
რატომ უნდა დავინდოთ პარაზიტები
პარაზიტები აუცილებელია ეკოსისტემების წონასწორობისთვის და მათი განადგურება პლანეტისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ჩელსი ვუდის ბავშვობის ოცნება იყო, საზღვაო ბიოლოგი გამოსულიყო და ისეთი დიდი, საინტერესო ცხოველები შეესწავლა, მეცნიერები ქარიზმატულ მეგაფაუნად რომ მოიხსენიებენ, თუმცა საუნივერსიტეტო პრაქტიკისას მიკროსკოპით ლოკოკინას შიგნეულობის თვალიერება მოუწია.
ბავშვობაში ლონგ-აილენდის სანაპიროს კლდეებიდან ზღვის ლოკოკინებს (Littorina littorea) სათლით აგროვებდა ხოლმე, თუმცა ეს ორგანიზმები შიგნიდან არასოდეს ენახა. გაკვეთილ ინდივიდზე მიკროსკოპით დაკვირვებისას მის თვალწინ „ლოკოკინას სხეულიდან ათასობით პატარა, სოსისის ფორმის თეთრი არსება გადმოცვივდა“.
ეს თეთრი არსებები თევზის გავრცელებული პარაზიტის, ბრტყელი ჭიის, Cryptocotyle lingua-ს ლარვები აღმოჩნდნენ. „გაოცებული დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ ლოკოკინებს ამდენი ხანი ვაკვირდებოდი და მათ სხეულში არსებული ყველაზე საინტერესო ამბები კი ჩემი ყურადღების მიღმა რჩებოდა“, – ამბობს ვუდი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში პარაზიტების მკვლევარი გახდა, – „პარაზიტები გულში ჩამივარდნენ“. დღეს ვუდი დედამიწის არაქარიზმატული მინიფაუნის გადარჩენაზე მომუშავე მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
მისი თქმით, აღწერილი ცოცხალი არსებების თითქმის ნახევარს პარაზიტები წარმოადგენს. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ შემდეგი 50 წლის მანძილზე მათ მეათედს გადაშენება ემუქრება – კლიმატის ცვლილების, მასპინძელი სახეობების დაკარგვისა და მიზანმიმართული მოსპობის შედეგად; ზოგი გამოთვლით, ეს საფრთხე პარაზიტების მესამედს ეხება, თუმცა აღნიშნული ამბავი ადამიანებს არა თუ ადარდებთ, არამედ ვერც კი ამჩნევენ. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში საფრთხეში მყოფ სახეობებს შორის სულ რამდენიმე პარაზიტს ნახავთ.
პარაზიტები ცხოველთა სამყაროში მოძულებული ჯგუფია, ვინაიდან ისინი სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე მასპინძელი ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრობენ, მის შიგნით ან ზედაპირზე, თუმცა პარაზიტების უმრავლესობა მასპინძელს არ კლავს და ბევრი მათგანი შესამჩნევ ზიანსაც არ აყენებს. ამას გარდა, პარაზიტების უდიდეს ნაწილს ადამიანებთან არაფერი ესაქმება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ პარაზიტების გასაჭირს გულთან არ მივიტანთ, სავალალო შედეგს მივიღებთ. ზოგი მათგანი ადამიანისთვის სასარგებლოც კი არის (მაგალითად, წურბლები გარკვეული ტიპის ქირურგიული ჩარევისას დღემდე გამოიყენება); ამას გარდა, თანდათანობით ირკვევა, რომ მათ ეკოსისტემებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ – ზოგი პოპულაციის რიცხოვნობას ზღუდავს, მაშინ როდესაც სხვებს კვებაში უწყობს ხელს.
„ხალხი პარაზიტებს ამაზრზენ, ლორწოვან, კლაკნია არსებებად წარმოიდგენს და ისინი ზოგჯერ მართლებიც არიან, – ამბობს ვუდი, – მაგრამ მიკროსკოპით თუ დააკვირდებით, მათ განსაცვიფრებელ სილამაზესაც აღმოაჩენთ“.
პარაზიტიზმი, როგორც ცხოვრების წესი, მილიარდობით წლის მანძილზე განიცდიდა ევოლუციას – უმცირესი, უმარტივესი მიკრობებიდან ყველაზე რთული აგებულების ხერხემლიანებამდე.
