რა საიდუმლოს ინახავს კონგო
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წვიმიანი ტყე ათწლეულების განმავლობაში მეტწილად კლიმატოლოგიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. ცენტრალურ აფრიკაში გაზრდილ მკვლევართა ახალი თაობა ამ მოცემულობას ცვლის. მათი აღმოჩენები თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია პლანეტაზე ზრუნვა.
რა საიდუმლოს ინახავს კონგო
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წვიმიანი ტყე ათწლეულების განმავლობაში მეტწილად კლიმატოლოგიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. ცენტრალურ აფრიკაში გაზრდილ მკვლევართა ახალი თაობა ამ მოცემულობას ცვლის. მათი აღმოჩენები თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია პლანეტაზე ზრუნვა.
კონგოს აუზის ტროპიკული ტყის ხშირ ჩარდახში შუადღის მზე უკვე გადადიოდა და ჯუნგლებში აღმართულ ლითონის კოშკზე ირეკლებოდა. 55 მეტრი სიმაღლის ფოლადის ვიწრო კონსტრუქცია სამეცნიერო სენსორებით იყო აღჭურვილი. ქარი მატულობდა და კოშკიც, ყოველ ძლიერ დაბერვასთან ერთად, ქანაობდა და ღრჭიალებდა. თუმცა, ბიოლოგ ფაბრის კიმბესას წარბიც არ შეუხრია. უსაფრთხოების ღვედის მორგებისთანავე იგი ლითონის ვიწრო კიბეს ჩაეჭიდა და საფეხურებს სხარტად აუყვა. მეც შეძლებისდაგვარად სწრაფად მივყევი, სანამ იგი კოშკის წვერთან მდებარე პატარა პლატფორმისკენ მიიწევდა.
ეს კონსტრუქცია ტურბულენტური კოვარიაციის ნაკადის საზომი კოშკია, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ამუშავდა და კონგოს აუზში პირველი ასეთი კოშკი იყო. კლიმატის მკვლევრებისთვის, რომლებიც ტყესა და ატმოსფეროს შორის სათბურის აირების მიმოცვლას შეისწავლიან, ამგვარი კოშკები უზარმაზარი სტეთოსკოპებივითაა. მათი მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს, რა რაოდენობის ნახშირორჟანგს გამოყოფს და შთანთქავს ტყე, რათა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, გამოითვალოს, მსოფლიო ემისიების რა ნაწილი სეკვესტრირდება მიწაში. ასე რომ, კიმბესა ყოველდღიურად ამ სანერვიულო გზას გადის, რათა აპარატურით შეგროვებული მონაცემები შეამოწმოს და დააკვირდეს, როგორ სუნთქავს მისი გარემომცველი ტყე. „როდესაც მონაცემებს უყურებთ … გეუფლებათ განცდა, რომ ტყესთან განსაკუთრებული კავშირი გაქვთ, – ამბობს იგი, – ისეთ რაღაცებს ხედავთ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია“.
დღეს, მცხუნვარე ეკვატორულ მზეზე დაბრაწვის საათების შემდეგ, ტყემ თითქოს ამოისუნთქა და მისი ჩარდახი ბურუსის ღრუბლებში ჩაეფლო, ხოლო კოშკის მონაცემები უფრო კონკრეტულ ტენდენციას უჩვენებდა: ბოლო 24 საათში ნახშირორჟანგის დონე ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაეცა დღის განმავლობაში, როდესაც ხეები და სხვა მცენარეები ფოტოსინთეზის დროს სათბურის აირებს ჟანგბადად გარდაქმნიდნენ, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.
ამ ტიპის სამუშაო ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. ტროპიკული ტყეები ერთ დროს ხმელეთზე არსებული ნახშირბადის თითქმის ნახევარს შთანთქავდნენ, თუმცა მათი საერთო ეფექტურობა 1990-იან წლებში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ იკლებს. კონგოს აუზი მსოფლიოში მეორე უდიდეს წვიმიან ტყეს იტევს და მხოლოდ ამაზონის ტყეს ჩამორჩება. ის ცენტრალური აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 200 მილიონ ჰექტარზეა გაშლილი. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ათასზე მეტი კოვარიაციის კოშკი აგროვებდა მონაცემებს სათბურის აირების მიმოქცევის შესახებ, ეს რეგიონი 2020 წლამდე უყურადღებოდ რჩებოდა.
