ქაბულის საშუალო ფენა
ავღანეთის დედაქალაქის გარეუბანში ოჯახები თანამედროვე, სტაბილურ ცხოვრებას ახერხებენ, ომისგან შორს – ჯერჯერობით მაინც


ქაბულის საშუალო ფენა
ავღანეთის დედაქალაქის გარეუბანში ოჯახები თანამედროვე, სტაბილურ ცხოვრებას ახერხებენ, ომისგან შორს – ჯერჯერობით მაინც
პარასკევობით ქაბულის გარეუბან ხვაჯა რავაშში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრები ფრანების გასაშვებად შენობათა სახურავებზე ადიან ხოლმე. მაგრამ ცოტა ხნის წინ ისინი სხვა, საზარელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ – თეთრი კვამლისა, რომელიც ცაში მას შემდეგ აიჭრა, რაც „თალიბანის“ მიერ ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან ნასროლი ჭურვები იქვე ახლოს მდებარე აეროპორტს დაეცა.

ხვაჯა რავაში 2017 წელს გაიხსნა, ყასაბად წოდებულ უბანში. აქ ბინა ავღანეთის საშუალო ფენის დაახლოებით 9000-მა წარმომადგენელმა დაიდო, რომლებიც 2001 წლიდან საგარეო დახმარებისა და სამხედრო ხელშეკრულებების ხელშეწყობით სარგებლობენ. მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ამ კომპლექსმა უსაფრთხოებით მიიზიდა: საზღვარგარეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქაბულის ცენტრში თალიბან მეამბოხეთა მხრიდან საშიშროება მუდმივად იზრდება. ქალაქის ყველა დანარჩენ უბანში არსებული ღარიბული საცხოვრებლებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ შეშის მხრჩოლავი ღუმელები გვხვდება, ახალი ბინები უზრუნველყოფილია წყალგაყვანილობითა და ცენტრალური გათბობით. ყასაბას ქუჩებში ქალები თავისუფლად დადიან, სუფთა ჰაერზე ნაყინს მიირთმევენ და საუბრობენ, რაც ლიბერალიზმსა და უსაფრთხოებაზე მიანიშნებს.
აბდულ კაბირ ზიარქაში მისი ბინის კართან მეგებება. იგი 71 წლის ყოფილი კომუნისტია, რომელმაც ოთხი ათეული წელი მთავრობაში მეტეოროლოგად იმუშავა და შემდეგ პენსიაზე გავიდა.

ზიარქაშთან და მის ცოლთან, ფარვინთან ერთად აქ კიდევ ორი თაობა ცხოვრობს: უმცროსი შვილი, 34 წლის აიმალი, ასევე 34 წლის რძალი ხალიდა და მათი ორი ვაჟი. აიმალმა და ხალიდამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, სადაც ისინი ინფორმატიკას სწავლობდნენ. მისი თაობის წარმომადგენელი აქაური მამაკაცების უმრავლესობისგან განსხვავებით, აიმალი ცოლს მუშაობის უფლებას აძლევს და ხალიდა გოგონების პროფესიული სკოლის მასწავლებელია. ოჯახში შემომტანიც სწორედ ის გახდა, მას შემდეგ, რაც აიმალის სამშენებლო საქმიანობას ამერიკული დაფინანსება შეუწყდა. ხალიდა საჭმელსაც ამზადებს, ალაგებს კიდეც, ჭურჭელსაც რეცხავს და შვილები სათამაშო მოედანზეც დაჰყავს. აიმალმა კი სამუშაოს ძებნაზე ხელი აიღო და დღის დიდი ნაწილის განმავლობაში ბიჭებთან ერთად ვიდეოთამაშებით ირთობს თავს.
ზიარქაში „დანჰილის“ ფირმის წვრილ სიგარეტს ეწევა და ტელევიზორში ინდურ კრიმინალურ კომედიას უყურებს. 1960-იან და 70-იან წლებს იხსენებს – ავღანეთისათვის შედარებითი სტაბილურობისა და დემოკრატიული რეფორმის ხანას. „აქაურობა პარიზს არაფრით ჩამოუვარდებოდა“, ამბობს ის. „ჩვენი ქვეყანა დაიქცა“, ამატებს ფარვინი, „მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, სახლის შიგნით მაინც იყოს სასიამოვნო განწყობა“.

ხვაჯა რავაში უკანასკნელი შენამატია ქალაქისა, რომლის არქიტექტურა მისი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ქაბული ქაოტური ძველი ქალაქის გარშემო მართკუთხა, გალავნით გარშემორტყმულ კვარტლებს შორის დაქსელილ მტვრიან ქუჩებად იშლება. გორაკები ბარაკებითაა შეფენილი, რომელთა მოსახლეობა 2001-დან 2015 წლამდე გასამმაგდა და 4,5 მილიონს გადააჭარბა. ქალაქის ცენტრი გადატვირთულია მკაცრად დაცული საელჩოებით, სამხედრო ბაზებითა და სამინისტროებით.
ათწლეულებზე გაწელილმა კონფლიქტმა და ომის წარმოების ცვალებადმა მეთოდებმა ქაბულს თავისი დაღი დაასვა, იქნება ეს NATO-ს ჯავშნიანი ავტომანქანების უხეში მოძრაობა ცენტრში, თუ მანქანები თვითმკვლელი თავდამსხმელებით. ქაბულის დიპლომატიური უბანი უსაფრთხო „მწვანე ზონაშია“ მოქცეული, რომლის ფართობი ორჯერ გაიზარდა, რათა ყველა საელჩო და NATO-სა და აშშ-ის სამხედრო შტაბ-ბინებიც მოეცვა. იქმნება ახალი „ლურჯი ზონაც“ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვებით, რომელიც ქალაქის ცენტრის დანარჩენი ნაწილის უმეტეს ტერიტორიასა და აეროპორტს დაფარავს.
თალიბანსა და დასავლეთის მხარდაჭერის მქონე მთავრობას შორის ომის გამწვავებამ ყასაბაში არსებულ სიმშვიდეს საფრთხე შეიძლება შეუქმნას. ყასაბა „საკმაოდ დაუცველია“, ამბობს ჯოლიონ ლესლი – არქიტექტორი, რომელიც ავღანეთში 1989 წლიდან მუშაობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.