რატომ გასცდა ADHD ბავშვთა ასაკს
უკვე მილიონობით ზრდასრულს უსვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზს, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ბავშვებში გავრცელებულ სინდრომად ითვლებოდა. რა გამორჩათ ჯანდაცვის სპეციალისტებს? და როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეს აშლილობა?
მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ, რას ამბობს მეცნიერება ზრდასრულებში გამოვლენილ სიმპტომებზე, რა რისკფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს და რა ინფორმაციას გვაწვდის ამ მხრივ ნაკლებად შესწავლილ სეგმენტზე – ქალებზე – დაკვირვება ADHD-ის ბუნებაზე.
რატომ გასცდა ADHD ბავშვთა ასაკს
უკვე მილიონობით ზრდასრულს უსვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზს, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ბავშვებში გავრცელებულ სინდრომად ითვლებოდა. რა გამორჩათ ჯანდაცვის სპეციალისტებს? და როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეს აშლილობა? მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ, რას ამბობს მეცნიერება ზრდასრულებში გამოვლენილ სიმპტომებზე, რა რისკფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს და რა ინფორმაციას გვაწვდის ამ მხრივ ნაკლებად შესწავლილ სეგმენტზე – ქალებზე – დაკვირვება ADHD-ის ბუნებაზე.
რით განსხვავდება ზრდასრულთა ADHD
მკვლევრები შეისწავლიან, თუ რატომ იცვლება ამ აშლილობის სიმპტომები ასაკის მატებასთან ერთად – და როგორ ზემოქმედებს ეს მათზე, ვისაც თანამედროვე სამყაროს აურზაურში ისედაც მარტივად ეფანტება ყურადღება. ტექსტი დერილ ოსტინი
ექიმები ცდებოდნენ. ათწლეულების განმავლობაში ფსიქიატრები მიიჩნევდნენ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) მქონე ბავშვები ასაკთან ერთად ბუნებრივად დაძლევდნენ ამ მდგომარეობას. თუმცა თანამედროვე კვლევები სულ სხვას ამტკიცებს. თუკი დღეის მონაცემებით აშშ-ში 7 მილიონამდე ბავშვს აქვს ADHD, დაავადებათა კონტროლის ცენტრების უახლესი კვლევით დასტურდება, რომ ეს აშლილობა 15,5 მილიონ ზრდასრულ ამერიკელსაც აქვს. მეტიც, მათგან ნახევარს ზრდასრულობაში დაუსვეს დიაგნოზი.
დღეს მკვლევრებისთვის ნათელია, რომ ზრდასრულთა ADHD განსხვავებულად ვლინდება, რადგან მოზრდილ ასაკში ადამიანი ხშირად უკეთ ნიღბავს თავის სიმპტომებს. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ ხშირად ეფანტებათ ყურადღება. მათ შესაძლოა იგრძნონ მოუსვენრობა, ბევრი ილაპარაკონ, იმპულსურად იმოქმედონ, სხვებს საუბარი შეაწყვეტინონ ან გაუჭირდეთ მოთმინებით დაელოდონ საკუთარ რიგს. „თუ ბავშვს არ შეუძლია საკლასო ოთახში მშვიდად ჯდომა და მუდმივად დგება მერხიდან, ზრდასრულმა შესაძლოა შუქნიშანზე გაჩერებისას ან სურსათის მაღაზიის რიგში დაკარგოს მოთმინება“, – ამბობს ჯილ რაქბაიზელი, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფსიქოლოგიის პროფესორი.
ADHD ნეიროგანვითარებითი აშლილობაა, რომელიც თავის ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს და ძირითადად გენეტიკურია.
რასაკვირველია, რეაქციების სიმძიმეც გასათვალისწინებელია. როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში ასეთი სიმპტომები, რაქბაიზელის თქმით, „ძალიან მსუბუქიდან ძალიან მძიმემდე“ მერყეობს. აღნიშნული აშლილობის მქონე ადამიანი ამ მიდრეკილებებს ხშირად სხვადასხვა ვითარებაში ავლენს, მათ შორის, სკოლაში, სახლსა თუ სამსახურში, რაც ზეგავლენას ახდენს მის შრომისუნარიანობაზე. კრეგ სერმენი ექიმი და ფსიქიატრია, რომელიც მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ADHD-ის კვლევით პროგრამას ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აშლილობის იმპულსური და ჰიპერაქტიური მხარე ზრდასრულობაში ხშირად იკლებს, „უყურადღებობის ნაწილი ნარჩუნდება ხოლმე“.
