
ქალაქები და პრობლემები
უნდა ვიცხოვროთ თუ არა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფეხით სავალ მანძილზე განთავსებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებით?
1925 წელს არქიტექტორმა ლე კორბუზიემ წინადადება წამოაყენა, რომ პარიზის მარჯვენა სანაპიროს უდიდეს ნაწილში სახლები, ქანდაკებები და ქუჩები დაენგრიათ, ხოლო მათ ადგილას 18 იდენტური, 200-მეტრიანი მინის კოშკი აეგოთ ერთმანეთისგან 400 მეტრის დაშორებით, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მდელოებითა და ამაღლებული სამანქანო გზებით იქნებოდა გაყოფილი.
ლე კორბუზიე ამტკიცებდა, რომ ზოგადად „სიძველეების მოყვარულებისა“ და პროგრესულად მოაზროვნეების ბრძოლას ადამიანების ცხოვრების წესი ედო საფუძვლად.
ეს ბრძოლა ქალაქებთან დაკავშირებითაც დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ ვკამათობთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ყველაზე მოხერხებულად – როგორ შევძლოთ თანაარსებობა. ამ კითხვაზე პასუხები ეპოქების მიხედვით იცვლება – უსაფრთხოების მოთხოვნებთან, წარმავალ სურვილებსა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად.
უნდა ვიცხოვროთ თუ არა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფეხით სავალ მანძილზე განთავსებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებით? უზარმაზარ გარეუბნებში, რომლებიც ჩვენმა მანქანების მიმართ სიყვარულმა შვა? მაღალ შენობებში, რომლებიც დაახლოებით ისეთია, ლე კორბუზიეს რომ წარმოედგინა და ახლა ჩინეთის ქალაქებში გვხვდება? National Geographic-მა ამ კითხვებზე პასუხების ძიებას მთელი გასული წელი დაუთმო. ჩვენ ფოტოგრაფები და მწერლები გავაგზავნეთ დედამიწის გარშემო, რომ მათ თანამედროვე ქალაქები აღეწერათ თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
ვითანამშრომლეთ არქიტექტურულ კომპანია SOM-თან, რომ მომავლის ქალაქის დეტალური მოდელი შეგვექმნა და ასევე გამოვიკვლიეთ ქალაქის ერთ-ერთი ბინადარი, რომელიც სულ თან დაგვყვება – ვირთხა.
რას უმზადებს მომავალი ქალაქებსა და ადამიანების ორ მესამედს, რომლებიც 2050 წლისათვის იქ იცხოვრებენ? ჩვენს ისტორიაზე „ქალაქების ახლებური გააზრება“ მწერალი რობერტ კუნციგი კოპენჰაგენის ურბანულ დიზაინერ იან გელთან ერთად მუშაობდა. გელი გვირჩევს, კარგად დავფიქრდეთ ქალაქების ფორმირებაზე, რადგანაც ჩვენ მემკვიდრეობას ვაშენებთ: „როდესაც შვილები გყავს, ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ქალაქი იმაზე ოდნავ უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო“, ამბობს გელი. „დაფიქრდით… თქვენს შვილებს კარგი ადგილი აქვთ საცხოვრებლად, ხოლო თქვენი შვილიშვილები იმაზე უკეთეს გარემოში გაიზრდებიან, ვიდრე – თქვენ. ვფიქრობ, ასე უნდა იყოს“.
იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ National Geographic-ის სპეციალური გამოცემით, რომელიც ქალაქებს ეძღვნება.