
რატომ უნდა იყოს მომავალი ქალების
ჩვენი ავტორი ამბობს, რომ დროა, ქალებმა უარი თქვან დაბალ სტატუსზე, მოითხოვონ თანასწორობა და მობოდიშების გარეშე ისიამოვნონ საკუთარი ამბიციითა და წარმატებით
უნივერსიტეტში რომ წავედი, დედაჩემმა პატარა, გადაკეცილი ფურცელი მომცა წარწერით, რომელიც, მისი აზრით, დამჭირდებოდა. ფურცელი ერთი პატარა ბლოკნოტიდან ამოგლიჯა, რომელსაც ტელეფონთან ინახავდა და ხელით წააწერა:
„ვერავინ გაგრძნობინებს თავს უფრო დაბლა მდგომ ადამიანად შენი თანხმობის გარეშე”.
ამ სიტყვებს ხშირად ელეონორა რუზველტს მიაწერენ ხოლმე. ეს შესანიშნავი საჩუქარი იყო ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც ეს-ესაა ნამდვილ სამყაროში შეაბიჯებდა ფეხს.
ნეტავ შემენახა ეს ფურცელი. თავიდან საფულეში იდო, მალე გაცვდა და გახუნდა. თმის ბრჭყვიალა სამაგრში ჩავდე და სამკაულისა და სამახსოვრო ნივთებისთვის განკუთვნილ სამაგიდო უჯრაში მივუჩინე ადგილი. რამდენიმე წლისა და ბინის არაერთხელ შეცვლის შემდეგ დავკარგე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, გამეთავისებინა ეს იდეა: ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ ყველა ის მცდელობა, როდესაც თავს უმნიშვნელოდ ან ქვემოთ მდგომად გვაგრძნობინებენ.
აქ მთავარი სიტყვა „გრძნობაა”. დედაჩემმა, როგორც აფროამერიკელმა ქალმა, კარგად იცოდა, რომ ადამიანი და, მით უმეტეს, ქალი, შეიძლებოდა ქვედა ფენებში განეწესებინათ ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. კანონს, შეიძლებოდა განესაზღვრა, სად უნდა გეცხოვრა ან გემუშავა და შეგეძლო თუ არა ბიზნესის ლიცენზიის ან ქონების მოპოვება და ხმის მიცემა. საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებები და სტატუსის თვითმარქვია მაკონტროლებლები ოფისებსა და გასართობ ადგილებს მიღმა გტოვებდნენ, მაგრამ სინამდვილეში არავის შეუძლია სულში მოგწვდეთ და თვითშეფასება დაგიქვეითოთ.
დედაჩემს მყარი სამუშაო ეთიკაც აქვს და – „დაფასების ეთიკაც”. ჩაგვრის წინააღმდეგ თვითშეფასების გამოყენება მისი სუპერძალაა.
და ეს სიტყვა – ძალა – გენდერული პრიზმიდან სხვადასხვა ჭრილში განიხილება. ძალა, როგორც წესი, ღონესთან ასოცირდება, რომელიც, თავის მხრივ, ფიზიკურ ან ფინანსურ სიძლიერესთანაა დაკავშირებული. აპრიორული დაშვებაა, რომ, როდესაც მამაკაცები ძლიერებად ყალიბდებიან, ამით მთელი საზოგადოება ხეირობს – მათი ოჯახები, საზოგადოებები, სამუშაო და სალოცავი ადგილები. როდესაც ქალები ძალის გამოყენებაზე ან კოლექტიური სიძლიერის გამომჟღავნებაზე ლაპარაკობენ, მათი დაშვებები სრულიად განსხვავებულია. როგორც წესი, ამას „ნულოვანი ნაშთის” ჭრილში აღიქვამენ, სადაც ქალები მამაკაცების ხარჯზე და მთელი საზოგადოების სარისკოდ ძლიერდებიან.

ორი წლის შემდეგ, ნიუ- იორკის შტატმა ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა, ხუთი წლის შემდეგ კი – მთელმა ქვეყანამ.
ქალებისთვის კონსტიტუციის მიერ წართმეული უფლების აღდგენას ჯერ კიდევ 1848 წელს დაწყებული პერმანენტული კამპანიის გატარება დასჭირდა.
ჯორჯ რინჰარტი, CORBIS VIA GETTY IMAGES
იქნებ დადგა დრო, როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება?
