
რატომ არ უნდა ძოვდეს ბევრი ცხვარი ერთად
ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წვის შედეგად, დედამიწაზე მზიდან შემოსული სითბო უკან ისე მარტივად ვეღარ გადის, როგორც პრეინდუსტრიულ ხანაში ხდებოდა
“ცხვარი საძოვარზე იმდენი უნდა იყოს, რის საშუალებასაც ამ საძოვრის ეკოსისტემა იძლევა”, – მოკლე პასუხით იწყებს ჩემი რესპონდენტი იმის ახსნას, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ზამთრის საძოვრები.
კახა არცივაძე სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – “ნაკრესის” თანამშრომელია. ორგანიზაციის ოფისში ვართ, კლიმატის ცვლილებასა და საქართველოში გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციის საკითხზე ვსაუბრობთ.
ოთახის მარჯვენა მხარეს აკვარიუმი დგას, დაახლოებით 450-500-ლიტრიანი იქნება. რიფებით ნახევრადსავსეა. დანარჩენი სივრცე კი ათამდე პატარა ზომის თევზს უკავია. ადრე სადღაც წავიკითხე, ერთ მოზრდილ თევზს აკვარიუმში ორი ლიტრი წყალი სჭირდებაო. თუ ეს სიმართლეა, “ნაკრესში” მობინადრე თევზები ამ სივრცეში თავს ცუდად არ უნდა გრძნობდნენ. უფრო ოფიციალური ენით თუ ვიტყვი, აკვარიუმში არსებული წყლის რესურსი თევზებისთვის საკმარისია.
ბლოგში თევზებზე წერას არ ვაპირებ, თუმცა აკვარიუმი და მასში არსებული წყლის რესურსი შეიძლება კარგად შევადაროთ საქართველოში არსებული ზამთრის საძოვრების ეკოსისტემასა და ცხვრების რაოდენობის თანაფარდობას ან მათ საძოვრებზე გადანაწილებას, გადაძოვებისა და რესურსების არასწორ გამოყენებას. თუმცა იქამდე, მოდით, კლიმატის ცვლილებაზე ორიოდ სიტყვით.
2015 წლის ნოემბრის ბოლოს პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის ხელმომწერთა კონფერენცია (COP21) გაიმართა. 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიის შემცირების შესახებ იმსჯელა, მათ შორის საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იყო. ქვეყნები შეთანხმდნენ, ატმოსფეროში CO2-ის შესამცირებლად, თითოეულმა მათგანმა რა უნდა გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაეროს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტემპერატურა შესაძლოა 2,7-დან 3,3 გრადუსამდე გაიზარდოს, რაც მეტია, ვიდრე დასაშვები 2 გრადუსი.
როგორც იცით, ატმოსფეროში სათბური აირების გაზრდა ინდუსტრიული საქმიანობის განვითარების შემდეგ დაიწყო. ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წვის შედეგად, დედამიწაზე მზიდან შემოსული სითბო უკან ისე მარტივად ვეღარ გადის, როგორც პრეინდუსტრიულ ხანაში ხდებოდა. შედეგად, წლიური საშუალო ტემპერატურა ბოლო 100 წლის განმავლობაში, მსოფლიოში 0.6 გრადუსითაა გაზრდილი.
მართალია, მსოფლიოს დიდი ინდუსტრიული ქალაქებისგან განსხვავებით, ემისიების წარმოქმნაში საქართველოს წილი მხოლოდ 0, 001 %-ია, თუმცა კლიმატის ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში თავისებურად რთულადაა გამოხატული.
დაჩქარებულია ბუნებრივი რესურსების დეგრადაციის პროცესები – ქარისმიერი ეროზიისა და გაუდაბნოების გამო, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის(დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო)ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციას სულ უფრო მეტად კარგავს.
დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში არიდული ნათელი ტყეები და უროიან-ვიციწვერიანი სტეპებია გავრცელებული. პარკში შერეული მარადმწვანე ხეები იზრდება. ბუნებრივ ნაკრძალში დაცულია მშრალი დაბლობები და ციცაბო კლდეები, რომელსაც ალესილებს ეძახიან. ეს კლდეები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის, მართლაც ალესილებივით გადმოჰყურებენ დაბლობს, სადაც ნახევრად-უდაბნოს სტეპისთვის დამახასიათებელი ფლორა, არიდული და მარადმწვანე ხეები ხარობს. ამ უნიკალური ეკოსისტემის მქონე ეროვნულ პარკში, ელდარის დაბლობს, პატარა შირაქსა და ივრის ჭალებს თუში მეცხვარეები წლებია ზამთრის საძოვრებად იყენებენ. ცხვარს, თხასა და მსხვილფეხა საქონელს ყოველ წელს, შემოდგომიდან გაზაფხულამდე, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ე.წ. ტრადიციული გამოყენების საძოვრებზე “აპურებენ”, ზაფხულში კი ისევ მთას უბრუნდებიან. ყოველწლიურად ამ ტერიტორიაზე 60-70 ათასი ცხვარი ბინადრობს. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე საძოვრების ფართობი დაახლოებით 18 000 ჰექტარია და სულ 48 ფერმაა განთავსებული.
კლიმატის ცვლილების გამო, დედოფლისწყაროში წლიური ნალექების რაოდენობა ხანდახან 400 მმ-ზე დაბლა ჩამოდის. გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 54-დან 72 დღემდე გაიზარდა. ნიადაგი გამოიფიტა, წყალი ცოტაა, იკარგება უნიკალური მცენარეული საფარი. ეკოსისტემა მყიფეა და ნეგატიურ ზემოქმედებას მარტივად განიცდის.
ბუნებრივი პროცესების პარალელურად, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი მიზეზი ცხვრის ინტენსიური ძოვებაა. საძოვრების 20% ცუდ მდგომარეობაშია – ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2014 წელს ჩატარდა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 18 ათასი ჰექტრიდან ძალიან კარგ საძოვრებად ტერიტორიის 47% მიიჩნევა, კარგია – 7%, საშუალო დონის კი – 26%
ამ მონაცამების საფუძველზე, შესაძლოა, შეკითხვა გაგიჩნდეთ, რატომ ვამბობ, რომ ვაშლოვანის ეროვნული პარკის საძოვრებზე მიწის დეგრადაციისა და გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს?
საქმე ისაა, რომ რეალურად, ცხვარი(მათ შორის მსხვილფეხა საქონელი), რომელიც გამოსაზამთრებლად თუშეთის მკაცრ კლიმატს გამოურბის, ზამთრის საძოვრებზე არათანაბრადაა განაწილებული.
მაგალითად, თუში მეცხვარეების ფერმები და საძოვრები ძირითადად ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს (ბუღამოედანი, ყუმრო, ლეკისწყალი). ამავე ნაწილს ემთხვევა გადასარეკი ტრასებიც, სადაც ცხვარი დამატებით, გადაადგილებისას ბალახს ფეხით თელავს. ამას ისიც ემატება, რომ ბევრ ფერმასთან არაა დასაწყურებელი წყალმომარაგების სისტემა. ამის გამო, მწყემსს ცხვრის ფარის გადარეკვა ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ მაინც, მდინარეზე უწევს. საძოვრები, როგორც წესი, იჯარით აქვთ აღებული.
სამაგიეროდ, აუთვისებელია ეროვნული პარკის სხვა წერტილები, რომელთაც თუში მეცხვარეები, რთული რელიეფის გამო, ერიდებიან ან, უბრალოდ, შეჩვეულები არიან წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ლოკაციებს.
შედეგად, საძოვრების ზოგიერთ ნაწილში ჰექტარზე 7-8 ცხვარი ძოვს, მეორე მხრივ, გარკვეული ტერიტორიები ცარიელია. უსისტემო ძოვების ტერიტორიას ემთხვევა ვაშლოვანში ნახშირბადის მარაგისა და წყლის ბალანსის კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემებიც.
ნიადაგში თუ დაირღვა წყლისა და ნახშირბადის ციკლი, ჩავთვალოთ, რომ ეკოსისტემის მდგრადობა საფრთხეშია. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გიორგი მიქელაძემ, რომელიც გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტია, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გოდარდის კვლევების ინსტიტუტის მიერ ნაცადი ხერხებით, წყლის ბალანსი შეისწავლა.