ზრდასრულებში შემთხვევათა მზარდი რაოდენობა შესაძლოა ნაწილობრივ იმით იყოს გამოწვეული, რომ ამ აშლილობის შესახებ დღეს მეტი ვიცით და ადამიანები დიაგნოსტირებისთვის უკვე მოგვიანო ასაკშიც მიმართავენ სპეციალისტებს. ADHD ნეიროგანვითარებითი სინდრომია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის ტვინის განვითარებასა და მის ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს და მეტწილად გენეტიკურად გადაეცემა; შეიძლება მოქმედებდეს, ასევე, გარემო ფაქტორები ან ორსულობისას შექმნილი პრობლემები. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ ტექნიკაზე მიჯაჭვულობა ამწვავებს ამ აშლილობას ან მსგავს სიმპტომებს იწვევს.
„ლოგიკურია, რომ დავუშვათ ყურადღების დეფიციტის შეძენაც“, – ამბობს ჯონ რეიტი, ექიმი, ნეიროფსიქიატრი და ფსიქიატრიის ასოცირებული კლინიკური პროფესორი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში. დღეს ადამიანებს უწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და უწყვეტი ტექნოლოგიური სტიმულებით იტვირთებიან, რამაც შესაძლოა ეკრანზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. ამან „პოტენციურად შეიძლება შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია“, – ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა ამ კავშირს განიხილავდა, გადაჭრით მაინც ვერ ამტკიცებდა. დაახლოებით ათი წლის წინ ჟურნალ Psychology of Addictive Behaviors-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ADHD უკავშირდება ვიდეოთამაშებისა და სოციალური მედიის უკონტროლო მოხმარებას. უფრო ახლო წარსულში, 2020 წელს, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერთა აღმოჩენით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დიდი ნაწილი ბავშვებსა და მოზარდებზე კონცენტრირდება, ეკრანთან გატარებულ ხანგრძლივ დროსა და ADHD-ის სიმპტომებს შორის კავშირი ნებისმიერი ასაკის ინდივიდებში შეინიშნებოდა.
უნდა დავაზუსტოთ, რომ შეძენილი ADHD ოფიციალური დიაგნოზი არ არის. ტექნოლოგიურ მოწყობილობათა გამოყენება კონცენტრაციის პრობლემებს შესაძლოა იმიტომაც იწვევდეს, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარებისას ტვინს დასვენების საშუალება ნაკლებად ეძლევა. „დიდი ხნის განმავლობაში ADHD-სა და აქტიურ ონლაინჩართულობას შორის კავშირი ჩვენს დარგში ქათმისა და კვერცხის წარმოშობის შესახებ შეკითხვას ჰგავდა“, – ამბობს ელიას აბუჟადე, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კლინიკური პროფესორი, – „საკითხავია ადამიანები ADHD-ის გამო ხდებიან ხშირი ონლაინმომხმარებლები, რადგან მსგავს რეჟიმში ცხოვრება მათი კონცენტრაციის ხანგრძლივობას უკეთ ერგება თუ გადაჭარბებული ონლაინმოხმარების შედეგად უვითარდებათ ეს აშლილობა?“ მისი თქმით, კლინიკური გამოცდილებაც და მიმდინარე კვლევებიც სულ უფრო მეტად მიანიშნებს, რომ ეკრანი ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებს.
ტექნიკის გამოყენების გარდა, შესაძლოა სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებდეს ან იწვევდეს ADHD-ის სიმპტომებს ზრდასრულებში. რეიტი აღნიშნავს, რომ მენსტრუალურ ციკლთან და მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები ქალებში ხშირად აღნიშნული აშლილობის ფარულ სიმპტომებს ზედაპირზე ამოატივტივებს. „ქალები ADHD-ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დიაგნოსტირებული დემოგრაფიული ჯგუფია და მათ ხშირად ანტიდეპრესანტებსა და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უნიშნავენ, მაშინ როდესაც სინამდვილეში მათ ამ აშლილობის სიმპტომები აწუხებთ“, – განმარტავს იგი.
