როგორ გვცვლის პანდემიები
გვემახსოვრება თუ არა ეს გაკვეთილი, როდესაც საფრთხე ჩაივლის?


როგორ გვცვლის პანდემიები
გვემახსოვრება თუ არა ეს გაკვეთილი, როდესაც საფრთხე ჩაივლის?

რა გვასწავლა ისტორიამ
რას ნიშნავს ეს დღეს
მარტის დასაწყისში, მაშინ, როდესაც COVID-19 მთელ პლანეტას მოედო, აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა სახელად Pike ტალღებზე ქანაობით მიეშურებოდა კალიფორნიის ნაპირიდან 23 კილომეტრში მყოფი საკრუიზო გემისაკენ – Grand Princess. კატარღას კატასტროფის მედიცინის გუნდი მიჰყავდა, რომელსაც ბორტზე მყოფ 3500 მგზავრს შორის დაავადებულები და, ერთი შეხედვით, ჯანმრთელები უნდა გაეცალკევებინა და ხმელეთზე გამოსაყვანად მოემზადებინა. Pike-ის ბორტზე იყო „ცხელ წერტილებში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინფექციონისტი მაიკლ კალაჰანი თავის გუნდთან ერთად.

ფოტო: STR/AFP VIA GETTY IMAGES

მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე კატარღა მიუახლოვდა Grand Princess-იდან ჩამოშვებულ დამხმარე კატერს.
57 წლის კალაჰანს და მის გუნდს, რომელთაც ისედაც მთელი გზა გული ერეოდათ ტალღებზე რწევისგან, ახლა უკვე სმენაც და მხედველობაც დაუქვეითდათ ბიოუსაფრთხოების კოსტიუმებში გამოწყობის გამო. მათ რიგრიგობით ჯერ დამხმარე გემზე გადააბიჯეს, შემდეგ 57-მეტრიან საკრუიზო ლაინერზე ავიდნენ.
იმ დროს შეაბიჯა მთელმა მსოფლიომაც უცნობ, უფრო სწორად, მივიწყებულ სიტუაციაში. ეპიდემიები ოდითგანვე ერჩოდნენ ადამიანებს, პანდემიები კი იმ დროიდან, როდესაც მთელ პლანეტაზე მოვიკიდეთ ფეხი. მათ ბევრი რამ გვასწავლეს, მთავარია, ჩვენ გვახსოვდეს ეს ყველაფერი საფრთხის ჩავლის შემდეგ შვებით ამოსუნთქვისას. COVID-19-ის მსგავსი ახალი პანდემიები გვახსენებს, თუ რაოდენ ადვილია ერთმანეთის და, განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანების ინფიცირება და როგორ გვაშორებს ერთმანეთს ინფიცირების შიში, რამდენად დამთრგუნველი შეიძლება იყოს იზოლაცია და როგორ ტანჯვასა და მარტოობაში უწევთ ავადმყოფებს სიკვდილი. ამას გარდა, ახალი პანდემიები გვახსენებს, თუ რამდენად ვიყავით ყოველთვის დამოკიდებულნი კალაჰანის მსგავსი, მამაცი ადამიანების მცირე ჯგუფებზე, რომლებიც დაავადებებთან ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.
წარსული პანდემიების დროს ეს ადამიანები იყვნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ ტრადიციულ აზროვნებაზე, ეჭიდებოდნენ მცირე მინიშნებებს და უჩვეულო ხმებს უგდებდნენ ყურს. იმასაც აცნობიერებდნენ, რომ ქვეყნის დასალიერში მომხდარი შემთხვევა მათთანაც მარტივად შეიძლებოდა განმეორებულიყო.

ფოტო: გაბრიელ ლური, SAN FRANCISCO CHRONICLE VIA GETTY IMAGES
თავი I | 1721 | ბოსტონი | აცრიდან ვაქცინაციამდე
წამლის მიგნება

1721 წლის დასაწყისში, ბოსტონში სიტყვით გამოსვლის დროს, პურიტანმა მღვდელმა კოტონ მაზერმა გამოაცხადა, რომ ქალაქს „გამანადგურებელი ანგელოზი“ – საზარელი დაავადება უახლოვდებოდა. ინგლისი უკვე ალყაში იყო.
ახალი სამყაროსთვის ეს კოშმარი ნაცნობი იყო – 200 წლის განმავლობაში ამ დაავადების მოულოდნელმა აფეთქებებმა კოლონისტებსაც პანიკა და უბედურება დაატეხა თავს და ამერიკის ზოგიერთი მკვიდრი ხალხი მთლიანად აღგავა პირისაგან მიწისა. ბოსტონის უკანასკნელი ეპიდემიიდან 19 წელი იყო გასული.
პირველი მკრთალი წითელი გამონაყარის გაჩენისას უნდა გეოცნება, რომ ეს მხოლოდ წითელა ყოფილიყო. შემდეგ ეს წერტილები ვულკანური კუნძულებივით ამოიზრდებოდა. ასობით ასეთ წერტილს შეეძლო დაეფარა თვალები, სასუნთქი გზები, მთელი ორგანიზმი და სუნთქვაც კი ჯოჯოხეთური ტკივილის ტოლფასი გაეხადა. ჩირქოვან ბუშტუკებს გახრწნილი ხორცის სუნი ასდიოდა. ავადმყოფობის გადატანის შემდეგ ბევრი უსინათლო, ხეიბარი ან ძლიერ დასახიჩრებული რჩებოდა. ყვავილი იმავე წლის აპრილში შეიპარა ბოსტონის ნავსადგურში.
თავიდან ხალხმა ყურადღება არ მიაქცია დაავადების გავრცელებას – როგორც ჩვენ ახლა, თუმცა 1721 წლიდან ყვავილმა დასავლეთს ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა: ადამიანებს შეუძლიათ პანდემიის თავიდან აცილება. ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ ის და თუ ნებას გამოვიჩენთ, ამოვძირკვოთ კიდეც. იმ წელს ბოსტონში დაავადებასთან ბრძოლაში სამი უჩვეულო გმირი ჩაერთო: აფრიკაში დაბადებული მონა ონესიმუსი, მკურნალი და ნოვატორი ქირურგი, სახელად ზაბდიელ ბოილსტონი და, რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, თვით მაზერი – ამპარტავანი, გაუწონასწორებელი კაცი, რომელიც არავის მოსწონდა, რადგან მის სახელს 29 წლის წინანდელი ე.წ. სალემის ჯადოქართა სამსჯავრო უკავშირდებოდა.