რამდენიმე წლის წინ მკვლევართა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოავლინა, რომ კონგოს აუზის მასშტაბით ტროპიკული ხელუხლებელი ტყის ნაკვეთებიდან აღებული ნიმუშების მიხედვით, ეს წვიმიანი ტყე უფრო სტაბილურად ინახავს ნახშირბადს, ვიდრე ამაზონი, სადაც შთანთქმის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. თუმცა, მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2010 წლიდან აფრიკის ეს წვიმიანი ტყე სამხრეთ ამერიკულის მსგავს ტრაექტორიას მიჰყვება. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება სინამდვილეში, კიმბესა და ახალგაზრდა კონგოელ მეცნიერთა მთელი კოჰორტა ხელახლა ამოქმედებულ კვლევით სადგურზე მუშაობს იანგამბის ბიოსფერულ ნაკრძალში, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ) მდებარე 230 000 ჰექტარი ფართობის დაცული ტერიტორიაა.

ინერას ბიბლიოთეკის კოლექცია
ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, რომ კიმბესა, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა ახლომდებარე კისანგანის უნივერსიტეტი, ამ კვლევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელშიც კონგოს აუზის წვიმიანი ტყის ნახევარზე მეტია მოქცეული, დღესაც მასობრივ სიღარიბეს ებრძვის და კოლონიური ექსპლუატაციის, დიქტატურისა თუ კონფლიქტების ისტორიულ მემკვიდრეობას ატარებს. ამ ფაქტორებმა კი ქვეყანაში შეაფერხა უმაღლესი განათლების სისტემის სათანადო განვითარება და ადგილობრივ მეცნიერებს რესურსებზე წვდომა შეუზღუდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული რეგიონის ეკოლოგიური მნიშვნელობა უფრო ნათელი გახდა, მან გლობალური საკონსერვაციო ჯგუფების დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორიცაა საერთაშორისო მეტყევეობის კვლევის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა მთავრობასა თუ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და მკვლევრების მომზადებაში მილიონობით დოლარის ინვესტიციებს დებს. 2005 წლიდან მეტყევეობის კურსდამთავრებულთა რიცხვი 6-დან 300-მდე გაიზარდა. დღეს კონგოელ მეცნიერთა ეს ახალი გუნდი ცდილობს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მწირად შესწავლილი ეკოსისტემის გამოკვლევას სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

იანგამბის კოლონიური ეპოქის ნახევრად დანგრეული დაწესებულებები, რომლებიც 25 000 ჰექტარზეა მიმოფანტული, კვლევითი სადგურის მძიმე წარსულის მტკიცებულებად რჩება. ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ქალაქი კისანგანია, რომელიც დაახლოებით 115 კილომეტრის მოშორებითაა. იქ ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ 1885 წელს დააარსა ერთ-ერთი პირველი დასახლება, რომელიც მოგვიანებით მისი პირადი კოლონიის, კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს ნაწილი გახდება. მეფის ემისრებმა ჩამოსვლისთანავე აღმოაჩინეს წვიმიან ტყეში უხვი რაოდენობის კაუჩუკის ლიანები, საიდანაც შეეძლოთ ლატექსის მოპოვება და მსოფლიოს კაუჩუკის ბუმში ჩართვა.
თუმცა სულ უფრო მეტი ლატექსის მოსაპოვებლად ახალ კოლონიას მუშახელი სჭირდებოდა და ლეოპოლდის წარმომადგენლებმა კონტრაქტები გააფორმეს კერძო კომპანიებთან, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას მონებად ამუშავებდნენ. 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა შიმშილობის, დაავადებისა და კოლონიზატორთა სისასტიკის გამო. ბელგიის მთავრობამ ლეოპოლდს 1908 წელს ჩამოართვა აღნიშნულ კოლონიაზე კონტროლის უფლება და ბელგიის კონგო დააარსა. მმართველობის პერიოდში, ახალმა ხელისუფლებამ იანგამბიში დააარსა ბელგიის კონგოს აგრონომიული კვლევის ეროვნული ინსტიტუტი, რათა წვიმიანი ტყე შეესწავლათ და დაედგინათ, რომელი სასაქონლო კულტურების მოყვანას შეძლებდნენ ამ რეგიონში. ბელგიელი მკვლევრები აგროვებდნენ და აანალიზებდნენ მცენარეთა ათობით ათას ნიმუშს და მათ იანგამბის კვლევით სადგურზე ინახავდნენ, სადაც ისინი დღემდე აწყვია.
