რა შინაარსს ატარებს უძველესი სვირინგები?
ახალი თაობის არქეოლოგები უძველეს საიდუმლოთა ამოხსნას იმ ხელოვნების შესწავლით ცდილობენ, რომელიც დიდი ხანი უგულებელყოფილი იყო.
რამდენიმე წლის წინ ერთი მამაკაცი ნეშვილში, ტენესის არქეოლოგიის განყოფილებაში აარონ დიტერ-ვულფის ოფისში მივიდა და მასტოდონტის ნახევარმეტრიანი ეშვი მიიტანა. მას მდინარის სანაპიროზე ეშვის ამოშვერილი წვეტი პირდაპირ მოუხერხავს. ვინაიდან, ამ ნაშთის მთლიანობასთან ერთად, მისი სამეცნიერო ღირებულებაც დაირღვა, დიტერ-ვულფი ეშვს სკოლებში სტუმრობისას დაატარებდა და თვალსაჩინო მასალად იყენებდა, სანამ ერთ-ერთ მოსწავლეს შემთხვევით არ დაუვარდა და მისი გარე ფენა დაიმსხვრა.
ბევრი არქეოლოგისთვის ეს ეშვი სრულიად გამოუსადეგარ ნივთად იქცეოდა, მაგრამ არა დიტერ-ვულფისთვის. მან რამდენიმე ნამსხვრევი შეინახა და მათგან სვირინგის გასაკეთებელი ნემსები დაამზადა. თითოეული მათგანი კაჟით გამოთალა და ქვიშაქვით დაამუშავა, მაგრამ კოლეგისთვის ამ ნემსით სვირინგის გაკეთების ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. მასტოდონტის ძვლის ნემსზე არსებული მიკრობზარები ყოველი ჩხვლეტისას კანს გამოედებოდა. როგორც დიტერ-ვულფი იხსენებს, დიდი „სისხლიანი აურზაური“ იყო.
დიტერ-ვულფი ძირითადად იკვლევს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალმა მშენებლობებმა არქეოლოგიურ ველებზე, თავისუფალ დროს კი იგი უძველესი სვირინგების ექსპერტიზას უთმობს – სფერო, რომელსაც წინათ ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად მიიჩნიეს მსოფლიო კულტურათა უკეთ შესაცნობად. ადრე თუ მარტო მუშაობდა, ახლა იგი მკვლევართა კოჰორტასთან ერთად შეისწავლის, თუ რამდენად გავრცელებული იყო ეს პრაქტიკა და რა შინაარსს ატარებდა ეს ისტორიულად მიჩქმალული ხელოვნება.
მარცნივ: უძველესი ტატუს გასაკეთებლად გამოყენებულ ხელსაწყოთა დასადგენად დიტერ-ვულფმა სხვადასხვა მასალისგან დაამზადა ასლები და ღორის მუცლის კანზე მოსინჯა. მარჯვნივ: პერუს სანაპიროზე ნაპოვნი ინკების ეპოქამდელი მუმიების გამოფიტულ კანზე ტატუები ძნელი შესამჩნევია, თუმცა მათი გამოვლენა მოხერხდა ინფრაწითელი ფოტოგრაფიის გამოყენებით.
სვირინგების კვლევის აკრძალვა ჯერ კიდევ კოლონიალიზმის პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც ის მისიონერებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირებისგან ბარბაროსულ პრაქტიკად იყო შერაცხილი. XIX საუკუნეში არქეოლოგიის, როგორც დისციპლინის გაჩენასთან ერთად, ეს შეხედულებები, როგორც ჩანს, ამ დარგის სპეციალისტებზეც აისახა. შედეგად, მკვლევრების ნაშრომებში სხეულის მოხატვა მოხსენიებული იყო, როგორც პრიმიტიული და სოციალურად მიუღებელი ქცევა, რაც XXI საუკუნემდეც კი შენარჩუნდა.
49 წლის დიტერ-ვულფი მაიას ცივილიზაციის კულტურას შეისწავლიდა, სანამ მისი კვლევის საგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ის კოლონიალიზმამდე პერიოდი გახდებოდა. მაგრამ, ტატუების მიმართ მისმა სიყვარულმა (არაერთი აქვს თავად) დამატებითი კვლევის მიმართულებაც გაუჩინა. 2009 წელს, უძველესი სვირინგების შესახებ თავისი პირველი კონფერენციის ორგანიზების შემდეგ, ერთმა ხანდაზმულმა მონაწილემ იგი სასაუბროდ გამოიჭირა.
მან უთხრა, რომ „ახლანდელ სტუდენტებს სხეულზე უფრო მეტი უძველესი მხატვრობის ნიმუშის ტატუ აქვთ, ვიდრე უშუალოდ უძველეს სამყაროში ერთად აღებული“. დიტერ-ვულფის თქმით, „ცხადია, ის 100%-ით ცდებოდა და არა იმიტომ, რომ ამის მტკიცებულება არ ჩანდა, უბრალოდ, არც უცდია ამ საკითხში ჩაღრმავება“.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, არქეოლოგებმაც ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვეს თავისსავე კვლევის სფეროში, ვინაიდან სვირინგები ადამიანთა ჯგუფების იდენტობას განსაზღვრავდა, საინიციაციო რიტუალებს აღნიშნავდა და რელიგიურ ძალაუფლებაზე მიუთითებდა.
