პუტინის თაობა
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცდახუთი წლის შემდეგ, უამრავი რუსი ახალგაზრდა ელტვის იმდროინდელი ეპოქის სტაბილურობას და თავის ნაციონალისტ პრეზიდენტში გმირს ხედავს


პუტინის თაობა
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცდახუთი წლის შემდეგ, უამრავი რუსი ახალგაზრდა ელტვის იმდროინდელი ეპოქის სტაბილურობას და თავის ნაციონალისტ პრეზიდენტში გმირს ხედავს
მას რკინიგზის სადგურთან მდებარე სასტუმროში ვხვდები; არ იცის, სად წამიყვანოს და ჩვენც უბრალოდ ვიწყებთ ნიჟნი-ტაგილის ქუჩებში სიარულს. ეს ურალის მთების აღმოსავლეთ დაბლობზე მდებარე ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც თანდათან მინავლდა. საშა მაკარევიჩი 24 წლისაა და ცემენტის ქარხანაში მუშაობს.
ერთსართულიან შენობას ჩავუარეთ, რომელიც წითელი ვარსკვლავებითა და საბჭოთა თუ იმპერიული სამხედრო მედლებით დამშვენებული წმინდა გიორგის სტაფილოსფერ-შავი ლენტითაა დაფარული. „თუ გინდა, შევიდეთ“, – მხრების აჩეჩვით ამბობს საშა. „თუმცა აქაურობა სავსეა იმ ადამიანებით, რომლებმაც ოთხმოცდაათიანები გადაიტანეს“.
ოთხმოცდაათიანები საშამაც გადაიტანა. 1991 წლის დეკემბერში, მის დაბადებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, კრემლზე დაეშვა საბჭოთა დროშა და აღიმართა რუსული სამფერიანი ალამი. იმის იმედი, რომ რუსები წარმატებული დასავლური ქვეყნების მსგავსად იცხოვრებდნენ, მალე შეცვალა მტკივნეულმა სინამდვილემ: მძიმე და შეუპოვარი შრომა იქნებოდა საჭირო ცენტრალიზებულად კონტროლირებადი ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასაყვანად და დემოკრატიის საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად იმ საზოგადოებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, აბსოლუტური მონარქიასა და ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობდა.
მე არ მიცხოვრია ამ ოთხმოცდაათიანებში. ჩემმა ოჯახმა მოსკოვი 1990 წლის აპრილში დატოვა. პირველად 2002 წელს დავბრუნდი, როცა მშფოთვარე ოთხმოცდაათიანების ანტიდოტის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეპოქა თავის ზენიტში იმყოფებოდა. მას შემდეგ რუსეთში არაერთხელ დავბრუნდი და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, როგორც რეპორტიორი.
ჩემი ნაცნობი რუსების უმეტესობა, გარკვეულწილად, 74-წლიანი საბჭოთა ექსპერიმენტის გავლენას განიცდის. ჩვენთვის ცნობილია ის პატარ-პატარა ცხოვრებისეული ეპიზოდები და ჩვენს ოჯახებში დატრიალებული ტრაგედიები როგორც ერთი დიდი ტრაგედიის – საბჭოთა ისტორიის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ახალმა თაობამ მხოლოდ ოთხმოცდაათიანებით ტრავმირებული და შემდეგ პუტინის მტკიცე ხელით მართული რუსეთი იცის. წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, დავბრუნდი საშას მსგავს ახალგაზრდებთან შესახვედრად. ვინ არიან ისინი? როგორი ცხოვრება უნდათ? რას უსურვებენ რუსეთს?
საშას თქმით, ნიჟნი-ტაგილი „არაფერია, თუ არა ქარხნები და სატუსაღო ბანაკები“. ოდესღაც ვაგონებისა და ტანკების წარმოებით სახელგანთქმული საბჭოთა ქალაქი, ახლა ცნობილია გაჩერებული ქარხნებით, უმუშევრობითა და ვლადიმერ პუტინით. 2011 წელს პუტინმა გამოაცხადა, მესამე საპრეზიდენტო ვადით ვბრუნდებიო და მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღამ იფეთქა. მოწინააღმდეგეები უმეტესად ახალგაზრდა, განათლებულ, ურბანულ საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. მათ გამოსვლებს უკურეაქციაც მაშინვე მოჰყვა. იმ ზამთარს ეროვნულ ტელევიზიაში გამოვიდა ნიჟნი-ტაგილელი ქარხნის მუშა და პუტინს მიმართა, რომ ის და მისი „ბიჭები“ მზად იყვნენ მოსკოვშიც კი ჩასულიყვნენ და დემონსტრანტები ეცემათ. პუტინს ეს არ მოეწონა და მსგავსი ქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ მას შემდეგ ქალაქი პუტინის ერთგულ მხარდამჭერად ითვლება.
პუტინის თაობას სურს მშვიდი ოჯახი და სტაბილური, თუნდაც არადამაკმაყოფილებელი სამსახური.
დღეს ნიჟნი-ტაგილს ახალი მერი ჰყავს. პუტინის დავალებით მან ქალაქი უნდა გამოაცოცხლოს, მაგრამ აქ ცხოვრება ჯერ მაინც მძიმეა. საშა შემდუღებელთა ტექნიკუმში სწავლობდა და ქარხანაში მუშაობდა. ფულსაც კარგად შოულობდა, სანამ ნავთობის ფასის დაცემამ და უკრაინის ანექსიის გამო დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა არ ჩაძირა ეკონომიკა. საშას ხელფასს აღარ აძლევდნენ. მთელი წელი გაატარა სამუშაოს ძიებაში, ბოლოს და ბოლოს კი „ბოინგის“ ამწყობ ქარხანაში იპოვა სამსახური, სახლიდან ორი საათის სავალზე. ახლა მისი ხელფასი 30 000 რუბლია, ანუ 450 აშშ დოლარი თვეში – რაც ადგილობრივ საშუალო შემოსავალს წარმოადგენს.
