ძაღლის პატრონებმა იციან, რომ ხალისიან შეძახილს: „კარგი ცუგა!“ – კუდის ქნევა მოჰყვება. რა ხდება ძაღლის ტვინში შექების დროს?
კომპლიმენტის გაგონებაზე ადამიანის ტვინი ჯერ ინტონაციაზე რეაგირებს შედარებით პრიმიტიული, ქერქქვეშა სმენის უბნის წყალობით, შემდეგ კი ერთვება ევოლუციურად გვიან განვითარებული სმენის ქერქი, რომელიც სიტყვების მნიშვნელობას შიფრავს.
„ძაღლი მეტყველების უნარის არმქონე სახეობაა – არადა, ჩვენს სიტყვებზე სწორად რეაგირებს“, – ამბობს უნგრელი ნეირომეცნიერი ატილა ანდიქსი, რომლის თანაავტორობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლის ტვინიც ჯერ ემოციას გადაამუშავებს და შემდეგ მნიშვნელობას.
წინამორბედი კვლევებით დადგინდა, რომ არაერთი ცხოველი მსგავსად ამუშავებს ინფორმაციას. მაგალითად, ზებრას შეუძლია სხვა ბალახისმჭამელი ცხოველების ერთმანეთში გადაძახილით დაასკვნას, ახლოსაა თუ არა მტაცებელი.
ნეიროანთროპოლოგი ტერენს დიკონი აღნიშნავს, რომ ადამიანის ენის წარმოშობა ასეთ მინიშნებებს შეიძლება უკავშირდებოდეს, რამაც იმავე ნერვულ სისტემებს უბიძგა მეტყველების განვითარებისაკენ. ანდიქსის თქმით, უკანასკნელი 10 000 წლის განმავლობაში ადამიანთან ერთად გავლილი ევოლუციის წყალობით, ძაღლსაც აქვს ჩვენი ემოციის გაგების უძველესი უნარი. „ამით შეიძლება აიხსნას, რატომ გამოსდით მათ ასე კარგად ჩვენთან მეგობრობა“ – და, ზოგჯერ, ჩვენით მანიპულირებაც თავიანთი სევდიანი თვალებით.