სრულწლოვანებას რომ მივაღწიე, ქუჩაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. რაც თავი მახსოვს, ქალები გამოდიოდნენ, პიკეტებს აწყობდნენ და საკუთარ უფლებებს ითხოვდნენ. სხვა მოძრაობების არ იყოს, აქაც პროგრესი არათანაბრად დგება – ხან უკან მივდივართ, ხან კი ძალებს ვიკრებთ. „თანაბარ უფლებათა შესწორება” პირველად 1923 წელს დაიწერა. ფიქრობდნენ, რომ ის 1970-იანი წლების დასაწყისში აუცილებლად დამტკიცდებოდა, თუმცა პროცესი გაიწელა. დღეს სწრაფი პროგრესის კიდევ ერთ ტალღას განვიცდით, რაც განსაკუთრებით #MeToo (#მეც) მოძრაობის დროს გამოჩნდა – შეგულიანებული და გაბრაზებული ქალების საოცარმა ნაკადმა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის დრო დასრულდა. ამ ამბოხმა წამოიწყო კანონპროექტებისა და ცოდნის ამაღლების ახალი ტალღა და მაშინვე პასუხისგება დააკისრა იმ მამაკაცებს, რომლებიც მანამდე მტაცებლური ქცევისთვის უბრალო დატუქსვას ან სულაც არაფერს იღებდნენ. ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, იმედგაცრუებას მიჩვეული ვეტერანები დღეს იმედოვნებენ, რომ ეს მართლაც გრძელვადიანი მოძრაობაა და არა მხოლოდ – მომენტალური აღმასვლა.
დღეს ბრაზისა და დაქსაქსულობის ხანაში ვართ, თუმცა ოპტიმიზმისთვის საფუძვლიანი მიზეზებიც გვაქვს. ჩვენ მოვესწარით ეპოქას, რომელშიც აშშ-ის დებატებში 6 ქალი დამაჯერებლად გვარწმუნებს, რომ სწორედ ის უნდა აირჩიონ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოზიციაზე; ან ეპოქას, რომელშიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ქალია. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, რომელშიც ქალს შეუძლია, გახდეს ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ოსკაროსანი რეჟისორი ან Fortune 500-ის სიაში მყოფი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

კონგრესის ბიბლიოთეკა, იანკერის პოსტერების კოლექცია


მთელ მსოფლიოში ქალებს უპრეცედენტო ძალაუფლება აქვთ. ისინი წარმოადგენენ რუანდის პარლამენტის ქვედა პალატის უმრავლესობას. ესპანეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის თითქმის ორი მესამედი ქალია. ერთადერთმა ქვეყანამ, რომელიც ქალებისთვის მანქანის მართვას კრძალავდა, ახლა ეს კანონიც გააუქმა. ქალები მსოფლიოს ქვეყნების თითქმის მესამედს უძღვებიან.
გარდამტეხი მოვლენა სპორტშიც მოხდა: აშშ-ის ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო თასი ისეთი სიმძლავრით, თანმიმდევრულობითა და გაბედულებით მოიგო, რომ აშშ-ის მამაკაცთა გუნდსაც კი აჯობა გამარჯვებებით, მაყურებლებითა და პოპკულტურის სტატუსით. დღეს ამერიკულ ფეხბურთს რომ ახსენებთ, სპორტის სიმბოლოდ სწორედ ქალები წარმოგიდგებიან. მაგრამ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ამ მეგავარსკვლავებს მამაკაცების დონის ხელფასისთვის სასამართლოში უწევთ ბრძოლა. ლაპარაკია არა თანაბარ სამუშაოში მიღებულ თანაბარ ანაზღაურებაზე, არამედ გაცილებით უფრო წარმატებულ სამუშაოში მიღებულ თანაბარ ხელფასზე. ეს ის ქალები არიან, რომლებიც თავს იწონებენ საკუთარი წარმატებით, სიამოვნებას იღებენ თავიანთი გამარჯვებებით და იმ ქალების სამაგალითო ადამიანები ხდებიან, რომლებსაც მეორეხარისხოვანი სტატუსის საფუძვლის მორყევა სურთ.
საუკუნეების განმავლობაში ქალებს უფრო სუსტ გენდერად მიიჩნევდნენ. ისინი უფრო ქვემოთ მდგომი ადამიანები გახდნენ – მაინცდამაინც ქალების თანხმობით კი არა, საზოგადოებრივი წარმოდგენებისა და სამეცნიერო კვლევების დახმარებით. ბრიტანელი ჟურნალისტი ანჯელა საინი თავის წიგნში „ქვემოთ მდგომი: როგორ შეცდა მეცნიერება ქალებთან მიმართებაში და ახალი კვლევა, რომელიც ხელახლა ქმნის ნარატივს”, აღწერს, თუ როგორ განსაზღვრავდა და მიჯნავდა მეცნიერება ქალებს დიდი ხნის განმავლობაში. საინის თქმით, მამაკაცი მეცნიერები საკუთარ კვლევებსა და გავლენას იმისთვის იყენებდნენ, რომ გენდერულ (და რასობრივ) უთანასწორობაზე საკუთარი მიდგომა გაემყარებინათ. მათი კვლევების შედეგად „სექსიზმს ისეთ რაღაცაში ამკვიდრებდნენ, რომელსაც ვერც კი შეეწინააღმდეგებოდი” და იმისთვის, რომ ქალები ამ მეცნიერებას არ დაპირისპირებოდნენ, მათ ინტელექტის გავარჯიშებისა და ნიჭის განვითარების საშუალებასაც არ აძლევდნენ.
