რას ეძებდნენ მტკვარ-არაქსელები ხევსურეთში
1985 წელს შატილთან ახლოს, სოფელ გიორგიწმინდასთან, მიწა ჩამოიშალა და გამოჩნდა სამარხები. აქ აღმოჩენილი მასალა ხევსურეთში უძველესი დასახლებების არსებობაზე მიანიშნებს.


რას ეძებდნენ მტკვარ-არაქსელები ხევსურეთში
1985 წელს შატილთან ახლოს, სოფელ გიორგიწმინდასთან, მიწა ჩამოიშალა და გამოჩნდა სამარხები. აქ აღმოჩენილი მასალა ხევსურეთში უძველესი დასახლებების არსებობაზე მიანიშნებს.
National Geographic – საქართველოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ოქტომბრის ნომერში ხევსურეთის შესახებ მოგიყევით და ვეცადეთ, დევებთან მებრძოლი ღვთისშვილების ქვეყანაში მოგზაურობისას მოსმენილი და ნანახი უამრავი ამბავი ერთ სტატიაში ჩაგვეტია.
ამ ზაფხულს ხევსურეთის სოფლები ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანებთან ერთად „დავზვერე“ – ყველას თავისი კითხვა და მოსაზრება ჰქონდა ამ კუთხის შესახებ და მათი ეს ინტერესი მეც მეხმარებოდა აქაურობის უკეთ აღქმაში. თუმცა, ჩვენ შორის ყველაზე ცნობისმოყვარე მაინც ერთი ადამიანი აღმოჩნდა – ხევსურეთში დაბადებული და გაზრდილი, უკვე ზრდასრულ ასაკში კი ისევ ხევსურეთის შესწავლით დაკავებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი გიორგი გოგოჭური, რომელიც წლების წინ ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ გათხრებს, რომლებიც ხევსურეთის ბრინჯაოს ხანის სამაროვნებზე ჩატარდა. მან ხევსურეთის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაზე ბევრი რამ გვიამბო.
საქართველოს მთიანეთზე, განსაკუთრებით ხევსურეთზე, ისტორიული წერილობითი წყაროები თითქმის არ მოგვეპოვება, ცხადია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ ამბებს, რომლებიც საერთო წარმოდგენას ვერ გვიქმნის საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მიმდინარე კულტურულ-ისტორიულ პროცესებზე. ამ ნაკლოვანების შევსება კი მხოლოდ მიზანმიმართულ არქეოლოგიურ საველე კვლევა-ძიებას შეუძლია. ამის ნათელი დადასტურებაა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ხევსურეთში ჩატარებული გათხრებიც.

ხევსურეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიება საკმაოდ გვიან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება, იმ დროიდან, როდესაც ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც არქეოლოგ-ისტორიკოსი, პროფესორი რამინ რამიშვილი ჩაუდგა სათავეში. ექსპედიციის მიზანი მშენებლობის ზონაში არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა და მათი შესწავლა იყო. დაზვერვით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მათ შორის ხევსურეთში, წლების განმავლობაში ატარებდა ექსპედიციის წევრთაგან შედგენილი ჯგუფი ივანე წიკლაურის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მიერ გამოვლენილ ისტორიულ-არქეოლოგიურ ობიექტებზე მოგვიანებით ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა გათხრებს.
თავდაპირველად ხევსურეთში სამუშაოები შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების კვლევით შემოიფარგლა. ეს იყო ნასოფლარები, ნაეკლესიარები და სამაროვნები. არქეოლოგიური კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ფშავ-ხევსურეთში ქრისტიანობა ადრე შუა საუკუნეებიდანვე ვრცელდება, რის დასტურსაც წარმოადგენს ანატორის, ორბეულთის, ხახმატის და სხვა ნაეკლესიართა გამოვლენა და შესწავლა. გასული საუკუნის ბოლომდე ხევსურეთში შუა საუკუნეებზე უფრო ადრეული არქეოლოგიური ობიექტების არსებობა მეცნიერებისთვის უცნობი იყო.
1985 წელს, შატილის სიახლოვეს, სოფელ გიორგიწმინდასთან, ციხეთგორის მიდამოებში სამანქანო გზა ჩამოწვა და გამოჩნდა კლდეში გამართული სამარხები. შატილში მცხოვრები იდუკა შეთეკაური ფეხით მიდიოდა ბარში, აღწერა სამარხი, ზომები აიღო ასანთის კოლოფის საშუალებით და დუშეთში, ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან, რამინ რამიშვილთან და არქეოლოგ გიორგი რჩეულიშვილთან მივიდა.
იმავე ზაფხულს, ჟინვალის ექსპედიცია რამინ რამიშვილის ხელმძღანელობით გაემგზავრა გიორგიწმინდაში და გაწმინდა დაზიანებული სამარხები, მეორე წელს კი გიორგი გოგოჭურის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს აქ კიდევ შვიდი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხებში იყო თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ნაკეთობები, სამკაული, სამაჯურები, სასაფეთქლე ხვიები, სარდიონის მძივები და ძვლის იარაღები. ეს მასალები ამჟამად ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ საცავში ინახება.
90-იან წლებში მტკვარ-არაქსის კულტურის სამარხები ციხე-სოფელ მუცოს სიახლოვეს, თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზეც აღმოჩნდა.
სამარხებში აღმოჩენილი ნივთიერი მასალა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსულ კულტურას მიეკუთვნება. ეს კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში ყალიბდება წინამორბედი ენეოლითური კულტურის საფუძველზე და არსებობას განაგრძობს III ათასწლეულის შუა ხანებამდე. მტკვარ-არაქსის კულტურა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ის მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს და გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში – დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ჩრდ. ოსეთის ტერიტორიაზე. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანის მიმართულებითაა განფენილი და სირია-პალესტინამდეც აღწევს. ეს იყო ბინადარი, მიწათმოქმედი, მეტალურგი და მესაქონლე ტომების კულტურა. მტკვარ-არაქსელებისთვის სამთამადნო საქმე და მეტალურგიული წარმოება ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა. ეს ტომები იყენებდნენ დარიშხნიანი და ანტიმონიუმიანი სპილენძისგან დამზადებულ იარაღსა და სამკაულს.
მალევე, XX საუკუნის 90-იან წლებში, მტკვარ-არაქსის კულტურის სამარხები ციხე-სოფელ მუცოს სიახლოვეს, უკვე თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზეც აღმოჩნდა.
გიორგი გოგოჭური მეუბნება, რომ, როგორც ჩანს, სოფლის უხუცესებმა (ხევსურეთში სოფლის თავკაცი) იცოდნენ აქ ძველი სასაფლაოს არსებობის შესახებ. ისინი თანასოფლელებს აფრთხილებდნენ, თუ სად არ შეიძლებოდა საფლავის გაჭრა და საზღვრებიც მკაცრად ჰქონდათ დადგენილი. თუმცა, გასული საუკუნის დასასრულს, საფლავის გაჭრის დროს, მიადგნენ ძველ სამარხს, ცოტა მოშორებით გადაინაცვლეს და ისევ სამარხის თავზე აღმოჩდნენ. ბოლოს მიცვალებული სხვაგან დაუკრძალავთ, აღმოჩენილი სამარხები კი ქვის ფილებით გადაუხურავთ.
დაზიანებულ სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ხვიები და სამაჯურები. ეს მასალები ფორმითა და დამზადების ტექნიკით გიორგიწმინდის სამაროვნის ნივთების ანალოგიურია, – მეუბნება გიორგი გოგოჭური.

