რატომ ველურდება ქალაქები
კოიოტები, დათვები, ენოტები და სხვა ცხოველები, თავიანთი ჰაბიტატების შემცირებასთან ერთად, კარგად ეგუებიან ქალაქის გარემოს.


რატომ ველურდება ქალაქები
კოიოტები, დათვები, ენოტები და სხვა ცხოველები, თავიანთი ჰაბიტატების შემცირებასთან ერთად, კარგად ეგუებიან ქალაქის გარემოს.
ერთი შეხედვით, ასეთ სცენას ყოველდღე შეიძლება წააწყდეთ ამერიკის ქალაქებში. აშშ-ის საფოსტო სამსახურის კურიერი მანქანიდან გადმოდის და წერილებით ხელში ქუჩას მიუყვება. აქ უჩვეულო თითქოს არაფერია, თუმცა ეს ფოსტალიონი ვერც ამჩნევს ან ყურადღებას არ აქცევს, რომ მისგან რამდენიმე მეტრში უზარმაზარი ბარიბალი უკანა ფეხებზეა ჩამჯდარი და ენერგიულად იქექავს ბეწვს.
იქვე მარცხნივ, დაწნული ღობის მიღმა, შტატთაშორისი მაგისტრალი 240-დან გამაყრუებელი ხმაური ისმის, თუმცა, როგორც ჩანს, დათვისთვის ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ხმაურია. ბოლოს ის ტროტუარზე ეშვება და უფრო ღრმად შედის ამ უბანში, ჩრდილოეთ კაროლინის რაიონში, რომელიც ეშვილის ცენტრიდან ერთ კილომეტრზე უფრო ახლოს მდებარეობს.
ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქსა და გარეუბნებში, ავტომაგისტრალის გასწვრივ მოხეტიალე დათვების შემსწავლელი მკვლევრები კიდევ ერთმა აღმოჩენამ – ვერცხლისფერი ნეკერჩხლის ღრმა ფუღურომ – აღაფრთოვანა. ამ ფუღუროში, დაკვირვების ქვეშ მყოფ ასზე მეტ დათვს შორის ერთ-ერთმა, N 209 დათვმა – რადიოსაყელურიანმა მდედრმა – გამოიზამთრა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სულ რამდენიმე მეტრში უწყვეტად მოძრაობდა მანქანები.
პროექტი უკვე 8 წელია მიმდინარეობს და მაინც, „ეს დათვები ჯერ კიდევ მაოცებენ“, – ყვირის კოლინ ოლფენბუტელი, ბარიბალისა და ბეწვიანი ცხოველების შემსწავლელი ბიოლოგი, მანქანების ხმაური რომ გადაფაროს. მისი კოლეგა ხეში მიძვრება ბუნაგის გასაზომად. ეს ყველაზე დიდი ფუღუროა, რომელიც კი ოლფენბუტელს უნახავს ბარიბალის კვლევის 23-წლიან პერიოდში. „ისინი უფრო კარგად ადაპტირდებიან, ვიდრე ჩვენ გვგონია“.

მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბარიბალები ასე კარგად გრძნობენ თავს ეშვილში. ცისფერი ქედის მთებში მდებარე ამ მზარდ ქალაქში 95 000 მოსახლით, დათვები დღისით მზისით ქუჩებში ირევიან და საცხოვრებელი სახლების ტერასებზე ადიან. ეშვილის ზოგიერთმა მოსახლემ უკვე მიიღო ახალი მეზობლები. თითქმის ყველას, ვისაც დაელაპარაკებით, ტელეფონში დათვთან უკანასკნელი შეხვედრის ვიდეო აქვს შენახული.
ეშვილში და სხვაგანაც ქალაქის დათვების გამოჩენა ტენდენციათა ერთობლიობის შედეგია. ამ ტენდეციებს შორის აღსანიშნავია ცვლილებები მიწათსარგებლობაში და ადამიანებთან ახლოს არსებული მაცდური საკვები. ამ ფაქტორებმა ჩრდილოეთ ამერიკის ბარიბალების პოპულაციის რიცხოვნობა თითქმის 800 000-მდე გაზარდა. ამავდროულად, ქალაქებისა და გარეუბნების გაფართოებამ დათვების ჰაბიტატის დიდი ნაწილი შთანთქა და ცხოველებს, ადამიანის მეზობლად ცხოვრებასთან შეგუების გარდა, სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა.
