„თვალში მომხვდა, რომ ტენტენს ჰგავდა, კომიქსის პერსონაჟ ნორჩ რეპორტიორს – მაგრამ ბოროტს. ალბათ ბელგიურმა სისხლმა მიყივლა…“ – გონებამახვილურად აღნიშნავს ფოტოგრაფი ტომას ვან ჰუტრივი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთი-ერთი ქიმერის მის საყვარელ ფოტოზე გვიყვება. მან ეს ფოტო 1870 წლის აპარატით გადაიღო, 2019 წლის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს. როგორც ვან ჰუტრივი ამბობს, მისი კამერა თითქმის იმავე ასაკისაა, რამდენისაც 1865 წელს შესრულებული ქიმერები. არქაული აპარატით გადაღებული ფოტოს ეფექტს ის თავად ამ ურჩხულის „ბნელ, გროტესკულ“ ხასიათს ამსგავსებს; მისი შემყურე „XIX საუკუნის ატმოსფეროში იძირები“.

ასეთი გამოსახულების მისაღებად დიდი ოსტატობაა საჭირო. პორტატიული ლაბორატორიით აღჭურვილმა ვან ჰუტრივმა მინის ფირფიტები ჯერ კოლოდიუმით დაფარა, შემდეგ – ვერცხლის ნიტრატით. 2-4-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ, გასამჟღავნებელ და ფიქსაჟის ხსნარში დაასველა, გაავლო და შინ წაიღო ჩემოდნის განყოფილებებში ჩაწყობილი, რომლებიც წყლით იყო სავსე. შემდეგ რამდენიმე საათი აშრობდა.
სხვა ფოტოები ვან ჰუტრივმა დრონითა და ამწის მეშვეობით გადაიღო. „ერთხელ, ღამით, მაღლა ავძვერი და ზუსტად შპილის ადგილას აღმოვჩნდი“, – იხსენებს იგი, – ბნელოდა და თან თავბრუ მეხვეოდა“. ამ მძაფრ მომენტში თითქოს „სამოთხემ და ჯოჯოხეთმა ადგილები გაცვალეს: ზემოთ დანახშირებული ხის კოჭები იყო, ქვემოთ კი – განათებული ტრანსეპტის გადაკვეთა“.
ტომას ვან ჰუტრივი ამერიკელ-ბელგიელი ფოტოგრაფია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. მისი ინტერესის სფეროა საზღვრები, იდენტობა და მეხსიერება, ინდივიდებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.