საშას ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ვხვდები. დაღლილია, მისი თქმით, ეს კონფორმისტული ქალაქია. „აქ ხალხი ძალიან აგრესიულია, თუკი მათგან განსხვავებულად გამოიყურები“, ადგილობრივი მუშათა კლასის ტიპური სტილი კი ასეთია: სპორტული ტანსაცმელი და მოკლედ შეჭრილი, მაგრამ წინ დატოვებული თმა. საშას თქმით, ბევრი მისი თანატოლი ყოფილი პატიმრის შვილია. „ისინი კანონს არ ცნობენ“, მეუბნება საშა. მან მუშტებით და დანით ჩხუბიც იცის. ერთხელ ვიღაცის სისხლით მოსვრილი დაბრუნებულა შინ. ამ ამბის მოყოლისას, უცნაურად კარგ ხასიათზე დგება.
ის რაც ნამდვილად უნდა, ეს კოსმოპოლიტურ სანქტ-პეტერბურგში გაქცევა და იქ ბარის გახსნაა. რამდენჯერმეა ნამყოფი და ყველაზე კარგად ამ ქალაქში გრძნობს თავს. მაგრამ შეყვარებული არ მიყვება, თუ იქ ბინას არ იყიდის. მათი ხელფასით კი, სავარაუდოდ, ოცნება ოცნებად დარჩება.
ნიჟნი-ტაგილში ეს ჩვეულებრივი ამბავია: ახალგაზრდები ახალგაზრდული ოცნებებით, რომელთა ასრულებაც წარმოუდგენელია პუტინის რუსეთის სინამდვილეში. ისინი ამ რეალობის ტყვეები არიან. მათ მოგზაურობა სურთ, მაგრამ ხელფასს რუბლში იღებენ, რომლის მსყიდველობითი უნარიც ეკონომიკურმა კრიზისმა გაანახევრა. ზოგს საკუთარი საქმის წამოწყება უნდა, მაგრამ არ იცის, როგორ აფოფხდეს ადგილობრივი კორუფციის სახიფათო კლდეზე. ამიტომ იძულებული ხდებიან, საკუთარ ოცნებებს დაბალი ზღვრები დაუდგინონ. სახლი ან ბინა, მანქანა, ოჯახი… ეს ყველაფერი, რაც ასე ძლიერ სურთ და მიზეზი, თუ რატომ არ გააჩნიათ, პირდაპირ უკავშირდება მათი ოჯახების წარსულს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ოთხმოცდაათიანები გადაიტანეს.
„ოთხმოცდაათიანები ფინანსურად ძალზე რთული იყო ჩვენთვის“, მეუბნება ალექსანდრე კუზნეცოვი, 20 წლის ახალგაზრდა ნიჟნი-ტაგილიდან. „1998-ში მამაჩემმა ოჯახი მიატოვა“. მაშინ სამი წლის იყო. „დედაჩემის მთელი ხელფასი ჩემს გამოკვებაზე მიდიოდა. არ მქონდა ბევრი სათამაშო“, ამბობს ის. „ოჯახში მარტო ვარ“. ამან თავისი კვალი დატოვა. „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია“, მეუბნება ალექსანდრე. „არ მინდა თანამდებობა, დიდი კარიერა და ამის სანაცვლოდ – ცარიელი სახლი“.
1994 წელს მამამისი ჩეჩნეთის პირველ ომში იბრძოდა. „შვილო, ჯარში არ წახვიდე“, ურჩია შვილს, თუმცა ალექსანდრე არ ცდილობს სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს: „ყოველთვის მინდოდა ჯარში. ოჯახში ყველამ გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. გარდა ამისა, რუსეთში სამხედრო სამსახური უფრო შემოსავლიანი სამუშაოს პერსპექტივებს იძლევა: პოლიცია ან ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, ანუ „ფსბ“ – „სუკის“ მემკვიდრე სტრუქტურა. არმია მას შანსს მისცემდა, მამამისივით პოლიციელის კარიერა გაეგრძელებინა. „მე მართლა მინდა სტაბილური შემოსავალი“, ამბობს ალექსანდრე.
ჩვენს ლაპარაკს ალექსანდრეს მეგობარი სტეფანე შემოუერთდა. „ესე იგი“, ამბობს და თან რაღაცნაირად მავნებლურად მიცინის, „შენ წერ, როგორი იყო საბჭოთა კავშირში? ხალხი მაშინ გაცილებით უკეთ ცხოვრობდა“.
„რას ამბობ!“ – ეწინააღმდეგება ალექსანდრე. „უკეთ ცხოვრობდა?! არა, უკეთ არ ვცხოვრობდით!“
მანამდე იკამათეს, სანამ 1992 წელს დაბადებულ სტეფანეს ჩემთან შეკითხვა არ გაუჩნდა: „თქვენ, ამერიკელები, მუდამ წნეხის ქვეშ გვამყოფებთ, სანქციებს არ იშურებთ, რისთვის გვამზადებთ, ომისთვის?“ ცდილობს დამიმტკიცოს, რომ სწორი იყო ყირიმის ანექსია და პუტინის დასავლეთთან დაპირისპირება.
