როდესაც ბომბი ჩამოვარდა
გავიდა 70 წელზე მეტი, ფერფლადქცეული ჰიროშიმა კვლავ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ, ვინც იმ დღეს გადაურჩა, მათ დღემდე აჩრდილივით დაჰყვებათ ბირთვული აფეთქების კოშმარები – და ომის გაკვეთილები.


როდესაც ბომბი ჩამოვარდა
გავიდა 70 წელზე მეტი, ფერფლადქცეული ჰიროშიმა კვლავ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ, ვინც იმ დღეს გადაურჩა, მათ დღემდე აჩრდილივით დაჰყვებათ ბირთვული აფეთქების კოშმარები – და ომის გაკვეთილები.
ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან ცხრა დღეში, დედისა და ერთი წლის ძმის დაღუპვის და სახლის ნაცრად ქცევის შემდეგ, შვიდი წლის მასააკი ტანაბეს თვალწინ მამაც გარდაეცვალა. მამამისი თავგამოდებით ებრძოდა აშშ-ს, სიკვდილსაც ხმალთან ერთად შეეგება. მასააკის პაპას თავისი შვილის ხმლის შენახვა სურდა, მაგრამ საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა ის ძალით ჩამოართვეს.
„ბარბაროსები“, – გაუფიქრია პატარა მასააკის. „აშშ-ზე შური უნდა მეძია, ეს მიზნად დავისახე“, – ამბობს იგი და ეს გასაგებიცაა. მას ხომ არაფერი და თითქმის აღარც არავინ დარჩა. მასააკის სახლი ჰიროშიმის პრეფექტურის სავაჭრო პალატის საგამოფენო დარბაზის გვერდით იდგა. დღეს ეს შენობა, თავისი ჩონჩხადქცეული გუმბათით, სიმბოლურად მოუწოდებს საზოგადოებას, უარი თქვას ბირთვულ შეიარაღებაზე.
დღეს მასააკიმ უკვე 80 წელს გადააბიჯა. მის ტრადიციულობაზე ფართოსახელოიანი ნაცრისფერი ხალათი (ჯინბეი) მიგვანიშნებს, თუმცა, ტანაბე ახალ რეალობასაც მარტივად უწყობს ფეხს. იგი კინორეჟისურას დაეუფლა და კომპიუტერული გრაფიკაც შეისწავლა, რათა ჰიროშიმის კიბერვერსია შეექმნა ქალაქის პირვანდელი სახის წარმოსაჩენად, საბოლოოდ კი გადაიღო ფილმი „გზავნილი ჰიროშიმიდან“. სცენარში ჩართულია 1945 წლის 6 აგვისტოს გადარჩენილ პირთა ინტერვიუები. ამ აფეთქებამ და სამი დღის შემდეგ ნაგასაკის დაბომბვამ შეიწირა 200 000 ადამიანი.
მასააკი ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ როგორი დრამატული ცვლილებები ელოდა პირადად მას და მთლიანად ქვეყანას. მისი ქალიშვილი გათხოვდა ამერიკელზე. ოჯახში მტერი შეუვიდა – მასააკი დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს, რომ ეს ფაქტი მიეღო. ქორწილიდან ორ-სამ წელიწადში მან შემთხვევით იპოვა თავისი ქალიშვილის წერილი, რომელიც მას პაპის გარდაცვალების ადგილას დაეტოვებინა; იგი ბოდიშს უხდიდა პაპას, თუ რამით იმედი გაუცრუა. თუმცა, წლები გადიოდა, სამყარო იცვლებოდა და ტანაბეს ახალი რეალობების მიღება მოუხდა, როგორც მისი თაობის უმრავლესობას.
მასააკის ცხოვრებისეული ამბავი ირეკლება მთლიანად იაპონიის ისტორიაში: ტრადიციისა და თანამედროვეობის შერწყმა, წარსულის უკვდავყოფა, მაგრამ მზერა მომავლისკენ.
