
რისგან არის ეს ჩექმა დამზადებული?
მართალია, გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველისაგან დამზადებული ნივთების გაყიდვა უკანონოა, მაგრამ National Geographic-მა აღმოაჩინა, რომ ამის დამტკიცება რთულია.
ორნახევარკილოგრამიანი ყუთი ივნისის ერთ დახუთულ დღეს ჩამომივიდა. ეტიკეტზე დიდი ასოებით ეწერა: Boot Barn. ჩექმის ქვედა ნაწილი ნაოჭებიანი და უხეში იყო. სიღრმეში შტამპზე ეწერა: „სპილოს ნამდვილი ტყავი“.
799,99 აშშ დოლარი ღირდა. ინტერნეტში განთავსებული რეკლამა გვამცნობდა, რომ მამაკაცის ეს ეგზოტიკური ჩექმა El Dorado გადაშენების პირას მყოფი აზიური სპილოს ტყავისგან იყო დამზადებული.
Wildlife Watch-ში, National Geographic-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში მუშაობის ოთხი წლის შემდეგ ვიცოდი, რომ თითქმის ყველა ეგზოტიკური სახეობის ბაზარი არსებობდა – იშვიათი სუკულენტებით დაწყებული, წურბელებით დამთავრებული – მაგრამ აზიური (თუ „ინდური“) სპილოს ტყავის ჩექმის გაყიდვა?! როგორც ჯონ სკანლონი ამბობს, ეს უპრეცედენტო და პოტენციურად უკანონოცაა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) გათვალისწინებით. 2010 წლიდან 2018 წლამდე სკანლონი CITES-ის გენერალური მდივანი იყო, რომელიც ველური სახეობებით გლობალურ ვაჭრობას არეგულირებს. აზიურ და აფრიკულ სპილოებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. როგორ შეეძლო Boot Barn-ს, აშშ-ის მსხვილ საცალო მოვაჭრეს, ამ ჩექმის გაყიდვა?
ასე დაიწყო გამოძიება, თვეობით ინტერვიუები, ვაჭრობისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება, ინოვაციური მასალების ანალიზი. საბოლოოდ მივედით ამგვარ დასკვნამდე: ველურ ცხოველთა პროდუქტებზე დაწესებული რეგულაციების მონიტორინგს აფერხებს ის სირთულეები, რომლებიც ახლავს ნივთების წარმოშობის დადასტურებას.
სპილოს ტყავით ვაჭრობა პრობლემად იქცა, თუმცა ამ დრომდე აზიური სპილოს ჩექმის შესახებ ცნობები არ ყოფილა. ამიტომ National Geographic-მა ერთი წყვილი იყიდა დნმ-ის ანალიზზე გასაგზავნად.
ველურ ბუნებაში სულ 400 000 აფრიკული სპილო და 50 000 აზიური სპილო დარჩა. აზიური სპილოების უმეტესობა ინდოეთში ბინადრობს. ამ სახეობაში იშვიათად ვხვდებით ეშვიან ინდივიდებს, რაც სპილოს ძვლით ვაჭრობისგან იცავს. აზიური სპილოებიდან მხოლოდ მამრს ამოსდის ეშვები და ისიც შედარებით ცოტას უვითარდება.
თუმცა, აზიური სპილოებისთვის მთავარი საფრთხე კვლავაც ადამიანისგან მოდის, რის მაგალითიც ჰაბიტატის განადგურებაა. სულ უფრო დიდ პრობლემად იქცა სპილოს ტყავით ვაჭრობაც. ტყავს ზოგჯერ იყენებენ მძივების დასამზადებლად, რომლებსაც იღბლიანობისთვის ატარებენ მიანმასა და ჩინეთში, თუმცა აზიური სპილოს ჩექმის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. National Geographic-მა გადაწყვიტა გაერკვია, შეიცავდა თუ არა Boot Barn-ის ჩექმები სპილოს ტყავს. მე ვესაუბრე ველური ბუნებისა და ვაჭრობის სამართლის ექსპერტებს, დავათვალიერე CITES-ის ჩანაწერები სპილოს ტყავის ლეგალური გადაზიდვების მოსაძებნად და დავადგინე, თუ რომელი კომპანია აწარმოებდა ჩექმას, თუმცა მეტი პასუხის მოძიება გართულდა. ჩექმის წარმოშობის დადგენის იმედით, National Geographic-მა ერთი წყვილი იყიდა დნმ-ის ანალიზისთვის.
შესყიდვამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვურეკავდი და ვწერდი Boot Barn-ს. ათეულობით წერილზე, სატელეფონო ზარსა და LinkedIn-ის შეტყობინებებზე, პასუხი არ მიმიღია. მომხმარებელთა სამსახურში მითხრეს, რომ გაერკვეოდნენ საკითხში და დამიკავშირდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ჩემი უკანასკნელი მოთხოვნა, რომ Boot Barn-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაეკეთებინა, ამ სტატიის დაბეჭდვამდე რამდენიმე კვირით ადრე გავგზავნე. პასუხი არ ყოფილა.
Boot Barn-ის რეკლამაში აღნიშნულია, რომ ჩექმა კომპანია El Dorado-ს მიერ არის დამზადებული. ხოლო მის საპატენტო ჩანაწერებსა და Boot Barn-ის საჯარო ფინანსურ ანგარიშებში აღმოვაჩინე, რომ El Dorado არის Boot Barn Holdings, Inc.-ის „ექსკლუზიური ბრენდი“.
National Geographic-ის მკვლევარს, ჯონათან კოლბის ვთხოვე შეესწავლა რეკლამაში წარმოდგენილი ჩექმის ფოტო. მისი თქმით, მასალა ნამდვილად ჰგავდა სპილოს ბუნებრივ ტყავს. იგივე მითხრა ზოოლოგმა და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ტელეკიმ.
როდესაც აშშ-ის თევზისა და ველურ ცხოველთა დაცვის სამსახურს სპილოს ტყავთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ ვკითხე, ასეთი პასუხი მივიღე: „აზიური სპილოების დაცული სტატუსიდან გამომდინარე, ტყავის კომერციული იმპორტი და გაყიდვა ლეგალურად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ კანონის ანტიკვარიატთან დაკავშირებული გამონაკლისის შესაბამისად“. ამ გამონაკლისის მიხედვით, დაცული სახეობების პროდუქტით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის არანაკლებ ასი წლისაა. ხოლო CITES-ის გამონაკლისი გლობალური ვაჭრობის ნებართვას იძლევა პროდუქტებისთვის, რომლებიც იმ პერიოდით თარიღდებიან, სანამ კონკრეტულ სახეობას აკრძალულ სიაში შეიტანდნენ – აზიური სპილოების შემთხვევაში ეს 1975 წელს მოხდა.
კიდევ ერთი ვარიანტი: იქნებ ტყავი აშშ-ში ტყვეობაში მყოფი სპილოებისაა და ის ქვეყნის უამრავი გზისპირა ზოოპარკიდან ერთ-ერთმა გაყიდა? ტელეკიმ აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, შტატებს შორის ვაჭრობა მაინც უკანონო იქნება.
დენ ეშმა, ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ივარაუდა, რომ თუ ჩექმა მართლაც სპილოს ტყავისგან იყო დამზადებული, შეიძლება ადგილი ჰქონოდა ზიმბაბვედან აფრიკული სპილოს ტყავის ნაჭრების შეერთებულ შტატებში იმპორტს. მიუხედავად იმისა, რომ აზიური სპილოების ნაწილებით ვაჭრობა CITES-ის კონვენციით აკრძალულია, არსებობს ლეგალური გამონაკლისი აფრიკის ოთხი ქვეყნიდან, სადაც სპილოების პოპულაცია შედარებით სტაბილურია. ესენია ზიმბაბვე, ბოტსვანა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ფოტო: რებეკა ჰეილი, NGM-ის თანამშრომელი
ლაბორატორიული ანალიზი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგის, სემ ვასერის ლაბორატორიაში მკვლევრებმა წარმატებით დაადგინეს სპილოს ძვლის წარმოშობა დნმ-ის ანალიზით. Boot Barn-ის ჩექმის შემთხვევაში ტყავი სამართებლით დაანაწევრეს (რადგან დიდი ზედაპირი ზრდის დნმ-ის პოვნის შანსებს) და სინჯები მოათავსეს ქიმიკატებში, რომლებიც არღვევს უჯრედის კედლებს და ყავისფერ შლამად აქცევს. დაახლოებით ერთი კვირა მოანდომეს ინკუბაციას, ქიმიკატების დამატებას, ცდილობდნენ რა დნმ-ის პოვნას, თუმცა ბოლოს კომპიუტერმა დნმ მხოლოდ საკონტროლო სინჯებში დააფიქსირა. – დინა ფაინ მარონი
ვაშინგტონის უნივერსიტეტში სემ ვასერს დავურეკე. ის ხელმძღვანელობს ლაბორატორიას, რომელმაც მანამდე დნმ-ის ანალიზით წარმატებით დაადგინა სპილოს ძვლის წარმოშობა. შეძლებს თუ არა მისი გუნდი დაადგინოს, ტყავი სპილოს ეკუთვნის თუ არა და რომელ სახეობას? ვასერმა მითხრა, რომ შესაძლოა თრიმლვის პროცესში ბირთვული დნმ არ შენარჩუნებულიყო.