სტეფანეს არ სურს თავისი გვარის დასახელება, რადგან მე ამერიკელი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ დამშვიდობებისას, მანქანით წაყვანას მთავაზობს. „თუმცა ისე“… ბუტბუტებს – „აქედან გაღწევა მინდა“.
საიდან, ნიჟნი-ტაგილიდან?
„არა, რუსეთიდან“.
მისი აბობოქრებული პატრიოტიზმის შემდეგ, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო. რატომ?
„აქ არაფერია საკეთებელი“, გულგრილად ამბობს, „არანაირი შესაძლებლობა, არსად ჩანს გაზრდისა და განვითარების გზა, საკუთარი თავისგან რამე ნორმალური რომ გამოიყვანო“.
„ისინი, ვინც დაიბადნენ საბჭოთა კავშირში და ისინი, ვინც – მისი დანგრევის შემდეგ, საერთო გამოცდილებას არ იზიარებენ“, წერდა სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც 2015 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. „თითქოს სხვადასხვა პლანეტიდან არიან“.
როგორ მოხდა, რომ ახალგაზრდა რუსები, გარკვეულწილად, მათ ბებია-ბაბუების თაობაზე უფრო მეტად საბჭოურები ხდებიან?
საბჭოთა კავშირი ოპტიმიზმის ზვირთებში ჩაიკარგა. უამრავ ადამიანს სჯეროდა, რომ რუსეთი მალე გადაიქცეოდა აყვავებულ, დასავლურ დემოკრატიად. მაგრამ 1991 წლის ოპტიმიზმი დეპრესიული წინააღმდეგობებით სავსე ათწლეულში გაიფანტა. თუკი, დაგეგმილი ეკონომიკის დასასრულმა ზოგიერთს არნახული სიმდიდრე ან ახლახან ჩამოყალიბებულ საშუალო კლასში შესვლა მოუტანა, სხვებისთვის ეს უეცრად გაღარიბებას ნიშნავდა. მაღაზიები მანამდე ხელმიუწვდომელი საქონლით გაივსო, თუმცა ფული პერიოდულად უფასურდებოდა; მკვეთრად იმატა დანაშაულმა, განსაკუთრებით ეკონომიკურმა. პოლიტიკური ასპარეზი გაიხსნა, მაგრამ ბევრ რუსს ის ბინძურ საქმედ მიაჩნდა.
რუსები წვალობდნენ და მაინც ვერ ერგებოდნენ ამ უცხო სინამდვილეს. ეს იყო უპრეცედენტო თავისუფლების ხანა, მაგრამ ბევრი აღმოჩნდა დეზორიენტირებული. „როდესაც დასავლური ღირებულებები აქაურ რეალობას შეეჩეხა, ხალხმა დაინახა, რომ ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა, ახალმა ფასეულობებმაც უკანა პლანზე გადაინაცვლა“, ამბობს ლევადის ცენტრის სოციოლოგი ნატალია ზორკაია. მოსკოვში მდებარე ეს ცენტრი საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ნატალიას თქმით, ახალგაზრდა თაობები დასავლური მომავლის ნაცვლად, საბჭოთა წარსულის მხურვალე მხარდამჭერებად იქცნენ.
საშა, ალექსანდრე, სტეფანე და ბევრი მათი თანატოლი მართლაც სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, რადიკალურად განსხვავებულზე მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების სამყაროსგან. და, გარკვეულწილად, ისინი უფრო მეტად საბჭოურები ხდებიან. ამ ახალგაზრდებმა ცოტა რამ თუ იციან საბჭოთა ცხოვრების გაჭირვების, ჩვევებისა და ულმობელობის შესახებ. პუტინის თაობა ამ დაღს არ ატარებს. მათი მიზანი, ჰქონდეთ მშვიდი, ნორმალური ყოფა – ხელშეუხებელი ოჯახები და საიმედო, თუნდაც არადამაკმაყოფილებელი სამსახური – ესაა პასუხი იმ ყველაფერზე, რაც მოაკლდათ ოთხმოცდაათიანებში და იპოვეს პუტინის რუსეთში.
და მაინც, ისინი ძალზე დაუცველად გრძნობენ თავს. ლევადის ცენტრის თანახმად, 18-24 წლის ასაკის რუსების (საბჭოთა რღვევის შემდეგ დაბადებული პირველი თაობა) 65% თავის მომავალს მხოლოდ ერთი-ორი წლის ვადით გეგმავს. ისინი პოლიტიკურადაც ინერტულები არიან: უმრავლესობამ არაფერი იცის ახალ ამბებზე, რომლებსაც მთავრობა მალავს; 83%-ს მონაწილეობა არ მიუღია არავითარ პოლიტიკურ ან სამოქალაქო საზოგადოებრივ აქტივობაში.
ვხვდები ლიზას, ერთ-ერთი მინის „კოშკის“ ბრწყინვალე თეთრ ფოიეში. ცათამბჯენების ამ კომპლექსით ფორმირდება მოსკოვის ფინანსური ცენტრი, რომელიც ლონდონისა და შანხაის ნაზავს ჰგავს. მივყვები ლიზას მიწისქვეშა გვირაბებში, რომლებიც ნაგებობებს ერთმანეთთან აკავშირებს. კაფეები, მაღაზიები… გამოფენა, სადაც პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პორტრეტებსაც ვხედავთ. ვსხდებით კაფეში. ლიზა მიყვება თავის ამბავს, თან ბორშჩს ხვრეპს; მთხოვს, არ გავამხილო მისი გვარი, მშობლების განაწყენებას ერიდება.
