
ქართული მოდის იტალიური მიმოხილვა
ქართველი კაცის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნაბეჭდი გამოსახულება ვენეციურ წიგნში გვხვდება.
XVI საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში წიგნები ტანსაცმლისა და სხვადასხვა ხალხების ჩაცმულობის შესახებ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დროის ამ მონაკვეთს ხშირად ტანსაცმლის თემაზე მომზადებული წიგნების ოქროს ხანასაც უწოდებენ. დასტურად რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცემის დამოწმება შეიძლება. მაგალითად, 1562 წელს პარიზში ფრანგი ილუსტრატორის, რიშარ ბრეტონის წიგნი დაიბეჭდა. 1563 წელს ვენეციაში ფერნანდო ბერტელის წიგნი გამოჩნდა, რომელსაც 1577 წელს ნიურნბერგში იოსტ ამანის წიგნის გამოცემა მოჰყვა. იმავე წელს კიოლნში მზის შუქი იხილა აბრაჰამ დე ბრენის წიგნმა. ოდნავ მოგვიანებით, 1581 წელს, მეხელენში, ჟან-ჟაკ ბუასარის წიგნი დაბეჭდეს, რომლის შემდეგაც 1585 წელს რომში, ბართოლომეო გრასოს გამომცემლობამ გამოუშვა წიგნი ჩაცმულობის შესახებ, ოთხი წლის თავზე კი – 1589 წელს – პიეტრო ბერტელის წიგნი გამოიცა პადუაში.
მიუხედავად შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, კოსტიუმების, ტანსაცმლისა და მოდის თემაზე გამოცემული პირველი მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი სულ სხვა ადამიანი – ვენეციელი მხატვარი და გრავირების ოსტატი ჩეზარე ვეჩელიოა. ეს უკანასკნელი აღორძინების ხანის ცნობილი მხატვრის, ტიციანის ბიძაშვილი იყო და ერთი ხანი ტიციანთან ერთად აუგსბურგშიც საქმიანობდა. ჩეზარე ვეჩელიოს მოღვაწეობის გვირგვინი სწორედ კოსტიუმებისა და ტანსაცმლის თემაზე შექმნილი პირველი სისტემატიზებული წიგნია, რომელიც ოთხასზე მეტ ჩანახატს აერთიანებს და სამჯერ – 1590, 1598, 1664 წლებში – ვენეციაში და ერთხელ ბევრად გვიან, 1859 წელს, პარიზში გამოიცა.
ვეჩელიოს მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებულ ნამუშევრებში ქართველი მამაკაცის ერთი ჩანახატია წარმოდგენილი, სახელწოდებით “Georgiano“, რასაც თან ახლავს მცირე ტექსტი ქართველთა ყოფისა და ჩაცმულობის შესახებ.
ჩეზარე ვეჩელიოს წიგნი „მთელი მსოფლიოს ხალხების ძველი და თანამედროვე ჩაცმულობა“ XVI-XVII საუკუნეებში სამჯერ გამოიცა ვენეციაში და ერთხელ – XIX საუკუნეში – პარიზში.
ქართველი მამაკაცის ჩაცმულობასა და საბრძოლო იარაღთან დაკავშირებულ ცნობას ჩანახატის თანდართულ ტექსტშივე ვხვდებით. როგორც ვეჩელიო წერს, ქართველი კაცები და ქალები სპარსულ ყაიდაზე იცვამდნენ, `მაგრამ უფრო კომფორტულად“.
ვეჩელიოს თანახმად, მამაკაცის ჩაცმულობას შეადგენდა გრძელი ხალათი, რომელიც აბრეშუმის ან სხვა რომელიმე ზოლებიანი ქსოვილისგან იკერებოდა და გადაჯვარედინებული იყო მარცხენა მხარეს. ქართველი მამაკაცის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა კვერნის ბეწვის გადანაკეცი წოწოლა ქუდი შიდა მხარეს ხვეულბეწვიანი ბატკნის ტყავით. ქუდის წაწვეტებული ნაწილი მხრებამდე ეშვებოდა.
შეიარაღებაზე ლაპარაკის დროს ვხვდებით მშვილდს, კაპარჭს, იატაგანს და მოკლე შუბს (თუმცა, ამ ილუსტრაციაზე გამოსახულ შუბს მოკლეს ვერ უწოდებ).
საქართველოზე თხრობისას ვეჩელიო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა დასახლებულია ქრისტიანებით, რომლებიც ღარიბულად ცხოვრობენ ხის სახლებში, ხალხი კი თურქებზე მეტად სპარსელების ერთგული და მეგობარია. ვეჩელიოს წიგნში დაბეჭდილი ქართველი მამაკაცის გამოსახულება ავტორის წარმოსახვით არის შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს ცნობა, რომ ვეჩელიოს საქართველოში უმოგზაურია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და ქართველების შესახებ ცნობები ვეჩელიოს ხელთ არ ექნებოდა. როგორც არ უნდა იყოს, „Georgiano“, სავარაუდოდ, ქართველებთან დაკავშირებული ის ჩანახატია, რომელიც საუკუნეების წინ ბეჭდური სახით პირველად გამოიცა ევროპაში.