ყოველ წელს ეს ქალაქი პატივს მიაგებს იმ 135 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ატომურ ბომბს ემსხვერპლნენ, დანარჩენ დღეებში კი სწორედ მომავალია მათი მთავარი ორიენტირი. დღეს ჰიროშიმა რაღაც მესიანური თავგამოდებით იბრძვის მსოფლიო ბირთვული განიარაღების მისაღწევად, ამასთან, აქტიურად ავითარებს რეკრეაციის, კვლევისა თუ ვაჭრობის სფეროებს.
ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ ჰიროშიმაში სასწაულებრივად აღდგა არაერთი უწყება – წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სისტემა თუ ტრამვაის მოძრაობა. გამოჩნდნენ უსახელო გმირები, რომლებმაც კვლავ სიცოცხლე შთაბერეს ქალაქს.
ნანაო კამადა გაიზარდა სოფელში, რომელსაც თითქმის 600 კილომეტრი აშორებს ჰიროშიმისგან. ადრე ატომური ბომბის შედეგებზე არც ისე ბევრს ფიქრობდა. 1955 წელს მან ჰიროშიმას სამედიცინო სკოლაში ჩაბარება გადაწყვიტა და, უცებ აღმოაჩინა ადამიანები თავზე ჩაჩითა თუ გრძელმკლავიანი მაისურით მწველ სიცხეში. ეს ადამიანები თავიანთ დამწვარ სხეულებს იფარავდნენ. სწორედ მსგავსი სურათების ხილვამ გადააწყვეტინა კამადას, რომ ემკურნალა ატომურ ბომბს გადარჩენილი ხალხისთვის და მონაწილეობა მიეღო რადიაციის კვლევებში.
ჰიროშიმის დღევანდელი პრობლემები ძალიან ჰგავს იაპონიის სხვა ქალაქების გამოწვევებს – შობადობის კლება, მოსახლეობის დაბერება, სასტუმროების ნაკლებობა ყოველწლიურად მიღებულ 2 მილიონ ვიზიტორზე მეტის დასაბინავებლად, მოძველებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ასეთ ფონზეც კი პირველხარისხოვნად მიიჩნევენ აფეთქებას გადარჩენილ ადამიანთა მეხსიერების შემონახვას. ჰიროშიმაში 47 000 ჰიბაკუშაა, როგორც მათ უწოდებენ იაპონიაში. ჰიბაკუშები იღებენ სამთავრობო დაფინანსებას, თავიანთი ისტორიის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად. ჰიროშიმაში გახსნილ მშვიდობის მემორიალურ მუზეუმში ვიდეოთეკაც ფუნქციონირებს 1500-ზე მეტი ჰიბაკუშას მონათხრობით.
ზოგიერთ ჰიბაკუშას უფრო მძიმე ტვირთად ექცა მათ მიმართ გამოვლენილი უსაფუძვლო შიში იაპონიის სხვა მოქალაქეთა მხრიდან, ვიდრე თვითონ რადიაციის პირდაპირი „ტალღები“.
ბომბის ჩამოვარდნისას შოსო კავამოტო 11 წლის იყო. მან დაკარგა მშობლები, ორი და, ერთი ძმა. ერთადერთი გადარჩენილი და ლეიკემიით გარდაეცვალა 17 წლის ასაკში. კავამოტო შეიკედლა რიკისო კავანაკამ, რომელიც სოიის სოუსის ბიზნესს ფლობდა ჰიროშიმიდან 10 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ტომოში.
კავანაკამ მას ერთი უჩვეულო რამ შესთავაზა: თუ ბიჭუნა 12 წლის განმავლობაში მასთან ანაზღაურების გარეშე იმუშავებდა, კავანაკა მას სახლს აჩუქებდა. ბიჭუნა დათანხმდა. წლები გადიოდა.
