
ქვევრი
ვაზის კულტურას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში და ქართველები, შესაძლოა მსოფლიოში პირველებიც, უძველესი დროიდან მისდევდნენ კულტურული ვაზის გაშენების ტრადიციას
საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ჯერ კიდევ ძვ. წ. VI-V ათასწლეულიდან დაიწყო, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა თუ ისტორიული ფაქტი ადასტურებს. ვაზის კულტურას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში და ქართველები, შესაძლოა მსოფლიოში პირველებიც, უძველესი დროიდან მისდევდნენ კულტურული ვაზის გაშენების ტრადიციას.
მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ვაზის ასეულობით ჯიში მოგვცა, რომელთაგან ბევრი ენ-დემურია, მხოლოდ საქართველოში ხარობს. გამორჩეულია ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და შენახვის წესიც. თიხიან მიწაში ჩადგმული ღვინის შესანახი და დასავარგებელი ჭურჭელი – ქვევრი საქართველოს ისტორიასავით ძველია. ქვევრი, როგორც სამეუნეო ხასიათის ჭურჭელი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი და იმდენად დახვეწილია, რომ შექმნიდან დღემდე, მრავალი საუკუნის შემდეგ, ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია.
ქვევრი თიხა-კირქვასა და მცირე რაოდენობით ძვირფას ლითონებს: ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს შეიცავს. კირი, რომელიც ღვინის მჟავასთან რეაქციაში შედის, ერთი მხრივ, ამაგრებს ქვევრის კედლებს, მეორე მხრივ, ბუნებრივი ანტისეპტიკის როლს ასრულებს. ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13°-15°-ს ინარჩუნებს.
დღეს ქვევრის ღვინო, ანუ ქართული წესით ქვევრში ღვინის დაყენების წესი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.