იანგამბის სადგურის არქივში მთავარი ბიბლიოთეკარი კრისტიან ბესომბი აფანტა მიმიძღვის შავ-თეთრი ფოტოებისკენ, რომლებზეც გაღივების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი მარცვლები და თესლებია გამოსახული; იქვეა, ასევე, მცენარეთა ფესვებისა და ფოთლების ახლო ხედით გადაღებული კადრები. „ბელგიელებს უნდოდათ იქ არსებული ყოველი სახეობის სახეობის აგებულების შესწავლა და მათი ეკონომიკური ღირებულების დადგენა“, – განმარტავს იგი. ამ პროცესს მოჰყვა პალმის, ბრინჯისა და ყავის პლანტაციების გაშენება, მათ შორის დღემდე პოპულარული ყავის ნაირსახეობის – რობუსტასი.
„მთელი ცხოვრებაა ვხედავ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობენ ფერმერები, კლიმატის ცვლილება კი ყველაფერს გაართულებს“.
— ემანუელ კასონგო იაკუსუ,კლიმატოლოგი
სხვა ფოტოები აღბეჭდავდა სადგურის წარსულის უფრო ბნელ მხარეს, სადაც ჩანს, როგორ უწევდათ შავკანიანებს საცდელ მინდვრებზე შრომა, როდესაც თეთრკანიანი მეცნიერები ლაბორატორიებში მუშაობდნენ. იანგამბის მშენებლობის დასრულებამდე ბელგიის კონგოს უკვე აკრძალული ჰქონდა ლეოპოლდის დროინდელი საზარელი პრაქტიკა, თუმცა ეს კვლევითი ცენტრი მაინც გაჟღენთილი იყო კოლონიური ექსპლუატაციით. „ჩვენი პაპები და მამები აქ მხოლოდ მუშახელი იყვნენ, – ამბობს აფანტა, – ისინი თითქმის ყველაფერს ხელით აკეთებდნენ, ყოველთვის ბელგიელების მითითებებს ასრულებდნენ. მათ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბევრი რამის კეთება უწევდათ, რათა თავი გადაერჩინათ“.
1960 წლისთვის დამოუკიდებლობის მომხრე კონგოელმა ლიდერებმა საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს იმისთვის, რომ ბელგიელი მმართველები იძულებულნი გამხდარიყვნენ, ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ და საყოველთაო არჩევნები დაენიშნათ. ბელგიელი მკვლევრები ისე წავიდნენ, არც ერთი კონგოელი მეცნიერი არ მოუმზადებიათ, რომ სადგურზე მუშაობა გაეგრძელებინათ.
მარცხნივ: ხალხი პატარა პარაფინის სანათებით იკვლევს გზას კდრ-ის დედაქალაქ კინშასაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მარჯვნივ: ხის მასალის გამყიდველები ერთი თვეა წვიმიან ტყეში შეგროვებული მორებით გაკეთებულ ტივებზე ცხოვრობენ, რომლებსაც კინშასას მახლობლად, კინკოლეს ნავსადგურში გაყიდიან.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიმდებარე სოფლების მკვიდრნი, რომლებიც თავის დროზე ბელგიელმა მეცნიერებმა მცირე ტექნიკური საქმეების შესასრულებლად გაწვრთნეს, დინჯად განაგრძობდნენ თავის საქმეს მიუხედავად იმისა, რომ ახალდაარსებული კონგოს რესპუბლიკისგან ანაზღაურების მიღების გარანტია არ ჰქონდათ, ხოლო როდესაც ასაკის გამო ვეღარ აგრძელებდნენ მუშაობას, მათ შვილები ჩაენაცვლნენ, რომლებმაც განაგრძეს რეგიონის მასშტაბით ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების მნიშვნელოვანი საქმიანობა.
ზედამხედველები, როგორიცაა ანრი ალანგვი ანგვალე, დღეში ხუთჯერ კვლავაც აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც კვლევით სადგურზე თაობების განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. მას ერთ დილას გავყევი, როდესაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე აბიბინებულ მინდორზე გადიოდა, რათა მეტეოროლოგიური მონაცემები შეეგროვებინა მრავალგვარი რუდიმენტული ხელსაწყოდან. კალმითა და ფურცლით ხელში, იგი ინიშნავს მაჩვენებლებს ნალექმზომიდან, თერმომეტრიდან და ანემომეტრიდან. „მამაჩემმა აქ მუშაობა ათწლეულების წინ დაიწყო. ეს იყო მისი ცხოვრება, – ამბობს ანგვალე, – მაგრამ ზედმეტად გადაიღალა“. ამიტომ ანგვალე ჩაენაცვლა მამას.