იმ კვლევების დიდი ნაწილი, რომლებიც ქალებს უფრო სუსტ სქესად წარმოაჩენდნენ, ნაკლოვანი და მიკერძოებული იყო. უამრავი ნაშრომი ამ ადრეულ მეცნიერებას ეწინააღმდეგება და აჩვენებს, რომ ქალებს კაცების თანასწორი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. კაცები ფიზიკური სიძლიერითა და უფრო დიდი საშუალო სიმაღლითა და წონით გამოირჩევნიან, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალებს გამძლეობისა და გრძელვადიანად გადარჩენის განსაკუთრებული უნარი ახასიათებთ.
რატომ არსებობს ჯერაც გენდერული უთანასწორობა? ამის ახსნა ხშირად ასეთია: ეს უბრალოდ ყოველთვის ასე იყო. ეს მიზეზი ნამდვილად არ არის საკმარისი. და წესით, ამ გამართლებას უნდა უარვყოფდეთ კიდეც იმ მონაცემების ფონზე, რომელთა მიხედვითაც ქალების შემავიწროებელი ან მჩაგვრელი ქვეყნები ეკონომიკურადაც ზარალდებიან.
აი, მაგალითად, აზია. რეგიონის ქალების ნახევარზე ოდნავ მეტი დასაქმებულია და კაცებზე დაბალ ხელფასს იღებს. გენდერული ნორმები, განათლების მიღების ბარიერები და მოუქნელი კულტურული გავლენები ამ მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც ქალების წინსვლას აფერხებენ, დიდად ზარალდებიან. საკონსულტაციო ფირმა McKinsey & Company ვარაუდობს, რომ რეგიონის წლიური მშპ 2025 წლამდე 4,5 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, თუ აზიაში ქალებს დაასაქმებენ.
ამას ჩვენი პლანეტის ყველა ქვეყანამ უნდა მიაქციოს ყურადღება. აი, მაისურებსა და პოსტერებზე რომ წერია, „მომავალი ქალებისააო” (The future is female), ამის ნაცვლად უნდა ეწეროს, „გირჩევნიათ, მომავალი ქალების იყოს!” (The future better be female!).
მაგრამ ძალაუფლების მოპოვების წინაღობები საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული და მათი გადალახვაც რთულია. შეგიძლია დაწერო კანონები და ადამიანებს მიუთითო, როგორ მოიქცნენ, თუმცა კანონით იმას ვერ გააკონტროლებ, თუ რას იფიქრებენ ისინი საკუთარ თავსა და სხვებზე. ქალებისა და ძალაუფლების საკითხზე ჯერაც გაორებული გრძნობები გვაქვს. კვლევები აჩვენებს, რომ ქალებს უფრო ხშირად მიიჩნევენ „არამოსაწონად” ან „არასანდოდ”, თუ მათ გავლენიან, ხისტ ან გამოხატულად ამბიციურად აფასებენ – სხვათა შორის, ეს ის თვისებებია, რომლებიც, ზოგის აზრით, კაცი მენეჯერების ღირსებად ითვლება.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, მადელინ ე. ჰეილმანმა, რამდენიმე კვლევაში შეისწავლა ადამიანთა რეაქციები იმ წარმატებული ქალების მიმართ, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცურ პოზიციებზე მუშაობენ. ერთ ექსპერიმენტში ჰეილმანმა ბაკალავრიატის სტუდენტებს სთხოვა, შეეფასებინათ ავიაკომპანიაში გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციაზე მომუშავე კადრების თითქმის იდენტური დოსიეები. ერთ-ერთ თანამშრომელს „ჯეიმსი” ერქვა, მეორეს – „ანდრეა” (ქალის სახელი). თანამშრომელთა შეფასების მიხედვით, კანდიდატები საუკეთესო 5 პროცენტში იყვნენ მოხვედრილები და „საოცარ კადრებად” ან „ამომავალ ვარსკვლავებად” იწოდებოდნენ. დოსიეებში არაფერი ეწერა მათ წარმომავლობაზე, ხასიათსა ან თვისებებზე. მოსწავლეებმა „ანდრეა” უფრო მძიმე ხასიათის მქონედ და არაკორექტულად დაახასიათეს, ვიდრე „ჯეიმსი”, ამ უკანასკნელმა კი უფრო დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ჰეილმანის დასკვნით, ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები მხოლოდ იმას კი არ აღწერს, თუ როგორ იქცევიან ქალები და კაცები, არამედ განსაზღვრავს, როგორი ქცევაა შესაფერისი, ეს ქცევა კი „პირდაპირაა დაკავშირებული იმ თვისებებთან, რომლებიც თითოეული სქესისთვის დადებითად ითვლება”. საზოგადოება აფასებს და აჯილდოებს კეთილ, მზრუნველ და ნაზ ქალებს. ამბიციურ, სტრატეგიულ ან პირდაპირ ქალებს – არც ისე.