ფოტო: დიტრიკის მედიცინის ისტორიის ცენტრი, CASE WESTERN RESERVE UNIVERSITY
ახლა კი, თითქოს მისი ცოდვების გამოსყიდვის ჟამი და ის მომენტი დადგა, რომლისთვისაც მაზერი მთელი ცხოვრება ემზადებოდა. მას ბავშვობიდან აინტერესებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მედიცინა; გარდა ამისა, ეს ამბავი პიროვნულადაც შეეხო: მას ორი ცოლი და 15-დან 13 შვილი გარდაეცვალა, უმეტესობა – ინფექციური დაავადებით. ამიტომ იგი თვალს ადევნებდა ბრიტანულ სამეცნიერო გამოცემებს, მკვიდრი ამერიკელების წამლებს იკვლევდა და, რაც მთავარია, მან ყური დაუგდო თავისი „მსახურის“, ონესიმუსის მონათხრობს, თუ რა მეთოდით არიდებდნენ თავს ყვავილს აფრიკაში.
დაავადების გავრცელებისთანავე მაზერმა ბოსტონელ ექიმებს გააცნო დაავადების შეჩერების „ერთი საოცარი მეთოდი, რომელსაც ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყენებდნენ“. ამ ხერხის თანახმად, ყვავილით დაავადებული პაციენტის მწიფე პუსტულას გახეთქავდნენ და ჩირქს, ანუ „ვარიოლურ მასალას“ [variola virus – ინგლ. „ყვავილის ვირუსი“] აიღებდნენ; შემდეგ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს კანზე პატარა ჭრილობას გაუკეთებდნენ და ამ ჩირქს წაუსვამდნენ. ე.წ. ვარიოლაცია, ანუ აცრა, ხელს შეუწყობდა იმუნიტეტის გამომუშავებას და ადამიანს მომაკვდინებელი დაავადების მხოლოდ მსუბუქი ფორმა გამოუვლინდებოდა. ამის დამადასტურებელ ამბებს და აცრის ნაიარევებს მაზერმა აფრიკაში დაბადებულ მრავალ ბოსტონელს შორისაც მიაგნო.
მაზერის წინადადებამ ბოსტონის სამედიცინო საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა ზაბდიელ ბოილსტონისათვის ნაცნობი იყო ყვავილის სიმწარე, რამაც 19 წლის წინ კინაღამ შეიწირა და იგი შიშობდა, რომ, საკუთარი სამედიცინო საქმიანობიდან გამომდინარე, თავის რვა შვილს „ყოველდღიურ საფრთხეს“ უქმნიდა. მან 26 ივნისს პირველად გაუკეთა აცრა თავის ექვსი წლის ვაჟს და ორ მონას. შედეგად „ყვავილის საკმაოდ მსუბუქი ფორმა“ მიიღო და მათი აცრაც დაიწყო, ვისაც დაავადების მწვავე ფორმისგან სურდა თავის დაცვა.
1721 წლიდან ყვავილმა დასავლეთს ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა: ადამიანებს შეუძლიათ პანდემიების თავიდან აცილება, შეზღუდვა და, თუ მოვისურვებთ, ამოძირკვაც კი.
ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი მკურნალობასაც ისევე უფრთხოდა, როგორც თავად დაავადებას. ღელავდნენ, რომ აცრილი, ბოლომდე გამოუჯანმრთელებელი პაციენტები მაინც გადამდებნი იყვნენ. ექიმები პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ აცრა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა 2000 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ სამედიცინო შეხედულებას, რომ დაავადების მიზეზი იყო სხეულის ოთხ სითხეს – „ჰუმორს“ შორის დისბალანსი, რასაც ბინძური სუნი და ბუნდოვანი წარმოშობის „მიაზმები“, ანუ მავნე აირები იწვევდა.
ჯამში, ბოსტონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 6000 ადამიანი, დაინფიცირდა ყვავილით და 844 გარდაიცვალა, თითქმის 15%. აცრილთა შორის სიკვდილიანობა კი 2% იყო. პროცედურის დახვეწის შემდეგ ეს მაჩვენებელი 0,5%-მდე ჩამოვიდა და აცრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ყვავილის მეორე ტალღის დროს, 1792 წელს, სურათი სრულიად შეიცვალა: დაახლოებით 9200 ადამიანი აიცრა და მთელი მოსახლეობიდან მხოლოდ 232 ადამიანს შეეყარა ეს ვირუსი ბუნებრივად.

ფოტო: WELLCOME COLLECTION, ATTRIBUTION 4.0 INTERNATIONAL
ჩრდილოეთ ამერიკაში აცრის დამნერგავი სამი კაციდან არც ერთს არ ერგო რამე პატივი. ონესიმუსი საერთოდ გაქრა ჩანაწერებიდან, მას შემდეგ, რაც საკუთარი თავისუფლება გამოისყიდა, ხოლო ამ საქმეში აფრიკელთა დამსახურება საერთოდ ჩაიფარცხა. ზაბდიელ ბოილსტონიც თითქმის ყველას დაავიწყდა. ვერც კოტონ მაზერმა გამოისყიდა თავისი ცოდვები ბოსტონელთა გულებში. თუმცა, ის სამედიცინო თემებზე ფიქრს კვლავ განაგრძობდა და დროთა განმავლობაში ყველა ეპიდემიის გამომწვევ ნამდვილ მიზეზზეც დაწერა: შესაბამის პირობებში პაწაწინა ნაწილაკები – რომელთა დანახვაც მიკროსკოპის მეშვეობით იმ დროს გახდა შესაძლებელი – „სწრაფად მრავლდებიან და დაავადებათა გავრცელებაში იმაზე გაცილებით დიდი წილი მიუძღვით, ვიდრე წარმოგვიდგენია“. მისი ეს ექსცენტრიკული ხელნაწერი არც გამოქვეყნებულა. მეცნიერებს კიდევ 150 წელი დასჭირდათ, რომ მიკრობები ეღიარებინათ ინფექციური დაავადებების აგენტებად.
ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აცრის ფართო გავრცელებამ კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი გამოიღო: 1757 წელს, სამხრეთ ინგლისის ერთ პატარა ქალაქში, ლოყებღაჟღაჟა რვა წლის ბიჭს აცრის საკმაოდ მტანჯველი, ტრადიციული პროცედურა ჩაუტარეს. იმ დროს, როდესაც ეს ბიჭი თავადაც სოფლის ექიმი გახდა, წერდა, რომ მერძევეებში „ერთი ბუნდოვანი აზრი“ იყო გავრცელებული, რომ საქონლის ყვავილის ვირუსს ადამიანის ყვავილის ვირუსის პრევენცია შეეძლო. უკეთესი გამოსავლის არსებობის შესაძლებლობამ ედვარდ ჯენერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ათწლეულების მანძილზე ეს ყურმოკრული მეთოდი არავის გამოუცდია, სანამ თავად ჯენერი მოკიდებდა ამას ხელს.
1796 წლის 14 მაისს ჯენერმა ვარიოლაციის მსგავსი პროცედურა ჩაუტარა რვა წლის ბიჭს, თუმცა ამჯერად მან აცრისთვის გამოიყენა საქონლის ყვავილით [vaccinia virus, ყვავილვაქცინის ვირუსი] დაავადებული ახალგაზრდა ქალის მასალა. ეს იყო დასაბამი თანამედროვე ვაქცინაციისა – ტერმინი კი ლათინური სიტყვიდან „vacca“ – „ძროხა“ მოდის. პირველმა „ანტივაქსერებმაც“ არ დააყოვნეს და პროტესტი გამოთქვეს: ეშინოდათ, რომ ხალხს ძროხის თვისებები განუვითარდებოდა, ცხოველთა დაავადებები დაემართებოდა და შეიძლებოდა რქებიც კი გაზრდოდა, თუმცა, „ვირიოლაციასთან“ შედარებით, ვაქცინაცია იმდენად უსაფრთხო და შედეგიანი გამოდგა, რომ სწრაფად გავრცელდა მთელ დედამიწაზე.
ყვავილს კვლავ ეწირებოდა ხალხი – მხოლოდ XX საუკუნეში 300 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მიზანმიმართული ვაქცინაციის გლობალური კამპანიის წყალობით 1980 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი აღმოფხვრილად გამოაცხადა. იმ დროისათვის ჯენერის ვაქცინის მაგალითზე უკვე უამრავი სხვაც იყო შექმნილი. მათ იმდენი ინფექციური დაავადება გააქრეს ჩვენი ცხოვრებიდან, რომ დროის მცირე, ბედნიერ მონაკვეთში ისიც კი დავუშვით, რომ პანდემიის მსგავსი აღარაფერი დაგვემუქრებოდა.
თავი II | 1800-იანი წლები | ლონდონი | წყალმომარაგება და კანალიზაცია
ქოლერა ქალაქებს ცვლის