ამასობაში, კონგოს აუზში კლიმატის ცვლილების შესახებ გრძელვადიანი სანდო მონაცემების ნაკლებობის გამო ეს წვიმიანი ტყე გლობალურ ანგარიშებსა და ანალიზებში კვლავ არ ფიგურირებდა ან მცდარი დასკვნებით იყო წარმოდგენილი. 2021 წელს ის მსოფლიოში მხოლოდ ორიდან ერთ-ერთი რეგიონი იყო, რომელსაც გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფისთვის საკმარისი მონაცემები არ მოეპოვებოდა, რათა ექსტრემალური სიცხის წარსული ტენდენციები შეეფასებინათ – ინფორმაცია, რომლის დახმარებით სხვა მთავრობები საზღვრავენ, რომელ რეგიონებს ესაჭიროება მეტი რესურსი კვლევის გასაგრძელებლად ან სასწრაფო დახმარების მისაღებად.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 50-ზე მეტი წლის შემდეგ იანგამბის სადგური კვლავ მინიმალური ბიუჯეტით ფუნქციონირებდა ხელით შესრულებული ჩანაწერებით, რომლებიც მოძველებულ ოფისში გაყვითლებული ფურცლის დასტებთან ერთად ინახებოდა. ემანუელ კასონგო იაკუსუმ, რომელიც კისანგანის უნივერსიტეტში მეტყევეობას ასწავლის, იანგამბის სადგურსა და იქ მომუშავე კლიმატზე დამკვირვებელთა უწყვეტი სამუშაოების შესახებ პირველად შეიტყო 2011 წელს, როდესაც იგი ინფორმაციას მოიძიებდა, თუ რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდნენ ტყეზე სასიცოცხლოდ დამოკიდებული თემები კლიმატის ცვლილების ფონზე. „როდესაც აქ პირველად შემოვედი, მეგონა, ოქროს საბადოში აღმოვჩნდი“, – მეუბნება იგი და იღებს 1970-იანი წლებით დათარიღებულ მონაცემთა დასტას. შედეგად იაკუსუმ, განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, მონაცემების გაციფრულებაზე დაიწყო მუშაობა და განსაკუთრებული ყურადღება ტემპერატურასა და ნალექიანობაზე გაამახვილა.

გუნდმა შეძლო 60 წლის მონაცემების დახარისხება, სადაც ფიქსირდებოდა 1960-2020 წლების პერიოდის ყოველდღიური მეტეოროლოგიური ცვლილებები. ეს ერთობლივი მონაცემები უჩვენებდა ტემპერატურის 0,18°C-ით მატებას ყოველ ათწლეულში. რეგიონში ასევე ფიქსირდებოდა ნალექიანობის რეჟიმის ცვლილება – მშრალ სეზონზე კიდევ უფრო იკლო ნალექმა, ხოლო წვიმიანი სეზონი დამოკლდა, რა დროსაც ნალექის ინტენსივობამ იმატა და წვიმიან დღეთა რიცხვიც შემცირდა წლის განმავლობაში.
დღეს ცენტრის თანამშრომლები მომზადებულნი და აღჭურვილნი არიან კომპიუტერებითა და სკანერით, რათა მონაცემთა ბაზა დამოუკიდებლად განაახლონ. ჟოზე მბიფო ნდიაპოს, რომელიც სადგურზე კლიმატოლოგიურ კვლევას ხელმძღვანელობს, ახსოვს იაკუსუს ზარი, რომლითაც გუნდმა შეიტყო, რომ მათი თავდაუზოგავი შრომა ოფიციალურად დაფასდა. „იმ დღეს ჩემი თანამშრომლები შევკრიბე და ვუთხარი: არასოდეს შეიტანოთ ეჭვი იმ საქმის მნიშვნელობაში, რომელსაც აქ აკეთებთ“, – ამბობს იგი. „ვიგრძენით, რომ გვაფასებდნენ“.