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვამჟღავნებთ გარკვეულ შიშსა და გაოცებას, როდესაც ქალები სადავეებს იგდებენ ხელთ, რადგან ეს ჩვენთვის ჯერაც ახალი კონცეფციაა. ქალები, რომლებიც პოლიციის მეთაურები, ხომალდის კაპიტნები ან მშენებლობის ხელმძღვანელები ხდებიან, არა მხოლოდ განსაკუთრებულებად, არამედ ზღაპრულ ცალრქიან ცხენებად არიან წარმოდგენილნი. ყველაზე დიდი ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს უწევთ, გამოცდილებაა. ისევ, კვლევები ავლენს, რომ კაცები ხშირად „პოტენციალის” გამო აჰყავთ სამსახურში, ხოლო იმავე გამოცდილების მქონე ქალებს არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო ეუბნებიან უარს.
ჩვენი კოლექტიური კულტურული ნარატივიც ამ მიკერძოებას ამყარებს. ფრაზა „ქალური სამუშაო” შემზღუდველი და სტერეოტიპულია: საჭმლის კეთება, დალაგება, მოვლა, მებაღეობა, მაგრამ ისტორიკოსი და აქტივისტი ლიზა უნგერ ბასკინი უკანასკნელი შვიდი საუკუნის ქალების მოღვაწეობას იკვლევს და მან სრულიად განსხვავებული სურათი აღმოაჩინა. „კაცების საქმის” კეთებით ქალები მსოფლიო მოსახლეობის ტვირთის ნახევარს ეზიდებოდნენ. „ჩვენი გოგონებისა და ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რისი კეთება და მიღწევა შეუძლიათ, რომ ეს ყველაფერი მათ წარმოსახვას გასცდეს”, – მითხრა უნგერ ბასკინმა ცოტა ხნის წინ. „და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაცებმა – და ჩვენ ყველამ – დავინახოთ ქალების მიღწევები, რადგან საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს უბიძგებდნენ, ქალი უფრო სუსტ, უუნარო სქესად დაენახათ მაშინ, როდესაც ჩვენ გარშემო ამას უამრავი საბუთი უარყოფს”.
უნგერ ბასკინი მთელი ცხოვრებაა ცდილობს ასეთი საბუთების მოგროვებას. დღეს მას ქალების მიღწევების საოცარი კოლექცია აქვს – ფოტოები, წიგნები, სავაჭრო ბარათები, არტეფაქტები თუ პირადი წერილები. ბასკინის ვარაუდით, მისი კოლექცია, რომელიც დიუკის უნივერსიტეტის სალი ბინგემის ქალთა ისტორიისა და კულტურის ცენტრში ინახება, მსოფლიოს უდიდესი კოლექციაა მომუშავე და მეწარმე ქალებზე.

ქალებს უმუშავიათ – და წარმატებისთვისაც მიუღწევიათ – ისეთ საქმიანობაში, რომელსაც ოდითგანვე კაცის საქმედ მიიჩნევდნენ: მუშა, მეცნიერი, მესტამბე, ზღვაოსანი თუ მექანიკოსი. ისინი ხანდახან განზრახ ცდილობდნენ, არ მიექციათ სხვების ყურადღება, რათა თავიდან აერიდებინათ საყვედურები, თუმცა მათი უმეტესობა ხშირად ისედაც უხილავი რჩებოდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სქესის გამო.
„ვფიქრობ, რომ ის ამბები, რომლებიც ჩემი კოლექციიდან შეგვიძლია ამოვკრიბოთ, ბევრს გვეუბნება ძალაუფლებასა და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევაზე”, – თქვა უნგერ ბასკინმა. „ის ვარაუდი, რომ ქალები არ აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ, უბრალოდ, არასწორია”.
ეს კოლექცია მისი ცნობისმოყვარეობისა და ბრაზის წყალობით შეიქმნა. ის წიგნის გამოფენებსა და იშვიათი წიგნების აუქციონებზე დადიოდა და ეძებდა იმის საბუთებს, რომ ქალები ყოველთვის კითხულობდნენ, იღებდნენ განათლებას და მუშაობდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ქალებს ჰქონდათ უფლება, მემკვიდრეობით მიეღოთ და ემართათ სასტამბო საბეჭდი მანქანა, თუკი ისინი დაქვრივდებოდნენ, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კომპეტენტური კადრები კი ჭირდა. შედეგად, კოლონიურ ამერიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალი მესტამბე მოღვაწეობდა.
