პერიოდში მითვისებული ნივთები, ასევე ის ექსპონატები, რომლებიც სხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა წამოიღეს და რომლებიც დღეს საფრანგეთის მუზეუმებში ინახება.
ყოფილი კოლონიები, საბერძნეთი თუ განა, თავიანთი არტეფაქტების დაბრუნებას ითხოვდნენ – ზოგიერთ მათგანს 50 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული მსგავს მცდელობებში. და, როგორც იქნა, მთავრობებმა, მუზეუმებმა და მედიამ თანდათან მათი მოსმენა დაიწყეს.
ივლისის ერთ მწველ დღეს შევხვდი კაცს, რომლის მუზეუმსაც ალბათ ყველაზე ძლიერ შეეხო მაკრონის დაპირება. ეს გახლავთ კე ბრანლის მუზეუმი (Quai Branly), რომელიც საფრანგეთის უდიდეს ეთნოლოგიურ კოლექციას მასპინძლობს. აღნიშნული კოლექცია 500 წელს ითვლის და იქ შეხვდებით ყველაფერს – პოლინეზიურ ხის სკულპტურებსა თუ პაპუა-ახალი გვინეის დეკორირებულ თავის ქალებს. მუზეუმს ხელმძღვანელობს ემანუელ კასარჰერუ.
2021 წელს სწორედ კასარჰერუ ედგა სათავეში იმ ხელოვნების ნიმუშთა რეპატრიაციის პროცესს, რომლებიც საფრანგეთის ჯარისკაცებმა წამოიღეს 1892 წელს, მას შემდეგ, რაც დაიპყრეს დასავლეთაფრიკული სამეფო დაჰომეა (დღევანდელი ბენინი). დაბრუნებული ნივთები, მათ შორის, ორი სამეფო ტახტი, სასახლის კარები და სამეფო ძალაუფლების სხვა სიმბოლოები ბრანლის კოლექციის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა.
2022 წლის თებერვალში აღნიშნული ნივთები უკვე საზეიმოდ გამოიფინა ქალაქ კოტონუში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში. „ბენინს თავისი მემკვიდრეობა დაუბრუნდა“, – განაცხადა ბენინის პრეზიდენტმა პატრის ტალონმა.
ბენინის ელიტა საათობით უცქერდა ძველ არტეფაქტებსა და თანამედროვე ბენინელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენას. დარბაზები გადაივსო ელჩებით, ვუდუს ქურუმებითა თუ არმიის ოფიცრებით. დაჰომეის სამეფო ოჯახი ნელი სვლით ათვალიერებდა მინის ვიტრინებში მოთავსებულ წინაპართა საგანძურს.
მომდევნო 4 თვის განმავლობაში 200 000-მდე ადამიანმა მოინახულა გამოფენა; ზოგჯერ საათობითაც იდგნენ მოსაცდელ რიგში. ვიზიტორების უმრავლესობა ბენინიდან იყო.
გახსნის ცერემონიას სავუაც დაესწრო. მას თვალები უბრწყინავდა ხალხით გადაჭედილი დარბაზების შემხედვარეს. „სანამ რესტიტუციის პროცესები დაიწყებოდა, თქვენ ნახავდით უამრავ ადამიანს, რომლებიც ამტკიცებდნენ, თუ ერთ ნივთს დააბრუნებთ, შემდეგ ყველაფრის დათმობა მოგიწევთ და ჩვენი მუზეუმები დაიცლება“, – ამბობს იგი. „მე არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება“.

ამ აზრს ყველა მუზეუმი არ იზიარებს. ბრიტანეთის მუზეუმი, რომელიც უარს აცხადებს ნივთების დაბრუნებაზე, ამგვარი დამოკიდებულების გლობალურ სიმბოლოდ იქცა. მის ოფიციალურ წარმომადგენელთა ადრეული განცხადებებით, მსოფლიოს სჭირდება უნივერსალური და ენციკლოპედიური მუზეუმები, რომლებიც შლის ხელოვნურად გაყოფილ თანამედროვე საზღვრებს და თავს უყრის განსხვავებული კულტურების, პერიოდებისა და ადგილების ხელოვნებასა თუ არტეფაქტებს. ეს იდეა წარმოიშვა განმანათლებლობის ეპოქაში, მეცნიერებისა და ფილოსოფიის აყვავების ხანაში, რომელმაც ევროპა მოიცვა XVII-XVIII საუკუნეებში. „სხვაგან სად შეგვიძლია ერთ ჭერქვეშ მოვაქციოთ მთელი მსოფლიოს კულტურული მიღწევები?“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის მუზეუმის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ჯორჯ ოსბორნმა გასულ წელს. „ჩვენ გვსურს, ეს იყოს კაცობრიობის მუზეუმი“.