ეს მოვლენა ჩვეულებრივი ამბავია ამერიკის შეერთებული შტატების თუ მთელი მსოფლიოს ურბანულ რაიონებში და ბარიბალი სულაც არ არის გამონაკლისი. არაერთი ძუძუმწოვარი, რომელსაც კვების მრავალფეროვანი რაციონი აქვს, ქალაქში შესვლისას იცვლის ქცევას ურბანულ პირობებში გადასარჩენად.
რაც უფრო მეტი მეცნიერი სწავლობს ჩვენ თვალწინ მყოფ არსებებს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მრავალი სახეობა უპრეცედენტოდ ეგუება ურბანულ ცხოვრებას. კოიოტები ქუჩის გადაკვეთამდე აქეთ-იქით იყურებიან. ბარიბალებმა იციან, როდის არის ნაგვის გატანის დღე. ენოტებმა ისწავლეს, როგორ ახადონ ნაგვის ურნას თოკით დამაგრებული თავსახური.
2020 წელს ექვს კონტინენტზე მიმდინარე ურბანული ველური ბუნების 83 კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ქალაქის ძუძუმწოვრების 93% სოფლად მობინადრეებისგან განსხვავებული ქცევით გამოირჩეოდა. ამ ცხოველების უმეტესობა (როგორიცაა ევროპული კურდღელი, გარეული ღორი, მაკაკა რეზუსი და თეთრყელა კვერნა) ადამიანთან შეხვედრის თავიდან ასარიდებლად ღამით აქტიურობდა. გარდა ამისა, თავიანთი რაციონი ადამიანის საკვებით გაიმდიდრეს და საბინადრო არეალიც შეივიწროვეს. ეკოლოგების თქმით, რაც უფრო კარგად გავუგებთ ჩვენ გვერდით მყოფ ახალმოსულ ცხოველებს, მით უფრო უკეთ მოვახერხებთ მათთან ურთიერთობას.
ეშვილში სწრაფი კვების ობიექტებისა და სასტუმროების ზოლის მიღმა, ტყიან უბანში, ჯენიფერ სტრულსი და მისი ორი კოლეგა სასტუმროს ავტოსადგომისკენ წყალგამტარ ხაფანგს – კასრის ფორმის ფოლადის გალიას მიათრევენ, რომელიც ჰუმანურად იჭერს ბარიბალებს. მათ იმედი აქვთ, რომ ამ მიდამოში მობინადრე დედა დათვს დაიჭერენ სამ ბელთან ერთად.

სტრულსი, თევზჭერის, ველური ბუნების და კონსერვაციული ბიოლოგიის დოქტორანტი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, გუშინდელი ნამცხვრის კოლოფს ხსნის. ეს დაუძლეველი სატყუარაა ბლადჰაუნდზე მახვილი ყნოსვის მქონე ცხოველისთვის. თუ ის ხაფანგში გაებმება, მეცნიერები დედა დათვს (რომელიც ერთხელ უკვე დაიჭირეს) დააძინებენ და რადიოსაყელურს გამოუცვლიან.
დასახლებულ პუნქტებსა და მის გარეუბნებში მობინადრე ასზე მეტი რადიოსაყელურიანი დათვის კვლევის (ველური ბუნების შემსწავლელი ბიოლოგის, ნიკოლას გულდის ხელმძღვანელობით) პირველი ფაზის შედეგად, ქალაქის და სოფლის ინდივიდებს შორის საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა. წელიწადიდან წელიწადნახევრამდე ასაკის, ქალაქში მცხოვრები მდედრი დათვები თითქმის ორჯერ მეტს იწონიდნენ სოფლად მობინადრეებთან შედარებით. ქალაქის ზოგიერთმა ორი წლის მდედრმა ბელი გააჩინა, სოფლად კი ამავე ასაკის არც ერთი დათვი არ გამრავლებულა, თუმცა ქალაქში დათვების 40% დაიღუპა ოთხწლიანი კვლევის განმავლობაში. მთავარი მიზეზი მანქანებთან შეჯახება იყო. ამ ეტაპზე, მკვლევრების თქმით, გაურკვეველია, სასიკეთოა თუ არა ეშვილის დათვებისთვის ქალაქში ცხოვრება.