მან აღმოაჩინა, რომ სარა კლარსონი 1831 წელს ინგლისში კალატოზად მუშაობდა, ხოლო მარგარეტ ბრაიანმა თავის გოგონათა სკოლაში, ლონდონში, 1799 წელს კურიკულუმში მათემატიკა და ასტრონომია შეიტანა. უნგერ ბასკინმა ასევე აღმოაჩინა, რომ მარია გაეტანა ანიესიმ 1700-იანი წლების შუა ხანებში მილანში მათემატიკის სახელმძღვანელო დაწერა, ხოლო გერმანელი ნატურალისტი და ილუსტრატორი მარია სიბილა მერიანი პირველად დააკვირდა ბუნებრივ გარემოში მწერის მეტამორფოზას და ჩანახატები შექმნა.
უნგერ ბასკინს, როგორც კოლექციონერს, ხშირად არასერიოზულად უყურებდნენ. ეს მან თავის სასიკეთოდაც გამოიყენა – იგი დოკუმენტებს, წიგნებს, პირად წერილებს, ნაქარგებს, გრავიურებიან ვერცხლს (ნივთებს, რომლებიც სხვებს არ უნდოდათ ან არ ესმოდათ) ხშირად მხოლოდ ერთ-ორ დოლარად ყიდულობდა წიგნის მაღაზიებში, გამოფენებსა და ძველმანების ბაზრობებზე.
თავის მონაპოვრებზე ისე ლაპარაკობს, გეგონება ეს ქალები – რომლებიც უხილაობას გადაარჩინა – მისი მეგობრები არიანო. ერთ-ერთი ქალი, რომლის ისტორიაც მას განსაკუთრებით წყვეტს გულს, ელსია, მონა ვირჯინიაში. უნგერ ბასკინმა მისი ისტორია 1831 წლის სამედიცინო სერტიფიკატის ფრაგმენტზე ამოიკითხა, სადაც ექიმი აღწერდა მოწყობილობას, რომელსაც ელსის პროლაბირებული საშვილოსნო უნდა დაეკავებინა, რათა ის „ისევ გამოსადეგი გამხდარიყო”. ექიმს თავისი სუბიექტის ადამიანობა ნაკლებად აინტერესებდა, თუმცა ელსის გაწეული სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ექიმს მისი მომჯობინება დაავალეს. უნგერ ბასკინმა თქვა, რომ ეს განსაკუთრებით შემაძრწუნებელი ისტორია აჩვენებს, რომ ქალებს ადრე უფრო დაბლა მდგომ, თუმცა, აუცილებელ არსებებად მიიჩნევდნენ.
კოლექცია მოიცავს როგორც მონებისა და მსახურების, ისე ჰერიეტ ბიჩერ სტოუს, დები ბრონტეების, ვირჯინია ვულფისა და სოჟორნერ ტრუთის დანატოვრებს. უნგერ ბასკინი თავის კოლექციას უკანა ხედვის სარკედ მიიჩნევს, რომელიც ქალებს წინსვლისას გაუძღვება და დაეხმარება წარმოიდგინონ, რისი მიღწევა შეიძლება, რათა ეცადონ, აღარ გაიმეორონ წარსულის შეცდომები.
ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, ჩართულობაა. ადრე მიზანდასახული ქალების მოძრაობები – XVIII საუკუნიდან მოყოლებული – თეთრკანიან, განათლებულ, ზედა კლასების წარმომადგენელი ქალების მიერ და მათ გარშემო ვითარდებოდა. აბოლიციონისტებიც კი, რომლებიც მონათა უფლებებისთვის იბრძოდნენ, მონა ქალებისგან სოციალურად შორს იჭერდნენ თავს. ცნობილია, რომ სოჟორნერ ტრუთმა თავისი გამოსვლით „განა მე ქალი არ ვარ” მთელი ქვეყნის სინდისი შეძრა, თუმცა ტრუთსა და სტოუს მსგავს აბოლიციონისტებს შორის დაძაბულობაც იყო ხოლმე.
ტრუთი „არ იყო სამხრეთელი მონა. ის ჩრდილოეთში ცხოვრობდა, ნიუ-იორკის შტატში, ნიდერლანდელ მფლობელებთან”, – თქვა უნგერ ბასკინმა. იგი თავდაჯერებული იყო, კარგად ლაპარაკობდა და იცვამდა და ზედმეტად თანასწორუფლებიანი ადამიანივით იქცეოდა. ეს ტენდენცია საარჩევნო უფლებებისა და თანასწორი უფლებების მოძრაობასა და 1970-იანებში ფემინიზმის მეორე ტალღაშიც განმეორდა.