კოლეგების სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად, დიტერ-ვულფმა აქტიურად დაიწყო ტატუირების ინსტრუმენტების იდენტიფიცირება არქეოლოგიურ კვლევებში. ეს არ იყო ადვილი საქმე, მოძიებული წვეტიანი ნივთი შეიძლებოდა გამოეყენებინათ კანში მელნის შესაყვანად ან ჩვეულებრივ სადგისად, თუნდაც საკერავ ნემსად.
განსხვავების დასადგენად, დიტერ-ვულფმა ამ თემით დაინტერესებული არქეოლოგები და მკვლევრები შემოიკრიბა და თითქმის ათი წელი ატარებდა ექსპერიმენტებს – ზოგს წინასწარ დაგეგმილს, ზოგსაც – სპონტანურს. ყოველ ჯერზე, სვირინგის ნემსს აკეთებდნენ იმ მასალისგან, რომელიც უძველეს კულტურებს შეიძლება გამოეყენებინათ: ბუმბულის ღეროები, ირმის ძვლები, თევზის კბილები, კაქტუსის ეკლები და, დიახ, მასტოდონტის ეშვის ნამსხვრევები. ფერს ადებდნენ თანამედროვე მელნით ან ნახშირის მურისა და წყლის ნაზავით, რასაც, სავარაუდოდ, უძველეს კულტურაში გამოიყენებდნენ. შემდგომ, ამ ხელსაწყოებს მოხალისეებსა და ღორის ტყავზე, ასევე საკუთარ კანზეც ცდიდა.
საათის ისრის მიმართულებით, ზედა მარცხენა კუთხიდან სხვადასხვა ხელსაწყოს გამოცდის შემდეგ, როგორიც აქ წარმოდგენილი თეთრკუდა ირმის ძვალია, დიტერ-ვულფი მათი ცვეთის ნიშნებს არქეოლოგიურ ნიმუშებთან ადარებს. ოპუნციის ეკლებს ტატუს ნემსად იყენებდნენ დღევანდელი სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები პუებლოების წინაპრები. სხვა ხელსაწყოებთან ერთად, დიტერ-ვულფის კაბინეტში მარკიზის კუნძულების ისტორიული ნემსებიანი სავარცხლის ასლსაც შეხვდებით. ის პატარა ჩაქუჩთან ერთად გამოიყენება. ციტრუსის ეკლებისგან დამზადებული ნემსები წყნარი ოკეანის კუნძულებზე და სხვაგანაც გამოიყენებოდა.
მკვლევრის თქმით, ბუმბულის ღერო ძალიან რბილი აღმოჩნდა – პერმანენტული მარკერით ტატუირებას ჰგავდა. იგი ვარაუდობს, რომ ისტორიკოსების ნაშრომებში ნახსენები ბუმბულის ღეროთი ტატუირება სიმართლეს არ შეესაბამება. ეშვმა სრული მარცხი განიცადა, თუმცა, ეკლისა და ძვლისგან გაკეთებული ხელსაწყოები გამოადგათ. ძვლის ფოროვანი სტრუქტურა განსაკუთრებით კარგად იკავებდა მელანს. დიტერ-ვულფის გუნდმა მიკროსკოპულად გააანალიზა ზოგიერთი ხელსაწყო, რომლებზეც ცვეთის განსხვავებული ფორმები იპოვა. როგორც ჩანს, ისინი სვირინგების გაკეთებისგან დაბლაგვებულიყო. ასევე შენიშნეს ნემსში ჩარჩენილი ნახშირის ფრაგმენტები. დღეს მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევა არქეოლოგებს სვირინგის გასაკეთებელი ნემსის იდენტიფიცირებაში ეხმარება.
თუმცა, ათასწლეულების წინანდელი ზოგიერთი მეთოდის შესასწავლად საჭირო იყო თავად სხეული უძველესი დროიდან. იდეალური კანდიდატი იყო ეცი – 5300 წლის წინანდელი „ყინულის კაცი“, რომელიც 1991 წელს ალპებში აღმოაჩინეს. მკვლევრებმა მის სხეულზე დახაზული ზოლები და ჯვრები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ამ ტატუების გაკეთების მეთოდი იყო ბასრი ქვით კანის გაჭრა და ჭრილობებში მურის შეზელა. ათწლეულების შემდეგ დიტერ-ვულფმა ამ თეორიის შესამოწმებლად შეიმუშავა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ითანამშრომლა გრენლანდიელ ტრადიციულ ინუიტ ტატუს ოსტატ მაია სიალუკ კოქ მედსენთან და იმ პერიოდში ახალ ზელანდიაში მოღვაწე ტატუს მხატვარ დენიელ რიდეისთან.