სხვა კვლევები ნაკლებად ბუნდოვან სურათს იძლევა. ეშვილის დათვების მსგავსად, ქალაქის დათვები დურანგოსა და ასპენში (კოლორადო), ისევე როგორც ლეიკ-ტაჰოში (ნევადა), მეტს იწონიან და უფრო მეტი ბელი ჰყავთ, თუმცა მათი ნაშიერები იშვიათად თუ გადარჩებიან, რაც პოპულაციის შემცირებას იწვევს. ჩასუქებული დათვების უამრავ ბელთან ერთად ნახვამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქალაქების ზრდას და გარეუბნების გაფართოებას სარგებელი მოაქვს ცხოველებისთვის, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა.
არც ისაა მართალი, რომ ადამიანები და დათვები ყოველთვის ჰარმონიულად ცხოვრობენ – თუნდაც ტოლერანტულ ეშვილში, სადაც უკანასკნელ წლებში დათვებმა შინაური ცხოველები დახოცეს და სულ მცირე ერთი ადამიანი დატორეს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეძლოს მოსახლეობამ მოუთვინიერებელ მეზობლებთან თანაარსებობა, სტრულსი ექსპერიმენტს გეგმავს. ორ უბანზე საგანმანათლებლო კამპანია BearWise იმუშავებს. ახლო მომავალში ის მთელი ქვეყნის მომცველ ინიციატივად გადაიქცევა და დათვებთან გონივრული მოპყრობის მეთოდების წახალისებაზე იზრუნებს, როგორიცაა შინაური ცხოველების დაბმა, ნარჩენების დაცვა, ფრინველთა საკვებურების მოშორება, ცხოველებთან მიახლოებისა და მათი გამოკვებისგან თავის შეკავება. ორ სხვა უბანს საგანმანათლებლო მასალა არ გადაეცემა და ექსპერიმენტის საკონტროლო ჯგუფის ფუნქციას შეასრულებს.

სტრულსს იმედი აქვს, რომ ოთხ უბანში რადიოსაყელურიან დათვებზე დაკვირვებით გაარკვევს, შეცვლის თუ არა Bear-Wise-ის საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაცია მოსახლეობის ქცევას და რამდენად შეამცირებს ის უსიამოვნო შემთხვევებს. დურანგოში მკვლევრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და დათვგამძლე ათასი ნაგვის ურნა დაარიგეს. სახლებში, რომლებშიც სანაგვე კონტეინერებს მოიხმარდნენ, პრობლემები 60%-ით შემცირდა.
თუმცა ზოგიერთს სურს კიდევაც, რომ დათვები საკუთარი სახლის ეზოში იხილოს, განსაკუთრებით ჯენის ჰიუსბოს, რომელიც მათ ოჯახის წევრებად თვლის. უკვე 22 წელია, იგი მშიერ დათუნიებს იზიდავს სახლის ვერანდაზე, ეშვილის ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ფრინველის საკვებით უმასპინძლდება.
„მეგობრები დათვების მესაიდუმლეს მეძახიან“, – ამბობს ჰიუსბო, როდესაც მისი სახლის კარებთან ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ სეირნობს დედა დათვი ორ ტყუპ ბელთან ერთად ვერანდაზე.
