როგორ მოირგო გვირგვინი სატურნმა?
უკვე წლებია მეცნიერები კამათობენ მზის სისტემის ყველაზე განსაკუთრებული პლანეტის „სამკაულის“ ასაკზე, წარმომავლობასა და დახრის კუთხეზე.


როგორ მოირგო გვირგვინი სატურნმა?
უკვე წლებია მეცნიერები კამათობენ მზის სისტემის ყველაზე განსაკუთრებული პლანეტის „სამკაულის“ ასაკზე, წარმომავლობასა და დახრის კუთხეზე.
რგოლების გარეშე სატურნი ძალიან მოსაწყენად გამოიყურება. გვირგვინს თუ წაუშლით, როგორც ბლოგერმა ჯეისონ კოტკემ NASA-ს ფოტოზე გააკეთა, სატურნი მზის სისტემის ყველაზე უღიმღამო სფერო გახდება. მართალია, ამ პლანეტის პოლუსებზე ექვსკუთხა მორევი და ცივი ციკლონებიც შეგხვდებათ, მაგრამ მისი უმეტყველო სახე ვერ შეედრება იუპიტერის ფერწერულ სარტყლებს, ნეპტუნის სილაჟვარდეს ან ვენერას სულის შემხუთველ ბურუსს.

ჟანგიანი მარსიც კი უფრო საინტერესოდ გამოიყურება.
საბედნიეროდ, როდესღაც უკანასკნელ 4,5 მილიარდ წელიწადში კოსმოსმა სატურნს დიდი, კაშკაშა, ყინულოვანი რგოლების სისტემა აჩუქა. მაგრამ უკვე ათწლეულებია მეცნიერები ვერ თანხმდებიან – როდის ან როგორ.
„ეს პლანეტა მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს გაჩნდა და არ ვიცით, რგოლებიც მაშინ წარმოიშვა, თუ – ბევრად გვიან“, – ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მარიამ ელ მუტამიდი. „ეს კი იმიტომაა საინტერესო, რომ სატურნის სისტემის გააზრებაში დაგვეხმარება. გვაქვს პლანეტა, რგოლების სისტემა და მთვარეების სისტემა და ვფიქრობთ, რომ მთვარეებსა და რგოლებს შორის რაღაც კავშირია“.
ეს განსაკუთრებით საოცარი გამოცანაა. მეცნიერებისთვის მეტნაკლებად ცნობილია მზის სისტემის ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობების გაჩენის ამბავი: მარსის ღრმა ნაპრალი, რომელიც დიდ კანიონსაც ჯუჯად წარმოაჩენს, იუპიტერის ადღვებილი დიდი წითელი ლაქა, მთვარის ვეებერთელა აუზი სამხრეთ პოლუსზე. აი, სატურნის რგოლები კი…
„სატურნის რგოლები უნიკალურია“, – დასძენს ჯეფ კაზი NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრიდან. „ეს ერთადერთი ვეებერთელა რკალია, თანაც, ძალიან კაშკაშა, რაც განსაკუთრებით უჩვეულოა“.
მეცნიერები, რომლებიც ამ ამოცანაზე მუშაობენ, ორ ბანაკად იყოფიან. პირველის აზრით, სატურნის რგოლები პლანეტასთან ერთად გაჩნდა 4 მილიარდი წლის წინ.
მეორე ჯგუფი ვარაუდობს, რომ რგოლები უკანასკნელი რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამ თეორიის თანახმად, რგოლები იმდენად ახალგაზრდაა, დინოზავრებს კოსმოსური პროგრამა რომ ჰქონოდათ, ტელესკოპში შიშველ სატურნს დაინახავდნენ (და იქნებ, ასტეროიდის დარტყმაც აეცილებინათ).