ის 1992 წელს დაიბადა ბლაგოვეშჩენსკში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ერთი წლით ადრე მამამისი, ისტორიის მასწავლებელი, მოსკოვის ქუჩებში შეძახილებით ხვდებოდა დემოკრატიის შემოსვლას. მაგრამ საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ შინ დაბრუნებული მასწავლებელი იძულებული გახდა სხვა გზა ეპოვა ოჯახის სარჩენად. კვეთდა ჩინეთის საზღვარს და ნებისმიერი რამ გადმოჰქონდა გასაყიდად.
ლიზა კორპორაციული იურისტია მსხვილ დასავლურ ფირმაში. საქმეებიც კარგად მისდის, მაგრამ ეს მაინც არაა ის, რაც სურდა. „ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა, ყოველთვის ვწერდი“. „მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტიკა არ იყო სერიოზული საქმე და რომ ეს ანგარებიანი პროფესიაა“; ეს 90-იანებში გავრცელებული შეხედულებაა – როცა აქ ჟურნალისტიკას სხვა ნებისმიერი საქონელივით ყიდულობდნენ და ყიდდნენ – „ბევრ ფულს ვერ იშოვი. საიმედო პროფესია უნდა აირჩიო, რათა თავიც გამოიკვებო და შენს დასაც მიხედო“. ამასობაში მისი მშობლები გაიყარნენ. ბოლოს და ბოლოს მამამისმა წარმატებული საქმე წამოიწყო და ლიზას საშუალება მიეცა, საშუალო სკოლის დამამთავრებელი წელი ორეგონში გაეტარებინა და ლონდონშიც გაეგრძელებინა სწავლა.
თანამედროვე პროდასავლური ქალია, დედას „ბოიფრენდებზე“, ნარკოტიკებით სავსე წვეულებებზე გატარებულ დროზე უყვება. მაგრამ გარკვეულ ასპექტში ის ძალიან, ძალიან რუსია. „პუტინი მაღიზიანებს“, იწყებს და მისი ლაპარაკი მოსკოველ, ოპოზიციურად განწყობილ, ინტელექტუალთა მოსაზრებებს ემსგავსება. „მაგრამ, აბა ერთი, ვინმე უცხოელმა გაბედოს და გააკრიტიკოს ის! მე ყოველთვის დავიცავ რუსეთს“.
2011 წელს ლიზა ლიბერალური პოლიტიკური მოძრაობით დაინტერესდა, რაც იმ დროის მოსკოვში მოდურად ითვლებოდა. შეუერთდა „საერთაშორისო ამნისტიას“ და ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“. დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ლიზა უმცროსი დის სკოლაში გახსნილ უბანში გაანაწილეს, დამკვირვებლის სტატუსით. გაოგნებული უყურებდა, როგორ ტენიდნენ პედაგოგები საარჩევნო ყუთებში ბიულეტენებს. როცა ხმის ამოღება დააპირა, უყვირეს და კუთხეში მიუჩინეს ადგილი, საიდანაც უკვე ვეღარ აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს. ამ ფონზე მიმდინარეობდა არჩევნები მთელ ქვეყანაში. არაერთმა დამკვირვებელმა მოახერხა მსგავსი ფაქტების მობილურზე დაფიქსირება და მტკიცებულების სახით ინტერნეტში განათავსა, რამაც ბიძგი მისცა ისეთ მასობრივ საპროტესტო მოძრაობას მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში, როგორიც რუსეთს 20 წლის განმავლობაში არ ენახა.
მოსკოვი. ალექსანდრე და ვიქტორია ხლინინები ცხოველის კოსტიუმებით ერთობიან. 28 წლის ბანკირსა და 25 წლის დიზაინერს რამდენიმე ასეთი ფორმა აქვთ. მრავალი ახალგაზრდა რუსი, რომლებიც 90-იანი წლების ქაოსსა და ვლადიმერ პუტინის წლების კონფორმიზმში ჩამოყალიბდა, სტაბილურ სამსახურს ეძებს.
მოსკოვი. „ველური პიტნის“ ფესტივალი ექსტრავაგანტური ღონისძიებაა, რომელიც 36 000-ზე მეტ ენთუზიასტს იზიდავს. ისინი კარვების ბანაკში ბინავდებიან და ღამის 3 საათამდე უსმენენ ცოცხალ მუსიკას. წელს ფესტივალს სტუმრობდა პოპულარული რუსული ჯგუფი „უბედური შემთხვევა“ და „უონტონ-ბიშოპსი“ ბეირუთიდან.
27 წლის ენერგიული მეწარმე, რადიკ მინახმეტოვი ასწორებს პუტინის პორტრეტს, რომელიც ოფისში გამოსაჩენ ადგილას უკიდია თათრეთის პრეზიდენტის ფოტოს გვერდით. 24 წლის ასაკში მინახმეტოვი გახდა ყაზანის, თათრეთის დედაქალაქის სტადიონის დირექტორი.
ოპოზიციური პარტია – „სხვა რუსეთის“ მხარდამჭერები შეკრებილი არიან მოსკოვში. დროშებსა და სამკლავურებზე გამოსახულია მათი სიმბოლო – ყუმბარა. „სხვა რუსეთი“ 2010 წელს ჩამოაყალიბეს ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის წევრებმა.