იაკუსუს, კიმბესას, ნდიაპოსა და მათი კოლეგებისთვის მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია წარსულის უკან მოსატოვებლად, როდესაც ტყეს მხოლოდ კოლონიური სარგებლის მისაღებად იყენებდნენ. მათთვის, მათი თემების მომავალი საფრთხეშია; კდრ-ის სამუშაო ძალის 60%-ზე მეტი ფერმერია. სულ უფრო ცხელი ვეგეტაციური პერიოდი ნაკლებ რეგულარული წვიმით მათ ღარიბ მოსავალს მოუტანს და მეტი სარეველა და პარაზიტი გავრცელდება.

„კისანგანიში გავიზარდე და მთელი ცხოვრება ვხედავდი, როგორ გაჭირვებაში უწევდათ ფერმერებს ცხოვრება“, – ამბობს იაკუსუ, რომელიც ახლა მსოფლიო ბანკის კონსულტანტიცაა. კონგოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკი რეგიონში პირველ, კლიმატის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმას სახავს, პოტენციურ საფრთხეებს ავლენს და შეიმუშავებს საპასუხო ღონისძიებებს, რომლებიც ადგილობრივ ფერმერებს სათანადო დახმარებას გაუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები ბევრგან ხშირდება, კლიმატის ცვლილების შედეგებზე ორიენტირებული კვლევების დიდი ნაწილი მდიდარ ქვეყნებზე კონცენტრირდებოდა, რაც „ატრიბუციულ ნაპრალს“ აჩენდა ღარიბ ქვეყნებში მონაცემთა სიმწირის ფონზე. შედეგად, დაბალშემოსავლიან რეგიონებში ხალხმა შესაძლოა ვერ მოიპოვოს მხარდაჭერა, რომ ვითარება შეამსუბუქოს, მოემზადოს და ადაპტირდეს. „კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, – ამბობს იაკუსუ, – მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება. დინამიკური სასოფლო-სამეურნეო კალენდრები უნდა შევქმნათ და მიწათმოქმედების უფრო თანამედროვე მეთოდები დავნერგოთ“.
„როდესაც მონაცემებს უყურებ… გეუფლება განცდა, რომ ტყესთან განსაკუთრებული კავშირი გაქვს. ისეთ რაღაცებს ხედავ, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველია“.
— ფაბრის კიმბესა, ბიოლოგი, იანგამბის კვლევითი სადგური
იაკუსუ და სხვა კონგოელი მეცნიერები საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, რომ კდრ-ის მასშტაბით მეტეოსადგურების ქსელი შექმნან, რათა მონაცემები უფრო ვრცელი ტერიტორიიდან შეაგროვონ. „კდრ-ის მეტეოსადგურებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე აქვს მსოფლიოში“, – ამბობს საიმონ ლიუისი, ლიდსის უნივერსიტეტის (ინგლისი) კლიმატის ცვლილებისა და წვიმიანი ტყეების მკვლევარი.
ლიუისი რამდენიმე წლის წინ ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელსაც კონგოს აუზის ტორფნარის არეალი რუკაზე უნდა დაეტანა. გუნდმა აღმოაჩინა, რომ აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტორფნარია, რომელიც სამი წლის ეკვივალენტურ გლობალური წიაღისეული საწვავის ემისიებს ინახავს. „უზარმაზარი ლოგისტიკური და მეცნიერული ძალისხმევის გაღება, რასაც საველე პირობებში მუშაობა მოითხოვდა, მხოლოდ იმიტომ შევძელით, რომ ჩვენი კონგოელი კოლეგები აქაურობას სიღრმისეულად იცნობდნენ, – ამბობს იგი, – მათ ტორფნარის შესახებაც იცოდნენ და დიდი აღმოჩენის პოტენციალსაც ხედავდნენ, მაგრამ შესაბამის რესურსებზე ხელი არ მიუწვდებოდათ“.
კლიმატოლოგმა ემანუელ კასონგო იაკუსუმ იანგამბის მონაცემები გააანალიზა და დააფიქსირა ტემპერატურის მატება და ნალექიანობის ცვლილება – რაც არა მხოლოდ ცენტრალურ აფრიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზეც ზემოქმედებს.
იანგამბის სადგური 1960 წელს ბელგიელთა მმართველობის დასრულების შემდეგ მიატოვეს და კომპლექსის ნაწილი განადგურდა. დღეს ეს საცურაო აუზი ფეხბურთის სათამაშო მოედნად იქცა.
კონგოს აუზში ზოგი უფრო ეკოლოგიურად მდგრად საქმიანობას ირჩევს, მაგალითად, მეფუტკრეობას, რომელიც წვიმიანი ტყის რესურსებს უფრთხილდება და არ გამოფიტავს.