აღნიშნული აშლილობის სიმპტომების თანხვედრა მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან მხოლოდ ქალებში არ გვხვდება.

რადგან ADHD ხშირად სხვა აშლილობებთან ერთად ვლინდება, ის აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, ამბობს მარკ სტაინი, სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს ADHD-ის პროგრამის ფსიქოლოგი. „ჩემი უპირველესი რჩევაა, რაც შეიძლება ზუსტად შეფასება“, – ამბობს იგი.
კლინიკური დიაგნოზისას ზრდასრულები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ამის გამომწვევი მიზეზები ყოველთვის არსებობდა. ფსიქიატრები ხშირად ბავშვობაში გამოხატული სიმპტომებით ინტერესდებიან (ამ დიაგნოზს ჩვეულებრივ 12 წლამდე სვამენ) იმისდა მიუხედავად, რამდენად შესამჩნევი იყო ეს სიმპტომები.
შეიძლება აღმოჩნდეს, რომ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები სიმპტომებს ვერ ხედავდნენ, ბავშვი ალტერნატიული გზებით ერგებოდა გარემოს. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სიმპტომები არც აწუხებდეს იმდენად, რომ ყურადღება მიიქციოს. ზუსტად გაწერილი განრიგი, სტრუქტურიზებული აქტივობები და მშობლების დახმარებაც ართულებს სიმპტომების აღმოჩენას, სანამ ადამიანი ამგვარ წესრიგსა და მხარდაჭერას ზრდასრულობაში არ დაკარგავს. რაქბაიზელის განმარტებით, როდესაც ADHD შეუმჩნეველია და უკვე წამოზრდილი ბავშვები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ისინი ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს და „ამჩნევენ, რომ თავიანთ თანატოლებთან შედარებით ორ-სამჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდებათ იმავე წარმატების მისაღწევად“.
კარგი ისაა, რომ, როდესაც დიაგნოზს საბოლოოდ სვამენ, მკურნალობაც მარტივდება. დიაგნოსტირების შემდეგ „ეს მდგომარეობა მარტივად ექვემდებარება მკურნალობას“, – ამბობს რაქბაიზელი. მკურნალობა ხშირად მოიცავს მედიკამენტებს ან ფსიქოთერაპიულ მიდგომებს, როგორიცაა კოგნიტიური ქცევითი თერაპია. პროფესიონალი, რომელიც სვამს დიაგნოზს და მკურნალობს ADHD-ს, გასაუბრების შედეგად განსაზღვრავს, მედიკამენტური თერაპია უფრო შედეგიანი იქნება თუ არამედიკამენტური.
„ADHD-ს თავისი გამოწვევები მოსდევს, თუმცა უზარმაზარი დადებითი მხარეებიც აქვს, რომელთა შორისაა შემოქმედებითობა, ენთუზიაზმი, ცნობისმოყვარეობა, ერთგულება და პროექტზე ორიენტირებული კონცენტრაცია, როდესაც რაღაც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს, – განმარტავს რეიტი, – მთავარია სათანადო სამსახურის, სათანადო მეგობრებისა და სათანადო მეწყვილის პოვნა, რათა ADHD-ით განპირობებული ტვინის ძლიერი მხარეები განვითარდეს“.
როგორ ამოიცნოთ, ხართ თუ არა რისკის ქვეშ.
მეცნიერები იკვლევენ, რა საერთო მახასიათებლები აქვთ ADHD-ის მქონე ზრდასრულებს და ამ ადამიანთა დასახმარებლად ახალ სტრატეგიებს შეიმუშავებენ. –
ტექსტი რენა გოლდმენი და დემი კუო.
