
რბოლა გრძელდება
რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად შემომთავაზეს მარხილში შესაბმელი ძაღლების რბოლის, „იუკონ კვესტის“, ფოტოგადაღება, რომელიც 1600 კილომეტრზე, შუა ზამთარში კანადისა და ალასკის სუბარქტიკულ ველურ ბუნებაში იმართება
ის მიჰყვება მარშრუტს, რომელსაც ოქროს ციებ-ცხელების დროს მარხილში შესაბმელი ძაღლების გუნდები ფოსტისა და სურსათის მისაწოდებლად იყენებდნენ. იუკონ კვესტი პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ სპორტულ ღონისძიებად ითვლება: ტემპერატურა ხშირად -45°C-მდე ეცემა, ქარი 65 კმ/სთ სიჩქარით ქრის და დღეები იმდენად მოკლეა, რომ შეჯიბრის უდიდესი ნაწილი სიბნელეში მიმდინარეობს.
მივლინებამდე ეს ყველაფერი არც ვიცოდი. არქტიკაზე ფიქრისას წარმომედგინა გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ჩემნაირი ფოტოგრაფისთვის მიუწვდომელი ცივი ადგილები. ვფიქრობდი, რომ იქ მხოლოდ მკაცრი კაცები ბინადრობდნენ ჭაღარანარევი წვერით, რომელთა კიდევ უფრო მკაცრი მამები შვილებს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ნადირობისა და თევზაობის დროს უტარებდნენ. მამაჩემი თეატრის ნიუ-იორკელი პროდიუსერი იყო, შესაბამისად, ცხოვრებისეული გაკვეთილები კულისებში მივიღე.
ჩემი არქტიკისადმი შიში მაინც უჩვეულო იყო. მე ხომ კარიერის უდიდესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტების, განსაკუთრებით კი მექსიკის და ნარკოტიკული ომის დოკუმენტირებაში გავატარე. რისკის მიუხედავად, ამბებს თავდადებით ვყვებოდი. 2011 წელს ტრაგედიის მონაწილე გავხდი, რომელმაც ჩემი კოლეგები იმსხვერპლა, მე კი გადავრჩი. შედეგად, გამიჭირდა წინანდელი შთაგონების პოვნა და ფოტოგრაფიის ძველებურად სიყვარული. ამის შემდეგ მუშაობას ვაგრძელებდი – ფული მჭირდებოდა – მაგრამ ხშირად ამას მხოლოდ ავტომატურად ვაკეთებდი.
ამიტომ 2014 წელს ალასკის იუკონ კვესტზე მოლოდინების გარეშე გავემართე. კანადაში თოვლიან უაიტჰორსში თვითმფრინავით დავეშვი. ჩემმა ბარგმა ჩრდილოეთში ვერ ჩამოაღწია. იქ ყველაფერი იყო, რაც უნდა დამჭირვებოდა: თოვლის ნათხოვარი შარვალი, გრძელტოტებიანი საცვლები, რომლებიც ბოლოს ბავშვობაში სათხილამურო მოგზაურობის დროს მეცვა და ახალთახალი ძვირადღირებული ქურთუკი (იარლიყი არ მოვხსენი, მოგზაურობის შემდეგ რომ დამებრუნებინა). უაითჰორსიდან პირდაპირ დოუსონ-სიტიში უნდა გადავფრენილიყავი, რათა რბოლა დილიდან გადამეღო, მე კი თან მხოლოდ ნაცრისფერი „ჰუდი“ და კამერის მოწყობილობებით სავსე ზურგჩანთა მქონდა.
ჩემი გასაჭირი აეროპორტში Air Canada-ს ორ წარმომადგენელ ქალს მოვუყევი. ერთმა Air Canada-ს ლურჯი შალის ჟაკეტი მომცა, მეორემ კი თავისი ნაცრისფერი ბუმბულის ქურთუკი, ბეწვიანი ფეხსაცმელი და წითელი ხელთათმანი მათხოვა.
იმავე დილით დოუსონ-სიტისკენ გავემგზავრე. როდესაც მზე ამოვიდა, თვითმფრინავის ფანჯრიდან უსაზღვრო მთაგრეხილები გამოჩნდა. ვარდისფერი დაკბილული მთის წვერები, ნაცრისფერი და შავი ბორცვები,დაუსრულებელი თეთრი გორაკები. ამ ჯადოსნური პეიზაჟით გაოცებულმა ფანჯრიდან ფოტოების გადაღება მანამდე არ შევწყვიტე, სანამ ყველაფერი ნისლმა არ დაფარა.
