
რა გვასწავლა პანდემიამ | ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსზე საშიში პანდემიებიც ახსოვს. იგი გვესაუბრება პანდემიასთან თანაცხოვრებისა და მისი დამარცხების მოლოდინზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია“.
იგი ამბობს, რომ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამ კომპონენტს, როგორებიცაა განათლება, მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. მისი სიტყვებით, „თუკი ქვეყანას განათლებული, მეცნიერულად მოაზროვნე, ჯანმრთელი პოპულაცია ჰყავს, ის ყველანაირ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს“.
რა ასწავლა ახალმა კორონავირუსმა მეცნიერებს მსოფლიოსა და საქართველოში?
კორონავირუსმა შეაზანზარა მთლიანად სამყარო და ბიოსამედიცინო სფერო, მეცნიერებს ასწავლა, რომ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას უფრო სწრაფი ტემპით სჭირდება გამოყენება.
ერთი საუკუნის წინ, როდესაც ესპანური გრიპი მძვინვარებდა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს ვირუსის მყისიერად გაშიფვრა. გრიპის ვაქცინა მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეიქმნა. დღეს სიცოცხლის მეცნიერებები ისეა განვითარებული, რომ შესაძლებელია, ყველაფერი სწრაფად მოხდეს.
ჩინელმა მეცნიერებმა 10 დღეში უკვე იცოდნენ, რისგან შედგება კორონავირუსის გენომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ვაქცინაც ძალიან მალე შეიქმნა, თუმცა დიდი დრო სჭირდება მისი უსაფრთხოების დადგენას. დღეს 10-მდე ნიმუში გადის კლინიკურ კვლევებს. იმედია, გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში უკვე გვექნება იმუნიზაციის საშუალება.
კორონავირუსის ინფექცია ესპანურ გრიპზე რთულია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალი აქვს – 4,1%.
6 თვეში ახალი კორონავირუსით 600 000 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როცა შედარებისთვის, ტუბერკულოზით ყოველწლიურად 1 500 000 კვდება, შიდსით – 690 000-მდე, მალარიით – 405 000-მდე. აღარაფერს ვამბობ კაცობრიობის ძალიან დიდ მკვლელებზე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე, რომელთა მსხვერპლი ყოველწლიურად 17-18 მილიონი ადამიანია ან კიბოზე, რომელიც 9,6 მილიონ ადამიანს კლავს.
ჩვენ პანდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თანაცხოვრება გვიწევს სხვადასხვა დაავადებასთან. მეცნიერება, ალბათ, შეძლებს კორონავირუსის თანდათანობით დასუსტებას ან შექმნის ვაქცინას და ეს მსოფლიო მეცნიერების მიღწევა იქნება.
მეორე მხრივ, კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ – ეს გარდაუვალია, რადგან ის ხვალ და ზეგ არ გაქრება. მაგალითად, ესპანური გრიპი ორი წლის შემდეგ გაქრა, როდესაც მთელი მსოფლიო მოიარა და იმუნური ფენა შეიქმნა.
ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია. ორი თეორიაა – ადამიანები ან სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში დაავადდებიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება მისი საწინააღმდეგო წამალი.
ქართველებს კორონავირუსმა გვასწავლა, რომ სამყაროს ნაწილი ვართ, მათ შორის მეცნიერებაშიც. მართალია ჩვენთვის რთულია ახალი წამლის შექმნა, თუმცა ვისწავლეთ მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების გატარება. საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. მეცნიერებაც ეს არის – გამოცდილების დაგროვება და მისი სწორი ანალიზი.
აღსანიშნავია, რომ ლუგარის ცენტრში ჩვენ ვირუსის გენომის გაშიფვრის საშუალება გვაქვს. არსებობს ახალი კორონავირუსის საერთაშორისო გენომური პლატფორმა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.
გენომის გაშიფვრა ძვირი სიამოვნებაა და ამ ტექნოლოგიით კვლევა ყველა პაციენტს არ უტარდება. ჯერჯერობით, ჩვენ 20-მდე ადამიანის ვირუსის გენომი გავშიფრეთ.
რა გამოყენება აქვს ამ ტექნოლოგიას?
მას ჩვენ ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ვიყენებთ, როცა გართულებულია გადაცემის ჯაჭვის სრულფასოვნად აღდგენა. როდესაც ადამიანს საქართველოში ემართება ვირუსი, ის შეგვიძლია შევადაროთ რუსეთის, იტალიის, ირანის ან სხვა ქვეყნის ვირუსების გენოტიპებს.
