რეპროდუქციული რევოლუცია
მეცნიერების დახმარებით პირველი შვილის
გვიანდელ ასაკში გაჩენა უკვე დიდი ხნის რეალობაა,
ახლა კი ნაყოფიერების გასახანგრძლივებლად
კიდევ უფრო დახვეწილ მეთოდებს შეიძლება ველოდოთ.
რეპროდუქციული რევოლუცია
მეცნიერების დახმარებით პირველი შვილის გვიანდელ ასაკში გაჩენა უკვე დიდი ხნის რეალობაა, ახლა კი ნაყოფიერების გასახანგრძლივებლად კიდევ უფრო დახვეწილ მეთოდებს შეიძლება ველოდოთ.
ებონი კამილ ქილისს 48 წელი ორ კვირაში უსრულდებოდა, როდესაც სამშობიაროში იწვა და პირველი შვილის გასაჩენად ემზადებოდა.
ქილისი ნერვიულად უცდიდა საკეისრო კვეთას. მობილურ ტელეფონში ჩართო სპეციალურად შერჩეული სიმღერები და თავადაც აჰყვა მუსიკას.
ატლანტელ ქილისს ყოველთვის უნდოდა დედობა. 20-40 წლის ასაკში რომანტიკული ფილმების მსგავს დასასრულს ელოდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. შემდეგ დაიწყო პანდემია, რომელმაც დააფიქრა და გადააწყვეტინა, დამოუკიდებლად გაეჩინა ბავშვი. ამ დროს უკვე დაახლოებით 45 წლის იყო. ასაკიდან და ანალიზებიდან გამომდინარე უთხრეს, რომ მისი კვერცხუჯრედით დაორსულების შანსი 1%-ზე ნაკლები იყო. ისიც შეუდგა კვერცხუჯრედის და სპერმის დონორის ძებნას. როდესაც შესაფერისი დონორები იპოვა, დაიწყო საშვილოსნოს მომზადება ემბრიონის გადასატანად. პროცედურამდე ორი კვირის განმავლობაში და პირველ ტრიმესტრში ყოველდღიურად პროგესტერონის ინიექციებს იკეთებდა.

შარშან იანვარში ქილისს ქალიშვილი შეეძინა. როგორც კი მკერდზე დაიწვინა და ახალშობილმა რძის წოვა დაიწყო, დედას გასული წლების ყველა ეჭვი გაუქარწყლდა. მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ქილისი იმ ახალი ტენდენციის ნაწილია, რომელიც უკვე ათწლეულებია შეიმჩნევა: უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს შვილის გვიან გაჩენას. პირველად მშობიარე ქალთა საშუალო ასაკი აშშ-ში 1970 წელს 21,4 წელი იყო. 2021 წელს – 27,3. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 1985 წლიდან 2022 წლამდე 40-44 წლის ქალებში შობადობის კოეფიციენტი თითქმის მუდმივად იზრდებოდა – 4-დან 12,5 მშობიარობამდე ყოველ ათას ქალზე გაანგარიშებით. 45 წელს გადაცილებული ქალებისთვის ეს მონაცემი მეტ-ნაკლებად დაბალი რჩებოდა 2022 წელს – 1,1 ყოველ ათას ქალზე – მაგრამ წინა წელთან შედარებით მაინც 12%-ით მეტი იყო.
რომ დავაზუსტოთ, ყოველთვის იყვნენ ქალები, რომელთაც შვილი გვიან გააჩინეს. 1940 წელს 40-44 წლის და 45 წელს გადაცილებულ ქალებში შობადობის კოეფიციენტი ოდნავ მაღალი იყო 2022 წლის მონაცემზე. მაგრამ, როგორც წესი, ეს იყო ქალის მესამე, მეოთხე ან მეხუთე შვილი.

დღეს ადამიანები პირველ შვილს უფრო გვიანდელ ასაკში აჩენენ – ხანდახან პარტნიორის გარეშე. ადამიანები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ კონტრაცეფციაზე, პრიორიტეტს ანიჭებენ განათლებას, კარიერას და თავისუფლებას, სანამ ბავშვზე ზრუნვის ყოვლისმომცველ პასუხისმგებლობას აიღებენ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და გენდერული როლების ევოლუცია. გარდა ამისა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), ადამიანებს საშუალებას აძლევს, გააჩინონ ბავშვი ისეთ გარემოებებში, რომლებშიც ეს ადრე რთული იქნებოდა. ამის შედეგი იყო მსოფლიოში IVF-ით მინიმუმ 12 მილიონი ბავშვის დაბადება და ადამიანის რეპროდუქციის ძირეულად გარდაქმნა. დღეს მეცნიერები ახალ კვლევებს ატარებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ ერთ რევოლუციას გამოიწვევს.
