რიფის გუშაგები
ჰატოჰობეის მკვიდრი ხალხი ინოვაციურ გზებს მიმართავს მომავალი თაობებისათვის
ატოლის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად.
რიფის გუშაგები
ჰატოჰობეის მკვიდრი ხალხი ინოვაციურ გზებს მიმართავს მომავალი თაობებისათვის ატოლის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად.
2020 წლის დეკემბრის ერთ მზიან დილას, პალაუს არქიპელაგის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე, ჰელენის რიფის რესურსების მართვის პროგრამის რეინჯერები სამუშაო დღეს იწყებდნენ, თავიანთ სადგურს აწესრიგებდნენ და შუადღის თევზაობისთვის წყალქვეშა ჰარპუნებს ამოწმებდნენ, როდესაც ძრავის ხმა მოესმათ და უცხო ნავიც მალევე შენიშნეს. ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ჰოტსარიჰიეს ნაპირთან კანონიერად მომდგარი ნავი რომ ყოფილიყო, მათ წინასწარ შეატყობინებდნენ. ჰოტსარიჰიეს სახელით იცნობს ჰელენის რიფს კუნძულ ჰატოჰობეის მკვიდრი ხალხი, რომელიც ტრადიციულად ამ ტერიტორიის განმკარგულებელია.
„იმ ნავს უამრავი საქონელი მოჰქონდა“, – გაიხსენა პეტრა ტკელმა, კონსერვაციის ოფიცერმა, ანუ რეინჯერმა, როგორც პროგრამის თანამშრომლები მოიხსენიებენ თავს. ის უცხო ძრავიანი ნავი ჩინური გემიდან გამოგზავნილ ექვსნავიან მცირე ფლოტს მიეკუთვნებოდა, რომლებიც უკანონოდ ნადირობდნენ ჰოლოთურიებზე (ზღვის კიტრები). ერთი კილოგრამი ჰონკონგში 1800 დოლარად გაიყიდებოდა.

როდესაც ერთ-ერთი ნავი ჰელენის კუნძულზე მდებარე რეინჯერების სადგურს მიუახლოვდა, გუნდმა ჟესტებით ანიშნა უკანონო მეთევზეებს, რომ თავიანთ გემზე დაბრუნებულიყვნენ და შემდგომ მითითებებს დალოდებოდნენ. „მეშინოდა, – თქვა ტკელმა, – ბრაკონიერებს პირველად გადავაწყდი“. იგი შეუმჩნევლად გაეცალა იქაურობას და სატელიტური ტელეფონით პროგრამის ხელმძღვანელს დაურეკა კორორში, პალაუს ყველაზე დიდ ქალაქში. დამხმარე ძალა უკვე გზაში იყო, თუმცა საპატრულო ნავს ღია ოკეანეში 580 კილომეტრის დასაფარად ორიოდე დღე დასჭირდებოდა. რეინჯერებს ბრაკონიერების შეყოვნება მოუწევდათ.
უკანონო მეთევზეები მოგვიანებით დაბრუნდნენ ბრინჯით, ლუდით, 20 000 დოლარით და რეინჯერებს დაჰპირდნენ, რომ დამატებით 30 000 დოლარსაც გაუგზავნიდნენ. ამ თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, ქრთამი რეინჯერის წლიურ შემოსავალს გაუტოლდებოდა. თუმცა ერკიულ ემილიო, კონსერვაციის გუნდის უფროსი ოფიცერი, ქრთამის აღებას არც განიხილავდა. „ჩვენ გვესმის, რომ, საბოლოო ჯამში ამას ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის ვაკეთებთ“, – თქვა კუნძულ ჰატოჰობეიზე (რომელსაც კუნძულ ტობისაც უწოდებენ) გაზრდილმა ემილიომ.
ჩინელმა ბრაკონიერებმა თავიანთი მთავარი გემი არხის გავლით რიფის ლაგუნის უსაფრთხო წყლებში შეიყვანეს და მყვინთავები ჰოლოთურიებზე სანადიროდ ჩაუშვეს. ისინი კვლავ სთავაზობდნენ ფულსა და საქონელს, მაგრამ რეინჯერები არ ტყდებოდნენ.

წყარო: გლობალური თევზჭერის ზედამხედველობა; ალენის მარჯნის ატლასი; საზღვაო დაცვის ატლასი, საზღვაო კონსერვაციის ინსტიტუტი
საბოლოოდ, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ გამოგზავნილი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით საპატრულო ნავი კორორიდან მესამე დღეს ჩამოვიდა და არხი გადაკეტა, რის შედეგადაც ჩინური გემი ლაგუნაში მოამწყვდიეს. ოფიცრები გემზე ავიდნენ, მისი 28-კაციანი ეკიპაჟი დააკავეს და ჩამოართვეს ნაღდი ფული, ძრავიანი ნავები, სათევზაო აღჭურვილობა და 225 კილოგრამი უკანონოდ მოპოვებული ზღვის კიტრი.