სპორტულ-სამხედრო ბანაკში პარაშუტისტები 10 წლის ბავშვებს ასწავლიან იარაღის ხმარებას. პუტინმა ქვეყნის სამხედრო ძლიერებით, ჩეჩენ მებრძოლთა დამარცხებით, ყირიმის ანექსიით, უკრაინაში შეჭრითა და სირიაში ინტერვენციით აღადგინა რუსული სიამაყე.
29 წლის ნასტასია სამბურსკაია რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური მედიის ვარსკვლავია. მიუხედავად ამისა, მრავალი მოსკოველის მსგავსად, ისიც პატარა ბინაში ცხოვრობს. სხვა ქვეყნის ახალგაზრდების მსგავსად, რუსებიც იშვიათად იშორებენ „სმარტფონებს“.
ყაზანში მოსწავლეებს შესვენება აქვთ მუჰამადია-მადრასაში. ეს ქალაქი ეთნიკურად ნახევრად რუსული, ნახევრად – თათრულია. ამ ხალხის უმეტესობა მუსლიმია; ისლამს, რუსეთის მეორე ყველაზე დიდ რელიგიას, მოსახლეობის 7% აღიარებს.
სანქტ-პეტერბურგის სასტუმროში, გამოსაშვებ ბანკეტზე მოსწავლეები კოქტეილს მიირთმევენ. კომუნიზმის დასასრულმა რუსეთს მოუტანა სიღარიბეცა და სიმდიდრეც. ახალგაზრდებში, რომლებმაც მერყევი 90-იანები გამოიარეს, ეკონომიკური სტაბილურობა ნომერ პირველ სურვილად რჩება.
მოსკოვის თეოლოგიურ აკადემიაში სემინარიის სტუდენტები სწავლობენ ახალ აღთქმას, გალობას, ხატწერასა და სხვა საგნებს. კომუნისტების დევნილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღორძინდა პუტინის მმართველობისას, რომელიც ეკლესიას მოკავშირედ განიხილავს.
ყაზანი. კოხტა რესტორანი იზიდავს ახალგაზრდებს. ის ვოლგის ნაპირზეა აშენებული და სტუმრებს გართობის სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს სეზონურად: ზაფხულში – გარეთ სადილი, დოკი ნავებისთვის და ცურვა; ზამთარში – თხილამურები თუ ძაღლებშებმული მარხილი.
ნიკოლსკოეში, მოსკოვიდან 285 კილომეტრში, ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს და არშიყობენ. ამ პატარა სოფელში სხვა არც ისე ბევრი გასართობია. უკანასკნელ ვარდნამდე, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ნავთობიდან მიღებული შემოსავლით და ახალგაზრდობაც მრავლად ჩადიოდა დიდ ქალაქებში მაღალანაზღაურებადი სამსახურების საძიებლად.
27 წლის მიხეილ ვასილიევი სკეიტბორდით ვარჯიშობს მოსკოვის „ტრიუმფალურ მოედანზე“, ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან ახლოს – პოეტისა, რომელიც ხოტბას ასხამდა 1917 წლის რევოლუციას.
მოსკოვი. ალექსანდრე და ვიქტორია ხლინინები ცხოველის კოსტიუმებით ერთობიან. 28 წლის ბანკირსა და 25 წლის დიზაინერს რამდენიმე ასეთი ფორმა აქვთ. მრავალი ახალგაზრდა რუსი, რომლებიც 90-იანი წლების ქაოსსა და ვლადიმერ პუტინის წლების კონფორმიზმში ჩამოყალიბდა, სტაბილურ სამსახურს ეძებს.
მოსკოვი. „ველური პიტნის“ ფესტივალი ექსტრავაგანტური ღონისძიებაა, რომელიც 36 000-ზე მეტ ენთუზიასტს იზიდავს. ისინი კარვების ბანაკში ბინავდებიან და ღამის 3 საათამდე უსმენენ ცოცხალ მუსიკას. წელს ფესტივალს სტუმრობდა პოპულარული რუსული ჯგუფი „უბედური შემთხვევა“ და „უონტონ-ბიშოპსი“ ბეირუთიდან.
27 წლის ენერგიული მეწარმე, რადიკ მინახმეტოვი ასწორებს პუტინის პორტრეტს, რომელიც ოფისში გამოსაჩენ ადგილას უკიდია თათრეთის პრეზიდენტის ფოტოს გვერდით. 24 წლის ასაკში მინახმეტოვი გახდა ყაზანის, თათრეთის დედაქალაქის სტადიონის დირექტორი.
ოპოზიციური პარტია – „სხვა რუსეთის“ მხარდამჭერები შეკრებილი არიან მოსკოვში. დროშებსა და სამკლავურებზე გამოსახულია მათი სიმბოლო – ყუმბარა. „სხვა რუსეთი“ 2010 წელს ჩამოაყალიბეს ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის წევრებმა.
სპორტულ-სამხედრო ბანაკში პარაშუტისტები 10 წლის ბავშვებს ასწავლიან იარაღის ხმარებას. პუტინმა ქვეყნის სამხედრო ძლიერებით, ჩეჩენ მებრძოლთა დამარცხებით, ყირიმის ანექსიით, უკრაინაში შეჭრითა და სირიაში ინტერვენციით აღადგინა რუსული სიამაყე.
