
ქალაქში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები
თავისუფლება თუ საზოგადოებრივი ინტერესები? სოციალური კავშირები თუ პირადი სივრცე? ურბანული ცხოვრება კომპრომისს მოითხოვს.
ადამიანის ევოლუციის ექვსი მილიონი წლის განმავლობაში ადამიანები და ადრეული ჰომინინები, შიმპანზეებივით, აქა-იქ მიმოფანტულნი, ოჯახებად ან პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ჩვენი წინაპრების მცირე ნაწილმა ქალაქური ცხოვრება სულ რაღაც 6000 წლის წინ დაიწყო, თუმცა, დღეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და ზოგიერთ მათგანში ათობით მილიონი მკვიდრიც კი არის.
ურბანული ცხოვრება კომპრომისს მოითხოვს. დიდი სარგებლის სანაცვლოდ ბევრის დათმობაც გვიწევს. მოდით, ორი საკითხი განვიხილოთ: ინდივიდუალური თავისუფლება და საზოგადოებრივი ინტერესი და სოციალური კავშირები და პირადი სივრცე.
თავისუფლების ცნებას რომ ჩავწვდეთ, მაგალითისთვის განვიხილოთ სინგაპური, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მიკროქვეყანა. სინგაპურში 6 მილიონამდე ადამიანი 720 კვადრატულ კილომეტრზეა დასახლებული, რაც აშშ-ის მოსახლეობის სიმჭიდროვეს 230-ჯერ აღემატება. სინგაპური აზიური ფინანსური ცენტრი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტი და ორ უძლიერეს მეზობელს, ინდონეზიასა და მალაიზიას შორის მოქცეული პაწაწინა მიწაა. სინგაპური წყლისა და საკვების უდიდეს ნაწილს მალაიზიიდან იღებს და, შესაბამისად, მეზობელთან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
სინგაპურის მოსახლეობა მოქალაქეებს კარგად აკვირდება, რათა ცალკეულმა პირებმა საზოგადოებას ზიანი არ მიაყენონ. ინსპექტორები ოჯახებში ავზებსაც კი ამოწმებენ, რომ დამდგარი წყალი დაავადებების გადამტანი კოღოების წყაროდ არ იქცეს. თანამედროვე ტექნოლოგიით მოწმდება ქუჩებზე მოძრაობა, თითოეული მანქანის გადაადგილება და ტემპერატურა ჩრდილსა თუ მზეში. კონტროლდება ოჯახებში წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება და ახლო მომავალში ისიც ეცოდინებათ, ვინ როდის ჩარეცხა ტუალეტი. ამერიკელები ასეთ დამოკიდებულებას კოშმარად და ჯორჯ ორუელის 1984 წლის ნოველის ცხადში ახდენად აღიქვამენ, თუმცა სინგაპურის მოქალაქეები მთავრობას უთანხმდებიან და პიროვნული თავისუფლების სანაცვლოდ უმაღლესი კლასის ცხოვრების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს სთხოვენ.
შემდეგ, მაგალითად, გერმანიის ასევე მჭიდროდ დასახლებული ქალაქები განვიხილოთ. კანონმდებლობის მიხედვით, გერმანელებს მხოლოდ გარკვეული ფერისა და ფორმის ფილების გამოყენება შეუძლიათ საკუთარი სახლების გადასახურად, თავიანთ ეზოში ხის მოჭრა კი წლოვანებისა და ზომის გათვალისწინებით, მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლიათ. მეთევზის ლიცენზიის მისაღებად გერმანელი მრავალსაათიან გაკვეთილებს უნდა დაესწროს, შემდეგ კი 60-კითხვიანი გამოცდა ჩააბაროს. თუმცა, გერმანელებს სანაცვლოდ აქვთ ლამაზი არქიტექტურა, მწვანე ქალაქები და თევზის ჯანსაღი პოპულაციები.