ნიშნები ვლინდებოდა, თუმცა თითქმის არ შეიმჩნეოდა. დასტინ ჩენდლერი საშინაო დავალებებს არასოდეს ასრულებდა. სკოლაში ზარმაცად თვლიდნენ. მისმა დედამ, რომელიც დღეს პედიატრიულ კლინიკაში მუშაობს, მხოლოდ წლების შემდეგ შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როდესაც შვილს სახლის გარემონტებისას არაერთი პრობლემა შეექმნა. „შვილო, მაპატიე, მაგრამ ADHD-ზე უნდა შეემოწმო“, – უთხრა დედამ.
ჩენდლერი 25 წლის იყო, ოფიციალური დიაგნოზი რომ დაუსვეს. მან მაშინ შეიტყო ისიც, რომ ეს აშლილობა გენეტიკურად მის შვილებსაც შეიძლება გადასცემოდათ, ამიტომ ცოლთან ერთად ყურადღებით აკვირდებოდა ბავშვებში ამ სინდრომის ნიშნებს. მათი უმცროსი შვილი, გოგონა, მამასავით ჩუმი და მეოცნებე ჩანდა. მას დამოუკიდებლად კითხვა უყვარდა, რადგან თავისი რიტმით კითხულობდა და შესანიშნავად სწავლობდა, როდესაც მასწავლებელი მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა. თუმცა დაწყებით სკოლაში მშობლები მეტად შეფიქრიანდნენ, როდესაც გოგონას გაუჭირდა მათემატიკის დავალების შესრულება, რომელშიც მოსწავლეებს ერთ წუთში რაც შეიძლება მეტი ამოცანა უნდა ამოეხსნათ. მეორე კლასში მას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა და მკვლევრებმა ჯერაც არ იციან ამ აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, „გაბატონებული თეორიის მიხედვით“, – განმარტავს ცინცინატის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი სტივენ რაში, – ეს არის უპირატესად გენეტიკა და შემდეგ ტვინის ბიოლოგია. კვლევების მიხედვით, ამ აშლილობის მქონე ადამიანთა დაახლოებით 80%-ს უფიქსირდება ერთნაირი გენეტიკური კომპონენტი, რაც მათ ამ სინდრომის არმქონე ადამიანებისგან განასხვავებთ.
ამ აშლილობის ზუსტი მიზეზი ჯერაც არ ვიცით, თუმცა, გავრცელებული თეორიით, „ეს არის უპირატესად გენეტიკა და შემდეგ ტვინის ბიოლოგია“.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ აშლილობის მქონე ადამიანების ტვინში სპეციფიკური ქიმიური ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიცაა დოფამინისა და ნორეპინეფრინის დისრეგულაცია. ეს ქიმიური ნაერთები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება კონცენტრაციის შენარჩუნების უნარს, ამ დროს უფრო სწრაფად იფიტება. „დოფამინი პასუხისმგებელია მოტივაციაზე, კონცენტრაციასა და ჯილდოზე რეაგირების მექანიზმზე“, – განმარტავს ფრენსის ხავიერი, კალიფორნიაში არსებული Neuro Wellness Spa-ს ფსიქიატრი და კლინიკური დირექტორი. „ნორეპინეფრინი კი პასუხისმგებელია გონებრივ სიფხიზლეზე, ყურადღებასა და აქტივაციაზე. სწორედ ეს ორია ADHD-ის სამკურნალო მასტიმულირებელი მედიკამენტების მთავარი სამიზნე“.
გენეტიკაც, ალბათ, ასევე ზემოქმედებს იმ ქიმიურ ცვლილებებზე, რომლებიც ADHD-ის მქონე ადამიანებს ურთულებს ყურადღების გამახვილებას, ემოციების მართვასა და იმპულსების რეგულირებას.
ახალი კვლევებით უკეთ წარმოჩნდა გენების კავშირი ADHD-ის განვითარებასთან. ჟურნალ Nature Genetics-ში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა სტატიამ უამრავი ასეთი გენი გამოავლინა – მრავალი მათგანი აქტიურია ტვინის განვითარების პერიოდში. „ამ აშლილობის გენეტიკაზე ჩატარებული უახლესი კვლევებით 27 გავრცელებული გენეტიკური ვარიანტი გამოვლინდა, რომლებიც უკავშირდება ამ მდგომარეობას“, – ამბობს სანდრა კ. ლუ, ბავშვთა ნეიროფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და ფსიქიატრიის პროფესორი UCLA-ის დევიდ გეფენის სამედიცინო სკოლაში. „როგორც ჩანს, რაც უფრო მეტია ასეთი გენეტიკური ვარიანტი ინდივიდში, მით უფრო მაღალია ADHD-ის განვითარების რისკი“.