29 წლის ნასტასია სამბურსკაია რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური მედიის ვარსკვლავია. მიუხედავად ამისა, მრავალი მოსკოველის მსგავსად, ისიც პატარა ბინაში ცხოვრობს. სხვა ქვეყნის ახალგაზრდების მსგავსად, რუსებიც იშვიათად იშორებენ „სმარტფონებს“.
ყაზანში მოსწავლეებს შესვენება აქვთ მუჰამადია-მადრასაში. ეს ქალაქი ეთნიკურად ნახევრად რუსული, ნახევრად – თათრულია. ამ ხალხის უმეტესობა მუსლიმია; ისლამს, რუსეთის მეორე ყველაზე დიდ რელიგიას, მოსახლეობის 7% აღიარებს.
სანქტ-პეტერბურგის სასტუმროში, გამოსაშვებ ბანკეტზე მოსწავლეები კოქტეილს მიირთმევენ. კომუნიზმის დასასრულმა რუსეთს მოუტანა სიღარიბეცა და სიმდიდრეც. ახალგაზრდებში, რომლებმაც მერყევი 90-იანები გამოიარეს, ეკონომიკური სტაბილურობა ნომერ პირველ სურვილად რჩება.
მოსკოვის თეოლოგიურ აკადემიაში სემინარიის სტუდენტები სწავლობენ ახალ აღთქმას, გალობას, ხატწერასა და სხვა საგნებს. კომუნისტების დევნილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღორძინდა პუტინის მმართველობისას, რომელიც ეკლესიას მოკავშირედ განიხილავს.
ყაზანი. კოხტა რესტორანი იზიდავს ახალგაზრდებს. ის ვოლგის ნაპირზეა აშენებული და სტუმრებს გართობის სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს სეზონურად: ზაფხულში – გარეთ სადილი, დოკი ნავებისთვის და ცურვა; ზამთარში – თხილამურები თუ ძაღლებშებმული მარხილი.
ნიკოლსკოეში, მოსკოვიდან 285 კილომეტრში, ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს და არშიყობენ. ამ პატარა სოფელში სხვა არც ისე ბევრი გასართობია. უკანასკნელ ვარდნამდე, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ნავთობიდან მიღებული შემოსავლით და ახალგაზრდობაც მრავლად ჩადიოდა დიდ ქალაქებში მაღალანაზღაურებადი სამსახურების საძიებლად.
27 წლის მიხეილ ვასილიევი სკეიტბორდით ვარჯიშობს მოსკოვის „ტრიუმფალურ მოედანზე“, ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან ახლოს – პოეტისა, რომელიც ხოტბას ასხამდა 1917 წლის რევოლუციას.
ლიზამ ვერ გაუძლო ზეწოლას. ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა: „აღარ მინდა პოლიტიკა. ეს მე არ მეხება, არ ვარ საბრძოლველად საკმარისად ძლიერი“. ეს პირობა აღარც დაურღვევია, არც მაშინ, როცა რუბლი გაუფასურდა და მისთვის ყველაზე საყვარელი რამ – მოგზაურობა შეზღუდა. „დიახ, ეს საშინელებაა; სულ უფრო მცირდება შესაძლებლობები“, მაგრამ არ ცდილობს პასუხი პოლიტიკაში იპოვოს. „პოლიტიკა ფსიქოლოგიური ბლოკადაა“.
ქსენია ობიდინას, ლიზას დაწყებითი სკოლის მეგობარს, მოსკოვის „სტარბაქსში“ ვხვდები. ისიც ლიზას მსგავსად აფასებს მოვლენებს. მისი მშობლებიც დაშორდნენ ერთმანეთს, ამბობს, რომ მისთვის მთავარი ოჯახი და სტაბილურობაა; სურს საიმედო, კარგი სამსახური, რათა ჰქონდეს მოგზაურობის საშუალება, შეეძლოს დედასა და დას დაეხმაროს. ლიზას მსგავსად, არც ის ფიქრობს პოლიტიკაზე. „უაზრობა მგონია იმაზე საუბარი, რაზეც გავლენას ვერ ახდენ“. დამშვიდობებისას კი ამატებს: „ჯობია, იცოდე და ჩუმად იყო. ხმამაღლა არ გამოხატო აზრი. რატომ უნდა გაიფუჭო ხასიათი?“
როგორ მოხდა, რომ ისინი ასეთი აპოლიტიკურები გახდნენ? ვლადიმერ პუტინი – ეს არის პასუხი. ის 2000 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ოთხმოცდაათიანების მოწინააღმდეგე კანდიდატი, როცა ახალი თაობა ეს-ესაა ეცნობოდა მსოფლიოს. პუტინმა კეთილდღეობისა და სტაბილურობის პირობა დადო. ნავთობის ისტორიულად მაღალი ფასების ინერციითა და ოთხმოცდაათიანებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების წყალობით, პუტინმა ადვილად მოახერხა დაპირებათა უმეტესი ნაწილის შესრულება, თუმცა დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.
რუსეთში ფართო მასების აზრით, ვლადიმერ პუტინი არის კაცი, რომელმაც მოათვინიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთი და პირველი ლიდერი – ვინც წინ აღუდგა დასავლეთს.
პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. მისი აზრით, ვინც ამას არ გრძნობს, „უგულოა“. იოსებ სტალინი გადაიქცა „ეფექტურ მენეჯერად“, რომელსაც, უბრალოდ, ცოტა ზედმეტი მოუვიდა. სასწავლო პროგრამებსა თუ ტელევიზიაში დაიწყო სახელმწიფოს მიერ „სანქცირებული“ ნოსტალგიის პოპულარიზება. დღეს რუსების 58%-ს ისევ სურს საბჭოთა წყობის დაბრუნება, ხოლო დაახლოებით 40% დადებითად აფასებს სტალინს.