მარტივია, ამ იდეას დაეთანხმოთ, თუ ისე გაგიმართლათ, რომ ლონდონში მოხვდით და ბრიტანეთის მუზეუმშიც შეგიძლიათ გაატაროთ დღე. ოსბორნის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე მე გავუყევი ბრიტანეთის მუზეუმის მთავარ დარბაზს და ჩავუარე როზეტის ქვას – ძვ. წ. 196 წელს ამოკვეთილ სახელგანთქმულ სტელას, რომელიც ნაპოლეონის ჯარისკაცებმა ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან იპოვეს 1799 წელს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფრანგები ბრიტანელებთან დამარცხდნენ, ის ლონდონში მოხვდა 1802 წელს. ზუსტად მის უკან განთავსებულია თითქმის 3000 წლის ასურული რელიეფები; კიდევ იქით ნახავთ აფროდიტეს ქანდაკების რომაულ ასლს, რომელიც ბრიტანეთის მეფემ იტალიელი ჰერცოგისგან შეიძინა 1620-იან წლებში. თითოეული ნივთის ბიოგრაფია გვიამბობს კულტურებისა თუ გავლენების შეჯახებაზე და მინიკურსს გვიტარებს მსოფლიო ისტორიაში.
აქვეა მარმარილოს რელიეფური ქანდაკებები, რომლებიც 2500 წლის წინ ამოკვეთეს და ერთ დროს პართენონს ამკობდა. ყოველწლიურად ბრიტანეთის მუზეუმს სტუმრობს 6 მილიონამდე ადამიანი და თითქმის ეჭვგარეშეა, მათ უმრავლესობას, სულ მცირე, სმენია მაინც იმ მოთხოვნებზე, რომ მარმარილოს რელიეფები დაბრუნდეს საბერძნეთში – ამ საკითხის ირგვლივ უწყვეტად კამათობენ მას შემდეგ, რაც ქანდაკებები ლონდონში ჩამოიტანეს 200 წელზე მეტი ხნის წინ. დეკემბერში გავრცელდა ხმები, რომ ქანდაკებათა გადაცემის თაობაზე ოსბორნი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბერძნეთთან – თუმცა, მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენლები დუმდნენ.
სანამ ლონდონს ვესტუმრებოდი, თვეების განმავლობაში სრულიად უშედეგოდ ვცდილობდი, რომ ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლები ინტერვიუს ჩაწერაზე დამეთანხმებინა. რესტიტუციის საკითხს მსოფლიოს უამრავი მუზეუმი გამოეხმაურა, თუმცა ბრიტანეთის მუზეუმი, როგორც ჩანს, იგნორირებას არჩევს.
ბრიტანეთის მუზეუმის მტკიცე დამცველებიც კი დაბნეულები ჩანან. მის ვრცელ გალერეებში სეირნობის შემდეგ ტიფანი ჯენკინსს შევხვდი. 2016 წელს ბრიტანეთის მუზეუმის დასაცავად ჯენკინსმა დაწერა წიგნი სათაურით: „მარმარილოების შენარჩუნება“, სადაც აღნიშნავდა: თანამედროვე მუზეუმები უნდა ფოკუსირდნენ უძველესი ნივთების ისტორიის თხრობასა თუ მათ შემქმნელ ხალხზე და არ ჩაერთონ პოლიტიკურ თამაშებში.
საბერძნეთი თუ განა არტეფაქტების დაბრუნებას ითხოვდნენ 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც იქნა, მთავრობებმა, მუზეუმებმა და მედიამ მათი მოსმენა დაიწყეს.

ჩემდა გასაკვირად, ახლა ჯენკინსი აღიარებს, რომ მისი წიგნის გამოქვეყნების მომდევნო წლებში ამ საკამათო დისკუსიამ მკვეთრად იცვალა მიმართულება – და ბრიტანეთის მუზეუმი სადღაც „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვა. ჯენკინსი აღნიშნავს, რომ დღეს ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლები არგუმენტის სახით უკვე იშვიათად ლაპარაკობენ ენციკლოპედიური მუზეუმების საჭიროებაზე. ამის ნაცვლად ისინი იშველიებენ ტექნიკური ტიპის არგუმენტებს: მაგალითად, 1800-იან წლებში ათენს აკონტროლებდა ოსმალეთის იმპერია და სწორედ მათთან გააფორმა ბრიტანეთმა ხელშეკრულება, რომ მარმარილოს ქანდაკებები წამოეღოთ და არა – საბერძნეთთან; უამრავი ნივთი აფრიკიდან და აზიიდან წამოიღეს მანამდე, სანამ ბრიტანეთი ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რომელიც კრძალავდა ალაფის მისაკუთრებას – შესაბამისად, მათი მონაპოვარი ლეგალურ ხასიათს იძენდა; ან, არგუმენტად მოჰყავთ 1963 წელს ბრიტანეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის თანახმად მუზეუმს ეკრძალება კოლექციიდან ნივთების ამოღება.