1817 წელს ქალაქ ჯესორში, რომელიც დღეს ბანგლადეშს ეკუთვნის, ერთ-ერთმა უსაშინლესმა დაავადებამ იფეთქა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს მწარედ ახსოვდათ ძველი ეპიდემიები, ამ დაავადების ახლებურმა ვირულენტურობამ მაინც თავზარი დასცა მათ.
„ისე მოულოდნელად და საზარლად დაგვატყდა თავს“, – წერდა ერთი ოფიციალური პირი, რომ თავზარდაცემული მცხოვრებლების „ბრბო სოფელში გარბოდა, მოახლოებული სიკვდილისგან თავის დასაღწევად“. სულ რამდენიმე კვირაში მხოლოდ ამ ერთ ქალაქში 10 000 ადამიანი დაიღუპა.
აყვავებული სავაჭრო ურთიერთობების გზით ახალმა ეპიდემიამ ხმელეთიც და ოკეანეც გადაკვეთა და პანდემიაში გადაიზარდა. ხალხი გაზეთებში კითხულობდა უახლეს ინფორმაციას მოწინავე ხაზიდან და თვალს ადევნებდა, როგორ მიიწევდა საზარელი დაავადება მათკენ. გარდა იმისა, რომ დაავადებულთა ნახევარი იღუპებოდა და თან გამაოგნებელი სისწრაფით, ამ ყველაფერს განსაკუთრებული სისასტიკეც ახლდა თან: ერთი შეხედვით სიცოცხლის საუკეთესო წლებში მყოფი ადამიანი მეორე წუთში სითხისგან იცლებოდა გაუჩერებელი პირღებინებისა და დიარეის გამო. ამას მოჰყვებოდა ძლიერი წყურვილი. სპაზმები და კრუნჩხვა კუნთების ტკივილს იწვევდა. სუნთქვა სასოწარკვეთილ, „ჰაერის ჩაყლაპვის“ სურვილად იქცეოდა. მსხვერპლი სიკვდილის მომენტში გონზე იყო – თვალებგაშტერებული და შეშინებული წყალწყალა სითხეს ღვრიდა შიგნეულობიდან.
ამ ახალი დაავადების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობისას, ჩვეული ეჭვმიტანილები კვლავ მიაზმები და ცუდი სუნი იყო. თითქმის ყველა ადრეული სანიტარიული რეფორმატორი აკვიატებით ებრძოდა სუნს – ნაწილობრივ იმის გამო, რომ გარშემო ყველგან მძაფრი სუნის წყარო იყო: ქარხნები, სახლების მომიჯნავე საღორეები, ცხენისა და საქონლის ტონობით ნაკელი, ტყავის დამამუშავებელი საამქროები, არაღრმა საფლავები და, რაღა თქმა უნდა, ყველგან ადამიანის ექსკრემენტები. სანიტარიული მოძრაობა ამ დაავადების გამომწვევად „მყრალ აირებს“ მიიჩნევდა.
XIX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ხალხმა ფერმები მიატოვა და ქალაქში, ქარხნებში სამუშაოდ რიგი დაიკავა, კაცობრიობას ჯერ კიდევ სასწავლი ჰქონდა თანაცხოვრება ისე, რომ არ მომკვდარიყო. ფერმის ცხოვრებაში ერთი შეხედვით უწყინარი პრაქტიკა – კანალიზაციის არარსებობა – ქალაქში ფატალური აღმოჩნდა. ბინძურ ბარაკებში ერთად შეყრილი ოჯახები ავრცელებდნენ ტიფს, დიზენტერიას, ტუბერკულოზს, ქოლერას და სხვა ინფექციურ დაავადებებს.
სანიტარიული რეფორმის თვალსაჩინო გამტარებელი იყო ბრიტანელი სახელმწიფო მოხელე ედვინ ჩედვიკი – დიკენსისეული ბიუროკრატი, მაღალი, პირმრგვალი, თავზე „ტალავერით“ და სახეზე ზიზღნარევი თუ არა, გამკიცხავი გამომეტყველებით მაინც. ერთი ბიოგრაფის თანახმად, იგი იყო „გამორჩეულად მოსაწყენი ადამიანი იმ ეპოქაშიც კი, რომელშიც ადამიანთა ეს სახეობა ყვაოდა“, თუმცა მას ასევე სახელი გაეთქვა ნებისმიერი პრობლემის ძირფესვიანი შესწავლით და მისი გადაჭრისთვის დაუღალავი შრომით.

ფოტო: ტეუნ ვუტენი, PANOS PICTURES
1842 წელს ჩედვიკის დაწერილი წიგნი „სანიტარიული ანგარიში“, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა, მოულოდნელ ბესტსელერად იქცა. მთელი ბრიტანეთიდან აკრეფილ მონაცემებზე დაყრდნობით, წიგნში დაწვრილებით იყო აღწერილი ქალაქის მუშათა კლასის სამყარო, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის განათლებული მკითხველისთვის ისეთივე უცხო იქნებოდა, როგორიც ბანგლადეშის ქალაქი ჯესორი იყო. ჩედვიკი მკითხველს მიუძღოდა სანაგვე ორმოებიდან გადმონთხეული ნარჩენებით დატბორილ სარდაფებსა და სახლებში, რომლებშიც საკვები და სასმელი აუცილებლად დაფარული უნდა ყოფილიყო, რათა ბუზებს მათთვის ნეხვის გემო არ მიეცათ. ის აღწერდა ქალაქს, რომელშიც საპყრობილეში დამწყვდეული 65 პატიმრის „ჭუჭყი ქუჩებში მიედინებოდა ყოველ მეორე-მესამე დღეს“ და ზედ ემატებოდა ადგილობრივი სასაკლაოს სისხლი.
ჩედვიკი „სიბინძურის თეორიის“ მიმდევარი იყო და სიმყრალის მომაკვდინებელი ძალის სწამდა. საბედნიეროდ, მისი დეტალური რეკომენდაციები დაავადების რეალურ მიზეზებთან ბრძოლასაც გამოადგა.
„სანიტარიული ანგარიშის“ საშინელებამ პასიურად განწყობილ პოლიტიკოსებსაც უბიძგა მოქმედებისკენ. 1848 წელს ბრიტანეთის მთავრობამ დააარსა მსოფლიოში პირველი ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანო და უფროსად ჩედვიკი დანიშნა. მომდევნო წელს ქოლერის აფეთქებამ კიდევ უფრო დააჩქარა სანიტარიული რეფორმების დანერგვა. ჩედვიკმა მალევე წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის ურბანულ დასახლებებში უნდა მოეწყოთ ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, რათა სუფთა სასმელ წყალს ოჯახებამდე მიეღწია და ასევე გაეყვანათ სათანადო საკანალიზაციო სისტემა ნარჩენების მოსაშორებლად. ეს უკიდურესად ძვირი წამოწყება იყო, თუმცა, მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჯანდაცვა და გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბრიტანეთს სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და დიდ ქალაქებში პირველად გახდა შესაძლებელი ადამიანურად ცხოვრება.