„ძალიან ვამაყობ ჩვენი რეინჯერებით“, – თქვა პროგრამის ხელმძღვანელმა როსანია ვიქტორმა ინციდენტის შესახებ გადაღებულ ვიდეოში. „მათი სიმამაცის გამო, რომელიც თავიანთი გამოცდილებისა და ტრენინგებზე ნასწავლი ტაქტიკის გამოყენებით უკანონო სათევზაო გემის შეფერხებისას გამოიჩინეს, ასევე მათი კეთილსინდისიერების გამო, რომელიც ქრთამზე უარის თქმით გამოავლინეს“.
20 წელიწადზე მეტი ხნის წინ ჰელენის რიფის რესურსების მართვის პროგრამის დაარსებიდან მოყოლებული, რიფის უსაფრთხოებაზე ჰატოჰობეის მკვიდრი ხალხი ტრადიციული მეთოდებით ზრუნავს. ეს არის გამოვლინება გარემოს დაცვისთვის გაღებული ძალისხმევისა მთელი პალაუს მასშტაბით, რომელიც მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და ბიომრავალფეროვანი ადგილია.
ჰოტსარიჰიე ნიშნავს „გიგანტური მოლუსკების რიფს“; სახელწოდება უკავშირდება ორსაგდულიან მოლუსკებს, ტრიდაკნებს (Tridacna), რომლებიც, ზეპირი ისტორიის თანახმად, ისეთ ზომას აღწევდნენ, რომ მყვინთავს თავისუფლად შეეძლო მათ შიგნით მოკალათება. ატოლის ლაგუნაში, არხსა და რიფებზე მარჯნის უამრავ სახეობას ვხვდებით, რომლებიც არაერთ არსებას უქმნიან წყალქვეშა ჰაბიტატს. კუნძულზე მწვანე კუები და ათასობით ზღვის ფრინველი იბუდებს.
მჭიდრო კავშირი, რომელიც ჰატოჰობეის ხალხს ხმელეთსა და ზღვასთან აქვს, ასაზრდოებს ცოდნის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების მდგრად სისტემას, რომელსაც moumou-ს უწოდებენ. ის მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის მეთოდებს და საზღვაოსნო ტრადიციებს, რომლებიც ამ ხალხს შეახსენებს, თუ როგორ დამკვიდრდნენ მათი წინაპრები ჰატოჰობეის კუნძულზე ზღვაში თითქმის 1300-კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ.
ჰატოჰობეელთა ადრეულმა თაობებმა საიმედო საკვები წყაროს უზრუნველსაყოფად კუნძულის შუაგულში ტაროს უზარმაზარი ნაკვეთი გააშენეს. მათ შეიმუშავეს სათევზაო მეთოდების მთელი რიგი, მათ შორის ჩირაღდნის შუქზე ბადით თევზაობა თუ ფრანებით თევზაობა.

1800-იანი წლების ბოლოდან პალაუს 340-ზე მეტ კუნძულსა და ატოლს ერთმანეთის მიყოლებით ისაკუთრებდა, ექსპლუატაციას უწევდა და განაგებდა ესპანეთი, გერმანია, იაპონია და აშშ. II მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის დაქვემდებარებაში მყოფმა პალაუმ დამოუკიდებლობა 1994 წელს მოიპოვა. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების თანახმად, პალაუ აშშ-ისგან იღებს ეკონომიკურ დახმარებას და ხელი მიუწვდება აშშ-ის საფოსტო, მეტეოროლოგიურ და საავიაციო მომსახურებაზე; უვიზოდ შეუძლიათ ცხოვრება, მუშაობა და სწავლა აშშ-ში. სანაცვლოდ აშშ ინარჩუნებს სამხედრო თავდაცვის ორგანოს.
წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციამ გარე ძალების მხრიდან, ეპიდემიებმა, ქარიშხლებმა და ეროზიამ, ამასთანავე, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციამ, ჰატოჰობეელთა უმეტესობა აიძულა, დაეტოვებინათ მშობლიური კუნძული და კორორში ან კიდევ უფრო შორს გადასახლებულიყვნენ. ჰატოჰობეური წარმოშობის ორასიოდე ადამიანიდან, რომლებიც პალაუში ცხოვრობენ, მთელი წლის განმავლობაში კუნძულზე მხოლოდ 30 მათგანი რჩება. მათი უმრავლესობა ეჩანგის თემში ცხოვრობს, რომელიც შორეული კორორის შტატში ჩამოყალიბდა. დღეს ჰატოჰობეი და ჰოტსარიჰიე მათ სოციალურ და კულტურულ დასაყრდენს წარმოადგენენ.