ალბათ, კომპრომისული ვარიანტიც უნდა არსებობდეს. ჰერმან პარცინგერი პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის (SPK) პრეზიდენტია. ეს ქოლგა-ორგანიზაცია ზედამხედველობს ბერლინის ათეულზე მეტ მუზეუმს. მათ შორის ორი მუზეუმი განთავსებულია ჰუმბოლდტის ფორუმში – ახალი კომპლექსი ქალაქის შუაგულში. მისი ეთნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს ასობით ათას არტეფაქტს, რომელთა დიდი ნაწილი გერმანიის კოლონიური ზენიტის პერიოდში დაგროვდა XIX საუკუნის მიწურულს.
SPK-მ უკვე უამრავი ნივთი დააბრუნა 2018 წლიდან – მათ შორის, ქალღმერთის პატარა ქანდაკება გადასცა კამერუნს, რიტუალური და კულტურული საგნები ნამიბიას, მაორების წინაპართა ნაშთები ახალ ზელანდიას, ხოლო მკვიდრი ჰავაიელებისა და ალასკელების დასაკრძალი ინვენტარი – აშშ-ს.
გასულ წელს SPK მონაწილეობდა გრანდიოზულ რეპატრიაციის პროცესში, როდესაც ნიგერიას დაუბრუნდა „ბენინის ბრინჯაოების“ სახელით ცნობილი არტეფაქტები; მათ შორის იყო სპილოს ძვლის, ხისა და თითბრის ნაკეთობებიც, თუმცა ყველაფერს „ბრინჯაოების“ სახელი შემორჩა. 1897 წელს მძიმედ შეიარაღებული ბრიტანეთის ექსპედიცია შეიჭრა ბენინის სამეფოში, ჩამოაგდო მეფე (იგივე აბა) და გაძარცვა ქალაქ ბენინის სასახლე. აღნიშნულ მოვლენათა ამსახველი ფოტოები გვიჩვენებს ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც სახეგამურულები იღიმებიან სპილოს ძვლის გროვისა და ლითონის ქანდაკებათა ფონზე. ზოგიერთი ფოტო ოფიცრებმა დაასათაურეს, როგორც „ალაფი“.

1897 წლის რეიდით მოპოვებული 5000-ზე მეტი ნივთი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია განთავსებული და არა ბენინ-სიტის ეროვნულ მუზეუმში. „ბრიტანელებმა წაიღეს განძი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ინახებოდა სასახლეში“, – ამბობს თეოფილუს უმოგბაი, აღნიშნული მუზეუმის ყოფილი დირექტორი. „მათ ვაკუუმი შექმნეს ჩვენს ისტორიაში – ნაპრალი ჩვენს ბიბლიოთეკაში“.
ბენინის სამეფოზე თავდასხმის კარგად დოკუმენტირებულმა მოვლენებმა და სამეფო ოჯახისა თუ ნიგერიის ოფიციალურ წარმომადგენელთა უწყვეტმა ზეწოლამ „ბრინჯაოები“ გადააქცია რეპატრიაციის გამორჩეულ სატესტო შემთხვევად. როგორც ჩანს, თუ ძლიერი მორალური არგუმენტი იარსებებს და თან მას დაერთვება საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური წნეხი, ეს საკითხიც მიმართულებას შეიცვლის.
„არ გვსურს ნაძარცვი ნივთები ჩვენს მუზეუმებში“, – მტკიცედ მიცხადებს პარცინგერი. ზოგიერთი ბრიტანული მუზეუმიც კი ჩაერთო რეპატრიაციის პროცესში. დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების დონაციებით ფინანსდება ბენინ-სიტის ახალი მუზეუმი, რომლის არქიტექტორიც განური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე დევიდ აჯაიეა.
ივლისში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოსცეს ორმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმად გერმანიის მუზეუმებში დაცულ „ბრინჯაოებზე“ (1000-ზე მეტი ნივთი) კანონიერი საკუთრების უფლება უნდა გადაეცეს ნიგერიას. ხელის მოწერის ცერემონიაზე ნიგერიის კულტურის მინისტრმა აღნიშნულ ამბავს უწოდა „არტეფაქტების უდიდესი რეპატრიაცია მთელ მსოფლიოში“.
