
როცა ტყე იწვის
2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ბორჯომის ხეობაში ჩამოგდებულმა ჭურვებმა ხანძარი გააჩინა, რომელმაც 950,9 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა და 250 ჰექტარი ტყის მასივი სრულიად გაანადგურა.
წელიწადზე მეტია, რაც National Geographic საქართველო მუშაობს სტატიაზე, რომლის გამოქვეყნება 2017 წლის შემოდგომის ერთ-ერთ ნომერში გვინდოდა. სტატიის მთავარი თემა ბორჯომის ხეობის ტყე იყო, მიზანი კი იმის გაანალიზება, თუ რა პროცესები მოსდევს ტყის მასიურ გადაწვას, რა ემართება ბიომრავალფეროვნებას და როგორ ხდება ტყის რეგენერაცია. გვინდოდა, მკითხველისთვის გვეჩვენებინა ის პროცესები, რომლებიც თვალით ხილულის მიღმა მიმდინარეობს და ჩვენს ეკოსისტემასა და თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ოპტიმიზმის საფუძველს პროექტი „აღადგინე” გვაძლევდა, რომელშიც ეროვნული სატყეო სააგენტოს თაოსნობით და კომპანია Treepex-ის ინიციატივით ყველას შეეძლო მონაწილეობა, ვისაც ბორჯომის ტყის ბედი აღელვებდა. ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული ამ კამპანიაში და ჯერ კიდევ გასული ზაფხულის 19 აგვისტოს გვეგონა, რომ ბორჯომის ხეობაში „სულ რაღაც” 704 800 ხეღა გვქონდა დასარგავი.
20 აგვისტოს კი ზუსტად იმავე ხეობაში ისევ გაჩნდა ხანძარი და ნულოვან ნიშნულს დაუბრუნა ყველაფერი. ამ ხანძრის საბოლოო შედეგები 2018 წლის გაზაფხულზე უკეთესად გამოჩნდება. იქნებ შეტრუსული ნერგების ნაწილი გადარჩა კიდეც. ჩვენ კი ათვლას თავიდან ვიწყებთ.