ადამიანმა უამრავი სახეობა აღგავა პირისაგან მიწისა. ხშირად ეს გაუაზრებლად ხდებოდა, ხშირად საკმარისად გააზრებულად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ცნობიერი თუ არაცნობიერი ქმედებების წარმატება საზოგადოების “ფეხებზე მკიდია” პოზიციაში ძევს.
როდის ვთამაშობთ “ღმერთობანას”? მაშინ, როდესაც მრავალ სახეობას ვუწყობთ “წარღვნას” და სრულიად ვსპობთ, თუ მაშინ, როდესაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების გასაოცარი ტემპი საშუალებას გვაძლევს, ამ სახეობებს სიცოცხლე დავუბრუნოთ? დიახ, უკვე გადაშენებული სახეობების ერთი უჯრედიდან აღდგენა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
ოდესღაც მაიკლ კრაიტონის წყალივით საკითხავ “იურულ პარკში” მოთხრობილი ამბავი დღეს სწრაფი ტემპით იქცევა სინამდვილედ. სკეპტიკოსებს ვურჩევდი არა მარტო ამ ნომერში გამოქვეყნებული კარლ ციმერის ძალიან საინტერესო სტატია წაიკითხონ, არამედ უბრალოდ გაიხსენონ ჟიულ ვერნის ნაწარმოებები – თავგადასავლები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისშიც კი შეუძლებლად მიაჩნდათ.
სტატიის შინაარსის გადმოცემას, ცხადია, ამ სვეტში არ შევუდგები (თავად დარწმუნდებით, რა ახლოს ვართ “ლაზარეს ეფექტის” მისაღებად), უბრალოდ დავსვამ კითხვას საჭიროა კი საერთოდ მკვდრეთით აღდგენა?
უამრავი ადამიანი იტყვის, რომ არა. უამრავი იტყვის – საჭიროა! ჩემთვის კი ერთი რამ ცხადია – კარგია ეს თუ ცუდი, ადამიანის მოუსვენარი გენი ბოლოს და ბოლოს მაინც გააკეთებს ამას (ზუსტად ისე, როგორც ეს ბირთვული იარაღის შექმნისას მოხდა) და კონცეფცია “სიცოცხლე” თვისობრივად ახალ შინაარსს შეიძენს. იმ მომენტიდან ნამდვილად დაიწყება კაცობრიობის ისტორიის კიდევ ერთი ახალი ეპოქა, რომელიც არ ვიცით, გვარგებს თუ გვანანებს.