როგორც პარცინგერი აცხადებს, ამ შეთანხმებით ორივე მხარემ იხეირა. კოლექციის არაერთი ნივთი კვლავ გერმანიაში დარჩება მომდევნო 10 წლის განმავლობაში – როგორც „გრძელვადიანი სესხი“, ხოლო დანარჩენი – ნიგერიას გადაეცემა მას შემდეგ, რაც იქ ახალი მუზეუმი აშენდება გერმანიის დახმარებით. ამ პროცესების დასრულების შემდეგ ნიგერიის ოფიციალური პირები არტეფაქტებს როტაციის პრინციპით გაუცვლიან გერმანიას.
ნეფერტიტის ბიუსტი
ბერლინის Neues Museum-ის ტყვიაგაუმტარ ვიტრინაში გამოფენილი ნეფერტიტის ბიუსტი უძველესი ეგვიპტის სიმბოლოა, რომელიც ასობით ათას ვიზიტორს იზიდავს წელიწადში. ბერლინში ის პირველად 1924 წელს გამოიფინა. II მსოფლიო ომის დროს ბიუსტი გადამალეს სარდაფში, შემდეგ ბუნკერში, ბოლოს კი მარილის მაღაროში, სადაც მას მოკავშირეთა ძალებმა მიაგნეს. დღეს გერმანია აცხადებს, რომ ჩატარებული სკანირების თანახმად, ნეფერტიტის ქანდაკება ზედმეტად ფაქიზია კაიროში გასამგზავრებლად.


1912 წელს ამარნაში (ეგვიპტე) გერმანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნეფერტიტის თვალისმომჭრელი, დაახლოებით ძვ. წ. 1340 წელს გამოკვეთილი ბიუსტი. „ენით აღუწერელია. უნდა ნახო“, – დაწერა ერთ-ერთმა დღიურში. ქანდაკება წაიღეს გერმანიაში და დღემდე იქ რჩება, მიუხედავად ეგვიპტის მხრიდან მისი დაბრუნების მოთხოვნებისა.
BPK BILDAGENTUR/წინა აზიის მუზეუმი, სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი/ART RESOURCE-ის ფოტოარქივი, ნიუ-იორკი
„მსურს ბენინის ხელოვნება ჩემს მუზეუმში გამოვფინო“, – ამბობს პარცინგერი. „და, საბოლოო ჯამში არც ისე მნიშვნელოვანია, ნასესხებია ეს არტეფაქტები, თუ ჩემი მუზეუმის საკუთრებაა“.
და რის იმედი უნდა გვქონდეს ისეთ კომპლექსურ შემთხვევებთან მიმართებით, როგორიც ნეფერტიტის ბიუსტია? ეს ნატიფი სკულპტურა გერმანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს 1912 წელს და გაგზავნეს ბერლინში, სადაც ის დღემდე ინახება. გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ნეფერტიტის ბიუსტი კანონიერად შეიძინეს თავის დროზე და არც შესაბამის ინსტიტუციებს მოუთხოვიათ მისი რეპატრიაცია.
პარცინგერის თქმით, თითოეული მოთხოვნა უნდა შეფასდეს, როგორც ცალკეული, განსხვავებული შემთხვევა – ადგილობრივი თემებისა და ეროვნულ მთავრობათა ჩართულობით; ასევე, საკვლევია ინდივიდუალურ შენაძენთა ირგვლივ არსებული გარემოებები.
და რა ხდება იბრაჰიმ ნჯოიას სამეფო ტახტის ამბავზე? ვსვამ კითხვას. ბამუმის მმართველებსა და კამერუნის მთავრობას ოფიციალურად არასოდეს მიუმართავთ აღნიშნული ტახტის დაბრუნების მოთხოვნით. მაგრამ, ასეც რომ მოქცეულიყვნენ, რა იქნებოდა?
პარცინგერი წარბებს კრავს. ნჯოია სარგებელს იღებდა გერმანელ კოლონიზატორებთან ალიანსით, აღნიშნავს იგი. ბამუმის მეფე გამდიდრდა გერმანელებთან ვაჭრობით და მათი იარაღით დაამარცხა ადგილობრივი მეტოქეები. თუ პარცინგერის გადასახედიდან შევხედავთ, იდეა, რომ სამეფო ტახტი მართლაც მადლობის ნიშნად აჩუქეს გერმანიას, საკმაოდ ლოგიკური ჩანს.
