როგორ გამარტივდა ტიტანიკის მონახულება
3D სკანირების ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები აადვილებს დედამიწის ყველაზე ფაქიზი და რთულად ხელმისწავდომი ძეგლების კვლევას.
შარშან პარქს სტივენსონი „ტიტანიკის“ გვერდით იდგა, მასიურ გემს ქვემოდან შესცქეროდა და გარშემო უვლიდა. შემდეგ მცირე ხნით შეჩერდა, რომ საქვაბეში შეეხედა და ძრავების მართვის მექანიზმისთვის შეევლო თვალი. მან შენიშნა პროპელერის ფრთებზე ამოტვიფრული გემის საიდენტიფიკაციო ნომერი – 401, ფოლადის კორპუსიდან ჩამოკიდებული ჟანგის ნაღვენთები, დაგრეხილი ლითონი და დიდი ხნის გარდაცვლილთა ძირს დაყრილი პირადი ნივთები.
ცხადია, ყოფილი საზღვაო ოფიცერი და `ტიტანიკის“ ისტორიკოსი სტივენსონი ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, 3800 მეტრის სიღრმეზე არ იმყოფებოდა. იგი ლონდონში ათვალიერებდა გემის ციფრულ ასლს: ზუსტი კომპიუტერული მოდელი, რომელიც შეიქმნა დისტანციური 3D სკანირებისა და ციფრული კარტოგრაფირების ტექნოლოგიათა წინსვლის წყალობით. მოდელი იმდენად დეტალურია, რომ მისი პროეცირება დიდ სივრცეში, ორიგინალურ ზომაშია შესაძლებელი. მეცნიერებს შეუძლიათ მის გარშემო იარონ და კონკრეტული ნაწილები გაადიდონ. მაგალითად, ორთქლის სარქველი საქვაბიდან, რომელიც, სავარაუდოდ, სათადარიგო გენერატორის მუშაობის უზრუნველსაყოფად გემის ჩაძირვის დროს ღია დატოვეს. `ტიტანიკის“ ტყუპისცალი ერთ-ერთია არქეოლოგიური და კულტურული ძეგლების მსგავსი მოდელებიდან, რომლებიც ინახავენ ამ ფაქიზ ადგილებს და მათ კვლევასაც ამარტივებენ.

ჯულია გრესკის ნებართვით, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი (DAI)
სტივენსონმა ნამდვილი `ტიტანიკის“ ნაშთები ორჯერ მოინახულა, თუმცა ამდენი დეტალი არც ერთხელ არ შეუნიშნავს. „მხოლოდ უშუალოდ შენ წინ არსებულს ხედავ“, – ამბობს იგი წყალქვეშა ნავის 15-სანტიმეტრიანი ილუმინატორის ხედზე. „თითქოს ბნელ ოთახში ხარ, არც თუ ისე ძლიერი ფარნით“. ციფრულმა ასლმა კი მკვლევარს ყველა კუთხე-კუნჭულის შეუზღუდავი, 360-გრადუსიანი ხედი შესთავაზა.
2022 წელს ლეგენდარული გემის სკანირებულ მოდელს სამი კვირის განმავლობაში ქმნიდა ღრმა წყლების ვიზუალიზაციის კომპანია Magellan-ი, რომელიც ნორმანდიის კუნძულებზეა დაფუძნებული. ამ ძალისხმევაზე მოგვითხრობს National Geographic-ის ახალი დოკუმენტური ფილმი, „ტიტანიკი: ციფრული გაცოცხლება“, რომელსაც Disney+-ზე შეგიძლიათ უყუროთ. ეს ყველაზე დიდი წყალქვეშა 3D მოდელია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ის მონაცემების 16 ტერაბაიტს მოიცავს. ასლის შესაქმნელად ორი რომანტიკული სახელის მქონე დისტანციურად მართვადი რობოტი, რომეო და ჯულიეტა, ჩაძირულ გემს სისტემურად სტუმრობდა, მათ მილიონობით ლაზერული ანაზომი აიღეს და 715 000 ფოტო გადაიღეს.
სკანირებული გემის დეტალების ხარისხმა სტივენსონს ჩაძირული გემის კვლევის ახალი ჰორიზონტები დაანახა. `ტიტანიკის“ შუაზე გადატეხილი ორი ნაწილი ოკეანის ფსკერზე, ერთმანეთისგან 800 მეტრის დაშორებით განისვენებს. კორპუსი წყალში სწორხაზოვნად ჩაეშვა და ჯერაც მეტწილად დაუზიანებელია – მოდელში ჩანს, რომ ის აკურატულადაა ჩამჯდარი ოკეანის ფსკერზე. მეორე მხრივ, გემის კიჩო დამტვრეულია და მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, ზუსტად როგორ მოხდა და რამ გამოიწვია ასეთი დაზიანება. თუმცა, როდესაც სტივენსონმა მოდელს შეხედა, ნათლად წარმოიდგინა, რომ ჩაძირვისას გემის უკანა ნაწილი წყალში სპირალურად ეშვებოდა და ნაწილებად იშლებოდა.