IVF-ით ჩასახული ბავშვი პირველად 1978 წლის 25 ივლისს ოლდემში, ინგლისში, გაჩნდა. ამ პროცედურის დროს კვერცხუჯრედს სპერმით პეტრის ჯამში ანაყოფიერებენ და ქმნიან ემბრიონს, რომელიც ადამიანის საშვილოსნოში გადააქვთ. თავიდან ეს ტექნოლოგია გამოიყენებოდა ფალოპის მილების ობსტრუქციის შემთხვევაში, მოგვიანებით კი – უნაყოფობის სხვა პრობლემების დროსაც. ამ მეთოდით გაჩენილმა ბავშვებმა მედიასა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი და განგაში გამოიწვიეს. ეშინოდათ თანდაყოლილი დეფექტების, ასევე რელიგიური მოსაზრებების გამო შიშობდნენ რეპროდუქციულ პროცესში ჩარევას. მაგრამ აღნიშნულმა პროცედურამ მაინც მალევე მოიკიდა ფეხი.

რიგ შემთხვევაში პაციენტის კვერცხუჯრედი პროცედურისთვის არ გამოდგებოდა (ასაკის ან სხვა ფაქტორის გამო). ამიტომ სამედიცინო სფეროში კვერცხუჯრედის დონაციის კვლევა დაიწყეს. კვერცხუჯრედის დონაციით პირველი ბავშვი 1984 წელს გაჩნდა.
კვერცხუჯრედის დონაციის წყალობით წარმატებული ორსულობის შემთხვევები ადასტურებდა, რომ საშვილოსნოსთვის ასაკი არ იქნებოდა დაბრკოლება, მათ შორის არც მენოპაუზის შემდეგ. სირთულე იყო საკვერცხეები, რომლებიც უფრო მალე ბერდება, ვიდრე სხვა ორგანოები. საკვერცხეების რეზერვი გულისხმობს ადამიანის კვერცხუჯრედების რაოდენობასა და ხარისხს. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს, დარჩენილ კვერცხუჯრედებს კი უზიანდებათ დნმ და უჩნდებათ ქრომოსომური პრობლემები, რაც ართულებს განაყოფიერებას და ახშირებს მუცლის მოშლას.
საკვერცხეების შედარებით სწრაფი დაბერება დიდი ხანია საიდუმლოებითაა მოცული. არსებობს რამდენიმე თეორია. „ხშირად ამბობენ, რომ მენოპაუზას რამე ევოლუციური უპირატესობა უნდა ჰქონდეს“, – მითხრა რებეკა რობკერმა, ბიომედიცინის პროფესორმა ადელაიდის უნივერსიტეტში (ავსტრალია). მეორე თეორიის თანახმად, ადამიანები ისედაც არ ცოცხლობდნენ 40 წელზე ბევრად მეტხანს, სანამ მედიცინის წინსვლამ სიცოცხლე არ გაახანგრძლივა. მაგრამ მაშინ რატომაა სხვა ორგანოები ჯანმრთელი უფრო დიდი ხანი და რატომ გრძელდება სპერმის გამომუშავება?

საკვერცხის დაბერება განსხვავებული პროცესია კვერცხუჯრედის რაოდენობისა და ხარისხის კლებისგან, მაგრამ მათ შორის კავშირი მაინც არის, რომლის ბოლომდე ახსნა მეცნიერებს უჭირთ. ორივე მათგანი დაკავშირებულია ჰორმონების გამომუშავებასთან, რომლებიც მოქმედებს არა მხოლოდ ნაყოფიერებაზე, არამედ ჯანმრთელობის ყველა ასპექტზე – კოგნიტური ფუნქციებიდან ძვლის სიმკვრივემდე.
