
როგორ შეიქმნა სამყარო?
დიდი აფეთქების დროს, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ, წარმოიშვა ნაწილაკები და ანტინაწილაკები. შემდეგ ხდებოდა მათი წყვილების ანიჰილაცია და შედეგად ენერგიის წარმოქმნა
როგორ გაჩნდა ჩვენი სამყარო? რატომ ვარსებობთ? ფუნდამენტურ ფიზიკაში ყველაზე წარმატებულ თეორიად სტანდარტული მოდელი ითვლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისას საბოლოოდ დამტკიცდა, თუმცა ამას მეცნიერების სწრაფვა სამყაროს შეცნობისკენ სულაც არ შეუნელებია. პირიქით – მათ უფრო აქტიურად დაიწყეს ისეთი მოვლენების კვლევა, რომლებსაც სტანდარტული მოდელი ვერ ხსნის. ასეთია, მაგალითად, ჩვენი სამყაროს არსებობა.
დიდი აფეთქების დროს, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ, წარმოიშვა ნაწილაკები და ანტინაწილაკები. შემდეგ ხდებოდა მათი წყვილების ანიჰილაცია და შედეგად ენერგიის წარმოქმნა. რატომ მოხდა ისე, რომ ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ყოველი 10 მილიარდი წყვილიდან გადარჩა მხოლოდ ერთი – დღეს არსებული მატერია, არავინ იცის, თუმცა ჩვენს არსებობას სწორედ ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ამგვარ განაწილებას უნდა ვუმადლოდეთ.

ასეთი მოვლენების ასახსნელად სტანდარტულ მოდელს მიღმა არსებული ფიზიკის ძიებაა საჭირო; ამ მიმართულებით დღეს ბევრი სხვადასხვა ექსპერიმენტი ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი ამბიციური მიმართულებაა დამუხტულ ადრონებში პერმანენტული ელექტრული დიპოლური მომენტის ძიება. იგი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სისტემაში დადებითი და უარყოფითი მუხტების განაწილების ცენტრები ერთმანეთს აცდენილია. ელექტრული დიპოლური მომენტი შეიძლება ჰქონდეს ისეთ სისტემასაც, რომელიც ნეიტრალურადაა დამუხტული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მუხტების ცენტრების აცდენა ძალიან მცირეა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს მეცნიერთა მულტიდისციპლინარული საერთაშორისო ჯგუფი (JEDI), რომლის წევრებს შორის ქართველებიც არიან. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის SMART|EDM ლაბორატორიაში ისინი უპრეცედენტოდ ზუსტი პოლარიმეტრის შექმნაზე მუშაობენ. „თუ ელექტრული დიპოლური მომენტის არსებობა დადასტურდა, ეს შეიძლება იყოს მინიშნება სამყაროში მატერიისა და ანტიმატერიის რაოდენობების ძლიერი განსხვავების მიზეზზე “, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დავით მჭედლიშვილი.