20 წლის რომ შესრულდა, კავამოტომ გაიცნო ერთი სასიამოვნო გოგონა, სახელად მოტოკო, რომელიც შეუყვარდა.
გავიდა კიდევ სამი წელი, კავანაკას დანაპირები უნდა შეესრულებინა და მან მართლაც გადასცა ბიჭუნას შეპირებული სახლი. კავამოტომაც იფიქრა, ახლა უკვე ჩემი საკუთარი სახლი მაქვს და დროა მოტოკოს მამას ქალიშვილის ხელი ვთხოვოო, მაგრამ გოგონას მამამ იცოდა, რომ კავამოტო ჰიროშიმიდან იყო. მან განუცხადა, რომ მათ შთამომავლობას რადიაციის გამო დეფექტები შეიძლებოდა ჰქონოდა და დაქორწინება აუკრძალა. სინამდვილეში, არავითარი ჯანმრთელობის პრობლემები ჰიბაკუშების შვილებში არ გამოვლენილა.

კავამოტომ უმძიმესად განიცადა ეს ამბავი, რომლის მსგავსი ისტორიაც ჰიბაკუშების უმრავლესობას გადახდა. მან მიატოვა სამსახური, უარი თქვა ასევე სახლზე, რომლის მისაღებადაც 12 წელი იმუშავა – და სოფელი დატოვა. აღარასოდეს უნახავს მოტოკო, სიყვარული სამუდამოდ აუკრძალა საკუთარ თავს – იგი ვეღარ გადაიტანდა მორიგ გულისტკენას.. კავამოტოს ცხოვრება თავქვე დაეშვა. როგორც თავად მოგვითხრობს, იგი მიეჩვია აზარტულ თამაშებს და კრიმინალურ დაჯგუფებას – იაკუძას – დაუკავშირდა. თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.
ბოლოს, როგორც იქნა, სამსახური იშოვა ატრიის კაფეში. მის კარიერულ წინსვლას მეექვსე კლასის განათლება და ჰიბაკუშას სტატუსი აფერხებდა – როგორც „კეთროვანის“. 70 წლის ასაკში დაბრუნდა ჰიროშიმაში და სწორედ იქ ჰპოვა დიდი ხნის ნანატრი მცირე სულიერი სიმშვიდე. ახლა იგი 86 წლისაა, დაინახავთ, თუ როგორ იღებს ჩანთიდან ორიგამის თვითმფრინავებს, შემდეგ კი ბავშვებს ურიგებს მშვიდობის მემორიალურ მუზეუმთან; ფრთებზე კი ასეთი წარწერაა: „ვიცხოვროთ მშვიდობის იმედით“.
ვეღარავინ გააქრობს იმ დისკრიმინაციას, რომელიც უკვე განიცადეს ჰიბაკუშებმა, მაგრამ სატოში ტაშირო (ჰიროშიმის უნივერსიტეტის რადიაციული ბიოლოგიისა და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) ცდილობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან. ამ ინსტიტუტის მიზანია მედიისა და სამეცნიერო სფეროს თანამშრომლობა, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას ამგვარი უსაფუძვლო შიშის გასაქარწყლებლად. ჰიბაკუშების ამბავი ხომ მეორდება, ამბობს იგი, ასეთივე ისტორიები გადახდათ ადამიანებს ჩერნობილსა თუ ფუკუშიმაში.
ფუნაირი მუცუმიენის მოხუცებულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო სახლი ზრუნავს 100-მდე ჰიბაკუშაზე. ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც ახლა 74 წლისაა, ჯერ კიდევ მუცლად იყო აფეთქებისას, უხუცესი კი – ცურუე ამენომორია. ეს ქალბატონი 103 წლისაა, თუმცა სულ მოღიმარია და დღესაც კი შეუძლია კიბეზე არბენა.