მაგრამ ველური ბუნების დაცვის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ დათვების გამოკვება ზრდის კონფლიქტების და ტრავმების რისკს, რაც ამცირებს ამ ცხოველების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას. აღნიშნული ორი მიზეზის გამო ადგილობრივი განკარგულებით ასეთი პრაქტიკა აკრძალულია. სტრულსი აღიარებს, რომ დათვი საყვარელი ცხოველია ეშვილის მოსახლეობისთვის და იმედოვნებს, რომ მისი კვლევა გვიჩვენებს ცხოველებთან თანაცხოვრების საუკეთესო გზას. „ველურ ცხოველებთან ურთიერთობა ყველა ჩვენგანის უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი მოშინაურებულ ცხოველებად ვაქციოთ“, – ამბობს სტრულსი.
მაშინ როდესაც ბარიბალებმა თავიანთი ყოფილი არეალის დაახლოებით ნახევარი დაიბრუნეს და ახლა დაახლოებით 40 შტატში ბინადრობენ, დიდი ვაკეების მკვიდრმა კოიოტებმა უკანასკნელ ათწლეულებში შტურმით აიღეს შეერთებული შტატები. ახლა მათ ყველა შტატში ნახავთ ჰავაისა და მსხვილი ქალაქების უმეტესობის გარდა. მეგაპოლისი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ურბანულ კოიოტებთან, ჩიკაგოა, სადაც 4000-მდე ინდივიდი ბინადრობს.

სტენ გერტმა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაქს მაკგროუს ველური ბუნების ფონდის ეკოლოგმა, ჩიკაგოს კოიოტების შესწავლა 2000 წელს დაიწყო, მალევე მას შემდეგ, რაც ცხოველები იქ გამოჩნდნენ. მაშინ გერტი ფიქრობდა, რომ მისი პროექტი ერთი წელი გაგრძელდებოდა. ორ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ იგი კვლავ ამ საქმითაა დაკავებული. „ჩვენ ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ამ ცხოველს და მის ადაპტაციის უნარს. ისინი იმ საზღვრებს მიღმა გადიან, რომლებიც გადაულახავი გვგონია“, – ამბობს გერტი.
გაზაფხულის ერთ დილას, ჩიკაგოს გარეუბან შომბერგში, დაჭაობებულ მიწაზე გაშენებული საცხოვრებელი კვარტლის უკან, სამი მკვლევარი N 581 კოიოტის, რადიოსაყურიანი მდედრის ბუნაგს და ნაშიერებს ეძებს. უეცრად ქუჩის მოძრაობის ხმაურში ლეკვის წკმუტუნი მოისმის.
ცოტა ხანში უფროსი საველე ტექნიკოსი ლორენ როსი ყვირის. მან მაღალ ბალახებში ერთი კვირის ლეკვი იპოვა. მისი ფერმკრთალი მუცელი დედის რძითაა გაბერილი. როსი ნაზად იყვანს პატარა მამრს და ათვალიერებს, გენეტიკური ანალიზისთვის ბეწვს აცლის და ზურგზე მიკროჩიპს უმაგრებს. ამ დროს პატარა მშვიდად და გაუნძრევლადაა. როგორც კი ჯგუფი წავა, დედა დაბრუნდება მასთან, ამბობს როსი.
კვლევის დასაწყისში გერტი ფიქრობდა, რომ კოიოტები პარკებითა და მწვანე სივრცეებით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ცდებოდა. „ახლა კოიოტები ყველგან არიან, ყველა უბანში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში“.
მართლაც, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, კოიოტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ყოველწლიურად მინიმუმ 400 000 კოიოტს კლავენ, მათ შორის დაახლოებით 80 000-ს – მტაცებლებთან ბრძოლის ფედერალური პროგრამის ფარგლებში, ძირითადად აშშ-ის დასავლეთ რეგიონებში. მანქანების შეჯახება ჩიკაგოს კოიოტების სიკვდილის მთავარი მიზეზია, მაგრამ ცხოველებმა ისწავლეს მანქანების თავიდან არიდება და შუქნიშნის ცნობაც კი შეუძლიათ.
ადაპტაციის უნარს მათი მოქნილი რაციონიც ემატება. კოიოტები თითქმის ყველაფერს მიირთმევენ, ფეხსაცმლის ტყავიდან დაწყებული ხილით დამთავრებული (ხეებზე ასვლაც შეუძლიათ).
