
რა მოხდა, როდესაც ფლორიდაში პითონებზე ნადირობის ღია სეზონი გამოცხადდა?
2010 წელს ფლორიდაში აიკრძალა ბირმული პითონების სახლში ყოლა, ხოლო აშშ-ის თევზის და ველური ბუნების სამსახურმა ფედერალური აკრძალვა შემოიღო შემოყვანასა და შტატთაშორის ტრანზიტზე
ათწლეულების განმავლობაში მოვაჭრეებმა, ამერიკული და საერთაშორისო ზოომაღაზიებისთვის, ფლორიდაში ათეულობით ათასი პითონი შემოიყვანეს. ყველაზე პოპულარული იყო ბირმული პითონი, შედარებით თვინიერი სახეობა, რომელიც მრავლად ბინადრობს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სიგრძით 6 მ-მდე იზრდება და ერთ ჯერზე 100 კვერცხს დებს. თუ აქამდე ფლორიდა სახლი იყო პითონების ბიზნესისთვის, ახლა უბრალოდ პითონების სახლი გახდა. ათასობით გველი ახლა ამ შტატის ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილად გადაიქცა.
2013 წლის იანვარში ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების კონსერვაციის კომისიამ შეჯიბრი („გამოწვევა – პითონი“) გამართა ბირმულ პითონზე ნადირობაში; მან ფულადი პრიზი დააწესა მათთვის, ვინც ყველაზე მეტ და ყველაზე დიდ მკვდარ პითონს მოიტანდა. კონკურსანტებს გველების დახოცვა ტირის თოფებით, ცეცხლსასროლი იარაღით ან მაჩეტეს გამოყენებით ურჩიეს. ეკოლოგ ფრენკ მაზოტის თქმით, შეჯიბრის მიზანი გველების შეკავება, მათი ცხოვრების არსში გარკვევა და ინვაზიური სახეობების საკითხისადმი ყურადღების მიპყრობა იყო.
დიდი გველების ბიზნესის დასასრულამდე ცოტა დრო დარჩა. 2010 წელს ფლორიდაში აიკრძალა ბირმული პითონების სახლში ყოლა, ხოლო აშშ-ის თევზის და ველური ბუნების სამსახურმა ფედერალური აკრძალვა შემოიღო შემოყვანასა და შტატთაშორის ტრანზიტზე.
ერთთვიანი შეჯიბრის ბოლოს ლიცენზირებულმა გველებზე მონადირემ, „ფლორიდის პითონზე მონადირეების“ კაპიტანმა, რუბენ რამირესმა ყველაზე მეტი – 18 პითონი დაიჭირა. რამირესის ჯგუფის წევრებს ნადავლის ცოცხლად მოყვანა უნდოდათ, მაგრამ ამისათვის დისკვალიფიკაცია ელოდათ. გველები საფანტის იარაღით დახოცეს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კი თქვა, ასე მეგონა, ჩემს საკუთარ ძაღლს ვესროდიო.