„ასეთი ორმხრივი სარგებლის შემყურემ, როგორ უნდა წარმოიდგინო ნჯოია მსხვერპლის როლში? მე მიჭირს“, – ამბობს იგი. შემდეგ პარცინგერი ჩუმდება და გონებაში რაღაც აზრს განიხილავს. „დარწმუნებული ვარ, მოგვარების გზას ვიპოვით. სანამ ტახტი ბამუმს დატოვებდა, მისი ასლი დაამზადეს. იქნებ, გაცვლა მოხერხდეს?“
დღეს დასავლურ მუზეუმთა კურატორები ყოფილ კოლონიებს სტუმრობენ და იქაურ კოლეგებს პირისპირ სასაუბროდ უსხდებიან. „ეს პროცესები, შესაძლოა, XIX საუკუნის ფორმით არსებული მუზეუმის დასასრულს მოასწავებდეს“, – ამბობს სავუა და მის ხმაში სულაც არ იგრძნობა მსგავსი პერსპექტივით შეშფოთება, – „და რაღაც ახლის დასაწყისს გვამცნობდეს“.
იმის გასარკვევად, თუ რას შეიძლება ჰგავდეს ახალი ტიპის მუზეუმი, მე გავეშურე სიუტლენდისკენ (მერილენდი), ვაშინგტონის მახლობლად, სადაც მრავალჰექტარიან საცავსა და კვლევით კომპლექსში სმითსონის ინსტიტუტი ინახავს თავისი 157 მილიონი არტეფაქტის დიდ ნაწილს. აღნიშნულ კოლექციაში შედის მილიონობით ნივთი, რომელიც ინდიელთა ტომებისგან შეაგროვეს გასული 200 წლის განმავლობაში. იქვე მოქმედებს სმითსონის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებული ბუნებისმეტყველების ეროვნული მუზეუმი (NMNH), სადაც 5 განყოფილებაა კოლექციების საკონსერვაციოდ. ერთ-ერთი სექციის ჰერმეტულ საცავებში განთავსებულია ინდიელთა ასობით ტომის ნივთები.
ბენინის „ბრინჯაოები“
1897 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს ბენინ-სიტი (დღევანდელ ნიგერიაში). ნადავლში შედიოდა მოჩუქურთმებული სპილოს ეშვები და თითბრის ჩამოსხმული რელიეფური ფირფიტები. საბოლოოდ 5000-ზე მეტი ნივთი მოხვდა მთელი მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. გასული 2 წლის განმავლობაში გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა თუ აშშ-ის მუზეუმებმა ან უკვე დააბრუნეს მათი ნაწილი, ან პირობა დადეს, რომ ნაძარცვ არტეფაქტებს ნიგერიას გადასცემდნენ.
რობერტ ოლმენი, ბრიტანეთის მუზეუმის სამეურვეო საბჭო


ბრინჯაოს ეს ქანდაკება, რომელიც ბენინის სამეფოს მმართველს (ობა) გამოსახავს, როდ-აილენდის დიზაინის სკოლამ შეიძინა 1939 წელს. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ზეწოლის შედეგად სკოლის მუზეუმმა ქანდაკება გასულ წელს ნიგერიას დაუბრუნა.
სმითსონის ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია, რაც სიხარულით იღებს თავისი კოლექციის შემსწავლელ მკვლევრებს, მაგრამ გასული 30 წლის განმავლობაში NMNH-ის საკონსერვაციო ცენტრმა სხვა ტიპის ვიზიტორებსაც გამოუყო სივრცე. დღეს ინდიელთა ტომების წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ აღნიშნულ დაწესებულებას, რათა იხილონ თავიანთი წინაპრების მიერ დამზადებული ნივთები და ითანამშრომლონ კურატორებთან. საკონფერენციო დარბაზი გამოიყენება ასევე ცერემონიების ჩასატარებელ სივრცედ, სადაც ერთი კარადა მთლიანად ეთმობა გამომშრალ სამკურნალო სალბსა და თამბაქოს. ამ მცენარეებს ტომის წევრები წვავენ განწმენდის რიტუალებისას – საკრალურ ნივთებთან შეხებამდე და მის შემდეგ.
30 წლის წინ მსგავს სცენას რთულად თუ წარმოიდგენდით. საუკუნეთა განმავლობაში არქეოლოგები, ეთნოგრაფები და მუზეუმის კურატორები დიდი ენთუზიაზმით აგროვებდნენ მკვიდრ ამერიკელთა არტეფაქტებსა თუ ადამიანის ნაშთებს. დაკრძალულ ადამიანებს ისე ამოთხრიდნენ საფლავებიდან, მათ შთამომავლებს არაფერს ეკითხებოდნენ.