კვერცხუჯრედის დონაცია და ასევე კვერცხუჯრედის გაყინვის მზარდი პრაქტიკა ასაკოვან ქალებს საშუალებას აძლევს, ახალგაზრდა კვერცხუჯრედი გამოიყენონ – სხვისი ან თავისი. მაგრამ რა მოხდება, თუ მეცნიერები ბიოლოგიური საათის შენელების ან უკან დაბრუნების გზას იპოვიან ისე, რომ ქალებმა შეძლონ ნაყოფიერების გახანგრძლივება და, ამავდროულად, შეამცირონ საკვერცხის დაბერების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე?
დონორის კვერცხუჯრედით ბავშვი პირველად წარმატებით 1984 წელს გაჩნდა. ამან დაადასტურა, რომ ასაკი ვეღარ ჩაითვლებოდა საშვილოსნოსთვის დაბრკოლებად, მენოპაუზის შემდეგაც კი.
უკანასკნელ წლებში ეს კითხვა სულ უფრო მეტმა მკვლევარმა დასვა. 2016 წელს საკვანძო აღმოჩენა გააკეთა ფრანჩესკა დანკანმა, რეპროდუქტოლოგიის პროფესორმა და მისმა გუნდმა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში. მათ შეამჩნიეს, რომ საკვერცხე დროთა განმავლობაში ხდება უფრო ხისტი, „ფიბროზული“. დანკანის თქმით, „საკვერცხე ძალიან დინამიკურია“. მასში უამრავი რამ ხდება: ფოლიკულების (ოოციტების, უმწიფარი კვერცხუჯრედების შემცველი სტრუქტურული კომპონენტი) ზრდა, ფოლიკულის სკდომა ოვულაციის დროს კვერცხუჯრედის გამოსაშვებად, დანარჩენი ოოციტების სიკვდილი და რეაბსორბცია.


ჯეისონ ტრიტი, NGM-ის თანამშრომელი. კელსი ნოვაკოვსკი
წყარო: CDC, ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, ადამიანის ნაყოფიერების მონაცემთა ბაზა
ასეთი აქტივობის გამო ქსოვილი მუდმივად შეკეთების პროცესშია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზი – პრაქტიკულად, ნაწიბურების წარმოშობა. დანკანი და სხვა მეცნიერები, მათ შორის რობკერი, იკვლევენ თერაპიის შესაძლო ვარიანტებს, რომლებმაც შეიძლება „დაარბილოს“ საკვერცხე და გაახანგრძლივოს ნაყოფიერება. 2022 წელს ჟურნალ Science Advances-ში რობკერის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 15 თვის თაგვებში (რაც ადამიანის 50 წელს შეესაბამება) ანტიფიბროზულმა მედიკამენტებმა ოვულაცია აღადგინა.
დევიდ პეპინი, რეპროდუქციული ბიოლოგი მასაჩუსეტსის ფართო პროფილის ჰოსპიტალში, სხვა ასპექტს იკვლევს. მას აინტერესებს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ანტიმიულერის ჰორმონი (AMH), რომელსაც საკვერცხეებში ფოლიკულები წარმოშობს. პეპინი ფიქრობს, რომ ამ ჰორმონის მოდულაციით უნდა შევძლოთ, „ჩავრთოთ“ ან „გამოვრთოთ“ ნაყოფიერება. მან შექმნა AMH-ის სინთეზური ვერსია, რომელიც გამოცადა ცხოველებზე. პეპინმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ეს ჰორმონი მატულობს, ფოლიკულების გააქტიურება, ზრდა და მომწიფება ფერხდება. შედეგად, AMH-მა შეიძლება კონტრაცეპტივის ფუნქციაც შეასრულოს. იგი ასეთი წამლის შექმნაზე უკვე მუშაობს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ნაყოფიერების აღდგენა ან გაძლიერებაც კი. ფოლიკულები გააგრძელებს ზრდას და რადგან ისინი მკურნალობის დროს ნელ-ნელა გროვდებოდა, ერთდროულად უფრო მეტი ფოლიკული დაიწყებს ზრდას. თუ ვინმე ასეთ დროს გაიკეთებს IVF-ს, მას ალბათ, წარმატების უფრო დიდი შანსი ექნება. AMH-ით მკურნალობამ, ასევე, შეიძლება შეაფერხოს საკვერცხის ზოგიერთი მუდმივი აქტივობაც და მისი დაბერებაც კი შეანელოს.