კოიოტებს საარსებო წყაროს თითქმის ყველგან მოძიების ნიჭი აქვთ. მაგრამ საინტერესოა, ურბანულ პირობებთან შეგუების მათი ასეთი უნარი გენეტიკურია, თუ ისინი უბრალოდ სწრაფად ადაპტირდებიან თავიანთი ცბიერების წყალობით?
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარიბალებს ასე მოეწონებოდათ ეშვილში ცხოვრება, სადაც დღის შუქზე ქუჩებში ირევიან და სახლების ტერასებზე მიძვრებიან.

ეს შეიძლება იყოს ნაზავი – ის, რასაც ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკოლოგი კრისტოფერ შელი ადაპტაციურ პლასტიკურობას უწოდებს. კოიოტებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალ გარემოსთან შეგუების თანდაყოლილი უნარით და დროთა განმავლობაში სულ უფრო უკეთ იგრძნონ თავი.
შელი და ჯული იანგი, ველური ბუნების ბიოლოგი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიდან, ტყვეობაში მყოფ კოიოტებზე დაკვირვებით (იუტა, მილვილი, ველური ბუნების კვლევის ეროვნული ცენტრი) სწავლობენ, თუ როგორ შეიძლება კვების სხვადასხვა რაციონმა შეცვალოს ცხოველთა ქცევა. მაგალითად, ისინი ადარებენ კოიოტების ერთ ჯგუფს, რომელიც იმიტირებული ურბანული რაციონით (ნახშირწყლებისა და შაქრის მაღალი შემცველობით) იკვებება, მეორე ჯგუფს – რომელიც უფრო ბუნებრივ საკვებს მიირთმევს ცილის მაღალი შემცველობით. მათი ჰიპოთეზა ასეთია: კოიოტები, რომლებიც ჭამენ ადამიანის საკვებს, ადამიანებს უფრო უახლოვდებიან, რასაც ზოგიერთი არაოფიციალური მონაცემიც ადასტურებს.
„ჩვენ ძველ ანდაზას მივყვებით: „შენ ხარ ის, რასაც ჭამ“, – ამბობს იგი. შელი და იანგი ვარაუდობენ, რომ კოიოტი, რომელიც გადამუშავებულ მარცვლეულს ჭამს, უფრო მშიერი იქნება და უფრო ხშირად მოძებნის საკვებს, ვიდრე ის ინდივიდი, რომელიც საუზმეზე ბოცვერს შეექცევა. გერტს ამგვარი კავშირი ჩიკაგოს კოიოტებში არ აღმოუჩენია, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ ადამიანის საკვებზე დამოკიდებულება და შედეგად, ადამიანებთან სიახლოვე, მათ უქრობთ ადამიანის მიმართ შიშს – ეს კი იწვევს კონფლიქტების გახშირებას.
კოიოტებისა და დათვების მსგავსად, ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებში ენოტებიც ვრცელდებიან. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ველური ბუნების მკვლევრებს – კეიტ რიცელს და ტრევის გალოს სურდათ გაერკვიათ, არიან თუ არა ქალაქის ენოტები უფრო თამამნი და რისკისადმი მიდრეკილნი სოფლად მობინადრეებთან შედარებით. მათ ეს შეაფასეს ენოტის მზადყოფნაზე დაკვირვებით, გამოეკვლია უცნობი ობიექტი – ამ შემთხვევაში, ხის ძელების კვადრატში ჩაფლული სატყუარა. მკვლევრებმა ასზე მეტი ავტომატური კამერა დაამონტაჟეს მთელ ქალაქსა და მეზობელი ვირჯინიის სოფლებში.