ამ აშლილობის ჩამოყალიბებაზე მოქმედი ფაქტორების კომბინაცია შეიძლება ინდივიდუალურად განსხვავდებოდეს. „გენების ექსპრესია დიდწილად გარემოზეა დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა გენებთან ურთიერთქმედებაზე, – ამბობს ხავიერი, – ამგვარად, ფიზიკური, ქიმიური, სოციალური და კვებითი ფაქტორები შეიძლება ფართოდ განსხვავდებოდეს, რაც პოტენციურად ზემოქმედებს ADHD-ის გამოვლინების ფორმაზე“.
ჩენდლერის შემთხვევაში მის შვილს აშლილობა, სავარაუდოდ, გენეტიკურად გადაეცა, თუმცა მკვლევრები ასევე სულ უფრო მეტად შეისწავლიან, თუ როგორ შეიძლება ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყოს ADHD-ის ჩამოყალიბებას. „არსებობს მტკიცე კავშირები ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება ფეხმძიმობისას, დედის სიმსუქნე, პრეეკლამფსია ორსულობის პერიოდში და აცეტამინოფენის გამოყენება“, – განმარტავს რაში. თუმცა, მისი თქმით, აცეტამინოფენის მიღებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები არაერთგვაროვანია.
ჟურნალ Journal of Child Psychology and Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექცია რისკფაქტორად ითვლება, რადგან ინფექციაზე იმუნური სისტემის პასუხმა შესაძლოა ნაყოფის თავის ტვინის განვითარება შეაფერხოს. „არსებობს ასევე ნაშრომები, რომელთა თანახმად სექტემბერში ADHD-ის მქონე ბავშვების უდიდესი რაოდენობა იბადება“, – ამბობს ხავიერი. „ამ თეორიით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ზამთრის თვეებში, როდესაც ინფექციები უფრო გავრცელებულია, მეტი ალბათობაცაა პრენატალური ინფიცირებისა“.
„უახლეს კვლევებში გამოვლინდა 27 გავრცელებული გენეტიკური ვარიანტი, რომლებიც დაკავშირებულია ADHD-სთან. რაც უფრო მეტია ასეთი გენეტიკური ვარიანტი, ADHD-ის განვითარების ალბათობაც იზრდება“.
არასაკმარისი კვლევებით ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ გარემოს კონკრეტული ფაქტორების ზეგავლენას, თუმცა გარკვეული ბმა არსებობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ტყვიის ზემოქმედება ადრეულ ასაკში შეიძლება ADHD-ის სიმპტომებს უკავშირდებოდეს; ის დაუკავშირეს, ასევე, პლასტმასის საყოფაცხოვრებო პროდუქტებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს – ფთალატებსა და ბისფენოლ A-ს (BPA) – რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენას ახდენს.
თუმცა გენეტიკისა და გარემოს ურთიერთკავშირი ჯერაც არ არის სრულად შესწავლილი. „უამრავი ფაქტორია, რომლებიც ტვინში ამ ცვლილებებს იწვევს“, – ამბობს სტივენ რაში.
ამ სინდრომის გაცნობიერება ჩენდლერის ოჯახს ყოველდღიურ სირთულეებთან უკეთესად გამკლავებაში დაეხმარა. დღეს იგი ტექნიკოსად მუშაობს და თავისუფალ დროს მოტოციკლს მართავს. ქალიშვილის დიაგნოსტირებისა და სკოლაში გატარებული არაერთი წლის შემდეგ ჩენდლერმა და მისმა მეუღლემ საშინაო სწავლება არჩიეს. ეს დიდად წაადგა მათ ქალიშვილს, რადგან მან საკუთარი რიტმით სწავლა და განვითარება შეძლო. დღეს იგი უკვე თინეიჯერია და მის საყვარელ საგნებს შორის ანატომია და ბიოლოგიაა. შემდუღებლის ხელობის შესასწავლად ემზადება და, ალბათ, მამის კვალს გაჰყვება. მოტოციკლიც იყიდა.
