
რა უტრიალებს ძაღლს თავში?
მკვლევრები აკვირდებიან, როგორ რეაგირებენ ძაღლები ჟესტებზე, ხმებსა და სუნზე
ნევროლოგმა გრეგორი ბერნსმა იფიქრა, ძაღლებს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა თუ შეუძლიათ, გაუნძრევლად წოლასაც ისწავლიანო და ემორის უნივერსიტეტში შექმნა პროექტი, რომელიც ძაღლებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფში, სედატიური ზემოქმედების გარეშე, წოლას ასწავლიდა.
მკვლევრები აკვირდებიან, როგორ რეაგირებენ ძაღლები ჟესტებზე, ხმებსა და სუნზე. ძაღლის თავის ტვინის ჯილდოს სისტემის აქტივობა აჩვენებს, ადამიანის ალერსი ურჩევნია მას თუ საკვები (უმრავლესობას, ორივე ერთნაირად ხიბლავს).
ბერნსს ახლა ის აინტერესებს, როგორ სწავლობს ძაღლი ადამიანის ენას: „სიტყვა რომ ესმის, უბრალო აუდიოსტიმულია თუ მნიშვნელობასაც უღრმავდება?“
შეიძლება, ძაღლის ტვინი ადამიანის მსგავსად, უნიკალური იყოს. მასში მიმდინარე პროცესების გასაშიფრად მრავალწლიანი ცდებია საჭირო. „ძაღლებიც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ადამიანები“, – ამბობს ბერნსი.
მეცნიერება ძაღლების შესახებ
ბავშვური ლაპარაკი
ჩვილი ბავშვების მსგავსად, ლეკვებიც უკეთ რეაგირებენ ადამიანის საუბარზე მაღალ ტონალობაში. ნიუ-იორკსა და საფრანგეთში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტონალობა ლეკვებს მართლაც ეხმარება სიტყვების სწავლაში – თუმცა ზრდასრულ ასაკში, მაღალი ოქტავა აღარ მოსწონთ.
მელომანები
გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა სხვადასხვანაირი მელოდია ჩაურთეს დამწყვდეულ ძაღლებს და სტრესის დონეს დააკვირდნენ. განსხვავებული რეაქციების მიუხედავად, მუსიკამ მათზე დამამშვიდებლად იმოქმედა.
სინჯარის ლეკვები
სმითსონის ინსტიტუტმა და კორნელის უნივერსიტეტმა ინ-ვიტრო განაყოფიერების წარმატებული შედეგი მიიღო. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებენ იმ გენეტიკურ დაავადებებთან გასამკლავებლად, რომლებიც ძაღლებსაც და ადამიანებსაც საზიარო აქვთ.
ოჯახი
სოციალურ ინტელექტს როცა ეხება საქმე, ახალფეხადგმული ბავშვების ქცევა ძაღლებისას უფრო ჰგავს, ვიდრე შიმპანზეებისას, მიუხედავად იმისა, რომ პრიმატები ადამიანების უფრო ახლო ნათესავები არიან.