
„ქართველთა მეორე ბიბლია“
დღეს ახალციხის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია. მის არაჩვეულებრივ კოლექციებში ასახულია ისტორიული მესხეთის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც 2012 წლიდანაა წარმოდგენილი მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციაზე
ქართული ლიტერატურის მსოფლიო „შედევრია ვეფხისტყაოსანი“. მე-12 საუკუნის მიწურულს დაწერილი, მრავალ ენაზე თარგმნილი და გამოცემული ეს პოემა ჩვენი იდენტობის ნაწილადაა ქცეული და ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში – მას „ქართველთა მეორე ბიბლიასაც“ უწოდებდნენ.
რუსთაველის ეს გენიალური პოემა დღემდე სამეცნიერო კვლევის საგანია – სწავლობენ მის რითმებსა და რიტმებს, ფერთა სიმფონიას, აფორიზმებს, გმირებს, ფაბულასა თუ კავშირს ისტორიულ სინამდვილესთან. საუკუნეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსანმა“ არაერთხელ იცვალა სახე, ამდენად ძალიან ფასეულია ჩვენამდე მოღწეული ყველა ხელნაწერი.

მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე პოემის ჩვენამდე მოღწეული უძველესი მანუსკრიპტი მე-17 საუკუნით იყო დათარიღებული, თუმცა 1963 წლის ოქტომბრის თვეში კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის ექსპედიციას, მიხეილ ქავთარიას, ცაცა ჭანკიევისა და ილია აბულაძის შემადგენლობით, დიდი სიურპრიზი ელოდა ახალციხის მუზეუმში: მე-19 საუკუნის ერთი ხელნაწერის დაშლილ ყდაში, რომელიც სხვადასხვა ფურცლის შეწებებით იყო გაკეთებული, საკმაოდ ძველი, მხედრული ხელნაწერის ორად-ორი ფურცელი შენიშნეს. სულ რამდენიმე სტრიქონის გაშიფვრა აღმოჩნდა საკმარისი იმის გასარკვევად, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს კითხულობდნენ. დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ საქმე მე-16 საუკუნის ნიმუშებთან ჰქონდათ. გაირკვა, რომ ფრაგმენტები მოიცავს „ვეფხისტყაოსნის“ 867-878 და 1060-1080 სტროფებს, თითოეულ გვერდზე ექვს-ექვსი – სულ 24 სტროფია წარმოდგენილი და ისინი პოემის სხვადასხვა ადგილს ასახავენ. 24 არც ისე ბევრია „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომელიც 1500-ზე მეტი სტროფისგან შედგება, თუმცა მაინც ფასდაუდებელი თავისი მნიშვნელობითა და სიძველით. რესტავრაციის შემდეგ ფრაგმენტის ერთი ფურცელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, ხოლო მეორე ახალციხის მუზეუმს დაუბრუნდა.
დღეს ახალციხის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია. მის არაჩვეულებრივ კოლექციებში ასახულია ისტორიული მესხეთის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც 2012 წლიდანაა წარმოდგენილი მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი კი „ვეფხისტყაოსნის“ მე-16 საუკუნის ფრაგმენტს უკავია, რომლის გარშემო ყოველთვის თავს იყრის დამთვალიერებელი – ის ხომ სულ რაღაც ოთხი საუკუნითაა დაშორებული დიდი შოთა რუსთაველის ეპოქისაგან.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.