„ორივე თეორიას აქვს როგორც სარწმუნო არგუმენტები, ისე სუსტი მხარეები“, – ამბობს ელ მუტამიდი. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზები მილიარდობით წლითაა აცდენილი, მათ ერთი რამ აერთიანებს: ძალმომრეობა. რგოლების შესაქმნელად აუცილებელი იქნებოდა ყინულოვანი ობიექტის განადგურება – კომეტის ან, შესაძლოა, მთვარის. როგორღაც ამ ობიექტმა სატურნთან ზედმეტად ახლოს ჩაიარა და პლანეტის გრავიტაციამ ის უთვალავ ყინულოვან ნაწილად დაანაკუწა. ნამსხვრევების მცირე ნაწილი სახლზე დიდია, დანარჩენი კი – უსასრულოდ პატარა. მათი უმეტესობა კაშკაშა, სუფთა წყლის ყინულისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი რგოლი შედარებით მუქია. წლების განმავლობაში ნატეხები დღევანდელ რგოლებად შეიკრა. რგოლების სისტემა დაახლოებით 270 კილომეტრზეა გადაჭიმული და მხოლოდ 10 მეტრის სისქისაა.
მეცნიერებისთვის მეტნაკლებად ცნობილია მზის სისტემის ყველაზე საოცარი სანახაობების წარმომავლობა. მაგრამ აი, სატურნის რგოლები…
რგოლების ადრეული წარმოშობის თეორიის თანახმად, კატაკლიზმა პლანეტის გაჩენიდან მალევე მოხდა (მეცნიერულად უფრო სავარაუდოა, რომ მზის სისტემის ახალგაზრდობის დროს შესულიყო გზას აცდენილი ობიექტი პლანეტის გრავიტაციულ ველში). ამ თეორიის ერთი ვერსიის მიხედვით, გიგანტური პლანეტები სულაც არ გაჩენილან იქ, სადაც დღეს ვხედავთ; მათ მოგვიანებით გადმოინაცვლეს დღევანდელ ადგილას და შედეგად პატარა ობიექტები აქეთ-იქით მოისროლეს.
მზის სისტემის გაჩენისას არსებულ ქაოსში ყინულოვან სხეულს სულაც არ გაუჭირდებოდა სატურნის გვირგვინით შემკობა. რგოლების ადრე წარმოშობის თეორია იმასაც ვარაუდობს, რომ სატურნის ზოგიერთი მთვარე წარმოიქმნა რგოლების ნაკუწებით, რომლებიც საკმარისად შორს გაიფანტა პლანეტისგან და ჯგუფებად შეიკრა. მართლაც, რგოლებთან ახლოს, ზოგიერთი მთვარე იმავე მასალისგან შედგება.
საქმე ისაა, რომ სატურნის რგოლები ზედმეტად ქათქათაა მილიარდობით წლის ასაკისთვის – ყოველ შემთხვევაში, სწორედ ესაა რგოლების გვიან წარმოშობის თეორიის ქომაგთა არგუმენტი, იგივე „დაბინძურების არგუმენტი“. მარტივად რომ ვთქვათ, 4 მილიარდი წლის განმავლობაში კოსმოსური წვიმა სატურნის რგოლებს იუპიტერის გვირგვინივით მქრქალსა და უინტერესოს გახდიდა თუ არა და რგოლები ან ძალიან მასიური უნდა იყოს, ან ახალგაზრდა. 2017 წელს NASA-ს კასინის მისიის ხომალდის მეშვეობით მეცნიერებმა სატურნის რგოლების მასა გაზომეს და დაადგინეს, რომ მზის სისტემის დასაბამიდან გამოყოფილ მტვერს ვერ შთანთქავდა და თან ასეთ სისუფთავეს ვერ შეინარჩუნებდა. კასინიმ მონაცემები იმაზეც შეკრიბა, თუ რამდენი მტვერი გროვდება სატურნის სისტემაში და მიღებული შედეგები ასევე ამყარებს იმ მოსაზრებებს, რომ რგოლები ახალგაზრდაა.
და მაინც, დაბალია იმის ალბათობა, რომ სატურნს მიახლოებოდა იმ ზომის ობიექტი, რომელიც რგოლებად დაიშლებოდა; ასეთი რამ მზის სისტემის პირველყოფილ ქაოსში უფრო დასაშვები იქნებოდა.
და იმაზე რაღას იტყვით, რომ სატურნმა, შესაძლოა, მოახლოებული ობიექტის მაგივრად საკუთარი მთვარე გაანადგურა? ორი ახალი თეორიის მიხედვით, სატურნმა ესპანელი მხატვრის, ფრანსისკო გოიას სისხლიანი შედევრის მსგავსად, ერთ-ერთი თავისი შვილი გადასანსლა.