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ნაყოფიერების ან საკვერცხის ჯანმრთელობის მკვეთრად გასახანგრძლივებლად რამდენიმე გამოსავლის მოძებნა იქნება საჭირო, მაგრამ თუ მიმდინარე კვლევები შედეგს გამოიღებს, მომავალ წლებში საგრძნობი პროგრესი შეიძლება გვქონდეს.
ყოველ დილით ებონი კამილ ქილისი მიდის ბავშვის საწოლთან, ჩვილს იხუტებს და მადლობას უხდის, რომ ის მისი ქალიშვილია. დედობისკენ მიმავალი გზა სხვანაირი წარმოედგინა, მაგრამ მან არსებული რეალობა მიიღო. „ასეთი სისრულე და ბედნიერება არასდროს განმიცდია“, – ამბობს იგი.
ასეთივე ენთუზიაზმს გამოხატავენ სხვა ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე ბავშვები IVF-ით გააჩინეს. „საოცრებაა“, – ამბობს სიუზი ტროქსლერი. მან 50 წლის ასაკში გააჩინა ბავშვი დონორის კვერცხუჯრედითა და ქმრის სპერმით. მანამდე წყვილი ბავშვის ჩასახვას თითქმის ათი წელი ცდილობდა. „ეს ტექნოლოგია რომ არა, მშობლები არ ვიქნებოდით“.
და მაინც, ზოგი მკვლევარი და კლინიცისტი მშობლობის გადადების მსურველებს აფრთხილებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავად უწყობენ ხელს ამ ტენდენციას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ბედნიერი დასასრული ყოველთვის არ იქნება. CDC-ს უახლესი მონაცემებით, 2020 წელს ყველა ასაკის პაციენტისთვის ჩატარებული IVF-ის კურსის 37% დასრულდა წარმატებული მშობიარობით (რა თქმა უნდა, ახალგაზრდა დონორი და გაყინული კვერცხუჯრედი წარმატების შანსებს ზრდის, მაგრამ გარანტიები მაინც არ არსებობს). IVF ძვირადღირებული პროცედურაცაა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები ხშირად არ ფარავს. წარმატებულმა შემთხვევებმა ადამიანები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და აფიქრებინოს, რომ მათ უსასრულოდ შეუძლიათ ლოდინი.
დაბერების რისკები მამაკაცებსაც ეხებათ. „მამაკაცის სპერმის ხარისხი 40 წლის შემდეგ საგრძნობლად იკლებს“, – თქვა პეპინმა. ასეთ სპერმას მაინც შეუძლია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, მაგრამ დაზიანებულმა დნმ-მ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ექიმი მარკ საუერი დგას პროექტორის წინ. ეკრანზე გამოსახულია ნაწყვეტები იმ უამრავი სტატიიდან, რომლებიც აშუქებდა მის მიღწევებს რეპროდუქციის სფეროში. მისი კვლევებისა და შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით ხალხს შესაძლებლობა მიეცა შვილი გვიან, მათ შორის, მენოპაუზის შემდეგ, გაეჩინა. რებეკა ჰეილი
ბობ უილსონი, ბარბარა სტრონგი (შუაში) და მათი ქალიშვილი კრისტი ათვალიერებენ სტატიებს, რომლებმაც კრისტის დაბადება გააშუქა 1990 წელს. სტრონგმა ბავშვი 41 წლის ასაკში დონორის კვერცხუჯრედით გააჩინა – მას საკვერცხეები ძუძუს კიბოს ქიმიოთერაპიამ დაუზიანა. წყვილს კიდევ 10 აყვანილი შვილი ჰყავს და ერთიც – სუროგაციით გაჩენილი.
41 წლის ტანია დიმიტროვა იხუტებს ერთი თვის ქალიშვილ დევას. დიმიტროვამ გადაწყვიტა, შვილი მარტოს გაეჩინა. „თუ ქალებს ეცოდინებათ, რამდენად შეიცვალა ტექნოლოგია, ისინი შეძლებენ დაორსულდნენ გვიანდელ ასაკში, ჰქონდეთ კარიერა და აირჩიონ სწორი პარტნიორი“, – ამბობს იგი.