ხის ქოხებში მოთავსებულია თერმომეტრები იანგამბის სადგურზე, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები 1928 წლიდან გროვდებოდა.
კლიმატოლოგმა ემანუელ კასონგო იაკუსუმ იანგამბის მონაცემები გააანალიზა და დააფიქსირა ტემპერატურის მატება და ნალექიანობის ცვლილება – რაც არა მხოლოდ ცენტრალურ აფრიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზეც ზემოქმედებს.
იანგამბის სადგური 1960 წელს ბელგიელთა მმართველობის დასრულების შემდეგ მიატოვეს და კომპლექსის ნაწილი განადგურდა. დღეს ეს საცურაო აუზი ფეხბურთის სათამაშო მოედნად იქცა.
კონგოს აუზში ზოგი უფრო ეკოლოგიურად მდგრად საქმიანობას ირჩევს, მაგალითად, მეფუტკრეობას, რომელიც წვიმიანი ტყის რესურსებს უფრთხილდება და არ გამოფიტავს.
ხის ქოხებში მოთავსებულია თერმომეტრები იანგამბის სადგურზე, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები 1928 წლიდან გროვდებოდა.
2023 წელს ლიუისი შეუერთდა ადგილობრივ მეცნიერთა გაერთიანებას „კონგოს აუზის სამეცნიერო ინიციატივის“ დასაფუძნებლად. ამ კვლევით ჯგუფს 200 მილიონი დოლარის დაფინანსება სჭირდება, რათა ადგილობრივ კვლევით პროექტებს მწვანე შუქი აენთოს – ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას ჩვენი წარმოდგენა ამ წვიმიანი ტყის შესახებ. „ჩვენ თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა და ინკლუზიური გარემო უნდა უზრუნველვყოთ ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერებისთვის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ჩვენს საერთო გასაკეთებელ საქმეს გავუმკლავდეთ, სანამ არ დაგვიანებულა“.
თუ რატომაა კონგოს აუზი ამაზონთან შედარებით უფრო სიცოცხლისუნარიანი, ძალზე კომპლექსურ შეკითხვად რჩება და მკვლევრები პასუხს ხეებში ეძებენ. იაკუსუ მიმიძღვება იანგამბის სადგურის მიმდებარე ტყეში გაყვანილ ბილიკზე და შემდეგ მანიშნებს, რომ ქვეტყეში უფრო ღრმად უნდა შევიდეთ. ბოლოს განიერი, გლუვი ტანის მქონე უზარმაზარ ხესთან ვჩერდებით, რომელიც ჩვენ ზემოთ აზიდულ ჩარდახს უერთდება. ის მაჰაგონის ოჯახის ერთ-ერთ მკვიდრ სახეობას მიეკუთვნება, რომელსაც Entandrophragma utile ეწოდება.
ეს ხე კიდევ ერთი ხანგრძლივი კვლევის ნაწილია, რომელიც სადგურზე მიმდინარეობს. სათანადოდ რომ შეისწავლოს, იაკუსუ ზურგჩანთიდან ხის ბურღს იღებს, რომელსაც დიდი კორპსაძრობის ფორმა აქვს და მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ხის ტანზე აფიქსირებს. რამდენიმე წუთში, იაკუსუ შიდა ფენებიდან იღებს გრძელ და წვრილ ხის კერნს, რომელსაც ფრთხილად ათავსებს დამცავ ბუდეში. „ფრთხილად უნდა იყო, რომ არ გატყდეს“, – ამბობს იგი.
„როგორც დადასტურდა, წვიმიანი ტყე თბება… და მცენარეთა ზრდისთვის საჭირო პირობები აღარ არის ოპტიმალური“.
— ემანუელ კასონგო იაკუსუ
სადგურის თანამედროვე ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მკვლევრები ხის სიმაღლესა და ტანის დიამეტრს შეადარებდნენ ხის კერნზე არსებულ რგოლებს, რათა განესაზღვრათ კლიმატის გავლენა მის ზრდაზე დროთა განმავლობაში. „როგორც დადასტურდა, წვიმიანი ტყე თბება, – ამბობს იაკუსუ, – ეს იმას ნიშნავს, რომ გარემო, რომელშიც ეს ხეები იზრდება, იცვლება და მათი ზრდისთვის საჭირო პირობები აღარ არის ოპტიმალური“. გრძელვადიან პერსპექტივაში ხეების ზრდის შეფერხებამ შესაძლოა რეგიონში ხეების მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რაც ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ამაზონს ნახშირბადის შენახვა სულ უფრო უჭირს.