ფოტო: WELLCOME COLLECTION, ATTRIBUTION 4.0 INTERNATIONAL
ეს არცთუ ისეთ შორეულ წარსულში იყო. ფერმიდან ქალაქში გადანაცვლება სამრეწველო რევოლუციის დროს მოხდა, თუმცა ადამიანის მოდგმა მეტწილად ურბანული სულ რაღაც 2008 წელს გახდა. გაეროს შეფასებით, საუკუნის შუა პერიოდში ადამიანების 68% ურბანულ ზონებში იცხოვრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს კვლავ მოუწევს იმის გააზრება, რომ ფერმიდან ქალაქში გადანაცვლება ცხოვრების წესს ცვლის. მათ დასჭირდებათ ამ ცვლილების უსაფრთხოდ განსახორციელებელი სისტემები, მაგრამ ბევრ განვითარებად ქვეყანას სანიტარიული რეფორმის ფული არ აქვს.
დღეს 2,1 მილიარდ ადამიანს სახლში არ მიეწოდება სუფთა წყალი, 4,5 მილიარდს კი არ აქვს გამართული კანალიზაცია. ამ ორი სისტემის არქონა იყო, რამაც განაპირობა ჰაიტის ბოლოდროინდელი ქოლერის ეპიდემია, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში 800 000 ადამიანი დააავადა და 10 000 შეიწირა. დანარჩენი მსხვერპლი ცხოვრობს აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის მზარდ მეგაპოლისებში. ასეთ ქალაქებში ჩვეული ამბავია სასმელი წყლის ფეკალიებით დაბინძურება და ელემენტარული სამედიცინო მომსახურების არქონა, ამიტომ იქ დღესაც გავრცელებულია ისეთი ძველი დაავადებები, როგორიცაა პნევმონია, ბავშვთა დიარეა და ტუბერკულოზი; მხოლოდ ამ უკანასკნელმა იმსხვერპლა 1,5 მლნ ადამიანი 2018 წელს. შედარებით ახალი დაავადებები კი, მაგალითად, აივ/შიდსი 770 000 ადამიანს კლავს ყოველწლიურად. რაც კიდევ უფრო ავისმომასწავებელია, ყველა ეს გიგანტური ქალაქი ახლოსაა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ზონებთან, საიდანაც შეიძლება უამრავი ახალი პათოგენი გავრცელდეს ადამიანებში. ეს, პრაქტიკულად, ახალი პანდემიების `რეცეპტია~. იქნებ, COVID-19-ის სისასტიკემ – როგორც ქოლერამ ჩედვიკის დროს ლონდონში – უბიძგოს მთავრობებს, რომ ყველა ურბანულ დასახლებაში დაჩქარებულად გაატარონ სანიტარიული რეფორმები და ამ გზით მაინც შეაფერხონ ახალი პანდემიები.
სიბინძურის თეორია

სამხედრო ჰოსპიტალში ნანახი პირობებით შეძრწუნებულმა ბრიტანელმა ექიმმა ჰიგიენის მნიშვნელობა დააფასა და გაატარა რეფორმები, რომლებმაც უთვალავი სიცოცხლე იხსნა როგორც ფრონტზე, ისე მის მიღმა.
ფრანგების დამარცხების შემდეგ, 1743 წელს, ბრძოლაში დაუჭრელმა, თუმცა სასიკვდილოდ დაავადებულმა 1500-მდე ბრიტანელმა ჯარისკაცმა შეაბიჯა ფრანკფურტის გარეუბანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. თითო საწოლზე ორი ან მეტი კაცი იწვა და იატაკიც სავსე იყო. უმეტესობას დიზენტერია ჰქონდა და გარშემო ყველაფერი დაფარული იყო ექსკრემენტებით, შარდით, სისხლით, ოფლით და ნარწყევით. რწყილები და ტილები – უხვად. დიზენტერია მალე ტიფმა ჩაანაცვლა. დაიღუპა ასობით ადამიანი.
სამხედრო ექიმი ჯონ პრინგლი, რომლისთვისაც ეს პირველი საომარი კამპანია იყო, თავზარდაცემული უყურებდა, როგორ კვდებოდა ხალხი. დაავადებათა პრევენციისთვის მის მიერ ჩამოყალიბებული იდეები იყო „სიბინძურის თეორიის“ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოხატულება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ თეორიის თანახმად, სიბინძურე ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, სანიტარია კი – პრევენციას.
პრინგლი 1707 წელს შოტლანდიელ არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. ედინბურგის უნივერსიტეტის პატივცემული ლექტორი იყო – მორალურ და საბუნებისმეტყველო ფილოსოფიას კითხულობდა. ავსტრიული მემკვიდრეობისთვის დაწყებული ომის დროს იგი ბრიტანეთის სამხედრო ძალების, 16 000 კაცის, მთავარ ექიმად დაინიშნა.
1812 წელს ნაპოლეონის ჯარისკაცების 75% ტიფით დაიღუპა.
პრინგლის შეფასებით, 1743 წლის კამპანიის დროს ბრიტანეთის არმიამ საკუთარი ძალის მეოთხედი დაკარგა ავადმყოფობის გამო. ამიტომ გადაწყვიტა, თავისი იდეები სამხედრო მეთაურებთან თანამშრომლობით ბრძანებად ექცია. კვარტერმაისტერებს მისცეს განკარგულება, დაბანაკების დროს მორიდებოდნენ ნესტიან და ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებს და წინასწარ სათანადოდ გაეთხარათ საპირფარეშოები.
ჯარისკაცების კიდევ ერთი მტერი იყო ჰოსპიტალი. პრინგლმა შენიშნა, რომ მათ, ვისაც ჰოსპიტლის ნაცვლად ბანაკში მკურნალობდნენ, როგორც წესი, ე.წ. ჰოსპიტლის ცხელება, ანუ ტიფი არ ემართებოდათ; ამიტომ ბანაკში მკურნალობა – სადაც შესაძლებელი იყო – სტანდარტული პროცედურა გახდა. ჰოსპიტალში პაციენტის სივრცე სუფთად უნდა დაეცვათ, კარგად გაენიავებინათ, კაცზე მინიმუმ 3 კვადრატული მეტრი გამოეყოთ და თეთრეულიც ხშირად ეცვალათ. ამ რეფორმებმა შედეგი მალე გამოიღო. გენერალურ ჰოსპიტალში სიკვდილიანობა 21,4%-დან ორ წელიწადში 9,8%-მდე შემცირდა.
1752 წელს პრინგლმა გამოაქვეყნა წიგნი „დაკვირვებანი არმიის დაავადებებზე“. მომდევნო ოც წელიწადში ის რამდენჯერმე გამოიცა და პრინგლის სანიტარიული „სახარება“ მთელ ბრიტანულ არმიაში გავრცელდა. თარგმანი საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის შეიარაღებულ ძალებსაც მისწვდა. სიბინძურის თეორიის წყალობით ჯარის გაწმენდის წარმატების აღიარების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოწინავე მხარდამჭერებმა სიბინძურეს მალევე გამოუცხადეს ახალი ომი სამრეწველო რევოლუციის მზარდ ქალაქებში.
თავი III | 1800-იანი წლების დასასრული | ევროპა | მიკრობები იწვევენ დაავადებას
მიკრობების თეორია ყველაფერს ცვლის