გარდა სუფთა პრაქტიკული გამოყენებისა, ქვეყნისთვის პრესტიჟულია, როდესაც ის საერთაშორისო გენომურ პლატფორმაზე ჩანს. ასეთი მეცნიერული კვლევების საშუალება ყველას არ აქვს.
ჩვენ პანდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თანაცხოვრება გვიწევს სხვადასხვა დაავადებასთან. კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ – ეს გარდაუვალია, რადგან ის ხვალ და ზეგ არ გაქრება.
რა საჭიროებები დაგვანახა კორონავირუსმა საქართველოში მეცნიერების დაფინანსების თვალსაზრისით?
საქართველოში მეცნიერებას ძალიან მწირი დაფინანსება აქვს, თუმცა ეს აქამდეც ვიცოდით.
ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის რამდენიმე მთავარი დარგის განვითარებაში სახელმწიფოს ხელშეწყობა აუცილებელია. მათ შორისაა განათლება და მეცნიერება ერთად (რადგან განათლება მეცნიერების გარეშე და მეცნიერება განათლების გარეშე წარმოუდგენელია) და მოსახლეობის ჯანმრთელობა. თუკი ქვეყანას განათლებული, მეცნიერულად მოაზროვნე, ჯანმრთელი პოპულაცია ჰყავს, ის ყველანაირ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს, რადგან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში. სტუდენტი არ უნდა სწავლობდეს მხოლოდ იმას, რასაც ლექციაზე უკითხავენ. ის ასევე უნდა სწავლობდეს იმ საკითხის მეცნიერებას და უნდა იყოს მეცნიერულად მოაზროვნე.
დღეს ეს ასე არ არის?
არ არის. არის მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ არა მასობრივად. რით არიან ძლიერნი პატარა სკანდინავიური ქვეყნები? სწორედ ამით. ფინეთი რუსეთის იმპერიის განაპირა სახელმწიფო იყო, ისევე როგორც ჩვენ, საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამდე. როგორ მოახერხა მან, რომ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა? – უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო განათლებასა და მეცნიერებაში და ბევრ საკითხში გაუსწრო კიდეც განვითარებულ მეზობლებს – შვედეთს, ნორვეგიასა და დანიას.
საქართველომ საკმაოდ კარგად მოახერხა ეპიდსიტუაციის მართვა. როგორი იყო შიდა სამუშაო პროცესი?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძირითადი და ერთ-ერთი მთავარი მისიაა მსოფლიოსა და რეგიონში ეპიდსიტუაციისთვის თვალყურის დევნება. ინფორმაციას ვიღებთ ძირითადად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან, ასევე ახლო კონტაქტები გვაქვს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კიდევ ბევრ საერთაშორისო ინსტიტუციასთან.
როგორც კი იანვარში მივიღეთ ინფორმაცია ახალი ვირუსით გამოწვეული ე.წ. ატიპური პნევმონიის შესახებ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში და ავამოქმედეთ გადაუდებელი საოპერაციო მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც ონლაინ რეჟიმში იღებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან ეპიდსიტუაციისა და შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ადვილად მოახერხეთ მთავრობის დარწმუნება, რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო?
დიახ, საკმაოდ. დაგვევალა, მთავრობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მოგვემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საქართველოში ებოლას პრობლემა არ დამდგარა, ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება გვქონდა. ასევე გვქონდა სხვა გადაუდებელ სიტუაციებთან გამკლავების გამოცდილებაც (წითელას ეპიდემია, 90-იანი წლების დიფთერია და ა.შ.).
როგორც წესი, ასეთ დროს იქმნება საკოორდინაციო საბჭო და იგეგმება, ვინ რა უნდა გააკეთოს. ეს მხოლოდ ჯანდაცვის საქმე არ არის – პასუხისმგებლობა მულტისექტორულია. დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარზე სწორ მოქმედებას, მთელ რიგ საკითხებში პასუხისმგებელია პოლიცია, გასათვალისწინებელია კარანტინის ადმინისტრირება, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობები თუ მრავალი სხვა.
რით განსხვავდებოდა თქვენი მოდელი კავკასიის სხვა ქვეყნების მოდელებისგან?
არაფრით. როდესაც ამ შეკითხვას მისვამენ, ვპასუხობ, რომ საქართველოს შედარებითი წარმატების მიზეზი ადრეული და დროული, მრავალსექტორული მოქმედებაა. დროულად გავაანალიზეთ საშიშროება, შევაჩერეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან, იტალიასა და შემდგომ – მთელ ევროპასთან.
რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი იყო ქვეყნის შიგნით გატარებული ღონისძიებებიც: დროულად შევამცირეთ ქვეყანაში მობილობა, არ დავჯერდით მხოლოდ ერთმანეთთან ფიზიკური დისტანციის მოწოდებას და სწორედ ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის მართვაში. დროული იყო მოწოდება „დარჩი სახლში”, ასევე სერიოზული შედეგი მოგვცა ღონისძიებების შეზღუდვამ. დიდი შედეგი მოგვცა საზღვარზე დაწესებულმა კონტროლმაც – ყველა შემოსული ადამიანი გადიოდა კარანტინს ან თვითიზოლაციას, უტარდებოდათ გაფართოებული გამოკვლევები.
ყველაზე რთული რა იყო ამ პროცესში? არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნანობთ?
ყოველთვის შეიძლება რაღაცის უკეთ გაკეთება. ყველაზე რთული მაინც მოსახლეობის დარწმუნება და პარტნიორად ქცევა იყო. მე მადლობას ვუხდი საქართველოს მოსახლეობას, რომ დაყვნენ მოწოდებებს, რეკომენდაციებს, რომლებიც რთული შესასრულებელი იყო. მათ სწორად გაიგეს, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ ფართო მასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან არიდებისკენ იყო მიმართული. სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში ეს ვერ მოხერხდა.
როგორია საქართველოს გამოცდილება სხვა ეპიდემიებთან ბრძოლაში?
შავი ჭირი ადამიანს საქართველოში ბოლოს 1921 წელს გამოუვლინდა, თუმცა გადამტანებში მის გავრცელებას ჩვენ დღესაც ვაკონტროლებთ. შარშანაც გამოვავლინეთ შავი ჭირი მღრღნელებში.
ეს დაავადება განსაკუთრებით საქართველოს სამხრეთ რეგიონებში გვხვდება, სადაც ყოველ გაზაფხულზე ვატარებთ სამუშაოებს და ვაკვირდებით მღრღნელებში შავი ჭირის მიკრობების გავრცელების პროცესს.
რაც შეეხება ესპანურ გრიპს, მის შესახებ ჩვენ მხოლოდ ლიტერატურიდან ვიცით, რადგან ადამიანები, რომლებმაც ის გადაიტანეს, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პანდემიაა, რომელმაც 1918-20 წლებში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩემი სტუდენტობის პერიოდში ქოლერის ეპიდემიას მოვესწარი საქართველოში, თუმცა მასზე მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. 70-იან წლებში, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და შემდეგ ვმუშაობდი, მქონდა პატივი, ურთიერთობა მქონოდა საქართველოში ქოლერასთან მებრძოლ ორ მთავარ ადამიანთან: ეპიდემიოლოგ პროფესორ ლევან საყვარელიძესთან და ინფექციონისტ პროფესორ ვახტანგ ბოჭორიშვილთან. მათ უდიდესი როლი ითამაშეს ქვეყანაში ქოლერის ეპიდემიის დამარცხებაში.
90-იან წლებში დიფთერიის სერიოზული ეპიდაფეთქება გამოვიარეთ. რთული პერიოდი იყო და ვაქცინები აღარ შემოდიოდა ქვეყანაში. რამდენიმე ასეული ლეტალური შემთხვევა გვქონდა.
2002-2003 წლებში, როდესაც ჩინეთში პირველმა კორონავირუსულმა ინფექციამ – სარსმა იფეთქა, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი თანამდებობა მეკავა. მართალია, ის საქართველოში არ გამოვლენილა, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ახლა სწორედ მთავრობის მაშინდელი დადგენილება გამოვიყენეთ ასეთი დიდი ნორმატიული აქტების შესამუშავებლად. მას მოჰყვა მეორე კორონავირუსული ინფექცია 2012 წელს შუა აღმოსავლეთში, რომელიც ასევე არ გამოვლენილა საქართველოში.
როდესაც 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლამ იფეთქა, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფში მუშაობდა და აფრიკელ კოლეგებს ეხმარებოდა.
ეს იყო ჩემი მოწოდება – მე ექიმობა მინდოდა. ოჯახში მყავდნენ ექიმები და ბავშვობიდან ვიცოდი, თუ რამდენად ჰუმანურია ექიმის პროფესია.
რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?