რამ მიიყვანა მტკვარ-არაქსელები მთაში? – ამ კითხვაზე მეცნიერებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ, თუმცა ჩვენს გზამკვლევ არქეოლოგს ყველაზე მეტად იმის სჯერა, რომ მტკვარ-არაქსელების ხევსურეთში გამოჩენა ამ ტომებში მეტალურგიის განვითარებას უკავშირდებოდა და არ არის გამორიცხული, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთების ათვისების მიზანიც სწორედ რომ მეტალურგიული კერების მოძიება ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ალპური ზონებია, მადნის გამოსავლები თვალსაჩინოა. ამდენად, როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსელებს ჰქონდათ ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა მოეძიებინათ პირველყოვლისა სპილენძის მადნები. სპილენძის გარდა ამ რეგიონში ტყვიისა და ანტიმონიუმის საბადოებიც არსებობს, რომლებსაც მტკვარ-არაქსელი მეტალურგები სპილენძის შენადნობებში იყენებდნენ ნივთების დასამზადებლად. „ხევსურეთის რთული რელიეფის პირობებში, უგზოობის დროს, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდათ საქონელთან ერთად. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურ მიზეზად რჩება მადნის მოძიება. საინტერესოა, რომ მუცოს ტერიტორიაზე გვხვდება ტოპონიმები „ლითონის მთა“ და „სატყვიე ჭალა“. გეოლოგიურად მუცო-არდოტის ხეობაში ცნობილია ჭონთიოს სპილენძის საბადო, რომელიც თუშეთის, ხევსურეთის და ჩეჩნეთის სასაზღვრო რეგიონს მოიცავს“, – ამბობს გიორგი გოგოჭური.
უკანასკნელ წლებში ქართულ-გერმანულმა ერთობლივმა ექსპედიციამ მუცოში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ადრებრინჯაოს ხანის ექვსი სამარხი-აკლდამა შეისწავლა. დღეს ქართველი და გერმანელი არქეოლოგები ეძებენ პასუხს კითხვაზე: რა კავშირი და ურთიერთობა არსებობდა მთასა და ბარს შორის, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანაში?
„ხევსურეთის მაგალითზე ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ აქ მტკვარ-არაქსელი ტომების მოსვლამდეც არსებობდა მოსახლეობა, მაგრამ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ძვ.წ. VI-V ათასწლეულებში აქ მოსახლეობა არ იყო, მით უმეტეს, რომ მთიულეთში, ხადას ხეობაში, ორიოდე წლის წინ ენეოლითური ხანის ნამოსახლარი აღმოვაჩინეთ“, – ამბობს გიორგი გოგოჭური. მას სჯერა, რომ ქართველი არქეოლოგები გერმანელ კოლეგებთან ერთად შეძლებენ ნათელი მოჰფინონ კითხვას, თუ როდიდან აითვისა ადამიანმა ხევსურეთის ტერიტორია და რა იყო იქ მისი ძირითადი საქმიანობა.
ჟურნალისტი სოფო აფციაური National Geographic – საქართველოსთვის ხშირად წერს. იგი ავტორია საიუბილეო ნომრის მთავარი სტატიისა ხევსურეთის შესახებ. ირა კურმაევა და ნინო ისაკაძე (Cloud Studio) ჩვენი ჟურნალის არაერთი სტატიის ფოტოგრაფები არიან, მათ შორისაა Best Edit-ად დასახელებული 2021 წლის მარტში გამოქვეყნებული ფოტოპროექტი „მიკრონაწილაკები და მაკრომიღწევები“.