ზემოხსენებული ქვეყნების საპირისპიროა ჩემი ქალაქი, ლოს-ანჯელესი, სადაც საკუთრების უფლება წმინდათა წმინდაა. არაკონტროლირებად გარემოში კი ბევრი ადამიანი თუ საზოგადოება ზარალდება. თითქმის ყველანაირი სახლის მშენებლობაა ნებადართული, არ არსებობს ადგილობრივი არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იერსახე. მწვანე საფარი დღითიდღე მცირდება, ტემპერატურა იწევს, ერთ ნაკვეთზე გამოყენებული პესტიციდები სხვაგანაც ხვდება. სათევზაო ლიცენზიის ყიდვა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, შედეგად თევზების პოპულაციები მცირდება.
ერთმანეთისგან განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობისა და წეს-ჩვეულებების გამო სინგაპურისთვის, გერმანიასა და ლოს-ანჯელესისთვის კომპრომისების შედეგებიც განსხვავებულია. მოსახლეობის სიმჭიდროვე სინგაპურში ყველაზე მაღალია, გერმანიაში საშუალოა, ამერიკაში კი ყველაზე ნაკლები. სინგაპურელების წინაპრების ქვეყანაში, ჩინეთში ქალაქები ხუთ ათასწლეულზე მეტს ითვლის, გერმანიაში ორ ათასწლეულს, შტატების ქალაქები კი სულ რამდენიმე საუკუნისაა. ჩინური ტრადიციული მეურნეობა კომუნალური ხასიათისაა; გერმანელებს მეურნეობა ერთმანეთთან ახლოს აქვთ, ამერიკელების კი ერთმანეთისგან დაშორებული, აქა-იქ მიმოფანტულია.
ურბანული ცხოვრების მეორე პრობლემას სოციალური კავშირები და პირადი სივრცე წარმოადგენს. ახალი გვინეის სოფლებში, სადაც 1960 წლიდან ვმუშაობ, ჯერ ისევ ტრადიციული ცხოვრების წესია და ძველი დასავლური საზოგადოებების წესს ბევრი რამით ჰგავს. ახალი გვინეის სოფლის მკვიდრნი მეგობრების გარემოცვაში, ერთმანეთის მხარში დგომით, სიცოცხლის ბოლომდე იქ რჩებიან, სადაც დაიბადნენ.
თუმცა, ქალაქების მცხოვრებლებმა ზედმეტად რომანტიკულად არ უნდა შევხედოთ სოფლის ცხოვრებას. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ახალი გვინეიდან მითხრა, რომ ცხოვრების ასეთი სტილი სულისშემხუთველია, ზოგიერთი ადამიანი თავისი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახდენს. ახალი გვინეის სოფლებში ყველამ ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და გამუდმებით სხვების საქციელს განიხილავს.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც წარმოშობით ახალი გვინეიდან არის, მაგრამ ამერიკაში უკვე წლებია ცხოვრობს, მითხრა, რომ აქაურობა ძალიან მოეწონა, რადგან გზისპირა კაფეში შეუძლია მარტო დაჯდეს, გაზეთი წაიკითხოს, თანაც ისე, რომ ამ დროს ვინმე ნაცნობმა ფული არ სთხოვოს ან თავისი პრობლემები არ მოახვიოს თავზე. ასე რომ, ახალგვინეელები სოფლად ცხოვრების როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებსაც კარგად აცნობიერებენ; არც ურბანული პირადი სივრცის ნაკლოვანებებისა და უპირატესობების გარჩევა უჭირთ ერთმანეთისგან.
ყველაფერი კომპრომისის საკითხია.
მსოფლიო ურბანიზაციისკენ მიექანება, ნუთუ სინგაპურის მოდელი უნდა მივიღოთ? ტუალეტის ჩარეცხვის გაკონტროლების სანაცვლოდ მთავრობამ უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ლამაზი გარემო რომ შემოგთავაზოთ, თქვენ რომელს აირჩევთ?
ჯარედ დაიმონდი კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი და პულიცერის ჯილდოს მფლობელია წიგნისთვის „იარაღი, მიკრობები და ფოლადი“. ეს სტატია აღებულია მისი უახლესი წიგნიდან „გადატრიალება: კრიზისში მყოფი ერების საკვანძო ნიშნულები“, რომელიც მაისში გამოქვეყნდება.