როდესაც ჩექმა მომიტანეს, ვასერის ლაბორატორიაში გავგზავნე. ტყავის ნიმუშები შეამოწმეს (იხ. მე-16 და მე-17 გვერდები), მაგრამ ბირთვული დნმ არ აღმოჩნდა. ველურ ცხოველთა გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერის, ზოფია კალიშევსკას თქმით, დამუშავების დროს დნმ შესაძლოა „ტანინებმა გაანადგურეს“ ან ეს სულაც არ იყო სპილო. ბოლოს კალიშევსკამ ლაბორატორიას დაავალა მიტოქონდრიული დნმ-ის მოძიება, რომელიც უნდა გადარჩენილიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბირთვული დნმ განადგურდა. ეს ანალიზი ვერ დაადგენდა სპილოს სახეობას, თუმცა იმას მაინც გავიგებდით, იყო თუ არა ეს სპილოს ტყავი. ლაბორატორიის ჯგუფმა რამდენიმე დღე გაატარა მიტოქონდრიული დნმ-ის ძიებაში. თუმცა უშედეგოდ.
დახარჯული დროის, ფულისა და ძალისხმევის შემდეგ მაინც ვერ დავადგინეთ ჩექმის წარმომავლობა. Boot Barn ლეგალურად აწარმოებდა და ყიდდა აზიური სპილოს ჩექმას, თუ არალეგალურად? თუ ლეგალურად ან არალეგალურად ამზადებდა ჩექმას აფრიკული სპილოსგან და აზიურად ასაღებდა? თუ ეს ჩექმა საერთოდ არ იყო სპილოსგან დამზადებული?
ერთი რამის თქმა შეგვიძლია: ჩექმის წარმომავლობის შესახებ ჩვენი გამოძიება გვიჩვენებს იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც აწყდებიან სამართალდამცავი ორგანოები თუ მარეგულირებელი და სავაჭრო სააგენტოები ველურ ცხოველთა პროდუქტების ონლაინგამყიდველების მონიტორინგისას. როგორც ჩანს, ისინი უძლურნი არიან ონლაინ-პლატფორმებთან, ეგზოტიკური ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების მრავალმილიონიანი შავი ბაზრის გლობალურ ცენტრში. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც National Geographic-მა დააარსა Wildlife Watch-ი.
თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებდი Boot Barn-ის ვებგვერდს. როგორც ჩანს, კომპანია ცდილობდა, სწრაფად გაეყიდა სპილოს ტყავის ჩექმები და 34%-იან ფასდაკლებასაც სთავაზობდა მომხმარებელს.

სახეობების ცნობა
აზიური სპილო აფრიკულზე რვაჯერ იშვიათია. ზომითაც შედარებით პატარაა, მომრგვალებული ყურებით და დამატებითი ფრჩხილით ფეხის თითზე. იშვიათად აქვს ეშვები. საგნების ასაწევად მთლიან ხორთუმს იყენებს, რასაც აფრიკული სპილო ხორთუმის ორი დაბოლოებით აკეთებს. – დ. ფ. მ.
ფოტო: ბრენტ სტირტონი
დინა ფაინ მარონი Wildlife Watch-ის, ჩვენი საგამოძიებო რეპორტაჟების პროექტის რეპორტიორია, რომელიც ძირითადად ველური ცხოველების ექსპლუატაციისა და დანაშაულის გამოვლენაზე მუშაობს. პროექტის მხარდამჭერია National Geographic Society.