საუკუნეების განმავლობაში ქალთა მოღვაწეობას თუ გამოვიკვლევთ, არა ისე, როგორც ამას გობელენზე, ნახატებსა და ლიტერატურაში წარმოაჩენენ, არამედ ისე, როგორც ეს მართლა ხდებოდა – დაკოჟრილი ხელებით, ფინანსური გამჭრიახობითა და გონიერი სტრატეგიით – თან წარმოდგენა შეგვეცვლება და თან გული მოგვიკვდება.
რატომ არ ვიცით მეტი ამ მამაც ქალებზე? როგორ მოხდა, რომ მათი ისტორიები უგულებელვყავით ან წავშალეთ? უნგერ ბასკინი თავის ცხოვრებისეულ საქმეზე რომ მიყვებოდა, ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რომ ბევრ ასეთ ქალს უწევდა, საკუთარი ნამუშევრისთვის სტრატეგიულად შეექმნა აუდიტორია, ისე, რომ ამაზე ყურადღება არ გაემახვილებინა, რადგან ისინი საკუთარ ტრადიციულ როლს გასცდნენ. ბიზნესმენ ქალად თავის გატანა განსაკუთრებული ხელოვნება იყო, მაგრამ ჯერ თითოეულს უნდა მოეხერხებინა, უბრალოდ ქალად გაეტანა თავი.
დედაჩემმა ის ფურცელი იმიტომ მომცა, რომ უნდოდა, არასოდეს შევგუებოდი ქვემდგომის სტატუსს. ორი და მყავდა და სახლში მანტრასავით ვიმეორებდით: „არაფრით ხარ ვინმეზე უკეთესი და არავინაა შენზე უკეთესი”. ეს თანასწორობის ენაა და ვამჩნევ ხოლმე, რომ მას საკუთარ შვილებსაც ვუზიარებ. მაგრამ არის თუ არა ეს ძალაუფლების ენა? თუ გვსურს, ჩვენმა ქალიშვილებმაც ჩვენი ვაჟების მხარდამხარ იასპარეზონ, მზად უნდა ვიყოთ, მათ ვასწავლოთ, როგორ შეეგუონ მდგომარეობას, როდესაც საკუთარი ნიჭითა და წარმატებით სხვა ადამიანს დისკომფორტს უქმნიან. უნდა ვასწავლოთ, რომ ეს დისკომფორტი მათი პრობლემა სულაც არ არის.
ძალაუფლებას თავისი ენა აქვს. ძალაუფლება აქვთ კაპიტნებს, ტიტანებს, ჩხუბისთავებს, რბოლის მეთაურებს. აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ეს სიტყვები რომ წაიკითხეთ, თქვენს გონებაში ქალის გამოსახულება ამოტივტივდა, თუ არა? თუ კი ქედის მოხრას იმსახურებთ და იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი ხედვა გადამდებია. თუ არა – მადლობა გულწრფელობისთვის და მოდით, საქმეს მივხედოთ.
ყოველთვის ძალიან მომწონდა სცენარისტი და პროდიუსერი შონდა რაიმსი – ამბების თხრობის მისეული უნარი და მისი სახელის მატარებელი პროდიუსერული კომპანიის მონუმენტური წარმატება. ათი წლის მანძილზე Shondaland-მა მომგებიანი და საოცრად პოპულარული სატელევიზიო გადაცემები შექმნა, სადაც ქალები, შავკანიანები, ლათინოამერიკელები, აზიელები და ჰომოსექსუალი პერსონაჟები რევოლუციურ როლებში წარმოგვიდგებიან. რაიმსს ახლა მულტიმილიონდოლარიანი საპროდიუსერო ხელშეკრულება აქვს, რომელიც მას სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს.
მისი, როგორც შავკანიანი ქალის, წარმატება ჰოლივუდში უკიდურესად შთამბეჭდავია, თუმცა, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საკუთარი ფენომენალური წარმატებისთვის იგი ბოდიშს არ იხდის. წარბსაც არ იხრის, ისე ეძახის საკუთარ თავს „ტიტანს” – ცხადია, ამ ტიტულს იმსახურებს კიდეც.
უკვე იმდენი ხანია ქალებს ძალაუფლებაზე უარს ეუბნებიან, რომ გეგონება, ძალაუფლება მხოლოდ კაცებისთვის შექმნილი სამოსიაო. ქალების თაობა ამას უპირისპირდება. ამერიკელი საფეხბურთო ვარსკვლავი მეგან რაპინო, უდიდესი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, სიუზან და ენ ვოიჩიცკები (დები, რომლებიც YouTube-ისა და 23andMe-ს აღმასრულებელ დირექტორებად მუშაობენ), General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ტ. ბარა, სატელევიზიო სუპერვარსკვლავი ოპრა უინფრი და ყველა ის ქალი, რომლებმაც წაახალისეს #MeToo მოძრაობა – ეს კამპანია სწორედ იმ სისტემას აღუდგა წინ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფდა ქალების უფლებებს.