დღესაც კი რთულია იმ რიგი უთანხმოების თავიდან არიდება, რაც ჰიროშიმის ისტორიას ახლავს. მაგალითად, მშვიდობის მემორიალურ მუზეუმში ახალი გამოფენის გასახსნელად 16 წელი იმსჯელეს. „ძირითადად გამოფენის საბჭოს წევრები დავობდნენ, – ამბობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე შუიჩი კატო, – ზოგიერთ წევრს სურდა, რომ მთელი სიცხადით გვეჩვენებინა ბირთვული ომის საშინელება, სხვებს კი ეშინოდათ, ამგვარი გამოსახულებებით ვიზიტორებს ტრავმა არ მიეღოთ“.
უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო გამოფენის გამხსნელი ფოტო. ეს ამბავი გადაწყდა, როდესაც ტეცუნობუ ფუჯიი (ჰიბაკუშას შვილი) ვებგვერდზე ერთი გოგონას ფოტოს გადააწყდა – სახვევებით ხელზე და სისხლიანი. მას სჯეროდა, რომ თავისი დედა, იუკიკო ფუჯიი ამოიცნო. შემდეგ მუზეუმშიც დაადასტურეს გოგონას ვინაობა, რომელიც იმ პერიოდში 10 წლის იყო. საბჭოს წევრებმა ერთსულოვნად აირჩიეს აღნიშნული ფოტო გამოფენის შესასვლელთან დასაკიდებლად, ხოლო იუკიკოს ფოტო, რომელიც 20 წლის ასაკშია გადაღებული (გარდაიცვალა 42 წლის), გამოსასვლელ კართან გამოფინეს. ეს სიმბოლური გამოსახულებებია, რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება გონებაში.
გადარჩენილთა უმრავლესობას გამოჰყვა ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმები. 82 წლის ემიკო ოკადა 8 წლის იყო, როდესაც ბომბი ჩამოვარდა. მისი 12 წლის და, მიეკო ნეკასაკო, სულ რაღაც ერთ კილომეტრში იმყოფებოდა ბომბის ჩამოვარდნის ეპიცენტრთან. ოკადას შევეკითხე, დაიღუპა თუ არა იგი აფეთქებისას.
„დაკარგულია“, – მეუბნება იგი.
„დაკარგული?“ – ვუმეორებ კითხვას, ვერ ვხვდები რას გულისხმობს – მას შემდეგ ხომ 75 წელი გავიდა, ვფიქრობ ჩემთვის.
„ჯერ არ დაბრუნებულა სახლში“, – მპასუხობს იგი. სიტყვა „ჯერ“ უცნაურად გაისმა, თითქოს, გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ერთ დღესაც მისი და უცებ კარზე მოაკაკუნებდა.
მისი მშობლები ისეთი სასოწარკვეთით ეძებდნენ დაკარგულ უფროს ქალიშვილს, რომ ოკადა მიატოვეს. ის ქუჩაში აღმოჩნდა, ღამეს ათევდა დაბომბილ თავშესაფარში, საკვებს დაეძებდა ნაგავში ან იპარავდა. მხოლოდ მოგვიანებით შეიფარა ბებიამ.
„ქალიშვილის დაკარგვამ ჭკუიდან შეშალა ჩემი მშობლები“, – ამბობს ოკადა.
ჰიროშიმაში ყველა ახალგაზრდა თავისებურად აღიქვამს მშობლიური ქალაქის წარსულს. 18 წლის კანადე ნაკაჰარამ ჯერ სკოლაში შეისწავლა ამ ატომური აფეთქების მოვლენები, მოგვიანებით კი პერლ-ჰარბორიც მოინახულა. მას ძალიან უნდა, რომ მშვიდობის დაცვას ემსახუროს.


მარჯვენა ფოტოზე ჩანს სავაჭრო პალატის დარბაზის ჩონჩხადქცეული გუმბათი. ის დღესაც დგას და სიმბოლურად გამოხატავს ბირთვული ომის საშინელებას.