პოსტსაბჭოური ცხოვრების უდიდესმა ნაწილმა გამაერთიანებელი იდეის უიღბლო ძიებაში გაიარა. თავდაპირველად, ეს დემოკრატია იყო; შემდეგ მომხმარებლურმა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა დასავლური ღირებულებები. „მოდერნიზაცია მოხმარების გზით შემოვიდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი“, ამბობს სოციოლოგი ზორკაია.
2012 წელს, მესამე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, პუტინმა გაააქტიურა კიდევ უფრო აგრესიული ნეოსაბჭოური იდეოლოგია, როგორც შიდა, ისე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. იგი იბრძოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მაგალითად, უკრაინისა და ყაზახეთის, მოსკოვის გავლენის სფეროში შესანარჩუნებლად და შორეულ სირიაშიც კი გადასხა სამხედრო ძალა. სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგია თაობა, რომელთა ოცნებებიც განასახიერებს მხოლოდ პუტინის სურვილს: კონფორმისტი, მატერიალისტი და რისკისადმი უკიდურესად მტრულად განწყობილი.
პუტინის საოცარი პოპულარობა დიდი განსჯის საგანია – როცა ამ სტატიაზე ვმუშაობდი, პუტინს მხარს უჭერდა გამოკითხული მოქალაქეების 80%. პოპულარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 88% 18-24 წლის ახალგაზრდებში დაფიქსირდა. ისინი ნებისმიერ სხვა თაობაზე მეტად ამაყობენ საკუთარი ქვეყნითა და მსოფლიოში მისი მნიშვნელობით. სამხედრო ძლიერება მათთვის რუსეთის სიდიადესთან ასოცირდება, მათ სწამთ საკუთარი ქვეყნის მომავლის.
ნოვოსიბირსკში ერთ ბნელსა და ვიწრო შიდა ეზოში, მე-19 საუკუნის აგურის ორ შენობას შორის ვპოულობ ბოჰემური ცხოვრების მოყვარულებს. ლუდს მიირთმევენ და ელექტრონულ მუსიკას უსმენენ. სწორედ აქ გახსნა თავისი სამხატვრო გალერეა 21 წლის ფილიპე კრიკუნოვმა. ბრბოდან გამოვყავარ და იქაურობას მათვალიერებინებს. ერთი ოთახი ფლუორესცენციული ვარდისფერი ნათებითაა გაფორმებული, კედლებზე თაროებია ჩამწკრივებული უშნოდ შეღებილი ლენინის პატარა ბიუსტებით. მეორე ოთახში ახალგაზრდა ხელოვანებს „სელფის“ გადაღების გიჟური ხერხები მოუფიქრებიათ: თავი ჩაყავით დამსხვრეული სარკეებით სავსე მუყაოს ყუთში ან მეორე ყუთში, სადაც „ბურგერ-კინგის“ ნარჩენებს იპოვით.
სწორედ იმ დილას შევხვდი ფილიპეს, კოხტა ნოვოსიბირსკულ კაფეში, რომელშიც მრავლად იყვნენ მოდურად ჩაცმული გოგონები. ნოვოსიბირსკი რუსეთის მესამე უდიდესი ქალაქია – წარმოებისა და მეცნიერული ინოვაციების ცენტრი. აქ დიდი ფული ტრიალებს. თუმცა ფილიპეს სიმდიდრის არაფერი ეტყობოდა. უმამოდ გაიზარდა. როგორც არაერთი ახალგაზრდა რუსი, ისიც დედამ და ბებიამ გაზარდეს. მისი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, მოგვიანებით კი სტალინის „წმენდას“ ემსხვერპლა. ბებიამისი სახელგანთქმული ქიმიკოსია, დედაც სამეცნიერო მიმართულებით მუშაობდა.
ფილიპე 16 წლის იყო, როცა მოსკოვში პროდემოკრატიულმა საპროტესტო მოძრაობებმა იფეთქა და ნოვოსიბირსკის მსგავს ქალაქებსაც მოედო. ათობით ათასი ადამიანი მიაწყდა ქუჩებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, თუმცა დემონსტრაციები უფრო უბნის დახურულ წვეულებებს წააგავდა, ვიდრე საპროტესტო აქციებს. ფილიპესაც ყელში ამოსვლოდა პუტინი. „გზავნილები მისდიოდათ, გზავნილები საერთო უკმაყოფილების შესახებ, მაგრამ სახელმწიფოს არ უცდია დემონსტრანტებთან დიალოგი“. ის არ იცნობდა იმ რუსეთს, რომელსაც კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია აჩვენებდა. „ის სულ სხვა ქვეყანა იყო“, ამბობს კრიკუნოვი.
„წავედი საპროტესტო აქციებზე. ვცდილობდი, პოლიტიკურად აქტიური ვყოფილიყავი“, მაგრამ მალევე აუცრუვდა გული. „მიმოვიხედე და მივხვდი, რომ აქციებზე მოსული ხალხი არ იყო ჩემიანი. ამ საპროტესტო მოძრაობას არაფერი მოუტანია“.