მილიარდობით წლის განმავლობაში პარაზიტიზმი, როგორც სიცოცხლის ფორმა, მრავალჯერ წარმოიშვა – უმცირესი, უმარტივესი მიკრობებიდან ყველაზე რთული აგებულების ხერხემლიანებამდე. პარაზიტებს შორის არიან მცენარეები, ფრინველები, მთელი რიგი ჭიები და მწერები… პარაზიტი ძუძუმწოვარიც კი არსებობს – ნამდვილი ვამპირი (ღამურა), რომელიც ძროხებისა და სხვა ძუძუმწოვრების სისხლით იკვებება. ფილოგენეზური ხის 42 მთავარი ტოტიდან 31 უმეტესწილად პარაზიტებისგან შედგება.
მიუხედავად ამისა, პარაზიტების ამოცნობაც კი ახალი დაწყებული გვაქვს, მათი ცხოვრების ნირისა და პოპულაციების შესწავლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. „უბრალოდ, ეს მიმართულება პრიორიტეტად არასოდეს ითვლებოდა“, – ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტის ეკოლოგი სკაილარ ჰოპკინსი. სწორედ ამიტომ შეკრიბა ჰოპკინსმა პარაზიტების კონსერვაციით დაინტერესებული მეცნიერების გუნდი და მათ არსებული ცოდნის ფართოდ გაზიარება დაიწყეს. 2020 წელს ჟურნალში Biological Conservation პარაზიტების გადარჩენის მათ მიერ შედგენილი პირველი გლობალური გეგმა გამოქვეყნდა.
ერთ-ერთ პრობლემას თანაგადაშენების პარადოქსი ეწოდება. პარაზიტები სხვა სახეობებზე არიან დამოკიდებულნი, რაც მათ ძლიერ მოწყვლად არსებებად აქცევს. მაგალითად, ავიღოთ საფრთხეში მყოფი ჯუჯა ღორის ტილი. ის ბინადრობს მხოლოდ საფრთხეშივე მყოფი ჯუჯა ღორის სხეულზე, რომელიც ჰიმალაის მთისწინეთის მდელოებზე სულ უფრო იშვიათად გვხვდება.
შესაძლოა, ამ მუქთამჭამელთა აღსასრული ტრაგედიად კი არა, სასურველ მოვლენადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეკოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მათი სრული მოსპობა პლანეტისთვის დიდი ალბათობით საბედისწერო აღმოჩნდება. თუ პარაზიტები რიცხოვნობის რეგულირებას ვეღარ შეძლებენ, ზოგი პოპულაცია უკონტროლოდ იფეთქებს – როგორც ეს ბუნებრივ მტაცებელს გარიდებულ ინვაზიურ სახეობას ახასიათებს – სხვა სახეობები კი შედეგად წარმოქმნილ დისბალანსს შეეწირებიან.
ეს მოვლენები დიდი ზომის ქარიზმატულ მტაცებლებზეც უარყოფითად აისახება. ბევრი პარაზიტი მასპინძელს უბიძგებს, მტაცებლის ლუკმა გახდეს და ახალ ორგანიზმში სწორედ ამ გზით ინაცვლებს. მაგალითად, ბეწვურები სიმწიფეს ჭრიჭინებში აღწევენ და შემდეგ გასამრავლებლად წყალში მოხვედრა სჭირდებათ, ამიტომ მასპინძელი ჭრიჭინას ტვინს იმორჩილებენ და მდინარეში გადახტომას აიძულებენ – ამგვარად ეს მწერი კალმახისთვის საკვების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. მსგავსი ფენომენის დამსახურებით მთელ მსოფლიოში მდიდრდება ფრინველთა, კატისებრთა და სხვა მტაცებელთა რაციონიც.
პარაზიტების გაქრობა დადებითად არც ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. შეერთებულ შტატებში, სადაც ნაწლავის ჭიების უმრავლესობა მოიშორეს, სულ უფრო იჩენს თავს ავტოიმუნური დაავადებები, რომლებიც სხვა, პარაზიტების მატარებელ საზოგადოებებში ფაქტობრივად არ არსებობს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ადამიანის იმუნური სისტემა ჭიებისა და პარაზიტი უმარტივესების თანხლებით განვითარდა და რაც ეს არსებები მოვიშორეთ, საკუთარმა იმუნიტეტმა ჩვენზევე დაიწყო თავდასხმა. კრონის დაავადების მქონე ზოგი ადამიანი ნაწლავის ჭიებით განგებ ისნებოვნებს თავს, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემის ეკოლოგიური წონასწორობა აღიდგინოს. შედეგები სხვადასხვაგვარია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები არ მოგვიწოდებენ ყველა პარაზიტის გადარჩენისკენ. მაგალითად, რიშტას თავგადაკლული კონსერვაციონისტებიც კი არ ესარჩლებიან. ეს მრგვალი ჭია ზრდასრულობას – 1 მეტრამდე სიგრძეს – ადამიანის მუცლის ღრუში აღწევს, შემდეგ კი ფეხის ქსოვილებში გადაადგილდება და საბოლოოდ ტერფიდან მტკივნეულად იჭრება გარეთ. ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ფონდმა ხსენებული პარაზიტის გადაშენება განიზრახა და მას ბევრი დამტირებელი ნამდვილად არ ეყოლება.