სექტემბრის ერთ ჩახუთულ დილას ფორტ-ტოტენში, სამოქალაქო ომის დროინდელ ფედერალურ ობიექტზე, გალომ აყროლებული სატყუარა მოათავსა – „მკვდარი ცხოველები ქილაში“, – როგორც თვითონ უწოდებდა, რიცელმა კი კამერა უახლოეს ხეზე მიამაგრა. ის ორ კვირაში დაბრუნდება კამერის ჩანაწერების სანახავად. თვეების შემდეგ რიცელის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალაქის ენოტები უფრო ცნობისმოყვარეები არიან სოფლის ტერიტორიაზე მობინადრეებთან შედარებით და უფრო მეტ დროს უთმობენ მოცემული კვადრატების შესწავლას. ქალაქის ცხოველები უფრო სოციალურები არიან, უფრო ხშირად მოგზაურობენ წყვილებად. ეს გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის ენოტების ქცევა ქალაქის ცხოვრებასთან ადაპტირდება. შემდეგი მიზანია, „გავარკვიოთ, ხომ არ აქვს ადგილი ევოლუციურ ცვლილებებს“, – ამბობს რიცელი.
ჩიკაგოში კოიოტი ქვის კედლის ღრუში იმალება.
ნაგვის ურნაში ჩამძვრალი დათვი ნარჩენებს ღეჭავს საუთ-ლეიკ-ტაჰოში.
სან-ფრანცისკოში ძაღლ „მისტოს“ ეკლებიანი ჟილეტი აცვია მშიერი კოიოტების შესაჩერებლად.
დედა ენოტი შენობებს შორის არსებული 15-სანტიმეტრიანი სივრციდან გამოდის, სადაც თავის ნაშიერებს ზრდის.
ფანჯრის გისოსები მოსახერხებელი კიბეა ენოტებისთვის, რომლებიც მიშელ აკერმანის სახლის სახურავზე დაბანაკებულან სან-ფრანცისკოში. სავარაუდოდ, ქალაქის ენოტები უკეთ აგვარებენ ურბანულ პრობლემებს, რამაც შეიძლება ისინი უფრო ჭკვიან ცხოველებად აქციოს.
ჩიკაგოში კოიოტი ქვის კედლის ღრუში იმალება.
ნაგვის ურნაში ჩამძვრალი დათვი ნარჩენებს ღეჭავს საუთ-ლეიკ-ტაჰოში.
სან-ფრანცისკოში ძაღლ „მისტოს“ ეკლებიანი ჟილეტი აცვია მშიერი კოიოტების შესაჩერებლად.
დედა ენოტი შენობებს შორის არსებული 15-სანტიმეტრიანი სივრციდან გამოდის, სადაც თავის ნაშიერებს ზრდის.
ფანჯრის გისოსები მოსახერხებელი კიბეა ენოტებისთვის, რომლებიც მიშელ აკერმანის სახლის სახურავზე დაბანაკებულან სან-ფრანცისკოში. სავარაუდოდ, ქალაქის ენოტები უკეთ აგვარებენ ურბანულ პრობლემებს, რამაც შეიძლება ისინი უფრო ჭკვიან ცხოველებად აქციოს.
დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც ზოოლოგმა სარა ბენსონ-ამრამმა პირველად დაიწყო ენოტის ქცევისა და შემეცნებითი უნარების შესწავლა, ჩათვალა, რომ ასეთი გავრცელებული სახეობა საფუძვლიანად იქნებოდა გამოკვლეული. ის შოკირებული იყო, როდესაც სამეცნიერო ლიტერატურაში თითქმის ვერაფერი აღმოაჩინა. 1900-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე მკვლევარი ცდილობდა ამ ჭკვიანი ცხოველის შესწავლას, მაგრამ ისინი დანებდნენ, რადგან კვლევის სუბიექტები გალიებიდან გარბოდნენ.
ის ამბობს, რომ ჯერჯერობით კვლევამ ენოტის მოხერხებულობა დაადასტურა. ექსპერიმენტში სახელწოდებით „უკუსწავლება“, მან ენოტებს, კოიოტებსა და სკუნსებს ღილაკით ან პედლებით აღჭურვილი ყუთი დაუდგა, რომელიც დაჭერისას საკვებს აგდებს. მას შემდეგ, რაც ცხოველებმა გაარკვიეს, თუ როგორ უნდა მიეღოთ საკვები, მკვლევრები ღილაკებს და პედლებს ფუნქციებს უცვლიდნენ და ცხოველებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებდნენ. ენოტთა უმეტესობამ პრობლემა პირველივე ღამეს მოაგვარა, ხოლო ექვსი კოიოტიდან მხოლოდ ერთი დაინტერესდა ყუთით – ისიც ექსპერიმენტის 44-ე ღამეს.