ჩენდლერის თქმით, „რომელი კულტურის ნაწილიც არ უნდა ვიყოთ, ყველას შეგვიძლია მის განვითარებაში წვლილის შეტანა, რათა ადამიანთა ბუნებრივი განსხვავებები მეტად მივიღოთ“.
როგორ შეიძინა ADHD-მ ახალი სახე
ეს აშლილობა აქამდე ძირითადად ურჩ ბიჭებთან ასოცირდებოდა, თუმცა ADHD-ის შესახებ მეტის გასაგებად დღეს ფსიქოლოგები შეისწავლიან, როგორ ზემოქმედებს ის ქალებზე.
ტექსტი კეილინ ლინჩი.
23 წლის რეიჩ იდოვუ დარწმუნებული იყო, რომ დემენცია ჰქონდა. მას ხშირად ავიწყდებოდა დაბადების დღეები, აცდენდა სამუშაო შეხვედრებს და უჭირდა საკრედიტო ბარათის დავალიანების მართვა. Google-ში მოძიებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, დემენციის ადრეული სტადია ჰქონდა, თუმცა მისმა ექიმმა ეს ვარაუდი სწრაფად გააქარწყლა. საბოლოოდ, ორ ფსიქიატრთან მუშაობისა და ოთხი წლის შემდეგ, იდოვუს ADHD დაუდგინდა.
რეიჩისთვის უეცრად ყველაფერს ნათელი მოეფინა: ბავშვობაში მუდმივად წრიალებდა, სასკოლო დავალების ჩასაბარებლად ყავის სმით ათენებდა ღამეებს და კვირები გადიოდა, სანამ მეგობრებს შეტყობინებებზე უპასუხებდა. „ნამდვილი ჭეშმარიტების მომენტი იყო“, – ამბობს დღეს უკვე 31 წლის იდოვუ. იგი მილიონობით ქალს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ზრდასრულობაში დაუსვეს ADHD-ის დიაგნოზი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ბოლო წლებში ასეთი შემთხვევები მზარდია. კვლევები ამ ფაქტს რამდენიმე ფაქტორს მიაწერენ, მათ შორის საზოგადოებაში ცნობადობის ზრდას, ტელემედიცინის გავრცელებასა და ქალებში ADHD-ს ისტორიულად არასაკმარის დიაგნოსტირებას. ეს საკითხი საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში, რის გამოც ზოგიერთი ფსიქოლოგი ჭარბი დიაგნოსტირების ან მცდარი თვითდიაგნოსტირების საშიშროებაზე ლაპარაკობს. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის გამოკითხვით დადგინდა – ზრდასრულთა 25% ეჭვობს, რომ აღნიშნული სინდრომი აქვს.
დიაგნოსტირების სირთულეს ნაწილობრივ ხსნის ის, რომ ADHD-ის მქონე ადამიანები ჩვეულებრივ სამიდან ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნებიან: ჰიპერაქტიურს, ყურადღების დეფიციტის მქონეს ან კომბინირებული ტიპისას. გოგონებსა და ქალებში სინდრომი უფრო ხშირად ყურადღების დეფიციტით გამოიხატება, რასაც ახასიათებს მოუწესრიგებლობა, გულმავიწყობა და საქმის დაწყებისა და მასზე კონცენტრირების სირთულე. „ასეთ ადამიანებს ხშირად მეოცნებეებად აღიქვამენ“, – ამბობს ჯულია შეხტერი დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლიდან.
