
რამ გამოიწვია პიკი?
საველე კვლევები, ძირითადად, ზამთარში ტარდებოდა, რადგან „თოვლში უფრო მარტივია ვერტმფრენიდან კვალისა და ცხოველების დანახვა“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე
კავკასიური ჯიხვი იშვიათი ცხოველია და საქართველოს წითელ წიგნში მოწყვლად (VU) სახეობადაა შეტანილი. თბილისის ზოოპარკმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტმა სამწლიანი კვლევა ჩაატარა საქართველოს მთის ჩლიქოსნების რაოდენობის დასადგენად.
საველე კვლევები, ძირითადად, ზამთარში ტარდებოდა, რადგან „თოვლში უფრო მარტივია ვერტმფრენიდან კვალისა და ცხოველების დანახვა“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. კვლევა სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგში, ხევსურეთში, თუშეთსა და ლაგოდეხში ჩატარდა.
აღმოჩნდა, რომ დასავლეთკავკასიური ჯიხვი იმდენად მცირერიცხოვანია (100-150 ინდივიდი), რომ სტატისტიკური ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს, 2012 წელს მათი საერთო რიცხოვნობა დაახლოებით 3020 ინდივიდი იყო, 2013 წელს – 5240, 2014 წელს კი – 3300. რამ გამოიწვია პოპულაციის ასეთი მკვეთრი ზრდა 2013 წელს, მკვლევრებმა ჯერ არ იციან. „კვლევა მრავალწლიანი რომ ყოფილიყო, შევძლებდით გვეთქვა, შემთხვევითი იყო ეს პიკი თუ გარკვეული პერიოდულობით მეორდება“, – ამბობს გურიელიძე. კვლევა გრძელდება.