
ქუჩის მსახიობები
ძველად შუა აზიაში ხალხური თეატრალური წარმოდგენები ძირითადად საერო დღესასწაულებზე იმართებოდა
სადღესასწაულო დღეებში ქალაქი უჩვეულოდ ცოცხლდებოდა. ხალხმრავალ მოედნებზე, ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ აწყობდნენ ჩაიხანებსა და სავაჭრო დახლებს, სადაც მთელი დღის მანძილზე, გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. ხალხის გასართობად თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა, რომლებშიც ქუჩის მოხეტიალე მსახიობები, სახალხო მთქმელები, მუსიკოსები, მომღერლები, ჯამბაზები და მასხარები მონაწილეობდნენ. მსახიობთა დასი მამაკაცებისგან შედგებოდა, რომლებიც ხშირად ყოველგვარი დეკორაციებისა და სპეციალური კოსტიუმების გარეშე განასახიერებდნენ ჩვეულებრივი ყოფის ამსახველ სცენებს – სატირული ხასიათის მოკლე წარმოდგენებს. ისინი აქილიკებდნენ მლიქვნელობას, სიხარბეს, დასცინოდნენ ხელისუფალთა ფარისევლობას, მოსამართლეთა მექრთამეობას, კეთილდღეობის მაძებარ წარჩინებულებსა და დიდგვაროვნებს. წარმოდგენები მეტწილად ექსპრომტად იქმნებოდა, რომელთაც მუსიკალური გაფორმებაც ახლდა თან.
ხალხური თეატრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ხოლო ქუჩის წარმოდგენებში მონაწილე, უბრალო ხალხიდან გამოსული მსახიობები განსაკუთრებული ნიჭით, ოსტატობითა და არტისტულობით გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ სარგებლობდნენ ისინი ხალხში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.