200 წლის განმავლობაში მწიფდებოდა აზრი, რომ დაავადებებს შეიძლება იწვევდნენ მიკროსკოპული ორგანიზმები, ანუ მიკრობები. ამ მოსაზრების ჩახშობა გარკვეული დროით შეძლეს ჰუმორული მედიცინისა და სიბინძურის თეორიის მხარდამჭერებმა.
მაგრამ XIX საუკუნეში გაიზარდა მიკროსკოპის სიმძლავრეც და გავრცელების არეალიც და მიკროორგანიზმების სამყარო სხვადასხვა მკვლევრის თვალწინ გადაიშალა. უფრო დამაჯერებელი გახდა აზრი, რომ კონკრეტულ მიკრობებს შეეძლოთ კონკრეტული ინფექციური დაავადების გამოწვევა და ადამიანთა საზოგადოების გაწყვეტაც კი.
ისტორია ძირითადად ორ კაცს – ლუი პასტერს და რობერტ კოხს მიაგებს პატივს როგორც მიკრობების თეორიის მამებს და ივიწყებს იმ მრავალი ადამიანის ხმას, რომელთა საფუძველზეც ააგეს მათ საკუთარი შრომა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პასტერი და კოხი ექსპერიმენტული მეცნიერების ნამდვილი დიდოსტატები იყვნენ. ერთმანეთი სძულდათ – როგორც ერთ სფეროში მომუშავე მეტოქეებს და როგორც ომში დაპირისპირებული ორი ქვეყნის, საფრანგეთისა და გერმანიის, პატრიოტებს.
პასტერი ქიმიკოსი იყო და არა ექიმი, რაც მას დაეხმარა, რომ ტრადიციული სამედიცინო შეხედულებების გვერდის ავლით სხვა მხრიდან შეეხედა საკითხისთვის. მის ერთ-ერთ პირველ კვლევას 1850-იან წლებში საკმაოდ მოსაწყენი მიზანი ჰქონდა – დახმარებოდა ადგილობრივ ალკოჰოლის მწარმოებელს იმის დადგენაში, თუ რატომ ჰქონდა უცნაური გემო მის ჭარხლის სპირტს. პასტერმა დამნაშავეს მალევე მიაგნო – გარკვეულ ბაქტერიას – და ურჩია, ჭარხლის წვენი გაეცხელებინა, მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო; შეიძლება ითქვას, ასე ჩაეყარა საფუძველი პასტერიზაციას.
პასტერს და კოხს სძულდათ ერთმანეთი როგორც მეტოქეებს და როგორც ომში დაპირისპირებული ქვეყნების პატრიოტებს, თუმცა მათმა მიღწევებმა კაცობრიობას მიკრობების თეორიის სამყაროს კარი გაუღო.
პასტერმა გადაწყვიტა, ბოლომდე ჩაძიებოდა ფერმენტაციის ყველა საფეხურს. ეს არ იყო წმინდად ქიმიური პროცესი, როგორც იმ დროს „თანამედროვე~ სწავლულები მიიჩნევდნენ, არამედ – ბიოლოგიური: საფუარი, ცოცხალი ორგანიზმი, სასმელში არსებულ საკვებ ნივთიერებებს მოიხმარდა და შედეგად სპირტად და სხვა პროდუქტებად გარდაქმნიდა. ფერმენტაციის პროცესმა პასტერს უბიძგა, ყველგან მოეძებნა მიკროორგანიზმები და ეჩვენებინა, რომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბიოლოგიური რეპროდუქციის ნაყოფი და არა – სპონტანური ჩასახვისა. შემდეგ კი პასტერმა გასაოცარი ინტუიციური ნახტომი გააკეთა: რადგან პაწაწინა ცოცხალ ორგანიზმებს შეეძლოთ ფერმენტაცია – გაუთვალისწინებელ ორგანიზმებს კი სპირტის მთელი პარტიის გაფუჭება – ისინი ინფექციური დაავადებების გამოწვევასაც შეძლებდნენ.
პასტერი დიდი ენთუზიაზმით ეწეოდა საკუთარი თავის პოპულარიზაციას. თავის მიგნებებს გაბედულად, ხმამაღლა წარადგენდა და თავისი საქმიანობისთვის საფრანგეთის მაღალი სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერასაც იხვეჭდა. სასტიკად ესხმოდა თავს, ვინმე თუ გაუბედავდა შეწინააღმდეგებას, თუმცა, პასტერის გასაოცარი ინტუიციის სისწორის დამტკიცება პატარა დასახლების ექიმის, თავისი სახლის ლაბორატორიაში მომუშავე რობერტ კოხის ხელში აღმოჩნდა.
უცნაურია, რომ კოხი დღეს სათანადოდ ცნობილი არ არის; ხალხმა მისი ლაბორანტის, პეტრის სახელი უფრო იცის, რომელმაც ლაბორატორიული ჭურჭელი გამოიგონა. XX საუკუნის ანტიგერმანულ განწყობას შეიძლება მიეწეროს ის, რომ კოხი გმირად არ არის შერაცხული. მან არაერთი თაყვანისმცემელი დაკარგა, როდესაც ცოლს გაშორდა და ლამაზი, ახალგაზრდა მსახიობი შეირთო; იმავე პერიოდში დადო და ვერ შეასრულა პირობა, რომ ტუბერკულოზის წამალს შექმნიდა.