“ჩვენ გვესმის, რომ ამას ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის ვაკეთებთ“. ერკიულ ემილიო, უფროსი კონსერვაციის ოფიცერი
1990-იან წლებში ინდონეზიიდან და ფილიპინებიდან მომავალი სათევზაო ნავები დინამიტის, ციანიდისა და ბადეების გამოყენებით შეესივნენ რიფს ჰოლოთურიებზე, ზვიგენებსა თუ კუებზე სანადიროდ.
ორი ამერიკელი მეცნიერის დახმარებით თემმა წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების მცხოვრებლებს მიმართა იმის გასაგებად, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ჭარბ თევზჭერას. თუმცა, პირველ რიგში, მათ ერთ შეკითხვაზე უნდა ეპასუხათ: ვის ეკუთვნის რიფი? შედეგად, 1999 წელს საჯარო შეხვედრების სერია გაიმართა, რომლებსაც ჰატოჰობეის წევრებიც ესწრებოდნენ. თემი შეთანხმდა, რომ რიფი კოლექტიურად ეკუთვნოდა ჰატოჰობეის მკვიდრ ხალხს. „ოთახში მყოფმა უხუცესმა თითოეული ოჯახის უფროსს ჰკითხა: „თქვენ რას იტყვით?“ და მათ ერთხმად თანხმობით უპასუხეს“, – განმარტა უეინ ენდრიუმ, რომელიც ჰატოჰობეიდანაა და გარემოსდაცვითი არაკომერციული ორგანიზაცია OneReef-ის მიკრონეზიის პროგრამის უფროსი დირექტორია.
კოლექტიური მესაკუთრეობით მათ მომავალი უთანხმოებები აირიდეს თავიდან და მდგომარეობა ჰატოჰობეელების სასიკეთოდ მოატრიალეს. „თემი მხოლოდ ხალხი არაა, – თქვა ენდრიუმ, – თემი ადგილია, თავად ეს რიფია“.
2000 წელს ჰატოჰობეელთა ჯგუფმა, სხვა პალაუელებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა სახელმწიფო და კერძო დაფინანსება მოიპოვეს ჰელენის რიფის რესურსების მართვის პროგრამის დასაარსებლად, მომდევნო წელს კი ჰატოჰობეის შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლითაც რიფს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში იქ თევზაობა იკრძალებოდა. რიფის აღდგენასთან ერთად, მდგრადი თევზაობისთვის ატოლის 30%-მდე ფართობი გაიხსნა. „როდესაც სიუხვეა, თემს ნამეტით საზრდოობა შეუძლია“, – განმარტა თომას პატრისმა, ჰატოჰობეის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ნაკრძალის შექმნაში.
საბოლოო ჯამში, პროგრამამ ააშენა რეინჯერთა სადგური, მოამზადა და დაიქირავა ჰატოჰობეელები და სხვა პალაუელები და შეიმუშავა მართვის გეგმა, რომელიც სამეცნიერო კვლევებსა და ტრადიციულ ცოდნას ემყარება. რეინჯერები არა მხოლოდ მუშაობენ უკანონო თევზჭერის აღმოფხვრაზე, არამედ აკვირდებიან კუებს და სხვა ცხოველებს, რათა ატოლის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს.

ტრადიციული განკარგვა გულისხმობს იმ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას, რომელიც ჰატოჰობეელების წინაპართა თაობებმა შეიძინეს. „ისინი თევზჭერისთვის შესაფერის სეზონებს ცნობდნენ, – განგვიმარტა ენდრიუმ, – როდესაც კარგი სეზონი იყო, შორს მიცურავდნენ და პელაგიურ თევზებს იჭერდნენ, როგორებიც არიან მფრინავი თევზისებრნი თუ ზღვისქარიყლაპიასებრნი. ცუდ სეზონზე, როდესაც ზღვა ღელავდა, რიფის სიახლოვეს თევზაობდნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვადასხვა სახეობას როტაციული პრინციპით მოინადირებდნენ“.
“თემი მხოლოდ ხალხი არაა. თემი ადგილია, თავად ეს რიფია. ამ ყველაფრის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია“.
უეინ ენდრიუ, ONEREEF-ის მიკრონეზიის დირექტორი
ჰატოჰობეის მკვიდრი ხალხი „თავიანთ ტრადიციულ ეკოლოგიურ ცოდნას უაღრესად გონივრულად იყენებს“, – დაგვიდასტურა სტიუარტ სანდინმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) საზღვაო ბიოლოგმა. კრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის კვლევითი ინიციატივის ფარგლებში მან რამდენიმე ექსპედიციას უხელმძღვანელა რიფების სიჯანსაღის შესასწავლად წყნარი ოკეანის ტროპიკულ წყლებში.