ეს იყო ჩემი მოწოდება – მე ექიმობა მინდოდა. ოჯახში მყავდნენ ექიმები და ბავშვობიდან ვიცოდი, თუ რამდენად ჰუმანურია ექიმის პროფესია. ამიტომ ჩავაბარე სამედიცინიო ინსტიტუტში და გავხდი ექიმი. პრაქტიკოს ექიმად დიდი ხანი ვიმუშავე. ჩემი მიმართულება ალერგია, ასთმა და იმუნოლოგია იყო. პარალელურად ვეწეოდი სამეცნიერო საქმიანობას. დიდი ხანი ვმუშაობდი უცხოეთშიც – გერმანიაში, შვედეთში. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვიმუშავე 10 წელი როგორც მინისტრის მოადგილის, ასევე მინისტრის პოზიციაზე. ყველა იმ წარმატებული თუ წარუმატებელი რეფორმის თანამონაწილე ვარ, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში 90-იან წლებში განხორციელდა.
რისი შეცვლის საჭიროება დაგანახათ ახალი კორონავირუსის პანდემიამ ჯანდაცვის პოლიტიკაში?
ბევრი რამის. უკეთ უნდა მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვა – პრევენციული მედიცინა. აგვისტოში უკვე მზად იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ე.წ. პოსტკრიზისული გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ადამიანური რესურსების მობილიზება და მათი მუდმივი გადამზადება. ექიმები, ეპიდემიოლოგები, პრევენციული მედიცინის სპეციალისტები, წინა ხაზზე დგანან. უწყვეტი პროფესიული მზაობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
მეორე საკითხია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ქვეყანამ კარგად დაინახა, რაოდენ აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სამსახური. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სამსახურისთვის უკეთესი პირობების შექმნა, მაგალითად, ინვესტიციებით ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა კადრების მოზიდვით, მეტი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.
რამდენად შესაძლებელია, რომ პანდემია იყოს რასისტული და ქსენოფობიური განწყობების კატალიზატორი?
ზოგადად, ქსენოფობიური და რასისტული ქცევის კატალიზატორი ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაცია შეიძლება გახდეს, პანდემია კი, ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საგანგებო სიტუაციაა. პანდემიები და ომები ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. თუკი ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობა ოდნავ მაინც გაუწონასწორებელი აქვს, ის ადვილად გამოდის წყობიდან და, შესაძლოა, ნებსით ან უნებლიედ მოიქცეს ისე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მოიქცეოდა.
ეს თვითგადარჩენის ინსტინქტთან არის დაკავშირებული?
ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, არა მარტო თვითგადარჩენის ინსტინქტთან. დიდი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია ქვეცნობიერს წინ წევს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ქვეცნობიერის მანიფესტაცია შეიძლება კრიტიკულ მომენტში მოხდეს. შესაბამისად, აქ ბევრი კომპონენტია შერწყმული, ეს არ არის მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი.
ექიმებს თანამედროვე სამყაროს გმირებად მოგიხსენიებენ. როგორ იმოქმედა ყურადღების ცენტრში ყოფნამ თქვენს სამუშაო პროცესზე?
ერთი მხრივ პატივია, თუმცა ჩვენ გმირები არ ვართ. ჩვენ, სამივენი, ვართ ადამიანები ძველი ეპოქიდან და შევეჩვიეთ ჩვენი ცხოვრების წესს – პატიოსნად ვასრულებთ მოვალეობას, რომელიც გვაკისრია ხალხის წინაშე.
თვალს ვადევნებ მედიას, ჩვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც. ბევრი უხეში შეფასება მხვდება, ზოგჯერ პირიქით – გამამხნევებელი. ამ ყველაფერს ვაანალიზებ, ვითვალისწინებ, რადგან სიმართლის ნატამალი იმ უხეშ კრიტიკაშიც არის და მას ანგარიში უნდა გაუწიო.
როდესაც გაიგებ, რომ ტალახი დაუმსახურებლად გესროლეს, შეიძლება ემოციურად გეწყინოს, მაგრამ ამაშიც პოზიტიური უნდა დაინახო ყოველთვის. ეს პოზიტიური უნდა ამოიღო და გააღვივო. თუკი ვიღაცამ ნაკლი შეამჩნია, უნდა გააანალიზო და ეცადო, გამოასწორო, ამიტომ მედიასთან ურთიერთობა ყოველთვის ჯანსაღი უნდა იყოს. შეიძლება ზოგჯერ გავბრაზდე, მაგრამ თანამდებობა მიკავია და არ მაქვს უფლება, ვიღაცას ისეთივე სიტყვებით ვუპასუხო, როგორითაც მომმართა.
მე მაქვს თავშეკავების და თმენის ვალდებულება, ამიტომ ვცდილობ, მედიასთან მუდამ ჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს, სწორი კრიტიკა მივიღო, დაშვებული შეცდომა გამოვასწორო და, ამავდროულად, ვაკეთო ის, რაც მევალება და გამომდინარეობს ჩემი ღირებულებებისა და მრწამსიდან.