ფოტო: WELLCOME COLLECTION, ATTRIBUTION 4.0 INTERNATIONAL
კოხი მეტს იმსახურებს. 1870-იან წლებში, დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელში, ახალგაზრდა ექიმმა საკუთარი მისაღები კაბინეტი გადატიხრა და პატარა ლაბორატორია მოაწყო. პაციენტების მიღების შუალედში მიკროსკოპით იკვლევდა სხვადასხვანაირ სინჯს – მათ შორის, ჯილეხით დაღუპული ცხვრის სისხლის ნიმუშს. მოთმინებითა და დაჟინებული დაკვირვებით, მან შეძლო დროთა განმავლობაში ამოეხსნა ამ ვეტერინარული დაავადების საიდუმლო, რომელიც ზოგჯერ ადამიანსაც კლავს.
ბაქტერიები, ჩვეულებრივ, ორად გაყოფით მრავლდებიან. ხელსაყრელ პირობებში პათოგენის (როგორიც, მაგალითად, ჯილეხია) უწყვეტი გაორმაგება სწრაფად თრგუნავს მასპინძელ ორგანიზმს. კოხამდე არავინ იცოდა, რომ არახელსაყრელ პირობებში ჯილეხის ბაქტერიას შეუძლია ერთგვარი თავის დასაღწევი კაფსულა შექმნას. მყარი ჯავშნის მქონე ამ სპორას ნიადაგში მთვლემარე მდგომარეობაში რამდენიმე თაობა შეუძლია გაატაროს როგორც ბიოლოგიურმა ნაღმმა. ეს იყო პასუხი იმაზე, თუ როგორ ჩნდებოდა ხოლმე ჯილეხი მოულოდნელად, ფარაში ახალი ინდივიდის შეყვანის გარეშე და ისეთ დროს, როდესაც დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში.
კოხმა მალევე გამოიგონა მინაზე ბაქტერიების ხელოვნური კულტურის გამრავლების მეთოდი იმისათვის, რომ მიკროსკოპით შეძლებოდა მათი შესწავლა. ასე დააფიქსირა სპორების წარმოშობა, შემდეგ მათი ცოცხალ ბაქტერიებად გარდაქმნა, რომლებმაც თავის მხრივ მეორე თაობის სპორები შექმნეს. მძინარე პერიოდის შემდეგ სპორების მიერ ცხოველის დაინფიცირების შესაძლებლობა კოხმა დაასაბუთა სპორების ველური თაგვების ორგანიზმში შეყვანით (იმ დროს საცდელი, ლაბორატორიის თაგვები არ არსებობდნენ).
კოხის 1876 წლის შრომა ჯილეხის ბაქტერიის შესახებ გარდამტეხი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მან საბოლოოდ დაამტკიცა ინფექციის გავრცელების რეალობა და ის, რომ ამ ინფექციის აგენტი იყო ბაქტერია Bacillus anthracis. მოკლედ, რაც მან აღწერა, იყო დაავადების მიკრობული თეორია.
პასტერმა და კოხმა ერთმანეთის კვლევებზე ააგეს თავიანთი შრომები და, ამავდროულად, საჯაროდ ესხმოდნენ ერთმანეთს თავს. ჯენერის ყვავილის ვაქცინის შემდეგ 85 წელიწადში პასტერმა პირველად შექმნა ახალი ვაქცინები, მათ შორის: ჯილეხის და ცოფის. კოხს დაავადებები არ განუკურნავს, თუმცა, იგი განაგრძობდა კაცობრიობის უსაზარლესი დაავადებების – მათ შორის, ქოლერისა და ტუბერკულოზის გამომწვევი პათოგენების გამოვლენას, რისთვისაც 1905 წელს ნობელის პრემია მიიღო. მომაკვდინებელი პათოგენების მრავალრიცხოვანი ჯარის საიდენტიფიკაციო, მიკრობიოლოგიური მეთოდების გამოგონებით, მან უამრავი დაავადების განკურნებასაც შეუწყო ხელი. პირველად გახდა შესაძლებელი თითქმის ნებისმიერი ინფექციური დაავადების პრევენცია და მიზნობრივი მკურნალობა.
უებარი წამალი

ომში ჩაძირულ მსოფლიოში დაჭრილებისთვის ინფექციის საწინააღმდეგო წამლების შემუშავების გადაუდებელი საჭიროება გაჩნდა, რამაც ხელი შეუწყო პირველი ეფექტური ანტიბიოტიკის, პენიცილინის მასობრივ წარმოებას.
უიმედოდ დასნეულებული შუახნის პოლიციელი სახელად ალბერტ ალექსანდერი ოქსფორდის ერთ საავადმყოფოში იწვა. გავრცელებული გადმოცემის თანახმად, ყველაფერი დაიწყო სახეზე ვარდის ეკლის ნაკაწრით (მეორე ვერსიით – გერმანიის მიერ საჰაერო დაბომბვის დროს მიყენებული მცირე ჭრილობით), შემდეგ კი მან ცალი თვალი დაკარგა და ინფექციით გამოწვეული სეფსისის გამო ჩირქს ანთხევდა. მას გაუმართლა, რომ საიმედო ხელში მოხვდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ავსტრალიელი პათანატომის, ჰაუარდ ფლორისა და ნაცისტური გერმანიიდან გამოქცეული ბიოქიმიკოსის, ერნსტ ჩეინის ხელმძღვანელობით იმედისმომცემ ახალ წამალზე მუშაობდნენ. 1941 წლის 12 თებერვალს ალექსანდერი პირველი პაციენტი იყო, რომლის სამკურნალოდაც ეს ახალი წამალი გამოიყენეს და თანაც წარმატებით, მაგრამ ამ წამლის წარმოება იმდენად რთული იყო, რომ მკვლევრებს მის მისაღებად დიდი რუდუნებით უწევდათ პაციენტის შარდის გადამუშავება და ერთხელ უკვე ინექცირებული წამლის ხელახლა გამოყენება. მარაგის ამოწურვის შემდეგ ალექსანდერი გარდაიცვალა.
რამდენიმე წელიწადში, მას შემდეგ, რაც პენიცილინი საუკუნის სასწაულმოქმედ წამლად იქცა, მედია ალექსანდერ ფლემინგს ასხამდა ხოტბას. ეს იყო ერთი წყნარი მიკრობიოლოგი, რომელმაც 1929 წელს, ერთ არც ისე გახმაურებულ კვლევაში, პირველმა აღწერა ობის სოკო Penicillium-ის უჩვეულო ანტიბაქტერიული ძალა და შექმნა სახელწოდება „პენიცილინი“. ლაბორატორიული ცნობისმოყვარეობიდან პრაქტიკულ ანტიბიოტიკად კი პენიცილინი ფლორიმ და მისმა გუნდმა ხანგრძლივი მუშაობის შედეგად აქციეს.
მათი ძალისხმევა კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი მოითხოვდა ბრძოლაში დაჭრილი უამრავი ჯარისკაცისთვის მხსნელი წამლის დიდ რაოდენობას, მაგრამ Penicillium-ის სოკო მხოლოდ თხელი ფირის სახით წარმოიქმნებოდა საკვებ არეზე – საომარ მოქმედებებში კი დასაწყისისთვის თითქმის 40 000 ლიტრზე იყო მოთხოვნა.
პენიცილინის 2,3 მილიონი დოზა დამზადდა ნორმანდიის დესანტისთვის.
გარდამტეხი მომენტი 1941 წლის ივლისში დადგა, როდესაც როკფელერის ინსტიტუტმა, ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად, ფლორისა და ბიოქიმიკოს ნორმან ჰიტლისთვის თვითმფრინავის რეისზე გამოყვეს ადგილები, რათა ნიუ-იორკის ინსტიტუტს სწვეოდნენ. მალე ისინი ილინოისის შტატში, ქალაქ პეორიაში, ჩრდილოეთის რეგიონულ კვლევით ლაბორატორიაში მოხვდნენ, სადაც პენიცილინის უზარმაზარ საფერმენტაციო ცისტერნებში გაზრდის ამბიციური გეგმა ჰქონდათ.
აღმოჩნდა, რომ იმ რეგიონში, ფართოდ გავრცელებული, სიმინდის გადამამუშავებელი მრეწველობის მეორადი პროდუქტი, იდეალური საკვები ნივთიერება იყო პენიცილინის იაფად გამოსაზრდელად; ქალაქის ბაზარში, დამპალ ნესვზე ნაპოვნი Penicillium-ის სოკოს ნაფიფქი კი – უფრო უკეთ მოერგო ღრმა საფერმენტაციო კასრის პირობებს. 1944 წლის მარტში Charles Pfizer and Company-მ დაიწყო დიდი რაოდენობით პენიცილინის წარმოება ყოფილ ყინულის ქარხანაში დადგმული 14 საფერმენტაციო დანადგარით; თითოეული მათგანის ტევადობა 34 ათასი ლიტრი იყო. 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა სამხედროებმა თან წაიღეს ანტიბიოტიკი ნორმანდიის სანაპიროსა და მთელ საფრანგეთის ტერიტორიაზე.
დღეს
მარტის დასაწყისში საკრუიზო გემის, Grand Princess-ის ბორტზე ასვლის დროს, ინფექციონისტი მაიკლ კალაჰანი უკვე გამოცდილი იყო COVID-19-ის პანდემიის საკითხებში. მას იანვრიდან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ექსპერტებთან ჩინეთში, უხანში გამოჩენილ ახალ პათოგენთან დაკავშირებით. მან მოინახულა პაციენტები სინგაპურში და აშშ-ის მთავრობასაც მოახსენა საკუთარი პროგნოზები, დახმარება გაუწია საკრუიზო გემის ევაკუაციას იაპონიაში, იოკოჰამაში, შემდეგ კი პირველ პაციენტებს უმკურნალა ბოსტონში; იგი მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტლის ექიმია.