ქალაქის კოიოტებს გადარჩენის განსხვავებული სტრატეგია აქვთ, ვიდრე ენოტებს, ამბობს ბენსონ-ამრამი, რომელიც ამჟამად ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს. „ისინი საწადელს ადამიანებისგან თავის არიდებით აღწევენ და არა მათი რესურსების გამოყენებით“.
ბენსონ-ამრამის კვლევა ამყარებს თეორიას, რომ ქალაქის ზოგიერთი ძუძუმწოვარი ქალაქის ცხოვრებასთან ადაპტაციისთვის საკუთარ კოგნიტიურ შესაძლებლობებს იყენებს. როდესაც დაბრკოლებას აწყდებიან, მომენტალურად შეუძლიათ ინოვაციებს მიმართონ. „შეიძლება, რეალურად უფრო ჭკვიან ცხოველებს ვქმნით, რადგან სულ უფრო რთული პრობლემების გადაჭრას ვაიძულებთ“, – ამბობს იგი.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კოიოტებმა შტურმით დაიპყრეს აშშ. ახლა მათი ნახვა ყველა შტატშია შესაძლებელი ჰავაისა და დიდი ქალაქების უმეტესობის გარდა.

ბოლო დრომდე ქალაქის ველური ბუნება სამეცნიერო კვლევებში ძირითადად იგნორირებული იყო. ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ასეთ სახეობებს მავნებლებად მივიჩნევთ და შედეგად, ყურადღებასაც არ ვუთმობთ – ზოგჯერ, ველურებადაც კი არ ვთვლით.
„ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც სწრაფად ურბანიზდება. სიბრიყვე იქნება, თუ ვიტყვით, რომ არ გვაღელვებს ცხოველები ქალაქის ლანდშაფტებში“, – ამბობს სეთ მეგლი, ჩიკაგოს ლინკოლნ-პარკის ზოოპარკთან არსებული ქალაქის ველური ბუნების ინსტიტუტის დირექტორი. „გვინდა თუ არა, ველურ ბუნებასთან ერთად ვცხოვრობთ“.
მაშინ როდესაც ურბანული ეკოლოგიის დიდი ნაწილი კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანაზეა ორიენტირებული, გვავიწყდება, რომ ველურ ბუნებასთან ურთიერთობა სასიამოვნოა ჩვენთვის, ამბობს მეგლი. „ეს ცხოველებთან თანაარსებობის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნაწილია“.
ჩემთვის ველურ ბუნებასთან ურთიერთობის ეს ღირსშესანიშნავი მომენტი ზაფხულის ერთ დილას ვაშინგტონში, „როკ-კრიკ-პარკის“ გოლფის მოედანზე დადგა. ბიოლოგთა ჯგუფთან ერთად დავდიოდი და კოიოტების ექსკრემენტებს ვეძებდი. როდესაც გორაკის მწვერვალს მივაღწიეთ, გავოცდით: ჩვენ ფეხებთან კოიოტი და მისი ლეკვი დავინახეთ. გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ზრდასრული კოიოტი გაუნძრევლად იდგა. ლეკვი მის ირგვლივ დარბოდა. რამდენიმე წამში კოიოტი ჩუმად შეძვრა ხეებს შორის, პატარამ კი, სანამ ჩრდილში გაუჩინარდებოდა, ერთხელაც ამოგვხედა.
კრისტინ დელ’ამორე ცხოველებთან დაკავშირებული სტატიების უფროსი რედაქტორი და „აუტსაიდერების“, განსაკუთრებით კოიოტების გულშემატკივარია. ფოტოგრაფი კორი არნოლდი პირველად 10 წლის ასაკში გახდა ქალაქის ველური ბუნების სარეაბილიტაციო ცენტრის მოხალისე.