ქალაქის ჩრდილში
სადაც ხალხია, იქ ვირთხებიც არიან და ჩვენი ნაგვით ირჩენენ თავს


ქალაქის ჩრდილში
სადაც ხალხია, იქ ვირთხებიც არიან და ჩვენი ნაგვით ირჩენენ თავს
ვირთხები ჩვენი ჩრდილები არიან. თუ ჩვენ ქალაქის ზედაპირზე ვცხოვრობთ, ისინი, როგორც წესი, მის ქვეშ სახლობენ. ჩვენ თუ დღისით ვმუშაობთ, ისინი ღამით ირჯებიან. ვირთხები არიან თითქმის ყველგან, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.
მე სიეტლში გავიზარდე, სადაც ვირთხები საკანალიზაციო მილებში აბობღებაში არიან დაოსტატებული – თანაც, შიგნიდან. ჩემს მშობლიურ ქალაქში ახლა სადმე რომელიმე გრძელი, სველი რუხი ვირთაგვა თავისი ვარდისფერი მოცმაცუნე ცხვირის უნიტაზიდან ამოყოფას ცდილობს. სიეტლში სხვა სახეობაც სახლობს: შავი ვირთაგვა, რომელიც ხეებში იბუდებს და სატელეფონო ხაზებზე დაძრომიალობს. შესაძლოა, შუა საუკუნეებში შავი ჭირი სწორედ მას გადაჰქონდა.

ქვედა მანჰეტენში ვირთხები ნაგვის ურნას უტევენ. გარეუბნელი და კომერციულ ზონაში მცხოვრები ნიუ-იორკელები ქუჩებში იმდენ ნაგავს ყრიან, რომ ვირთხებს შეუძლიათ, მთელი ცხოვრება ისე გალიონ, დაბადების ადგილიდან 45 მეტრზე შორს წასვლაც არ მოუწიოთ. ვირთხებს სასუსნავს არც ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ადამიანები, რესტორნების, თეატრებისა და ტაიმს-სკვერის სტუმრები აკლებენ.
ქალაქის ვირთხების პოპულაცია ყველგან მატულობს, სიეტლიდან დაწყებული, ბუენოს-აირესით დამთავრებული. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, ბოლო ათწლეულში მათი რაოდენობა 15-20%-ით გაიზარდა.
ჩვენ გარშემო მობინადრე ცხოველებს შორის – იქნება ეს მტრედი, თაგვი, ბეღურა თუ ობობა – ყველაზე მძაფრი გრძნობები სწორედ ვირთაგვების მიმართ გვაქვს. მათ ბინძური და საზიზღარი არსებების რეპუტაცია აქვთ. ისინი ურბანული გავერანების ნიშნად და ეპიდემიების გადამტანებად მოიაზრებიან. ქალაქში მობინადრე ცხოველებს შორის, ისინი ყველაზე მეტად იწვევენ შიშსა და ზიზღს. ადამიანებს ვირთხები ეზიზღებათ.

კარნი-მატა, ალბათ, ერთადერთი ტაძარია მსოფლიოში, ვირთხებს რომ აუგეს. ეს შავი ვირთაგვები, სავარაუდოდ, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე წარმოიშვნენ და შემდეგ დამკვიდრდნენ ქალაქებში. მათ რეინკარნირებულ მეზღაპრეებად მიიჩნევენ და საკვებით უმასპინძლდებიან.
იმსახურებენ თუ არა ეს პატარა ცხოველები ჩვენს წყრომას? ჩვენთვის საძულველი, მათი ზოგიერთი თვისება – სიბინძურე, სწრაფად გამრავლება, უდავო სიმტკიცე და გადარჩენის უნარი – ადამიანებსაც გვახასიათებს. სინამდვილეში, მათი ჭუჭყი ხომ ჩვენი ჭუჭყია: როგორც წესი, ვირთხები სწორედ ჩვენს გადაყრილ ნაგავსა და დაუდევრად მიგდებულ ნარჩენებში მრავლდებიან.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.
ემა მარისმა დაწერა წიგნი „დაუდგრომელი ბაღი“ – ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე. მან და ველური ბუნების ფოტოგრაფმა, ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსმა, ერთად იმუშავეს ჟურნალის 2016 წლის ივნისის სტატიაზე მანუს ეროვნული პარკის (პერუ) შესახებ.