
ქვის ხანის ბეისბოლის კეტი
ჩვენი წინაპრები ამ კეტს ურტყამდნენ ერთმანეთს?
როგორც ჩანს, „ტემზის კეტით“ (ძვ.წ. IV ათასწლეულის ხის კეტი), რომელიც ლონდონში აღმოაჩინეს, ადამიანის თავის ქალის ჩამსხვრევა შეიძლებოდა. ედინბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგებს ამაში დარწმუნება სურთ. მათ ადამიანის თავის ქალის ასლი აიღეს, რომელიც ძვლისმაგვარი პოლიურეთანის, რეზინის „კანისა“ და ჟელატინისაგანაა დამზადებული და კეტის ასლით ჩაამსხვრიეს. შედეგი: ყალბი ქალის დაზიანებები იმის მსგავსი იყო, როგორიც ავსტრიაში ნაპოვნ ნეოლითის ხანის ქალაზე აღინიშნებოდა. ეს ქვის ხანის ბლაგვი იარაღის იდენტიფიცირების პირველი შემთხვევა იყო ევროპაში. ეპოქისთვის დამახასიათებელი ძალადობის გაგება სოციალური ურთიერთობების უკეთ გაგებაში გვეხმარება. – ნინა სტროქლიკი
უდნობი ნაყინი

მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს საშუალებას, რომელიც ნაყინისგან გაწებოვანებულ ხელებს უშველის. 2011 წელს ცუნამიმ იაპონიაში მარწყვის მდელოები დააზიანა და შეუხედავი ხილის გაყიდვა შეუძლებელი გახადა. კანაძავას უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფესორმა ტომიჰისა ოტამ და მისმა ჯგუფმა გამოსავალს მიაგნეს: მათ გადაწყვიტეს, მარწყვისგან ექსტრაქტი – თხევადი პოლიფენოლი დაემზადებინათ, რომლის გამოყენებაც დესერტებზე მოსასხმელად იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ როდესაც პოლიფენოლი კრემს დაუმატეს, კრემი უმალ გამყარდა, რამაც პოლიფენოლის მოსასხმელად გამოყენება შეუძლებელი გახადა, სამაგიეროდ, შესანიშნავ შემკვრელ საშუალებად აქცია. მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს გაყინული დესერტი, რომელიც არ დნება. კანაძავას ნაყინი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე საათის განმავლობაში არ დნება, ახლა მთელ იაპონიაში იყიდება. – ნატაშა დეილი