სანდინმა ხაზი გაუსვა ტერიტორიაზე მობინადრე კოპიანი თუთიყუშთევზასა და გიგანტური ზღვის ქორჭილების მრავალრიცხოვან პოპულაციებს, რომლებიც ისეთი „თევზებია, რომლებსაც უბრალოდ ვერ შევხვდებით მძიმედ ექსპლუატირებულ სისტემებში“. სანდინის თქმით, გასაოცარია მარჯნის ხელახალი ზრდაც. მისი გუნდის მიერ დროთა განმავლობაში გადაღებული ფოტოების სერია გვიჩვენებს, რომ რიფის მარჯნები საოცრად გაიზარდა ისეთი დამაზიანებელი მოვლენის შემდეგაც კი, როგორიც დიდი ტალღა ან მარჯნის გაუფერულებაა. მარჯნების აღორძინება „მორიგი ნიშან-თვისებაა, რომელიც სათანადოდ გამართულ სისტემებს ახასიათებს“, – თქვა მან.
ჰელენის რიფის რესურსების მართვის პროგრამა ადრე ძირითადად უცხოური დაფინანსების წყალობით მუშაობდა, დღეს კი მას დიდწილად პალაუს დაცულ ტერიტორიათა ქსელის ფონდი უჭერს მხარს. ეს დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია „მწვანე გადასახადებიდან“ მიღებულ თანხას განკარგავს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს ყველას, ვინც ქვეყანას სტუმრობს. ეს კი სრულ განაკვეთზე მომუშავე რვა რეინჯერის დასაქმების საშუალებას იძლევა, რომლებიც ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ჰოტსარიჰიეში ენაცვლებიან ერთმანეთს.
პალაუს გარემოსდაცვითი ზომები გაფართოვდა ეროვნული საზღვაო ნაკრძალის დაარსების შემდეგ, 2020 წლიდან. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო დაცული ტერიტორიაა, რომელიც პალაუს წყლების 80%-სა და დასავლეთ წყნარი ოკეანის 474 000 კმ2-ზე მეტს იცავს მოპოვებითი საქმიანობისგან. ეს ქვეყანა მთელ მიკრონეზიაში წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებლით გამოირჩევა, სადაც გვხვდება მარჯნებისა და ღრუბელების ასობით სახეობა, რიფის თევზების 1300 სახეობაზე მეტი და თინუსების, იალქნოსნისებრთა, ზვიგენებისა და სკაროსების დიდი რაოდენობა. ფონდსა და ნაკრძალს აერთიანებს ეთოსი, რომელიც „ბულის“ (bul) სახელწოდებით ცნობილი პალაუს ტრადიციული წეს-ჩვეულებიდან მომდინარეობს და რიფის გარკვეულ ზონებსა და წელიწადის გარკვეულ პერიოდებში ზღუდავს თევზჭერას, რათა ეკოსისტემას რეგენერაციის საშუალება მიეცეს.
ამჟამად პალაუს მოქმედი პრეზიდენტი კომერციული თევზჭერით მიღებული შემოსავლის გაზრდის მიზნით ნაკრძალის საზღვრების უკან გადმოწევაზე იწყებს მუშაობას – რაც, გარკვეულწილად, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე რეაგირებაა. ენდრიუს განმარტებით, ეჭვგარეშეა, რომ კომერციული თევზჭერის განვითარება პალაუში საზღვაო ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენას მოახდენს, თუმცა ეროვნული ნაკრძალის საზღვრების სახეცვლილებით ჰოტსარიჰიეს დაცული ტერიტორიის სტატუსი არ ჩამოერთმევა და ენდრიუ გვარწმუნებს, რომ ჰატოჰობეის მოსახლეობა გააგრძელებს მასზე ზრუნვას.
ჩინელ ბრაკონიერებთან დაკავშირებული ინციდენტიდან რამდენიმე წელიწადში, რეინჯერები კვლავ თავიანთ ნარიყი ქვიშის კუნძულზე მდებარე იზოლირებულ სადგურზე იმყოფებიან. სხვა საერთაშორისო დაპირისპირებაში აღარ მოყოლილან, მაგრამ ისინი მზად არიან ყველაფრისთვის, რაც კი შეიძლება ჰორიზონტზე გამოჩნდეს.
„ამ საქმეში ის მიყვარს, რომ თემს ვეხმარები“, – თქვა რეინჯერმა ტკელმა. – „სხვა სამსახურიც რომ შემომთავაზონ, მაინც ჩემს კუნძულზე დავრჩები“.
National Geographic Society-ს მიზანია დედამიწის რესურსების დაცვა. ეს არაკომერციული ორგანიზაცია მიმდინარე ნომერში გამოქვეყნებული მსგავსი თემატიკის ხუთი სტატიის ფინანსური მხარდამჭერია.