თუმცა, პროტესტმა შეცვალა მოვლენები, ოღონდ უკეთესობისკენ არა. 2012 წლის მაისში კრემლმა კიდევ უფრო გაამკაცრა რეგულაციები. მას შემდეგ არაერთი დემონსტრანტი დააპატიმრეს. პუტინი ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებდა. მან ლიბერალებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით გამოდიოდნენ, საჯაროდ მიაკერა „ერის მოღალატეებისა“ და „მეხუთე კოლონის“ იარლიყი.
პუტინის მთავრობის ამ უხეშმა პასუხმა მძიმე დაღი დაასვა პუტინის თაობას და პოლიტიკის მიღმა არსებობა ასწავლა. „ან სისტემას უნდა შებრძოლებოდი, ან განსხვავებულ სისტემაში – ხელოვნების სამყაროში გეცხოვრა, იქ, სადაც „მეტი სიკეთეა“.
2018 წელს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია. ცოტას ჰგონია, რომ პუტინი თავის კანდიდატურას არ დააყენებს და კიდევ უფრო ნაკლებს – რომ კიდევ ერთხელ არ მოირგებს ექვსწლიან საპრეზიდენტო სკამს. ეს კი ნიშნავს, რომ ის ხელისუფლებაში უფრო მეტი ხნით თუ არა, 2024 წლამდე ნამდვილად დარჩება. ამ პერიოდისთვის ფილიპე, რომელიც, როდესაც პუტინი პირველად გაპრეზიდენტდა, 5 წლის იყო, 29-ის იქნება.
უნდა კი ამ დრომდე პუტინთან ერთად ცხოვრება? „მივეჩვიეთ, როგორც მარჯვენას, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ და ყველაფერი რიგზეა“.
რუსეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია: ახალგაზრდები ახალგაზრდული ოცნებებით, რომელთა ასრულებაც წარმოუდგენელია პუტინის რუსეთში.
„აკადემგოროდოკში“, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი უამრავი ლაბორატორიის ირგვლივ გაშენებულ პატარა ქალაქში, ვხვდები ალექსანდრა მიხაილოვას. ის 20 წლისაა. ალექსანდრა მეცნიერთა ოჯახიდანაა, დედა გეოლოგია, მამა კი – ფიზიკოსი. ისინი მიიზიდა ამ პატარა ქალაქმა, რომელიც 1957 წელს დააფუძნეს, როგორც მეცნიერების ინკუბატორი და საბჭოთა კავშირის მოტორი დასავლეთთან დაწყებულ ტექნოლოგიურ რბოლაში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, დაფინანსების გარეშე დარჩენილი რუსი მეცნიერები ჩამორჩნენ თავიანთ დასავლელ კოლეგებს. ალექსანდრას მშობლებიც ბიზნესში ჩაებნენ.
ახლა ალექსანდრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და მუშაობს დოკუმენტურ ნაშრომზე, რომელიც ამ ქალაქსა და მის მფეთქავ ინტელექტუალურ ისტორიას, განსაკუთრებით 60-იანი წლების იატაკქვეშა ცხოვრებას იკვლევს. „1966 წლამდე გასაოცარი თავისუფლება ჰქონდათ“, მეუბნება ალექსანდრა. თვალები უციმციმებს, როცა მიყვება ამ პატარა, შეუზღუდავ, ინტელექტუალურ კუნძულზე ტოტალიტარიზმის ზღვაში. 1966 წელს კი, გულუბრყვილო ახალგაზრდა მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა საჩივრის წერილი გაუგზავნა მოსკოვს, სადაც პირდაპირ წერდნენ, რა არ მოსწონდათ. დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი: ბევრი დაითხოვეს და მკაცრი პოლიტიკური კონტროლი შემოიღეს. ალექსანდრას დოკუმენტური ნაშრომი 80-იანი წლებიდან გრძელდება, როცა საბჭოთა პანკ-როკის იატაკქვეშა მოძრაობა მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
ალექსანდრას აზრით, დღესდღეობით „უმოქმედობაა. რაღაც გვაკლია. ხალხი პოლიტიკურად პასიურია. როცა საქმე მთავრობას ეხება, ახალგაზრდები ან ნეიტრალური, ან კი დადებითად განწყობილი არიან. არავინ იცავს საკუთარ მოსაზრებას. ხოლო გულგრილობასა და თანხმობას შორის, ძალიან ვიწრო ზღვარია“.
მთავრობის ცენზურა ისევ მოქმედებს. 1990-იანების როკ-მუსიკოსს დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს, რადგან მან ღიად გამოხატა უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო მოსაზრება. „ისინი ხურავენ საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებიც მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებენ“, ამბობს ალექსანდრა. თუმცა ყველაზე მეტად დამწუხრებული იმის გამოა, რომ „აკადემგოროდოკს“, აკლია 60-იანი და 80-იანი წლების შემოქმედებითი ცეცხლი. მის ირგვლივ მყოფი საზოგადოება, მისი მშობლების გარემოსგან განსხვავებით, ფრთხილი და ძალადაკარგულია. ალექსანდრას სწყურია ცვლილება, გამოცოცხლება. მაგრამ ისიც იცის, რომ მისი თაობა ამას ვეღარ მოიტანს.
„ამას შეძლებს ის თაობა, დღეს რომ 13-15 წლისანი არიან“, სევდიანად ამბობს ალექსანდრა. როცა ისინი ალექსანდრას ასაკს მიაღწევენ, მის თაობას უკვე სულ სხვა პრიორიტეტები ექნება. „ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ, მაგრამ, როცა 30-ის ხარ, ბავშვით ხელში რევოლუციას ვერ გაუძღვები“.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.