თვითმფრინავიდან რომ ჩამოვდიოდი, თოვლი ისე ბრწყინავდა, თითქოს მილიონმა ბავშვმა მთელი სამყაროს ბრჭყვიალები მიწაზე მიმოაბნია. სასტუმროსკენ მიმავალი, გაოცებით ვაშტერდებოდი ლავანდისფერ მთაგრეხილებს, ცისფერ და თეთრ ყინულოვან მდინარეებს. არქტიკული ტყე მთლიანად თრთვილით იყო დაფარული. ეს ადგილი ზღაპრულ სამყაროს წააგავდა.ბუნების სილამაზეს თან სასტიკი სიცივე ერთვოდა. გარეთ ჰაერის სიმშრალის გამო სუნთქვა გამიჭირდა, თუმცა ნათხოვარმა ტანისამოსმა და უცნობი ადამიანების სიკეთემ მაინც გამათბო. დიდი ხნის წინ მივიწყებული შეგრძნება დამეუფლა: სანამ ჩემი კამერა მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ფოტოების გადაღება კვლავ მომინდა.

მას შემდეგ არქტიკაში ბევრჯერ ვიმუშავე. მომდევნო წელს იუკონ კვესტზე National Geographic-ის დავალებით ჩავედი. ალასკაში, იგლის საგუშაგოსთან, შეჯიბრის დროს ჩავფრინდი. ალასკელი ჟურნალისტები, რბოლის მოხალისეები და მე მანქანით უნდა გადავეყვანეთ დროებით დასაძინებელ ადგილას, ადგილობრივი სკოლის ბიბლიოთეკაში.
სანამ დავიძრებოდით, ვეტერინარები დავინახე, რომლებიც პატარა თვითმფრინავში ტომრებს ტვირთავდნენ. შემდეგ ტომრებიდან ამოყოფილი გაბურძგნილი თავები და წვეტიანი ყურები შევნიშნე. მაშინვე ამ სცენის გადასაღებად გავიქეცი. ვეტერინარებმა მაცნობეს, რომ ეს რბოლიდან მოხსნილი ძაღლები იყვნენ, ტომრები კი სახლში ჩასვლამდე მათ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
მარხილში შესაბმელი ძაღლები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე გამძლე ათლეტებად ითვლებიან, ცივ, ველურ პირობებზე ადაპტირებულ ჯიშებად არიან გამოყვანილნი. ძაღლებშებმული მარხილით მრბოლელების უმრავლესობა მათ ლეკვობიდან წვრთნის. ამის მიუხედავად, ასეთი გრძელი რბოლის დროს ძაღლების გზაზე დატოვება ჩვეულებრივი მოვლენაა. ხანდახან ძაღლი იღლება, დაშავებულია, ან, უბრალოდ, სირბილის სურვილს კარგავს.
ძაღლების გუნდის სირბილი ლამაზი სანახაობაა – თოვლზე თათების სინქრონული ბაკუნი, ფეხების რიტმულად ქნევა, გაყინულ ჰაერში სუნთქვისგან დატოვებული ღრუბლებისმაგვარი ორთქლი. რთული დასაჯერებელია, რომ ყველა ძაღლი ერთმანეთისგან განსხვავდება. უკან ჩამოტოვებული ძაღლების ტომრებში ნახვამ კი ეს ცხადყო.
შემდეგი რამდენიმე დღე ყურადღება რბოლაში მონაწილე ძაღლების ნაცვლად იმ ცხოველებზე გავამახვილე, რომლებიც რბოლას გამოეთიშნენ. სავარაუდოდ, ადგილობრივ მედიას და ხელმძღვანელობას გიჟი ვეგონე, მე კი ვფიქრობდი, რომ ეს ბუნებრივი იყო. ამ ამბის გახსენებისას ვხვდები, რომ უკან ჩამოტოვებულ ძაღლებთან კავშირს ვგრძნობდი. ჩემთვისაც ნაცნობი იყო განცდა, როდესაც მთელი ცხოვრების მანძლზე ერთი მიზნისთვის მუშაობ, შემდეგ კი ისეთი რამ ხდება, რაც მიმართულებას სრულიად გიცვლის.
იგლში ცუდი ამინდი იყო და კომერციული ფრენები რამდენიმე დღით შეწყდა. National Geographic-ის ჩემი პირველი დავალების შესრულებისას ფერბენქსში ფინიშს კინაღამ ვერ მივუსწარი. საბედნიეროდ, ღამის ჩარტერული ფრენით, უკან ჩამოტოვებულ ძაღლებთან ერთად, პატარა თვითმფრინავით შევძელი მგზავრობა.
მახსოვს, როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, ფანჯრიდან ღიმილით ვაკვირდებოდი ალასკის ღამის ცას. თვითმფრინავში, ტომარაში ჩასმული 16 ძაღლის გარემოცვაში, იმ ძვირადღირებულ ქურთუკში გამოწყობილი, რომელიც, საბოლოოდ, არ დავაბრუნე, მეც მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი თავს.
ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ქეითი ორლინსკი ხუთ წელზე მეტია არქტიკას იღებს. მისი უკანასკნელი სტატია, „ნახშირორჟანგის საფრთხე”, გვამცნობს მარადმზრალი ნიადაგის ლღობაზე.