პირველი თეორიის (2016 წ.) თანახმად, სატურნის სისტემა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომელშიც მზის მიზიდულობამ მისი შიდა მთვარეები ურთიერთგადამკვეთ ორბიტებზე მოისროლა, რამაც პლანეტის გარშემო ნამსხვრევების რგოლი შექმნა. ეს იდეა, ასევე, ხსნის, თუ რატომ აქვს სატურნის რამდენიმე მთვარეს ერთი შეხედვით ახალგაზრდა ზედაპირი, რადგან ამ კოსმოსური მოვლენისას ზოგიერთი მთვარე განადგურდებოდა და თავიდან ჩამოყალიბდებოდა.
მეორე თეორია (2022 წ.) რგოლებს სატურნის დიდ მთვარეს, ტიტანს მიაწერს, რომელიც ნელ-ნელა შორდება თავის მშობლიურ პლანეტას. რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ გადაადგილებულმა ტიტანმა გრავიტაციული გავლენა მოახდინა ჰიპოთეზურ მთვარეზე, რომელსაც მეცნიერები „ქრისალისს“ ეძახიან. შედეგად, „ქრისალისი“ სატურნისკენ გავარდა და რგოლებად გაიხლიჩა (ეს თეორია იმასაც ხსნის, თუ რატომაა სატურნი დახრილი უცნაური კუთხით – ნეპტუნის ორბიტასთან გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო).
ცხადია, ზოგს არც ერთი თეორიის სჯერა და არც – მეორის, მაგრამ, კაზის აზრით, „მეცნიერებას დებატები წაადგება. სულაც არაა ცუდი, რომ ყველა ვერ თანხმდება“. და მაინც, ჩემთვის სატურნის რგოლები იმაზეც მიანიშნებს, რომ ჩვენ გაგვიმართლა. შემთხვევითობის წყალობით ევოლუციამ ჩვენ შეგვქმნა – არსებები, რომლებიც ტელესკოპის აწყობას ვახერხებთ – სწორედ იმ ეპოქაში, რომელშიც სატურნის საოცარ კოსმოსურ სანახაობაზე დაკვირვება შეგვიძლია.
ადამიანის სიცოცხლის მანძილზე ღამის ცა, თითქოს, დიდად არ იცვლება.
პლანეტები პროგნოზირებად ორბიტებზე მოძრაობს, თანავარსკვლავედები გეგმის მიხედვით ჩნდება და ქრება, მთვარის ცვალებადი სახის მიხედვით შეგვიძლია დრო გავზომოთ. ეს ნუგეშის მომცემია, რადგან გვაფიქრებინებს, რომ უსასრულო კოსმოსურ ზღვაში მოდრეიფე ერთი მწვანე კუნძულის ბინადარ პატარა არსებებს ციური სხეულების შესახებ გარკვეული ცოდნა შეგვიძენია. ჩვენ გავშიფრეთ პლანეტების მოძრაობის ჰარმონია; ჩვენ დიდი სიზუსტით ვითვლით, როდის გამოჩნდება ზღაპრული სანახაობა, მაგალითად შუა დღეს დაბნელებული მზე და რაღაც დონეზე ვიცით, როგორ შეიქმნა ყველაფერი (გარდა ჩვენი თავისა). უსასრულო სამყაროში სწორედ იმას ვებღაუჭებით, რაც ვიცით. „გონებას უნდა, ყველაფერი სტაბილური და მუდმივი იყოს“, – ამბობს NASA-ს კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ჯეფ კაზი. „ჩვენი წარმოდგენით, ციური სხეულები ჩვენ თვალწინ არ უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ კასინის ხომალდმა სატურნზე სწორედ ასეთი ცვლილება გამოააშკარავა. უკვე ვიცით, რომ კოსმოსში ნებისმიერ დროს რაღაცები ჩნდება. ეს ცვლის ჩვენს მიდგომას, რაც მხოლოდ წაგვადგება“.


სამეცნიერო ჟურნალისტი და National Geographic-ის სტაჟიანი ავტორი ნადია დრეიკი სპეციალიზდება ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და პლანეტარული მეცნიერების თემებზე. იგი მსახურობს NASA-ს სპეციალისტთა ჯგუფში, რომელიც ამოუცნობ ანომალიურ მოვლენებს (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს) შეისწავლის.