ფოტო: ბრაიან კაიზერი, NEW YORK TIMES/REDUX
ის მუშაობდა, აკვირდებოდა და როდესაც ხელოვნური სუნთქვის აპარატების პრობლემის გადაჭრაზე იჭყლეტდა ტვინს, ამ დაავადების ინფიცირების უნარმა გააოცა – იმან, თუ როგორ შეეძლო მას ჩუმად ჩაბუდებულიყო საზოგადოებაში და ნაღმივით ეფეთქა მსხვერპლის მიზანში ამოღების შემდეგ.
კალაჰანს უკვე ათწლეულების განმავლობაში იცნობს საზოგადოება ეპიდემიების მოწინავე ხაზებიდან – იგი ებრძოდა ებოლას, სარსს, H5N1-ს და უამრავ სხვა ეპიდემიას და ზუსტად ისეთია, როგორიც დაავადების ახალი კერის გაჩენის დროს გამოცხადებული ექსპერტები არიან ხოლმე: „ნერვიული, მკვირცხლი, მოკლედ მოლაპარაკე.
თუმცა, მის დახელოვნებულ, ზემოტივირებულ კოლეგებს შორის, კალაჰანი მაინც გამოირჩევა კრიზისულ მდგომარეობაში ინფორმაციის სინთეზირების უნარითა და ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი მოძიებით. მას წარამარა ურეკავენ როგორც საავადმყოფოებიდან და გლობალური არაკომერციული ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, ისე აშშ-ის მთავრობიდან. იგი დროდადრო სახლში, კოლორადოში შერბენასაც ახერხებს და შინიდან მუშაობს. მასაც, როგორც ყველას, კარანტინის დროს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხით აცდენენ მუშაობის დროს.
კალაჰანს საქმიანობის ამ მიმართულებით გაგრძელება გადააწყვეტინა 1990-იანი წლების მიწურულს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მუშაობის სასტიკმა გამოცდილებამ. მან დაინახა, რომ ინფექციური დაავადება განვითარებად სამყაროში „ნელი მოქმედების კატასტროფაა და უსასრულოდ გრძელდება. ამ უსამართლობამ მოქმედების მოტივაცია მომცა.
დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ებოლისა და სხვა ეპიდემიების გამოცდილებამ კი ასწავლა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანთა მხოლოდ ერთჯერადად მკურნალობა არ იყო საკმარისი. ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის წვრთნა და მარაგით უზრუნველყოფა კი „დიდად დაეხმარება ნებისმიერ სოფელს, დასახლებას თუ ჰოსპიტალს. თან ეს ცვლილებები შენი წასვლის შემდეგაც დარჩება.
ჩვენ საშიშ ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ან, იქნებ, პირიქით, ძველ სამყაროში ვბრუნდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა.
ეს იქცა მის სახელმძღვანელო ფილოსოფიად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის ფარგლებში მან ხელი შეუწყო პოსტსაბჭოთა რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების, ყოფილი ექიმებისა და მეცნიერების გადამზადებას მშვიდობის დროს მომუშავე ინფექციური დაავადებების მკვლევრებად. ასე გაატარა მან თითქმის ათი წელი DARPA-ში – პენტაგონის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოში და შეიმუშავა პროექტი სახელად Prophecy (წინასწარმეტყველება) – მომავალი დაავადებების პროგნოზირებისა და პრევენციისთვის.
კალაჰანს კარნახობს გამოცდილება, თუ როგორ შეგვიძლია COVID-19-თან და სხვა მომავალ დაავადებებთან ადაპტირება. მისი აზრით, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოცემული ქვეყნების მთავრობები მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და უცხო ქვეყნის საჭიროებების დაკმაყოფილება მოკლევადიან ეროვნულ ინტერესებს სულაც არ შეესაბამება. გათვლა გრძელვადიან შედეგზეა.
მაგალითად, ინდონეზიაში, ჭარბმა თევზჭერამ თითქმის გააჩანაგა სანაპირო ზღვის პროდუქტების მარაგი, ისლამი კი ღორის ხორცის ჭამას კრძალავს. რაციონში ცილების საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნება დიდ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით ფრინველის გრიპის გავრცელების შემდეგ, რამაც დიდად დააზარალა მეფრინველეობა. აქ ჩაერთო პროგრამა Prophecy, რომელმაც თავიდან მხოლოდ ქათმის ხორცის მარაგის დაცვაზე იზრუნა. გარდა ამისა, უზრუნველყო გენის სეკვენირების საშუალებები, რითაც ინდონეზიამ თავად შეძლო პათოგენების ამოცნობა და ნაკლებად დამოკიდებული გახდა დასავლეთზე.