„როდესაც ეს ნივთები შეიძინეს, კოლექციონერები მკვიდრ ხალხებს არ აღიქვამდნენ ადამიანებად“, – ამბობს ჟაკეტა სვიფტი, რეპატრიაციის მენეჯერი ამერიკელი ინდიელების ეროვნული მუზეუმიდან. „ეს ხალხი განიხილებოდა, როგორც რესურსი და ადამიანის ნაშთები ინახებოდა ქოთნების გვერდით“, – ამატებს იგი.
1970-80-იან წლებში მკვიდრმა ამერიკელმა აქტივისტებმა წარმატებით „გაიტანეს“ კანონი, რომელიც მუზეუმებს ავალდებულებდა, დაებრუნებინათ მათი წინაპრების ძვლები და საკრალური ნივთები. თუმცა, ეს საკანონმდებლო გადაწყვეტილება არაერთმა მუზეუმმა გააპროტესტა.

„იმ დროს მუზეუმებსა და ტომებს შორის არსებული დაძაბულობა პიკს აღწევდა“, – ამბობს კევინ გოვერი, სმითსონის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პაუნის ტომის წევრია. „რეპატრიაციის იდეა უდიდეს წინააღმდეგობას აწყდებოდა“.
1989 წელს კონგრესმა გაატარა კანონები, რომლებიც სმითსონისა და აშშ-ის სხვა მუზეუმებს ავალდებულებდა, მკვიდრ ხალხებთან დაეწყოთ კოლაბორაციული რეპატრიაციის პროცესი.
ბუნებისმეტყველების ეროვნულმა მუზეუმმა 200 ტომს დაუბრუნა 224 000-ზე მეტი ნივთი – მათ შორის, 6492 ადამიანის ნაშთი. შედარებით უფრო მომცრო მუზეუმებმაც მსგავსად იმოქმედეს.
ინდიელებს დაუბრუნდათ ათასობით ნივთი, თუმცა ზოგიერთი – ადგილზე დარჩა. ერიკ ჰოლინგერი მუზეუმისა და ტომის წევრთა შორის ურთიერთობას კურირებს NMNH-ის სარეპატრიაციო ოფისში. ჩვენ მივუყვებოდით 46 რიგად ჩამწკრივებულ კარადებს, როდესაც იგი ერთ-ერთთან შეჩერდა და კარი გამოაღო. ხისა თუ ძველი ტყავის სუნი მძაფრად იგრძნობოდა. შიგნით ეწყო საბნები, მძივებით შემკული აკვნის გადასაფარებლები და ბიზონის ხბოს ტყავისგან დამზადებული სამოსი. ეს შესაწირი ნივთები საფლავში ჩააყოლეს შაიენის ტომის ბავშვს, რომელიც 1868 წელს გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან მცირე ხანში შაიენების კვალზე დამდგარმა აშშ-ის არმიის ჯარისკაცებმა მიაგნეს მიტოვებულ ბანაკსა და ზემოხსენებულ საფლავს. მათ ამოთხარეს შესაწირი ნივთები და ბავშვის ნეშტთან ერთად გააგზავნეს არმიის სამედიცინო მუზეუმში. ბოლოს ეს კოლექცია შეიძინა სმითსონის ინსტიტუტმა, თუმცა, რაღაც მომენტში, ბავშვის ნეშტი დაიკარგა.
1996 წელს შაიენისა და არაპაჰოს ტომთა წარმომადგენლები შეთანხმდნენ სმითსონის ინსტიტუტთან, რომ ეს ნივთები NMNH-ში დარჩებოდა ერთი პირობით – „მათ შეისწავლიდნენ და საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენებდნენ როგორც მეცნიერები, ისე შაიენის ხალხი“. ექსპონატების გადასაღებად ან გამოსაფენად ტომის წერილობითი ნებართვაა საჭირო. ეს გახლავთ ერთობლივი მართვის ნიმუში, როდესაც ორივე მხარე პასუხისმგებელია აღნიშნული ნივთების მომავალზე.
„შაიენებმა თავიანთი არტეფაქტები მუზეუმს გაუზიარეს, – ამბობს ჰოლინგერი, – ხალხი ფიქრობს, რომ საქმე ნივთების გადაცემას ეხება, მაგრამ სინამდვილეში რეპატრიაციის არსი კონტროლის მექანიზმების გადაცემაა“.