2070 წლისთვის ვაშლოვანში ტენის დეფიციტია ნავარაუდევი. კვლევის დროს გაკეთდა დაცული ტერიტორიის რუკები, სადაც დაფიქსირდა, კონკრეტულად რა მიდამოებშია წყლის დეფიციტის რისკები. ეს ტერიტორიები საძოვრების იმ ნაწილს ემთხვევა, სადაც მათი უმეტესობაა განთავსებული, მაგალითად, ყუმრო და ბუღამოედანი, ასევე შიდა გადასარეკი ტრასები. წყლის დეფიციტი ნაკლებად შეიმჩნევა შემაღლებულ ადგილებში, სადაც ტერიტორია ტყითაა დაფარული და ცხვარი ნაკლებად ძოვს.
ასევე, საინტერესოა ნახშირბადის მარაგის კვლევის შედეგები, რომელიც იმავე ორგანიზაციამ ჩაატარა და ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა. კვლევის პროცესი ასეთია – მკვლევრები არჩევენ ლოკაციებს(თანაბრად რომ იყოს გადანაწილებული და მთლიანად მოიცვას დაცული ტერიტორია). ჯერ ხდება დაახლოებით ერთი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ზედა ბიომასის ათლა, გამოშრობა და ლაბორატორიაში გადამისამართება. მეორე ეტაპი მცენარეების ფესვების შესწავლაა, სულ ბოლოს კი, ნიადაგის ბიომასის, რომელიც ნიადაგის პროდუქტიულობის დონეს ყველაზე ზუსტად აჩვენებს. ამ კვლევით, ნახშირბადის მარაგი ყველაზე მეტად ყუმროს ტერიტორიაზეა დეფიციტური, თუმცა, როგორც გითხარით, კვლევა დღესაც გრძელდება და სპეციალისტები ზუსტი პროგნოზების გაკეთებას დაახლოებით 2017 წლისთვის შეძლებენ.
“ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის საძოვრების ეკოსისტემა რეალურად, ცხვრების რაოდენობას აიტანს, თუ მათ სწორად გადავანაწილებთ”, – მეუბნება “ნაკრესის” კიდევ ერთი თანამშრომელი, თემურ პოპიაშვილი. სხვადასხვა ქვეყანაში თურმე არსებობს ე.წ. მონაცვლეობითი ძოვების სისტემა. ორი მეზობელი ფერმერი(ერთს შესაძლოა ცოტა ცხვარი ჰყავდეს, მეორეს – მეტი), ქმნის კოოპერატივს და ცხვარს ერთმანეთის საძოვრებზე მონაცვლეობით აძოვებს.
თუმცა, მხოლოდ მეცხვარეს რომ არ დავაკისროთ პასუხისმგებლობა, აუცილებელია, გარკვეული სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც მეცხვარეებს აიძულებს (კარგი გაგებით), ცხვარი საძოვრებზე სწორად გადაანაწილონ და ამით დაცული ტერიტორიის საძოვრების ეკოსისტემა შეინარჩუნონ.
“შარშან ბალახი ცოტა იყო. ახლა ერთი კვირაა, რაც ვაშლოვანში ჩამოვედით, თითქოს მეტია, მაგრამ კაცმა არ იცის, ეყოფა თუ არა ცხვარს”, – მეუბნება ერთი მწყემსი ბუღამოედანზე.
ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ კაცმა მართლაც არ იცის, როგორი ზამთარი ელოდებათ წელს მეცხვარეებს. ერთი რამ ფაქტია, ორლიტრიან აკვარიუმში ხუთ თევზს ერთად თუ ჩავსვამთ, რამდენიმე დღეში იქ შესაძლოა, ხუთის მხოლოდ ერთი დაგვხვდეს. ასეა ცხვარიც, თუმცა განსხვავება ისაა, რომ რესურსების არასწორი გადანაწილების გამო, დღეს საფრთხე ცხვართან ერთად ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის საძოვრების ეკოსისტემასაც ემუქრება.