42 წლის სარა მაკნაიტი პილოტი და მარტოხელა დედაა. დონორის სპერმით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით 2019 წელს ქალიშვილი, 2021 წელს კი – ვაჟი ეყოლა. მაკნაიტი ზის ქალიშვილთან ერთად, რომელიც გაციებულია. ოთახში ჰაერის დამატენიანებლის გამოფრქვეული ნისლი დგას.
ბეტსი მაკნაიტი უვლის შვილიშვილებს, მისი ქალიშვილი სარა კი სამსახურისთვის ემზადება. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სარა ნიუ-იორკის პატარა ბინიდან ოთხსაძინებლიან სახლში გადავიდა ნიუჯერსიში, რათა მეტი სივრცე ჰქონოდა თავისი მზარდი ოჯახისთვის. სარას დედაც მასთან ცხოვრობს და ეხმარება.
სარა მაკნაიტი ქალიშვილს ბალერინის კაბას აცმევს, ვაჟი კი კალთაში უზის, რომ ძუძუთი გამოკვებოს. „გადავწყვიტე, პანდემიას არ დავებრკოლებინე კიდევ ერთი შვილის გაჩენაში“, – ამბობს იგი. „მაინც სულ სახლში ვიყავი და ვიფიქრე, კარგი დროა-მეთქი“.
სარა ტუმბოს გამოყენებით აგროვებს რძის მარაგს. იგი პილოტია და შინიდან გასვლა ხანგრძლივად უწევს ხოლმე. სანამ სახლიდან გავა, რწმუნდება, რომ ოჯახს ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება დასჭირდეს.
ბეტსი მაკნაიტს უჭირავს შვილიშვილი, რომელიც დადარდიანებულია, რომ დედა სამუშაოდ მიდის. სარამ პირველად დაორსულებისთვის საჭირო პროცედურებზე 65 000 დოლარი დახარჯა და ინ ვიტრო განაყოფიერება თუ ემბრიონის გადატანა რამდენჯერმე სცადა.
სიუზი ტროქსლერი თამაშობს ორ წლამდე ასაკის ქალიშვილ ლილისთან. „ბავშვმა არ იცის, რომ 50 წლის ხარ და არც აინტერესებს“, – ამბობს ტროქსლერი. „ზუსტად ისე უნდა სდიო კუდში, როგორც 25 წლისამ“.
ექიმი მარკ საუერი დგას პროექტორის წინ. ეკრანზე გამოსახულია ნაწყვეტები იმ უამრავი სტატიიდან, რომლებიც აშუქებდა მის მიღწევებს რეპროდუქციის სფეროში. მისი კვლევებისა და შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით ხალხს შესაძლებლობა მიეცა შვილი გვიან, მათ შორის, მენოპაუზის შემდეგ, გაეჩინა. რებეკა ჰეილი
ბობ უილსონი, ბარბარა სტრონგი (შუაში) და მათი ქალიშვილი კრისტი ათვალიერებენ სტატიებს, რომლებმაც კრისტის დაბადება გააშუქა 1990 წელს. სტრონგმა ბავშვი 41 წლის ასაკში დონორის კვერცხუჯრედით გააჩინა – მას საკვერცხეები ძუძუს კიბოს ქიმიოთერაპიამ დაუზიანა. წყვილს კიდევ 10 აყვანილი შვილი ჰყავს და ერთიც – სუროგაციით გაჩენილი.
41 წლის ტანია დიმიტროვა იხუტებს ერთი თვის ქალიშვილ დევას. დიმიტროვამ გადაწყვიტა, შვილი მარტოს გაეჩინა. „თუ ქალებს ეცოდინებათ, რამდენად შეიცვალა ტექნოლოგია, ისინი შეძლებენ დაორსულდნენ გვიანდელ ასაკში, ჰქონდეთ კარიერა და აირჩიონ სწორი პარტნიორი“, – ამბობს იგი.
42 წლის სარა მაკნაიტი პილოტი და მარტოხელა დედაა. დონორის სპერმით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით 2019 წელს ქალიშვილი, 2021 წელს კი – ვაჟი ეყოლა. მაკნაიტი ზის ქალიშვილთან ერთად, რომელიც გაციებულია. ოთახში ჰაერის დამატენიანებლის გამოფრქვეული ნისლი დგას.