ჰიპერაქტიური ან კომბინირებული ტიპის აშლილობის მქონე გოგონების შემთხვევაშიც მათი სიმპტომები შესაძლოა ბიჭებისგან განსხვავდებოდეს – მაგალითად, ბევრს ლაპარაკობდნენ, თმას იწვალებდნენ, მოუსვენრად ამოძრავებდნენ ფეხს ან ემოციურად რეაგირებდნენ. „მათი სიმპტომები არანაკლებ სერიოზულია, – ამბობს შეხტერი, – მაგრამ შესაძლოა გამოგვეპაროს“.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ გოგონებში ADHD-ის დახასიათების პირველ მცდელობებს აგდებულად შეხვდნენ. როდესაც კლინიკურმა ფსიქოლოგმა კეტლინ ნადომ 1999 წელს დაწერა წიგნი „როგორ გავუგოთ ADHD-ის მქონე გოგონებს“, მკვლევრები მას ჯერაც ექსკლუზიურად ბიჭების სინდრომად მიიჩნევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება, ამ აშლილობაზე ჩატარებული კვლევების უმეტესობა ბიჭებსა და კაცებზეა ორიენტირებული, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ADHD-ის მქონე ადამიანის, როგორც ჰიპერაქტიური და ფეთქებადი ინდივიდის, სტერეოტიპი. ამ სინდრომის მქონე გოგონები კი შესაძლოა სკოლაში წარჩინებით სწავლობენ, თუმცა ამასაც თავის ფასი აქვს. მათ შეიძლება გამოცდაზე უმაღლესი ქულა მიიღონ, მაგრამ ამისთვის მთელი წინა ღამე გაათენონ, რადგან მანამდე ვერ კონცენტრირდნენ.
„გოგონები ბევრს შრომობენ პრობლემების დასამალად, მაგალითად, მასწავლებელი რომ არ გაუბრაზდეს“, – ამბობს ნადო. ფსიქოლოგები ამას „შენიღბვას“ უწოდებენ – როდესაც ქალები ცდილობენ, საზოგადოების მოლოდინებიდან გამომდინარე, სიმპტომები დაფარონ. „საქმეებს რომ თავი გაართვან, სხვებთან შედარებით ორჯერ მეტად უნდა დაიხარჯონ“, – ამბობს ნადო.
ჯენა მოენი, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის 33 წლის მეცნიერი პოსტდოქტორანტი გრძნობდა, რომ მანკიერ წრეზე ბრუნავდა, სანამ რამდენიმე წლის წინ ADHD-ის დიაგნოზი არ დაუსვეს. „ხალხმა არ უნდა შეამჩნიოს, რომ კონტროლს კარგავ“, – ამბობს მოენი. ბევრი ქალის მსგავსად, რომლებმაც ზრდასრულობამდე დიაგნოზის შესახებ არ იცოდნენ, მოენმაც სკოლა მაღალი შეფასებებით დაამთავრა და კარიერა აიწყო. თუმცა სიმპტომების ხანგრძლივმა შენიღბვამ პრობლემები განუვითარა ფსიქიკური ჯანმრთელობის, თვითშეფასებისა და პირადი ურთიერთობების მხრივ.
დღეს მოენი ხვდება, რომ ეს სიმპტომები ბავშვობაშიც ჰქონდა. თუმცა გოგონებისა და ქალების შემთხვევაში სიმპტომებს ხშირად ემოციურ ან სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებად მიიჩნევენ და მათ უფრო იშვიათად იკვლევენ. ამაში გენდერული მიკერძოებაც ასრულებს თავის როლს: ორ სხვადასხვა კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც მასწავლებლებს ADHD-ის მქონე ბავშვების ცალკეულ შემთხვევებს აცნობდნენ და ბავშვის სახელი მდედრობითიდან მამრობით სქესზე იყო შეცვლილი, ასეთ ბავშვებს უფრო ხშირად აძლევდნენ მკურნალობის რეკომენდაციას და დამატებით მხარდაჭერას სთავაზობდნენ.
ყველა ეს მცდარი წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ ამ სინდრომის მქონე გოგონები ხშირად შეუმჩნეველნი არიან და ზრდასრულ ასაკშიც კი სათანადოდ ვერ მკურნალობენ. როგორც მერილენდის „მოზარდთა ყურადღების დეფიციტის აშლილობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი დევიდ გუდმენი აღნიშნავს, ბავშვობაში აღნიშნული სინდრომის მქონე ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა დაახლოებით სამი ერთზეა, ხოლო ზრდასრულ ასაკში – თითქმის ერთი ერთზე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს აშლილობა სქესებს შორის თანაბრადაა გავრცელებული, უბრალოდ ქალებს გვიან უსვამენ დიაგნოზს.