მეთ პროპერტი. ციფრული გამოსახულება: ანდრეი ჰრივნიაკი, Skeiron
წარსულში, ჩაძირული გემის სრული მასშტაბის წარმოჩენა მხოლოდ მხატვრული ინტერპრეტაციებით ან ადამიანების მიერ გადაღებული ფოტომოზაიკებით იყო შესაძლებელი. ზუსტ მსგავსებას ვერცერთი მეთოდი ვერ აღწევდა, თუმცა კომპიუტერულად შექმნილი 3D მოდელი აბსოლუტურად ზუსტია. „როგორც კი პირველად დავინახე `ტიტანიკის“ ტყუპისცალის გამოსახულებები, ორ რამეს მივხვდი: პირველი, რომ `ტიტანიკი“ ამ ფორმით არასოდეს მინახავს და მეორე – ის რეალობას შეესაბამებოდა“, – ამბობს სტივენსონი.
კვლევების გასამარტივებლად ზუსტი მოდელების შექმნისკენ სწრაფვა ერთ საუკუნეზე მეტია დაიწყო. ტექნოლოგია, რომელიც ციფრული ასლების შექმნას შესაძლებელს ხდის, სულ მცირე, 1858 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ გერმანელ ინჟინერ ალბრეხტ მაიდენბაუერს დაევალა ეკლესიის აგეგმვა და ფასადის გაზომვისას კინაღამ სასიკვდილოდ გადმოვარდა სიმაღლიდან. შემდგომში ხიფათის თავიდან ასაცილებლად მან შეიმუშავა ფოტოების მეშვეობით დიდი ობიექტების ზომების გამოთვლის მათემატიკური ტექნიკა, რომელსაც ფოტოგრამმეტრია დაარქვა. დღეს ფოტოგრამმეტრია შერწყმულია ლიდართან, რომელიც მანძილების გასაზომად ლაზერს და თანამედროვე გამოთვლის სისტემებს იყენებს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით ისეთი უზარმაზარი კონსტრუქციებისა და ხელოვნების ნიმუშების ასლებს ქმნიან, როგორიც რაშმორის მთა ან მიქელანჯელოს „დავითია“.
იტალიური რენესანსის ოსტატის ქანდაკება გახდა ერთ-ერთი პირველი არტეფაქტი, რომლის მოდელიც ციფრულად შეიქმნა 2000 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. ის `ტიტანიკივით“ მასიური არაა, თუმცა შედარებით დიდი ზომის (სიმაღლეში 5 მეტრი და 6000 კილოგრამი) და ნატიფი დეტალების მქონე ქანდაკება, 3D ტექნოლოგიის სიზუსტის გამოსაცდელად კარგი ნიმუში გამოდგა. დღესდღეობით ეს ტექნოლოგია იმდენად ზუსტია, რომ 2020 წელს ფლორენციის უნივერსიტეტის გუნდმა ქანდაკების 3D ასლი დაბეჭდა. ის სრული სიზუსტით იმეორებს დავითის უდრეკ გამომეტყველებას და ორიგინალური ქვის ყველა პატარა დეფექტს.
ადამიანები კაცობრიობის შედევრების სანახავად იმიტომ მოგზაურობენ, რომ რაღაც უფრო დიდის და გასაოცარის არსებობა შეიგრძნონ, თუმცა ჩვენმა აქტიურმა სტუმრობამ შესაძლოა გაანადგუროს ეს განუმეორებელი ადგილები. `ტიტანიკი“ ასობით ადამიანს აქვს მონახულებული. უმეტესობა მათგანმა ამისთვის უდიდესი ფასი გადაიხადა – მათ შორის ბედკრული წყალქვეშა ნავი „ტიტანის“ ხუთმა მგზავრმა. თავგადასავლების მოყვარულები ხშირად პასუხისმგებელნი არიან ჩაძირული გემისთვის მიყენებულ ზიანზე: ადამიანების მიერ მართულმა წყალქვეშა ნავებმა უნებლიეთ მოგლიჯეს „ტიტანიკის“ ანძა და გახვრიტეს გემის ქიმი.
ტურიზმის გარდა, ძეგლები შესაძლოა გაუთვალისწინებელმა ბუნებრივმა კატასტროფებმა, კლიმატის ცვლილებამ და ომმა დააზიანოს. 2019 წელს 3D დოკუმენტირების კომპანია CyArk-მა ნიგერიაში არსებული წმინდა ტყე, ოსუნ-ოსოგბოს მოდელი იქამდე სულ ცოტა ხნით ადრე შექმნა, სანამ მის ქანდაკებებით მოფენილ ტაძრებს წყალდიდობა გაანადგურებდა. Google Arts & Culture-ის პროექტის მენეჯერი, ჩენს კოგენაუერი CyArk-ს ამ ძალისხმევაში ეხმარებოდა. ის იმედოვნებს, რომ სამლოცველოების აღდგენას ამ 3D მოდელებით შევძლებთ. კოგენაუერის გუნდი მონაწილეობდა უკრაინაშიც, ომის გამო დაზიანებული საკათედრო ტაძრისა და ისტორიული ძეგლების ციფრული ტყუპების შესაქმნელად.
ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია არამხოლოდ ქანდაკებების, შენობების და ჩაძირულ გემთა მოდელების, არამედ მთლიანი ქალაქების ასლების შექმნაც. ტულეინის უნივერსიტეტის არქეოლოგი ელისონ ემერსონი ქალაქ პომპეის გარკვეული მონაკვეთების ციფრულ ასლებს აკეთებს. იგი უკანასკნელი 16 წელია, რაც გათხრებს აწარმოებს ამ უკიდურესად მყიფე ნაქალაქარის ისტორიის გამოსაკვლევად. ემერსონის თქმით, ფოტოგრაფიის შემდეგ, ციფრული მოდელირება არქეოლოგიისთვის წინ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია. „ჩვენი სამუშაო პროცესი თავისი არსითვე დამაზიანებელია“, – ამბობს იგი არქეოლოგიურ გათხრებზე. „მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია ძეგლის გათხრა. ამიტომ თანამედროვე არქეოლოგიის ფოკუსი, შესაძლებლობიდან გამომდინარე, მონაცემების საუკეთესოდ დოკუმენტირებაა“.
ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ასლი მისმა გუნდმა მხოლოდ რამდენიმე ხელის კამერით შექმნა. მოდელის საშუალებით შესაძლებელია ოთახების კედლების გარეშე დათვალიერება, სახურავის დამატება ან იმის ნახვა, როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი შენობის აშენებამდე. იმ სამუშაოს ჩატარება, რომელიც აქამდე მხოლოდ ადგილზე იყო შესაძლებელი, ახლა ლაბორატორიაშიც შეიძლება. ემერსონის კვლევებმა გამოავლინა, რომ ქალაქის ერთ-ერთი შენობა ერთდროულად რესტორანი და ლერწმის კალათების სახელოსნო იყო. ასეთი დეტალები ეხმარება მას ქალაქის ეკონომიკური საქმიანობისა და მისი მშრომელთა კლასის ყოველდღიურობის სურათის აღდგენაში.
ემერსონის გეგმაა პომპეის მოდელი და თანმდევი აღმოჩენები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რითაც სურს, მოდელს აარიდოს მსგავსი პროექტების ბედი – ციფრული ასლების შექმნა ძვირია, ამიტომ ბევრი ამბიციური პროექტი საბოლოოდ მთავრობებისა თუ უნივერსიტეტების კერძო არქივებში იკეტება. „არ მინდოდა, ჩემს მოდელს მხოლოდ გუნდის წევრის ლეპტოპში ეარსება“, – ამბობს იგი.
კომპანია Magellan-ს არ გამოუცხადებია `ტიტანიკის“ ასლის გასაჯაროების გეგმა, თუმცა დოკუმენტურ ფილმში ასახულია შესაძლებლობების მასშტაბი. ამ ჩაძირული გემის კვლევათა უდიდესი ნაწილი ჩაატარეს კერძო ექსპედიციებმა, რომლებიც თავის აღმოჩენებს გულმოდგინედ იცავენ. ეს მეცნიერებსა და სხვა ენთუზიასტებს აშფოთებთ. სტივენსონს აღელვებს, რომ ჩაძირულ გემს არ ექცევიან არქეოლოგიური ძეგლივით. „ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია მსოფლიოში, ჩვენ კი საბაზისო ინფორმაციაც არ გვაქვს იმაზე, თუ რა ხდება მის გარშემო ამა თუ იმ დროს, რადგან იქ მომუშავე ბევრი მკვლევარი ინფორმაციას არ აზიარებდა“, – ამბობს იგი. ციფრულ ასლს აქვს პოტენციალი, რომ მეტმა მნახველმა შეისწავლოს ჩაძირული გემი ნაკლებად დამაზიანებელი და უფრო კოლაბორაციული გზით.
საეჭვოა, რომ ადამიანები შეწყვეტენ `ტიტანიკის“ მონახულებას. მისი მიმზიდველობა დაუძლეველია მათთვის, ვისაც საკმარისი მოტივაცია და ფული აქვს. მაგალითად, 2001 წელს, წყვილმა ქიმზე გაჩერებულ წყალქვეშა ნავში იქორწინა. ციფრული ასლი „ნამდვილად ვერ შეცვლის `ტიტანიკის“ გემბანზე ჯდომას“, – ამბობს რობერტ ბალარდი, ოკეანოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი, რომელმაც ეს ჩაძირული გემი 1985 წელს, ოკეანოგრაფ ჟან-ლუი მიშელთან ერთად აღმოაჩინა. თუმცა იგი ფიქრობს, რომ ასლი `ტიტანიკის“ დაცვას ეხმარება. მათ, ვინც ცდუნებას ვერ უძლებს, მკვლევარი ორ გაფრთხილებას აძლევს: „არ შეეხოთ მას და არ იქორწინოთ იქ“.