ბეტსი მაკნაიტი უვლის შვილიშვილებს, მისი ქალიშვილი სარა კი სამსახურისთვის ემზადება. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სარა ნიუ-იორკის პატარა ბინიდან ოთხსაძინებლიან სახლში გადავიდა ნიუჯერსიში, რათა მეტი სივრცე ჰქონოდა თავისი მზარდი ოჯახისთვის. სარას დედაც მასთან ცხოვრობს და ეხმარება.
სარა მაკნაიტი ქალიშვილს ბალერინის კაბას აცმევს, ვაჟი კი კალთაში უზის, რომ ძუძუთი გამოკვებოს. „გადავწყვიტე, პანდემიას არ დავებრკოლებინე კიდევ ერთი შვილის გაჩენაში“, – ამბობს იგი. „მაინც სულ სახლში ვიყავი და ვიფიქრე, კარგი დროა-მეთქი“.
სარა ტუმბოს გამოყენებით აგროვებს რძის მარაგს. იგი პილოტია და შინიდან გასვლა ხანგრძლივად უწევს ხოლმე. სანამ სახლიდან გავა, რწმუნდება, რომ ოჯახს ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება დასჭირდეს.
ბეტსი მაკნაიტს უჭირავს შვილიშვილი, რომელიც დადარდიანებულია, რომ დედა სამუშაოდ მიდის. სარამ პირველად დაორსულებისთვის საჭირო პროცედურებზე 65 000 დოლარი დახარჯა და ინ ვიტრო განაყოფიერება თუ ემბრიონის გადატანა რამდენჯერმე სცადა.
სიუზი ტროქსლერი თამაშობს ორ წლამდე ასაკის ქალიშვილ ლილისთან. „ბავშვმა არ იცის, რომ 50 წლის ხარ და არც აინტერესებს“, – ამბობს ტროქსლერი. „ზუსტად ისე უნდა სდიო კუდში, როგორც 25 წლისამ“.
ბავშვის გაჩენის გადადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა. რობკერმა დასძინა, რომ შვილის გაჩენის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები – ბავშვის შეღავათიანი ჯანდაცვა და დეკრეტი – ზოგ ადამიანს ოჯახის ადრე შექმნისკენ უბიძგებდა. „სახელმწიფო პოლიტიკასთან ვერაფერს გავხდები და ვცდილობ, დავეხმარო ადამიანებს, რომ ჯანმრთელი საკვერცხე ჰქონდეთ“, – ამბობს რობკერი.
საკვერცხის ჯანმრთელობის გარდა, კვლევები სხვა, უფრო ფუტურისტულ კონცეფციებზეც კონცენტრირდება. ინ ვიტრო გამეტოგენეზი (IVG) მოიცავს ღეროვანი უჯრედებისგან გამეტების წარმოქმნას – მაგალითად, კვერცხუჯრედის შექმნას სხვა ტიპის უჯრედისგან, როგორიცაა კანის უჯრედი. IVG-მ შეიძლება ერთი სქესის ადამიანებს საშუალება მისცეს, გააჩინონ ბავშვი, რომელსაც ორივე მშობლის გენები ექნება ან ჩასახვა შეძლოს ორზე მეტმა მშობელმა. შესაძლებელია, ასევე, ნაყოფის გაზრდა საშვილოსნოს გარეთ, სინთეტიკურ საშვილოსნოში.
რობკერი ვარაუდობს, რომ მომავალ წლებში რეპროდუქცია მკვეთრად შეიცვლება. „ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიური შვილის საკითხი, – ამბობს იგი, – რაც კიდევ უფრო დიდ ბიძგს გვაძლევს, რომ ახალ ტექნოლოგიათა საზღვრები გავაფართოოთ“. IVG-სა და ხელოვნურ საშვილოსნოს კიდევ წლები – ან ათწლეულები – სჭირდება, მაგრამ სანამ ეს მეთოდები განვითარდება, ჩნდება არაერთი სამედიცინო და ეთიკური დილემაც. ცხადია, არსებობს ბევრი რისკი, მაგრამ არსებულ რეპროდუქციულ ტექნოლოგიას უკვე დიდი შედეგი აქვს: მილიონობით მშობელი, რომელსაც ეყოლა შვილი მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი აღარ ეგონა.
იხილეთ ილუსტრაცია განაყოფიერების ციკლის შესახებ