ფოტო: გაბრიელე გალიმბერტი
„ინდონეზიაში ჩვენ მიმართ კეთილგანწყობა გაიზარდა, – ამბობს კალაჰანი, – და ახლა ჩვენც ვსარგებლობთ ადგილობრივ პათოგენებზე მუდმივი დაკვირვების მონაცემებით. DARPA, რომელიც სხვა შემთხვევაში საიდუმლო სამხედრო სააგენტო იქნებოდა, ახლა სასურველი პარტნიორია.
Prophecy-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია იყო განვითარებად ქვეყნებში გონიერი ახალგაზრდა ინფექციონისტების მოძებნა და მათთან მჭიდრო, სამუდამო კავშირის დამყარება. ეს მოიცავდა მათ აღჭურვას ახალი ტექნოლოგიებით, აშშ-ის სამედიცინო სკოლებში სტაჟირებას და ახალი კვლევებისათვის გრანტების გაცემას.
„უცხოელი პარტნიორისთვის ხელის შეწყობით ისინი თავადაც დაწინაურდებოდნენ და საკუთარ სფეროში ლიდერის პოზიციას დაიკავებდნენ; ორი რამ მოხდებოდა, – ამბობს კალაჰანი, – ისინი მასპინძელი ქვეყნის მდგრად დაფინანსებას მიიღებდნენ, შენ კი მადლიერი ემისარი გეყოლებოდა, რომელიც პათოგენების ცოდნის მწვერვალზეა.
ერთი ასეთი უცხოელი პარტნიორი იყო რუსი მკვლევარი, რომელსაც კალაჰანი დაეხმარა ბიოლოგიური იარაღიდან დაავადებათა დადგენის სფეროში გადანაცვლებაში. 2005 წელს ამ მკვლევრის ლაბორატორიამ დააფიქსირა H5N1 – ფრინველის გრიპი, რომელსაც, შინაური თუ ველური ფრინველების განადგურების გარდა, ადამიანის მოკვლაც შეუძლია ფილტვების დაზიანების გზით. დაავადების კერა ჩრდილო-აღმოსავლეთით, აზიისა და ამერიკის საჰაერო გზების გადაკვეთის წერტილისკენ, ბერინგის სრუტისკენ ვრცელდებოდა. ადრეული გაფრთხილების წყალობით ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მასშტაბური პროგრამის წამოწყება ალასკაში გადამფრენი ფრინველების შესამოწმებლად და შეძლეს კონტინენტზე დაავადების შეღწევის აღკვეთა.
შავი ჭირი შავი ჭირის მესამე პანდემია 1855 წელს ჩინეთში დაიწყო და 1849-1900 წლებში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტს მოედო. მისი გამომწვევი ბაქტერია 1898 წელს შეიჭრა მადაგასკარზე და დღემდე არსებობს. 1990-იან წლებში მკვლევრებმა მადაგასკარში აღმოაჩინეს შავი ჭირის ახალი, წამლის მიმართ რეზისტენტული შტამი.
პოლიომიელიტი ძლიერი ვირუსული ინფექცია, პოლიომიელიტი, რომელიც მეტწილად ბავშვებს აზიანებს, თითქმის მთელ მსოფლიოში აღმოიფხვრა – აზიისა და აფრიკის რამდენიმე წერტილის გარდა. 1950-იან წლებში ვაქცინის ფართო გავრცელებამდე, აშშ-ში პოლიომიელიტი პარალიზებულს ტოვებდა წელიწადში 15 000 ადამიანს.
ებოლა 1976 წელს მდინარე ებოლას მახლობლად (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) გამოჩენის შემდეგ, ვირუსი პერიოდულად ბრუნდებოდა აფრიკაში. ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით გადამდები ებოლა სისხლდენას და ორგანოების უკმარისობას იწვევს. სიკვდილიანობა: 50%.
შავი ჭირი შავი ჭირის მესამე პანდემია 1855 წელს ჩინეთში დაიწყო და 1849-1900 წლებში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტს მოედო. მისი გამომწვევი ბაქტერია 1898 წელს შეიჭრა მადაგასკარზე და დღემდე არსებობს. 1990-იან წლებში მკვლევრებმა მადაგასკარში აღმოაჩინეს შავი ჭირის ახალი, წამლის მიმართ რეზისტენტული შტამი.
პოლიომიელიტი ძლიერი ვირუსული ინფექცია, პოლიომიელიტი, რომელიც მეტწილად ბავშვებს აზიანებს, თითქმის მთელ მსოფლიოში აღმოიფხვრა – აზიისა და აფრიკის რამდენიმე წერტილის გარდა. 1950-იან წლებში ვაქცინის ფართო გავრცელებამდე, აშშ-ში პოლიომიელიტი პარალიზებულს ტოვებდა წელიწადში 15 000 ადამიანს.
ებოლა 1976 წელს მდინარე ებოლას მახლობლად (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) გამოჩენის შემდეგ, ვირუსი პერიოდულად ბრუნდებოდა აფრიკაში. ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით გადამდები ებოლა სისხლდენას და ორგანოების უკმარისობას იწვევს. სიკვდილიანობა: 50%.
DAPRA-დან კალაჰანის წასვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში პროგრამა Prophecy-ც დაიხურა. ზოგადად, მთავრობების მიერ პანდემიების რისკების სათანადოდ ვერშეფასების და პრევენციული ზომების დაფინანსებაზე თანხების დაზოგვის გამო, აშშ-მა ოქტომბრის მიწურულს კიდევ ერთი მსგავსი პროგრამა დახურა. ერთ თვეში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში და მსხვერპლთა სიას ამერიკელებიც მალე შეუერთდნენ.
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე პანდემია დაავადებათა პროგნოზირებისა და კონტროლის მიმართულებით მუშაობას გარკვეული პერიოდით მაინც გააძლიერებს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, პრევენციის რა ფორმას უნდა მივმართოთ, რა დაგვიჯდება და რა საფასურის გადახდა მოუწევს ისედაც განადგურებულ ეკონომიკას.
დიდი ხანი ითამაშებენ ქვეყნები საერთაშორისო თანამშრომლობანას? თუ ტრადიციული მოკლევადიანი ინტერესების გატარება გამოიკვეთება? მისაღები იქნება საზოგადოებისთვის გრანდიოზული ხარჯების გაღება პანდემიების პრევენციისთვის? ნეტავ, უსასრულოდ მოგვიწევს თანხების ხარჯვა ისეთ არახელშესახებ „შენაძენზე”, როგორიც მხოლოდ იმის ცოდნაა, რომ მოსალოდნელი კატასტროფა ავირიდეთ?
ჩვენ საშიშ ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ან, იქნებ, პირიქით, ძველ სამყაროში ვბრუნდებით, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. ისტორიიდან ერთი მთავარი გაკვეთილი უნდა გვახსოვდეს: ეს პანდემია რომ ჩაივლის, თავს ამის დავიწყების უფლება არ უნდა მივცეთ. არ შეიძლება არხეინად გავაგრძელოთ ცხოვრება. სადღაც, პლანეტაზე, შემდეგი დიდი პანდემია – შემდეგი გამანადგურებელი ანგელოზი უკვე შლის ფრთებს.
რიჩარდ კონიფი მუშაობს ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის ისტორიაზე, სახელწოდებით „ეპიდემიების დასრულება“, რომელსაც პრინსტონის უნივერსიტეტი გამოსცემს. ბრენდან ბორელს ეკუთვნის დამატებითი რეპორტაჟები.