ყველა ვერ პოულობს ასეთ ახლო კავშირს წარსულთან. იაპონიის ბანკთან შევხვდი კენტას, 17 წლის ბიჭს, რომელიც აქტიური „გეიმერია“. აღნიშნულ შემთხვევას იგი „უძველეს ისტორიად“ მიიჩნევს და არც კი იცის, თუ რომელ წელს ჩამოვარდა ბომბი – ვარაუდობს, რომ სადღაც 1964 წელს.
მისგან განსხვავებით, 18 წლის ჰარუნა კიკუნოს აჟრჟოლებს თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე. ბავშვობაში წიგნები წაუკითხავს ჰიროშიმის დაბომბვაზე და ასეთი შეგრძნებები გამოჰყოლია.
ჰიროშიმიდან ტოკიოში გაფრენისას ჰიიამას ოჯახი გავიცანი. მათი ისტორიაც ჰიროშიმას უკავშირდება და ასევე დაუჯერებელ ამბად მოჩანს. 44 წლის აკიჰირო ჰიიამა, მეტსახელად „აკი“, გაიზარდა ჰიროშიმაში – ცნობილი პოლიტიკური ფიგურების ოჯახში.
აკიჰირო ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც მისმა ბებიამ, კეიკო ოჩიაიმ, მოუთხრო: მისი მეგობარი, თურმე, ქალაქიდან გასეირნებას გეგმავდა, მაგრამ იმ დღეს ავად გამხდარა. წინასწარ აღებული მატარებლის ბილეთი გამოუყენებლად რომ არ დარჩენოდა, ოჩიაის მისცა. მატარებელი დაიძრა და სულ მცირე ხანში ოჩიაიმ ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ ავარდა ცაში სოკოს ფორმის ღრუბელი – ჰიროშიმა დაიბომბა. მისი მეგობარი ვერ გადარჩა.
დღეს ოჩიაი 91 წლისაა. იგი გათხოვდა, შეეძინა ქალიშვილი და შვილიშვილებიც ჰყავს. ახლა ერთ-ერთი მათგანი აშშ-ში (ნორფოლკი, ვირჯინია) ცხოვრობს. 2005 წელს მან ლეა შიმერი გაიცნო. ისინი შეუღლდნენ და ორი შვილიც შეეძინათ: კაი შვიდი წლისაა, ემი კი ხუთის.
ომის პერიოდში შიმერის პაპა, სტერლინგ ართურ შიმერი, მონაწილეობას იღებდა B-29 Superfortress (სუპერციხესიმაგრე) ბომბდამშენის ძრავის შექმნაში. სწორედ ამ ტიპის ავიაციამ დაბომბა იაპონია.
ჰიიამა, შიმერი და მე ომის წლებზე ვსაუბრობდით; ამ დროს ყურდაცქვეტილი კაი ცდილობდა რამე აზრი გამოეტანა ჩვენი ლაპარაკიდან. „დედა, – ეკითხება ბიჭუნა, – რა არის სოკოს ღრუბელი?“ ამ საფრთხილო შეკითხვაზე პასუხის გაცემას შიმერი გადაწყვეტს, „მტვერი და ნამსხვრევები ავიდა ცაში, როდესაც ბომბი ჩამოვარდა, – უხსნის იგი, – ეს მართლაც ძალიან მძიმე იყო. უამრავი ადამიანი დაიღუპა“.
კაი მეორე შეკითხვასაც ამზადებს: „ამერიკა და იაპონია ისევ მტრები არიან?“
„არა, – პასუხობს დედა, – მეგობრები არიან“. აი, ამ სიტყვებით მიდის ოჯახი აეროპორტის გასასვლელისკენ; მათ ხანგრძლივი ფრენა ელით სახლამდე.
ტედ გაპი არის Washington Post-ის და Time-ის ყოფილი რეპორტიორი. ჰიროშიმის აღდგენაზე მან პირველად დაწერა National Geographic-ის 1995 წლის აგვისტოს ნომერში.