1877 წლის 22 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ოსმალეთთან ომის დაწყების შესახებ. ომის მიზეზი ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვება და ოსმალეთის იმპერიისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის წართმევა იყო. საომარი მოქმედებები თავიდანვე ორ ფრონტზე – ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და კავკასიაში გაიშალა. ეს ომი საქართველოს საუკუნეების წინ დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების შანსს აძლევდა.
კავკასიაში, საბრძოლო მოქმედებები მიხეილ ლორის-მელიქიშვილის სარდლობით, 1877 წლის 30 აპრილს დაიწყო. კავკასიის არმიის ნაწილები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მდებარე გარნიზონებსა და სიმაგრეებში გადანაწილდა. რიონის მხარეს განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებს გენერალ-ლეიტენანტი ივანე ოკლობჟიო ხელმძღვანელობდა. მის განკარგულებაში 50 000-ზე მეტი მებრძოლი და 20 ქვემეხი შედიოდა. ამ ჯარებიდან უშუალოდ საბრძოლველად გამოიყო 25 ათასი მებრძოლით დაკომპლექტებული ოზურგეთის რაზმი, რომელსაც მოგვიანებით ქობულეთის რაზმი ეწოდა.
ქობულეთის რაზმის მონაწილეობით დიდი ბრძოლები გაიმართა მდინარე ჩოლოქზე, მუხაესტატეში, ხუცუბანში, ციხისძირსა და ჩაქვში. ეროვნული ინტერესების დასაცავად განსაკუთრებულ სიმტკიცეს ავლენდა თითქმის მთლიანად მოხალისეებისაგან დაკომპლექტებული სახალხო ლაშქარი და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მებრძოლთა მხარდამხარ თავდაუზოგავად იბრძოდა.
რუსეთ-თურქეთის ომი 1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) ქ. ანდრიანოპოლში დადებული წინასწარი საზავო ხელშეკრულების საფუძველზე დასრულდა. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას არტაანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი და მათ ირგვლივ მდებარე ტერიტორიები გადაეცა. წარმოდგენილი ფოტო რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდშია გადაღებული. ფოტოზე ომის დროს ოზურგეთში განთავსებული ქობულეთის რაზმის შტაბბინაა გამოსახული.