როდესაც ქალები იზრდებიან, საზოგადოებისგან იმატებს მოლოდინი, რომ მათ თავიანთი ქცევები და ემოციები უნდა აკონტროლონ, რის გამოც ADHD-ის სიმპტომების ამოცნობა კიდევ უფრო რთულდება. ჰიპერაქტივობა შეიძლება შინაგანი მოუსვენრობით გამოიხატოს, ყურადღების დეფიციტი – ყოველდღიური საქმეების დასრულების სირთულითა ან ვადების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევებით გამოვლინდეს, ხოლო იმპულსურობა – ბიუჯეტის მართვის სიძნელეებით. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ბევრი ქალი გარეშე თვალისთვის წარმატებულ პერფექციონისტადაც კი აღიქმება, თუმცა დიაგნოზის არდასმას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
თავიანთ ნეიროტიპურ თანატოლებთან შედარებით ADHD-ის მქონე ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ შფოთვა, დეპრესია, ნივთიერებებზე დამოკიდებულება და კვებითი აშლილობები. კანადელმა მკვლევრებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ ADHD-ის მქონე მოზრდილებში თვითმკვლელობის მცდელობის ხუთჯერ უფრო დიდი ალბათობაა და ყოველი ოთხი ქალიდან ერთი, რომელსაც ეს აშლილობა აქვს, აცხადებს, რომ თავის მოკვლა უცდია. დანიელი მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამ აშლილობის მქონე ქალების შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე იმავე დარღვევის მქონე მამაკაცებში – სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ქალებს დიაგნოზს იშვიათად უსვამენ და, შესაბამისად, ნაკლებადაც მკურნალობენ.
„ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ არ ეგონა, ADHD თუ მექნებოდა, რადგან უნივერსიტეტი დავამთავრე და სამსახური მაქვს“, – ჰყვება იდოვუ. ქალებში აღნიშნულ სიმპტომებს ხშირად შფოთვად ან დეპრესიად აღიქვამენ. მოენმა თითქმის 20 წელი გაატარა არასწორი დიაგნოზით – მას უმკურნალეს როგორც მძიმე დეპრესიული აშლილობისა და შფოთვის მქონე პაციენტს, სანამ არ აღმოაჩენდნენ, რომ სიმპტომები მას შემდეგ გაუქრა, რაც ADHD-ის სამკურნალო ფსიქოთერაპია და მედიკამენტების მიღება დაიწყო.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთაც, მაგალითად, COVID-19-ის პანდემია, დისტანციური მუშაობა და სოციალური მედიის უფრო აქტიური გამოყენება იწვევს, ADHD-ის დიაგნოზის დასასმელად საკმარისი არაა. „მხოლოდ იმიტომ, რომ სახლიდან მუშაობა გიჭირთ ან ტელეფონი ყურადღებას გიფანტავთ, ADHD-ს არ ნიშნავს“, – ამბობს შეხტერი. „ჩვენ სიმპტომების ისეთ ერთობლიობას ვეძებთ, რომელიც ხანგრძლივად და სხვადასხვა გარემოში იჩენს თავს“.
შეხტერის თქმით, „ჩვენ, როგორც კლინიცისტები, დაგვიანებით, მაგრამ უკვე ბევრად ეფექტურად ვსვამთ ზრდასრულ ქალებში ADHD-ის დიაგნოზს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“.
თავის მხრივ, იდოვუმ აღმოაჩინა, რომ პროფესიონალური მკურნალობის დაწყების შემდეგ იგი უკეთესად მართავს ფინანსებს, სამსახურში ბევრად წარმატებულია და ურთიერთობებიც გაუუმჯობესდა. თავისი გამოცდილებისა და ზოგადი ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, იდოვუმ 2020 წელს შექმნა საინფორმაციო ბიულეტენი „ზრდასრულობა ADHD-სთან ერთად“, რომელიც, მისი თქმით, ადამიანებს დაეხმარა დიაგნოზის დასმაში. „ძალიან რთულია არსებობა იმ სამყაროში, სადაც გგონია, რომ შენს ტვინს რაღაც სჭირს, – ამბობს იდოვუ, – მაგრამ უბრალოდ ცოდნაც ბევრს ნიშნავს“. ეს პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.