სექსუალური შევიწროების ისტორიები დაფდაფების ცემასავით გაისმა, ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ ფინანსებში, შემდეგ მედიაში და, ბოლოს, ყველგან, შედეგად კი ტიტანები სამეფო სკამიდან ჩამოაგდეს. ამ დროს ქალების პატარა ჯგუფმა ჰოლივუდში ყოველდღიურად შეკრება დაიწყო. ისინი ქალების დასაცავად და წინ წასაწევად ცვლილებებს ითხოვდნენ. ეს ყველაფერი სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი #MeToo კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა. ჰოლივუდელი ქალების ჯგუფს მოძრაობის – და არა მხოლოდ დროებითი ტალღის – შექმნა უნდოდა. მას „დრო ამოიწურა” (Time’s up) დაარქვეს.
თავდაპირველი მონაწილეებისა და ფინანსური მხარდამჭერების ნახევარი ფერადკანიანი იყო. მათი რაოდენობა ყოველკვირეულად რომ იზრდებოდა, გაფართოვდა მათი ფოკუსიც, მნიშვნელოვნად წერილის „ძვირფასო დებო” წყალობით, რომელიც ქალი ფერმერების სახელით დაიწერა. ამ ქალებმა, მონიკა რამირესის მეთაურობით, რომელიც ახლა ორგანიზაციის „სამართალი მიგრანტი ქალებისთვის” პრეზიდენტია, ჰოლივუდში შეკრებილ ქალებს წერილი მისწერეს, სოლიდარობა გამოხატეს და დასძინეს, რომ კაცი დამსაქმებლების ხელში ისინიც სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. მათი უფროსები სათავისოდ იყენებდნენ ქალების არასტაბილურობასა და უსუსურობას, რომლებიც სიღარიბესა და მუდმივ გადაადგილებას ახლავს თან.
წერილში, რომელიც ჟურნალში Times გამოქვეყნდა, ეწერა: „ნეტავ შეგვეძლოს იმის თქმა, რომ გაგვიკვირდა, ეს პრობლემა თქვენს ინდუსტრიაშიც რომ ყოფილა გავრცელებული. სამწუხაროდ, ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენც კარგად ვიცნობთ”.
წერილი ბევერლი-ჰილზში მოძრაობის „დრო ამოიწურა” შეკრებაზე მსახიობმა ამერიკა ფერერამ ხმამაღლა წაიკითხა. მიშელ კიდ ლიმ („დრო ამოიწურას” ერთ-ერთი თავდაპირველი ორგანიზატორი და Creative Artists Agency-ს ინოვაციების აღმასრულებელი დირექტორი) თქვა, რომ წერილმა ყველას ცრემლი აღვრევინა.
„ამით გამოიკვეთა რაღაც, რამაც მოგვცა შანსი, კრიზისიდან მეტა-მომენტზე გადავსულიყავით. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, როგორც სხვადასხვა რასისა და კლასის ქალებს, ავდგეთ და შევქმნათ ახალი ენა, რომელიც ჩვენი განსხვავებულობისა და ერთიანობის აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს?” – განმარტა მან – „მთაში თუ ბარში, ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ”.
ერთ წელიწადში ჯგუფმა 22 მილიონი დოლარი შეაკოწიწა სამართლებრივი თავდაცვის ფონდისთვის, რომელიც სასტუმროს, ქარხნის, დაცვის სამსახურის, იურისტ, აკადემიკოს და ხელოვან ქალებს თანაბარი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების მოპოვებასა და სექსუალური შევიწროებისგან თავის დაცვაში დაეხმარებოდა.
შონდა რაიმსმა შეძლო, შეექმნა ისეთი სამუშაო გარემო, როგორიც თავად ყოველთვის სურდა, თუმცა მან იცის, რომ ქალების უმეტესობას ეს ფუფუნება არ აქვს. იმ თვეებში, როდესაც ჰოლივუდელი ქალები მინიმუმ ყოველდღე იკრიბებოდნენ, სწორედ რაიმსმა უბიძგა გუნდს უფრო გაბედულად ფიქრისკენ – ის მათ მოუწოდებდა, წარმოედგინათ არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა გამოესწორებინათ სისტემა, არამედ ის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სისტემა თავიდანვე, ძალაუფლების იმ დინამიკის გარეშე, რომელიც ქალებს ინსტინქტურად ანიჭებდა ქვემოთ მდგომთა როლს.