ხის ზოგიერთი სახეობა უკვე ქრება. კვლევითი სადგურის არქივში იმავე გვარის სახეობის (Entandrophragma palustre) ხის შესახებ შემონახული დეტალური მონაცემები ადასტურებს, რომ ის ერთ დროს ყველაზე მეტად შესწავლილი სახეობა იყო იანგამბის კვლევით სადგურზე. „მაგრამ ამ ტყეში დღეს ვერც ერთ მათგანს ვეღარ იპოვი“, – ამბობს იაკუსუ. ამავდროულად, ზოგიერთი ხე კლიმატის ექსტრემალურ ცვლილებებს უკეთესად იტანს, რაც შეიძლება ტყის ადაპტაციისთვის საკვანძო აღმოჩნდეს. ტროპიკული ეკოლოგები შადრაკ კაფუტი და ბრის ჯიოფაკი, რომლებიც იანგამბის ხის ლაბორატორიაში მუშაობენ, შეისწავლიან, რა ადაპტაციებს გამოიმუშავებს Pericopsis elata, დიდფოთლიანი მაგარმერქნიანი ხე, რომელსაც შეუძლია გვალვის პერიოდებსა და მზის შუქის ნაკლებობისას ზრდა შეაჩეროს. ასეთმა უნარებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი რეგიონების ხელახლა გამწვანებას, რომლებიც ხის მასალის მოსაპოვებლად გაჩეხეს ან ტყის ხანძრების შედეგად დაზიანდა, რაც სულ უფრო ხშირდება.

ვარაუდობენ, რომ კონგოს აუზი ძლიერი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გარეშე 2050 წლამდე თავისი ხელუხლებელი წვიმიანი ტყეების 27%-ს დაკარგავს. თუმცა, აქაურ მეცნიერებს მუდმივად ახსოვთ ის, რომ წვიმიანი ტყე აუთვისებელი ლანდშაფტი არასოდეს ყოფილა. ის აქამდეც იყო და იქნება ადგილი, რომელსაც ადამიანებთან თანაარსებობა მუდმივად ცვლის. ასეთი ურთიერთობების შედეგების შესწავლამ შეიძლება სხვა მოულოდნელ მიგნებებამდეც მიგვიყვანოს. მაგალითად, ტყის ეკოლოგი ნესტორ ლუამბუა, რომელიც იანგამბის ხის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, იკვლევს, რამდენად შესაძლებელია ადამიანის ჩარევებით – როგორებიცაა ტყის ჩეხა სოფლების გასაშენებლად და საახოვე მიწათმოქმედება – ნაწილობრივ აიხსნას, რატომ შთანთქავს კონგოს აუზი შედარებით დიდი რაოდენობის ნახშირბადს დღესაც. დროთა განმავლობაში ტყის ჩეხამ ახალი ხეების ზრდას შეუწყო ხელი, როგორიცაა Pericopsis elata.
სანამ მონიტორინგის ადგილს დავტოვებთ, იაკუსუ ხვრელს ფოთლებით ავსებს, რათა მწერები შიგნით არ შეძვრნენ და ხე არ დააზიანონ. ის ხის ტანს მზრუნველად გადაუსვამს ხელს, თითქოს ახლო მეგობარს ემშვიდობებოდეს. იანგამბიში ყველა მეცნიერს თავისი საყვარელი ხის სახეობა ჰყავს, რომელიც ხშირად ის სახეობაა, რომელსაც წლების განმავლობაში შეისწავლიდნენ. ფაბრის კიმბესასთვის ეს გამორჩეული მცენარეა Combretum lokele – დაკოჟრილი ხე, რომელიც აქ მხოლოდ შვიდ მეტრამდე იზრდება სიმაღლეში, რაც ხშირად ართულებს კოვარიაციის კოშკიდან მისი კენწეროს შემჩნევას. „შეუძლია, უფრო გაიზარდოს, მაგრამ, ამის ნაცვლად, იხლიჩება და ბევრ ახალ პატარა ხეს წარმოქმნის იმავე ხის ტანზე, – მოგვიანებით მეუბნება იგი, – ეს სხვებთან გაზიარება და სხვებზე ზრუნვაა. რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი?“