ზუნი აჰაიუ’და
ზუნი-პუებლოს ხალხისთვის (ნიუ-მექსიკო) ხის ქანდაკებები – აჰაიუ’და – განასახიერებს ზებუნებრივ ტყუპ ძმებსა და მფარველებს. XIX და XX საუკუნეებში მათი უმრავლესობა მოიპარეს და კოლექციონერებსა თუ მუზეუმებს მიჰყიდეს. 1970-იან წლებში ზუნის წინამძღოლებმა აქტიურად მოითხოვეს მათი დაბრუნება და, საბოლოოდ, შექმნეს წარმატებული რეპატრიაციის მოდელი. ეს ქანდაკებები განთავსებულია დოვა-იალანეს პლატოზე მდებარე სალოცავებში.


(მარჯვნივ) აჰაიუ’დას ათავსებდნენ ღია ცის ქვეშ, სალოცავთან, როგორც 1904 წელს გამოქვეყნებულ ფოტოზე ხედავთ.
ჯონ უესლი პაუელი, ALAMY STOCK PHOTO
ზოგიერთ კარადაში სავენტილაციო ხვრელია, რადგან ინდიელთა ხედვით, ამ ნივთებში სულები სახლობენ და მათ უნდა ისუნთქონ. ზოგში კი საგნები განლაგებულია კონკრეტული მიმართულებებით, რომ ტომობრივ რწმენა-წარმოდგენებს შეესაბამებოდეს.
ეს მუზეუმი დღემდე იღებს მოთხოვნებს არტეფაქტების დაბრუნებაზე. სანამ დათანხმდებოდნენ, მკვლევრები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ტომებთან და ჩხრეკენ ჟურნალებსა თუ დღიურებს, რომ შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია მოიპოვონ ნივთების შეძენის გარემოებებზე. ინდიელთა მოთხოვნა ან დაკმაყოფილდება, ან – არა, მაგრამ აღნიშნულ პროცესში ორივე მხარე რაღაც ახალს იგებს არტეფაქტების შესახებ. „ამ კულტურებზე უამრავი უცნობი რამ შევიტყვეთ“, – ამბობს გოვერი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის მიდგომა სრულად წარმატებულია. 100 000-ზე მეტი ადამიანის ძვალი კვლავ საცავებში რჩება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მუზეუმების მხრიდან მოწოდებული ჩანაწერების საფუძველზე ტომები ვერ ახერხებენ ძვლებთან პირდაპირი ნათესაური კავშირის დამტკიცებას – ან კურატორები განზრახ ფეხს ითრევენ. „ჩვენ უფრო ეფექტურად გვმართებს მუშაობა“, – აცხადებს გოვერი.
ერთ დროს ეთნოგრაფიული მუზეუმები სტატიკურ საცავებს წარმოადგენდნენ, მაგრამ დღევანდელი მუზეუმები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, რომ გამოფენები მოაწყონ ინდიელთა ტომების ჩართულობით. ჰოლინგერმა, სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, ალასკის მკვიდრ ტლინკიტის ხალხთან ითანამშრომლა, რომ ლაზერული სკანერების გამოყენებით შეექმნათ ზღვის ჩიქვის გამოსახულებიანი დაზიანებული ცერემონიული ქუდის 3D ასლები. ერთი ასლი გადაეცა მუზეუმს და ორიგინალის გვერდით გამოიფინა, ხოლო მეორე – ტლინკიტის ხალხს რიტუალებში გამოსაყენებლად.
ამერიკელი ინდიელების ეროვნული მუზეუმი კურატორებს ხელს უწყობს იმაში, რომ თავიანთ კოლექციებში მკვიდრ ხალხთა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც შეიტანონ. აღნიშნული მუზეუმის გამოფენებზე ვხედავთ XIX საუკუნის ბიზონის ტყავის მოსასხამებს, ნიჟარების ქამრებსა თუ არწივისბუმბულიან თავსაბურავებს. თუმცა, იქვე ნახავთ კრისტიან ლუბუტენის ქუსლიან ფეხსაცმელსაც, რომელიც ტრადიციული წესით, მინის მძივებით გააწყო ინდიელმა არტისტმა ჯეიმი ოკუმამ.

„წარსულის ეთნოგრაფიული მუზეუმი თანდათან უჩინარდება, – ამბობს გოვერი, – ის ცდილობდა, დროში გაეყინა კულტურები – არადა, კულტურები მუდამ იცვლება. ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ეს ტომები არიან აქ, ახლა, ცოცხლები და აქტიურები“.
ჩემი გადმოსახედიდან ეს ცვლილება არსად ჩანს უფრო ცხადად, ვიდრე ბენინ-სიტიში, ნიგერიაში. იქ ნახავთ ღია სივრცეში მოწყობილ პავილიონს, რომელიც სავსეა დამტვრეული თიხის ყალიბებითა და მბრწყინავი თითბრის სკულპტურებით.