მაშინაც კი, როდესაც ქალებმა სადავეები ხელთ ჩაიგდეს და ცდილობდნენ, ნამდვილი გლობალური მოძრაობა ჩამოეყალიბებინათ, მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთიანად აგონებდნენ მსოფლიოს ხმას, გენდერულ სტერეოტიპებს მაინც შეეძლო ზიანის მოტანა და მოძრაობის შეზღუდვა.
„ჯერაც ძალიან მამწუხრებს ის, რომ ადამიანებს ეშინიათ თანასწორობის მოთხოვნისა”, – მითხრა რაიმსმა – „ქალებს განსაკუთრებით ეშინიათ მოითხოვონ, იყვნენ თანასწორები”, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს ხშირად ჩანს „იმაში, თუ როგორ იხდიან ქალები ბოდიშს, იმაში, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამუშაო კონტრაქტის დადებისას და იმაში, თუ როგორ იცავენ საკუთარ თავს”.
ქალებს, რომლებსაც სურთ, შეცვალონ სამყარო ან იქამდე იარონ, სადამდეც მათ თავიანთი ნიჭი ან ინტერესი მიიყვანთ, ხანდახან უწევთ, დათრგუნონ ის ხმა, რომელიც მათ კომპლექსებს აძლიერებს და გვკარნახობს, როგორ უნდა ვიქცეოდეთ. ეს მოციმციმე ნიშანივითაა წარწერით „ფრთხილად იარეთ”. მზად იყავი იმისთვის, რომ ბრაზიან შავკანიან ქალად, ავ ლათინოამერიკელად, კაპასად, წიკვინად, აგიტატორად, მეამბოხედ ან, ჟარგონულად რომ ვთქვათ – ძუკნად შეგრაცხავენ.
რაიმსის თქმით, ბევრ ქალს უჭირდა თანასწორობის მოთხოვნის იდეასთან შეგუება. „უფრო მეტად იმაზე იყო ლაპარაკი, თუ როგორ უნდა მოვთხოვოთ კაცებს ნამცეცები ისე, რომ მათთვისაც მისაღები იყოს”, – თქვა მან. „აქედან დაწყება სრული სისულელეა, ადამიანს მხოლოდ პაწაწინა ნაწილს რომ სთხოვ იმისას, რაც ისედაც შენი უნდა იყოს”.
და მაშინ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, რომელიც ისეა მოწყობილი, ქალებს ნაკლებ პირად უსაფრთხოებას, პატივისცემას, შემოსავალს, სტატუსსა თუ ჯილდოებს მიაკუთვნებს? როგორ უნდა თქვა სისტემაში გაწევრიანებაზე უარი, როდესაც მან შენ უფრო ქვედა თაროზე (წარწერით „დაბალი”) მიგიჩინა ადგილი?
გახსოვთ ის გამოთქმა, ელეონორა რუზველტს რომ მიაკუთვნებენ? თურმე, დიდი ალბათობით, მას ეს კონკრეტული სიტყვები არც უთქვამს, თუმცა ერთხელ უპატივცემულოდ მოპყრობაზე რომ ჰკითხეს, ეს უპასუხა: „უპატივცემულოდ მოპყრობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც თავს ზემდგომად მიიჩნევს, სხვა ადამიანს თავს ქვემდგომად აგრძნობინებს. ამისთვის მან ისეთი ადამიანი უნდა იპოვოს, რომელსაც შეუძლია, თავი ქვემდგომად იგრძნოს”.

INCAMERASTOCK/ALAMY STOCK PHOTO
ადამიანები, რომლებიც არსებული მდგომარეობით ხეირობენ, ყოველთვის მოძებნიან ადამიანებს, რომლებსაც თავს უფრო მდაბალ არსებად აგრძნობინებენ. ეს იმიტომ, რომ არსებული მდგომარეობა მერყევია. და დღეს, როდესაც გვაქვს ასეთი პერსპექტივები და სასწორზეც ამდენი რამ დგას, მოდით, ისე გავაკთოთ, რომ სანთლით მოსაძებნი გახდეს ისეთი ქალი და გოგონა, რომელსაც თავს უფრო მდაბალ არსებად აგრძნობინებენ. ისე გავაკეთოთ, რომ ისინი გრძნობდნენ საკუთარ ძალაუფლებას და იცოდნენ საკუთარი ადგილი. და იყვნენ თანასწორნი.
მიშელ ნორისი ათი წლის განმავლობაში NPR-ის შოუს თანაწამყვანად მუშაობდა. იგი არის Race Card Project-ის დამფუძნებელი დირექტორი – ნარატიული არქივისა, რომელიც რასასა და კულტურულ იდენტობას იკვლევს.