ქართული ფუტკრის ამბავი
კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გამოკვეთილი თვისებებით ხასიათდება – გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა, თვინიერება


ქართული ფუტკრის ამბავი
კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გამოკვეთილი თვისებებით ხასიათდება – გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა, თვინიერება
გინახავთ, როგორ იყრება ფუტკრის ოჯახი ბუნებრივ პირობებში? ჰაერი ბზუილით ივსება; ფუტკრები ერთად გროვდებიან და შემდეგ დედა ფუტკართან ერთად წინასწარ მოძებნილი ადგილისკენ მიემართებიან.

კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გამოკვეთილი თვისებებით ხასიათდება – გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა, თვინიერება. მისი უნიკალურობის შესახებ მსოფლიომ 1961 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე შეიტყო. ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობიდან წაყვანილმა ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართულმა ფუტკარმა კიდევ ორჯერ, 1965-სა და 1971 წლის აგვისტოში მოიპოვა ოქროს მედალი და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.
გრძელი ხორთუმით ყვავილიდან ნექტრის ამოღება ქართული ფუტკრისთვის უფრო მოსახერხებელია და, შესაბამისად, იგი უფრო მეტ თაფლსაც აგროვებს და უფრო დიდი რაოდენობის მცენარესაც დამტვერავს. სწორედ ხორთუმის სიგრძე გახდა გადამწყვეტი 1961 წელს, როდესაც ქართული ფუტკარი ოქროს მედლით დააჯილდოვეს. სხვადასხვა სახეობის ფუტკრიდან, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ერთ ადგილას ჩაიყვანეს, სწორედ რუხმა ფუტკარმა შეძლო ყველაზე დიდი რაოდენობის თაფლის მოგროვება თავისი გრძელი ხორთუმის დამსახურებით. გაირკვა, რომ რუხ ფუტკრებს შორის ყველაზე გრძელხორთუმიანი (7,23 მმ) სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონში მდებარე ხობის წყლის ხეობაში ბინადრობს.

ქართულ სინამდვილეში ფუტკრისა და თაფლის კულტურის სიძველეზე არქეოლოგიური მასალაც მეტყველებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგის, ენტომოლოგ ელისო ყვავაძის კვლევა ცხადყოფს, რომ ქართველებმა თაფლის დადებითი თვისებების შესახებ ჯერ კიდევ 7000 წლის წინ იცოდნენ.
ისტორიული წყაროების თანახმად კოლხეთის სამეფოში ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში არსებობდა მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა.
არსებობს ასევე არაპირდაპირი მინიშნებები გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდში, ბრინჯაოს ხანაში არსებულ მეფუტკრეობის კულტურაზეც. კერძოდ, უკვე III ათასწლეულიდან მოყოლებული, იმდენად განვითარებული იყო მეტალურგია, რომ ცვილზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო და ინდუსტრიის ტემპის შესანარჩუნებლად, ის ინტენსიურად იწარმოებოდა.

საქართველოში მეფუტკრეობის სამი სახეობა არსებობს: ველური, როდესაც მონადირეები ტყეში სპეციალურად გადიან თაფლისა და ცვილის მოსაგროვებლად; ნახევრად ველური, როდესაც მონადირეებს ფუტკრის ძლიერი ოჯახები სახლში მიჰყავთ და შემდეგ ხისგან გამოთლილი მორით ან თიხის სპეციალური ჭურჭლით ტყეში ან კლდეზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ათავსებენ; შინამეფუტკრეობა, როდესაც ფუტკრისთვის სპეციალურად აშენებულ სახლში – სკაში ხდება მისი სასიცოცხლო ფაზებისა და მოსავლიანობის კონტროლი. ამ სახეობების კომბინირება მასობრივი ამოხოცვისა თუ სხვა სირთულეების დროს, ფუტკრის გამოყვანილი ჯიშების გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა.
თანამედროვეობამ პროგრესთან ერთად ბევრი პრობლემაც მოიტანა – თაფლისა და ცვილის ინტენსიური რეწვის მავნე შედეგები ქართულ რუხ ფუტკარსაც ბევრ პრობლემას უქმნის, თუმცა ის კვლავ განაგრძობს შრომას, გარემოს ახალ გამოწვევებთან ბრძოლასა და შეგუებას.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.