თუ ვინმეს პარაზიტების მთლიანად ამოწყვეტა უნდა სურდეს, წესით, ეს ბობი პრიტია – მაიოს კლინიკის პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის სამედიცინო დირექტორი, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით სხეულის ყველა ნაწილის პარაზიტების ამოცნობაზე მუშაობს.
თუმცა, პარაზიტებმა გული პრიტსაც კი მოულბეს. მის ბლოგს „კლაკნია საზარელი საოცარი პარაზიტები“ ეწოდება და უქმე დღეებს აგარაკის ეზოში ტკიპების შესწავლას უთმობს. როგორც ექიმს, სურს, რომ პარაზიტები იქიდან მოისპოს, სადაც ისინი დაავადებებსა და ტანჯვას იწვევენ, „მაგრამ როგორც ბიოლოგს, – ამატებს იგი, – შემაშფოთებლად მიმაჩნია ნებისმიერი წამოწყება, რომელიც ამოცანად რამე არსების მიზანმიმართულ გადაშენებას ისახავს“. მათ დამცველთა საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს ის, რომ პარაზიტები ყველას შეაყვარონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ, ამ არსებებთან დაუნდობელი ომი დროებით მაინც შევწყვიტოთ, რადგან ჯერ კიდევ შეუცნობელნი არიან.
პარაზიტები – რიცხვებში
როდესაც აფრიკულ სავანას ან ავსტრალიურ მარჯნის რიფს გავყურებთ, თვალში ლომები, ზებრები და ფერად-ფერადი თევზები გვხვდება. ამ დროს ჩვენ წინაშე არსებული ცოცხალი ორგანიზმების უდიდესი ნაწილი თვითონ ეს ცხოველები კი არა, მათი ბინადრები არიან.
ცოცხალი არსებების 40%-ს პარაზიტები შეადგენენ – აქ იგულისხმება მხოლოდ აღწერილი სახეობები, ხოლო მეცნიერების აზრით აღწერილია პარაზიტების მხოლოდ 10% და მილიონობით მათგანი ჯერ არ აღმოუჩენიათ.
სახეობათა დიდი ნაწილი არაერთ პარაზიტს მასპინძლობს. მაგალითად, ადამიანის სხეულის ზედაპირზე ან მის შიგნით ბინადრობას პარაზიტთა ასზე მეტი სახეობაა შეგუებული და მათი უმრავლესობა უჩვენოდ ვეღარ იარსებებს. ასე რომ, როდესაც მცენარეს ან ცხოველს შეხედავთ, ჩვენგან მალულად და უხილავად მათზე ან მათში მცხოვრებ ყველა პარაზიტზეც დაფიქრდით. ბოლოს და ბოლოს, მათ საყოველთაო არსებობას თავისი მიზეზი აქვს. „ბუნება ვაკუუმს ვერ იტანს“, – ამბობს პარაზიტების ეკოლოგი ჩელსი ვუდი. „თუ ხელსაყრელი შემთხვევა გაჩნდება, რომელიმე არსება მისი გამოყენების ევოლუციურ გზას აუცილებლად დაადგება“.

გასეირნება და ნადიმი
პარაზიტიზმის შემაძრწუნებელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კრაზანა Ampulex compressa, რომლის მდედრიც ეშმაკური სტრატეგიით გამოირჩევა: ტარაკანს თავზე კბენს და „ზომბირებული“ მსხვერპლი სორომდე ანტენით მიჰყავს, საბელზე გამობმული ძაღლივით. შემდეგ ტარაკანზე კვერცხს დებს და ორივეს ერთად მარხავს. ახალგამოჩეკილ ლარვას ტარაკნის სახით მზამზარეული კერძი ხვდება.
ფოტოგრაფი: ემანუელე ბიჯი, NATURE PICTURE LIBRARY
ერიკა ენგელჰაუპტი სამეცნიერო მიმართულების ავტორი და რედაქტორია, რომლის ნაშრომებს ბეჭდური და ციფრული სახით შეგიძლიათ გაეცნოთ მედიაში: National Geographic, NPR და სხვ., მისი წიგნი „სასტიკი დეტალები: თავგადასავლები მეცნიერების ბნელი მხრიდან“ კი National Geographic Books-მა გამოსცა.