ქართველი წყვილი
ევროპელი ეთნოგრაფები ქართველების აღსაწერად საინტერესო დეტალებს იყენებენ.
XV საუკუნის შუა ხანებში იოჰან გუტენბერგის მიერ ევროპაში პირველი სტამბის შექმნამ დიდად შეუწყო ხელი ინფორმაციის გავრცელებას. გუტენბერგის გამოგონებიდან მალევე ევროპაში ისეთი წიგნების ბეჭდვა დაიწყეს, რომლებშიც გრავირების წესით შესრულებული ეთნოგრაფიული ჩანახატები გამოჩნდა.
ნაბეჭდ ევროპულ წიგნში ქართველი კაცის ამსახველი ჩვენთვის ცნობილი პირველი გრავიურა ვენეციელი ჩეზარე ვეჩელიოს შესრულებული „Georgiano“ იყო (მის შესახებ მოგითხრობდით National Geographic – საქართველოს 2023 წლის აგვისტოს ნომერში). ქართველი მამაკაცის თემაზე ვეჩელიოს მიერ შესრულებული ჩანახატი მოგვიანებით არაერთ გრავიურას დაედო საფუძვლად, კერძოდ, 1683 წელს პარიზში ალენ მანესონ მალეს მიერ დაბეჭდილ „Georgiens“-ს, 1700 წელს ამსტერდამში დენი მარტინო დიუ პლესის მიერ დაბეჭდილ „Georgianer“-სა და ამავე სახელით 1717 წელს ერფურტში იოჰან მიხაელ ფუნკენის მიერ დაბეჭდილ გრავიურებს.

გრავიურა სულხან სალაძის პირადი კოლექციიდან.
მალეს, პლესისა და ფუნკენის გამოცემების გარდა, იყო კიდევ ერთი, 1690 წელს ლიონში, ფრანგი ეთნოგრაფის, გეოგრაფისა და ლინგვისტის, ანტუან ფეროტე დე ლა კრუას წიგნში დაბეჭდილი – „Georgiens“. ჩანახატის ავტორი პიერ-პოლ სევინი უნდა იყოს, გრავირება კი მატიე ოჟიეს ეკუთვნოდეს. ოჟიეს მიერ შესრულებულ გრავიურაზე ქართველი ქალი და კაცია წარმოდგენილი. მამაკაცი ტიპური აღჭურვილობით: ქამარ-ხანჯლით და ისრების კონით, ხელში შუბით, მხარზე მშვილდ-ისრით და თავზე გრძელი ქუდით; ყვავილების გვირგვინით შემკულ ქალს მარჯვენა ხელში კალათი უჭირავს და ჯვრიანი ყელსაბამი უკეთია, მარცხენა ხელით კი კაცს, სავარაუდოდ, ფიჭას აწვდის. ქართველების თავზე გამოსახულია ფასკუნჯი აქეთ-იქით ფუტკრებით. საინტერესოა ჩანახატის სიღრმეში გადმოცემული სცენა: მთის ძირში ციხესიმაგრე ან რელიგიური ნაგებობებია, მწვერვალზე კი – სავარაუდოდ, ნოეს კიდობანი, რომელიც გამოსახულია 1700 წელს ამსტერდამში დენი დიუ პლესის მიერ დაბეჭდილ ქართველების ამსახველ გრავიურაზეც. აღსანიშნავია, რომ ფუტკრები ფიჭასთანაც ფიგურირებენ და დე ლა კრუას წიგნი არ არის პირველი ევროპული გამოცემა, სადაც ფუტკრისა და, ზოგადად, თაფლის თემას საქართველოსთან აკავშირებენ. ქართველების მიერ თაფლის დამზადების ამსახველ გრავიურას ვხვდებით გერმანელი კარტოგრაფისა და გეოგრაფის, სებასტიან მიუნსტერის „კოსმოგრაფიის“ გვიანდელ, გერმანულენოვან რედაქციაშიც, რომელიც 1628 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ქართულ თაფლს შუა საუკუნეების ევროპაშიც გაუთქვამს სახელი.