ამ პავილიონს უძღვება ფილ ომოდამვენი, რომლის ოჯახიც უკვე მეექვსე თაობის ბრინჯაოს ჩამომსხმელია. მისი თქმით, სხვადასხვა ტექნიკა, რომელსაც ახლა იყენებს, დაფუძნებულია მეთოდებზე, რომლებიც გასული 500 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
„ყველას არ მიუწვდება ხელი ბრიტანეთის მუზეუმზე. ჩემნაირი ადამიანებისთვის შესაძლებლობები შეიცვლება“.
კელი ომოდამვენი,
ბრინჯაოს ჩამომსხმელი ნიგერიიდან

როდესაც შარშან თებერვალში ბენინ-სიტის ვესტუმრე და იგუნის ქუჩაზე გავიარე, ხალხში მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა „ბრინჯაოების“ დაბრუნებაზე. სწორედ ამ ქუჩაზე ყიდიან თავიანთ ნაკეთობებს ბრინჯაოს ჩამომსხმელები. უამრავი მათგანის რწმენით, რეპატრიაცია უძველეს ტრადიციას გააცოცხლებდა. პალმის ჩრდილში მდგარი ომოდამვენი მეუბნება, რომ ის შეიძლება უკანასკნელი ბრინჯაოს ჩამომსხმელი იყოს თავის ოჯახში. მისი ერთი შვილი ბუღალტერია, მეორე – კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი.
იგუნის ქუჩიდან არც ისე შორს განსხვავებული მომავლის ნიშნები კრთება. იქ ვხვდები ფილის ბიძაშვილს, 28 წლის კელი ომოდამვენს, რომელიც ბრინჯაოს ჩამომსხმელი მამისა და ბიძის ცქერაში გაიზარდა. კელის ტრადიციულ მეთოდებს ასწავლიდნენ, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ნამუშევარი რაღაც ახალია. იგი უყურებდა თავისი ოჯახის უფროს წევრებს, როგორ ადნობდნენ სანტექნიკის მოწყობილობებსა თუ წინწილებს და მანაც გადაწყვიტა, ავტოფარეხებში მოეძიებინა ნახმარი ანთების სანთლები. პანდემიის პერიოდში კელიმ ადამიანის რეალური ზომის ქანდაკებები შექმნა საშემდუღებლო სანთურით. „მთელი არსი მეორადი გამოყენებაა, როდესაც ერთსა და იმავე ნივთებს სხვადასხვა დანიშნულებას სძენთ“, – ამბობს იგი.
მისი ნამუშევრები გამოიფინა ნიუ-იორკში, ლონდონსა და ლაგოსში. მაგრამ კელის არასოდეს დაუტოვებია ნიგერია, არასდროს მისცემია შესაძლებლობა, პირადად ეხილა „ბრინჯაოები“. მათი რეპატრიაცია კელისთვის წარმოადგენს ინსპირაციას ძველი და ახალი ტექნიკის შერწყმით ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. „მათ მხოლოდ ონლაინ ვხედავთ. ყველას არ მიუწვდება ხელი ბრიტანეთის მუზეუმზე“, – ამბობს იგი. „ჩემნაირი ადამიანებისთვის ეს შესაძლებლობებს შეცვლის“.

რამდენიმე თვის შემდეგ ვესტუმრე ჰუმბოლდტის ფორუმის გალერეას, სადაც გამაკვირვა ერთი ნაცნობი სახის ხილვამ – ეს ფილ ომოდამვენია. ეთნოლოგიურ მუზეუმს ერთ-ერთი მისი ნამუშევარი შეუძენია.
სულ რამდენიმე დღის წინ დიდი ხნის ოცნება ამისრულდა, ამბობს ფილი. კურატორებმა იგი მიიწვიეს „ბრინჯაოების“ განსახილველად, რომლებიც ფილს მხოლოდ გაცვეთილ კატალოგებში ენახა. მას საშუალება მიეცა, რელიეფური ფირფიტის უკანა მხარეც ეხილა და მუზეუმის რესტავრატორებთან ესაუბრა თავის ტექნიკასა თუ მის განსხვავებაზე წინაპართა მეთოდებისგან. „როდესაც ეს ორიგინალები ვნახე, წარმოუდგენელი ბედნიერება დამეუფლა“, – ამბობს იგი ოხვრით. „ახლა შემიძლია იმედით სავსე გზავნილით დავბრუნდე ჩემს ხალხთან“.
ბერლინში მცხოვრები ენდრიუ კარი დიდი ხანია თანამშრომლობს National Geographic-თან. რიჩარდ ბარნსი მრავალი წელია სამუზეუმო კოლექციების ფოტოებს იღებს.