რიდეიმ ბარძაყზე სამკუთხედების რვა იდენტური ტატუ გაიკეთა რვა მეთოდის გამოყენებით. მათ შორის იყო ნემსით ჩხვლეტა, გაჭრა და საღებავის შეზელა. მისი თქმით, პროცესი 12 მტკივნეული საათი გაგრძელდა და მოშუშებაც გაჭიანურდა. ერთ-ერთი ინუიტური ტექნიკის გამოყენებისას, რომელიც კოქ მედსენის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მელანში ამოვლებული ძაფის კანში ჩაკერებას ითვალისწინებდა. ეს მტანჯველი პროცესი სამ საათს გაგრძელდა და, ბოლოს, როგორც რიდეი ამბობს, მისი ბარძაყი შვეიცარიულ ყველს დაემსგავსა.

მოგვიანებით დიტერ-ვულფმა ეცის ტატუების გადიდებული ფოტოები რიდეისას შეადარა. რიდეის ტატუ, რომელიც გაჭრითა და საღებავის შეზელით გაკეთდა, კიდეებში თანდათან ვიწროვდებოდა და ფერმკრთალდებოდა. ნემსით გაკეთებულ ტატუებს კი მომრგვალებული ბოლოები ჰქონდა, ეცის ტატუების მსგავსად. დიტერ-ვულფმა დაასკვნა, რომ „ყინულის კაცის“ ტატუ კანის გაჭრით არ გაკეთებულა, არამედ კარგად შერჩეული ნემსის ზუსტი ჩხვლეტებით იყო გაჭრილი. ამით ყინულის კაცის კულტურაზე ბევრი რამ გახდა ნათელი. გამოიცა ცნობარი, რომელშიც ტატუირების მეთოდები არის მოცემული და ახლა მას არქეოლოგები სხვა მუმიების ტატუების გასაანალიზებლად იყენებენ.
ენ ოსტინი, დიტერ-ვულფის კვლევის თანაავტორი და ეგვიპტოლოგია მისურის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი). მისი აზრით, სვირინგებში ისეთი ინფორმაცია დევს საზოგადოებების შესახებ, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ. „კანზე სხვა რამეს წერდნენ, ხოლო ფურცელზე – სხვას“. ავიღოთ ეგვიპტური ტექსტები. მათში ცოტა რამ არის ნათქვამი ქალი სასულიერო პირების შესახებ. მაგრამ ოსტინმა – რომელმაც ეგვიპტური მუმიების ტატუირების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ნიმუში აღმოაჩინა – შეისწავლა ეგვიპტელი ქალის მუმია, რომლის 30-ზე მეტი ტატუ (იეროგლიფები, მუსიკალური ინსტრუმენტები, გველის ღვთაებები და სხვა სიმბოლოები) იმაზე მიუთითებს, რომ იგი, სავარაუდოდ, ერთგვარი ქურუმი იყო. ამ მუმიაზე ყელის არეში დახატული სვირინგები იმაზე მიუთითებს, რომ მას აქტიური სასიმღერო და სალაპარაკო როლი ჰქონდა და მისი ხმა საკრალურ ძალას ასხივებდა.

მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მკვლევრებმა ვიზუალიზაციის ტექნოლოგიას მიმართეს. ცოტა ხნის წინ მუმიების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის ნიმუშებში პერუს სანაპიროდან, დიტერ-ვულფმა და მისმა კანადელმა კოლეგამ, ბენუა რობიტაიმ ინფრაწითელი კამერების გამოყენებით უჩინარი მელანი აღმოაჩინეს. ზოგიერთი ეგზემპლარი 2400 წელს ითვლიდა. მათი კანი გამუქებული და ატმოსფერული ზემოქმედებისგან განლეული იყო და ტატუებს ნიღბავდა, თუმცა მკვლევრებმა ზემოხსენებული ტექნოლოგიის დახმარებით მათში რელიგიური სიმბოლიკის აღმოჩენა შეძლეს, რომელიც ორი ათასწლეულის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდა. ეს სვირინგები იმაზე მიუთითებდა, რომ მათი ადგილობრივი რწმენა-წარმოდგენები შემოსევებისა და კონფლიქტების მიუხედავად შენარჩუნდა.
ამასობაში, მკვლევართა ახალგაზრდა თაობა ახლებურად აკვირდება უძველეს სამარხებსა და სარკოფაგებში დაცულ ნივთებსა თუ მუმიებს, ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ თემებთან, რომელთა თაობებმაც შეინარჩუნეს ტატუს გაკეთების ტრადიციული მეთოდები. დიტერ-ვულფის თქმით, ამ დარგში ახალი აღმოჩენების უსაზღვრო შესაძლებლობებია. მათ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ტატუ აღმოაჩინეს, ვიდრე გასული 150 წლის განმავლობაში. „ჩვენ ვფლობთ ამ უმდიდრეს მონაცემებს“, – ამბობს იგი. „რის გაკეთებას ვაპირებთ ახლა ამ მონაცემებით?“